Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ზღვარზე მოარული ქალი

ზღვარზე მოარული ქალი



როდის იწყება ნორმალური მშობიარობა, როდის ითვლება იგი ნაადრევად ან ვადაგადაცილებულად? როდის მიიჩნევა, რომ ნაყოფი განვითარებით ჩამორჩა? რა ვითარებაში იმატებს ან იკლებს ქალის სასქესო ორგანოების ზომა? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ სამკურნალო დიაგნოსტიკური კაბინეტის "ვეგას" გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელს ქეთევან ქარქაშაძეს. - მოდი, ორსულობით დავიწყოთ. რამდენ ხანს გრძელდება ორსულობა?- განაყოფიერებიდან 266 დღეს ან უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღეს (40 კვირას). მაგრამ ნაყოფი ორსულობის 38-ე კვირისთვის აღწევს ფიზიოლოგიურ სიმწიფეს. ნაყოფის სიმწიფე გულისხმობს იმას, რომ მისი ორგანოები უკვე საკმარისად განვითარებულია და უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ არსებობას დედის ორგანიზმში. ფილტვებს შეუძლიათ, თავი გაართვან ახალშობილის გაზთაცვლას; გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუძლია, ეფექტურად უზრუნველყოს სისხლით ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიტანა ქსოვილებთან; კუჭ-ნაწლავის ტრაქტს შესწევს უნარი, გადაამუშაოს და შეითვისოს დედის რძე. ამიტომ 38-ე კვირაზე ბავშვის დაბადება არ არის ნაადრევი. მშობიარობა 42-ე კვირაზეც ნორმალურ მშობიარობად განიხილება. - როგორ გამოვთვალოთ მშობიარობის სავარაუდო თარიღი?- არსებობს კლასიკური სქემა, რომლის მიხედვითაც ექიმი მშობიარობის ვადებს გამოთვლის. მშობიარობის სავარაუდო თარიღის გამოთვლა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ეს მარტივია: იღებენ ბოლო მენსტრუაციის პირველ დღეს, კალენდრის მიხედვით მას გამოაკლებენ 3 თვეს და მიუმატებენ 7 დღეს. თუ ოვულაცია დგება მენსტრუალური ციკლის შუაში, ამ ვადას ემატება კიდევ 7 დღე. მაგალითად, თუ ბოლო მენსტრუაცია 1-ელ აგვისტოს დაგეწყოთ, გადათვალეთ უკან 3 თვე - მიიღებთ 1-ელ მაისს, უმატებთ 7 დღეს - იღებთ 8 მაისს, და, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 7 დღეს - 15 მაისს. მაშასადამე, თქვენი შვილი სავარაუდოდ 8-დან 15 მაისამდე დაიბადება. მიუხედავად ამისა, ბავშვის დაბადების დღის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მენსტრუალური ციკლი ქალებში 21-დან 35 დღემდე გრძელდება. ზოგიერთს ოვულაცია - კვრეცხუჯრედის მომწიფება - უფრო ადრე უდგება, ზოგიერთს - მოგვიანებით და ასე შემდეგ. რაც უფრო ახლოსაა მშობიარობა 40 კვირასთან, მით უფრო კეთილსაიმედოა ბავშვისთვის. - ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობა?- ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალო ხანგრძლივობა 7-12 საათია. მშობიარობას, რომელიც გრძელდება 6 საათზე ნაკლებ ხანს, ეწოდება სწრაფი, ხოლო 3 საათზე ნაკლებს - დაჩქარებული (განმეორებით მშობიარეები უფრო სწრაფად მშობიარობენ). თუ მშობიარობის ხანგრძლივობა აღემატება 12 საათს, ის გახაგრძლივებულად ითვლება. - როდის ითვლება მშობიარობა ნაადრევად?- ორსულობის 28-37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი განისაზღვრება სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონას და სხვა პარამეტრებს. - რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას?- ნაადრევი მშობიარობის მიზეზებს მიეკუთვნება: დედის დაავადებები, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი; აბორტები, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი, დედის ენდოკრინული და ნერვული სისტემების დარღვევები. - როგორ მიმდინარეობს ნაადრევი მშობიარობა?- ისევე, როგორ სწრაფი მშობიარობა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, გართულება ამ დროს უფრო ხშირია. ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა და გავის მიდამოში და მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. ნაადრევი მშობიარობის ყველაზე ხშირი გართულებებია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა. ამ დროს ხშირია ნაყოფის ასფიქსია, მისი სამშობიარო ტრავმები და მკვდრადშობადობა. - როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?- ნაადრევი მშობიარობის  პროფილაქტიკა გულისხმობს: ორსულის ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვას; ინფექციისა და ინტოქსიკაციის პროფილაქტიკას; ორსულის დაავადებათა დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას. გახსოვდეთ: ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ თქვენს მეან-გინეკოლოგს ან ქალთა კონსულტაციას, რათა დროულად დაგისვან დიაგნოზი და მოგათავსონ სტაციონარში. - რას გვეტყვით ვადაგადაცილების შესახებ?- ვადაგადაცილებული ეწოდება მშობიარობას, რომელიც იწყება ორსულობის 42-ე კვირის შემდეგ. ამ დროს იბადება გადამწიფებული ნაყოფი. ვადაგადაცილებული მშობიარობა ნაადრევზე არანაკლებ საშიშია. - რით?- პლაცენტა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ახორციელებს კავშირს საშვილოსნოსა და ნაყოფს შორის. მისი მეშვეობით ხდება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ცვლა და ერთგვარ ფილტრსაც წარმოადგენს. პლაცენტის ფუნქციობაზეა დამოკიდებული ბავშვის მდგომარეობა, სანამ იგი დედის საშვილოსნოში იმყოფება. ვადაგადაცილების დროს პლაცენტაში წარმოიქმნება გაკირვის კერები. ისინი უკვე ვეღარ ასრულებენ კვებისა და სუნთქვის ფუნქციას. თანდათან სანაყოფე წყლები იმღვრევა, მომწვანო შეფერილობას იღებს. ბავშვს არ ჰყოფნის ჟანგბადი და შესაძლოა, გააკეთოს სუნთქვითი მოძრაობა. თუ სითხე ღია ფერისაა, ეს საშიში არ არის - უბრალოდ შეიწოვება ფილტვებში; თუ უკვე მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ მასში ცურავს სხვა მყარი ნივთიერებები, რომლებიც ავსებს ბავშვის ალვეოლებს, ვითარდება სუნთქვითი უკმარისობა, ასპირაციული სინდრომი. ბავშვი შეიძლება ცოცხალი დაიბადოს და მაშინვე ატირდეს, მაგრამ მის სასუნთქ გზებში იქნება სითხე, ამიტომ გადამწიფებული ახალშობილების სასუნთქ სისტემას მაშინვე იკვლევენ ექიმი ნეონატოლოგები. აუცილებლობის შემთხვევაში სითხეს ამოქაჩავენ. გარდა ამისა, ვადაგადაცილებულ ბავშვს ემუქრება სამშობიარო ტრავმა - მისი ძვლები, მათ შორის - თავის ქალასიც, უფრო მტკიცეა, ყიფლიბანდები - ვიწრო, სამშობიარო გზებში გავლისას თავი არ იცვლის ფორმას, ეს ქმნის ბავშვის ქალა-ტვინის, დედის სამშობიარო გზების დაზიანების საშიშროებას. თუ ქალს აქვს მიდრეკილება ვადაგადაცილებისკენ, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი სტაციონარში მოთავსება და საშვილონოს ყელის მშობიარობისთვის მომზადება. - რა იწვევს ვადაგადაცილებას?- ორსულობის ვადის გადაცილებას ხელს უწყობს დედის ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება. განმეორებით მშობიარეებში, რომლებსაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ის უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელს გადაცილებულ პირველმშობიარეებში. - როგორია გადამწიფებული ნაყოფი?- გადამწიფებული ნაყოფი დიდია. თავის ზომები ხშირად ნორმის ზედა ზღვარს უახლოვდება. ძვლები უფრო მკვრივია, ხოლო ნაკერები და ყიფლიბანდები - მცირე. თავი ვიწრო სამშობიარო გზებში გავლისას ფორმას ვერ იცვლის, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ტვინს. ნაყოფის კანი გამომშრალი ან მაცერირებულია (მოხარშულივით). ჟანგბადის მოთხოვნილება იმატებს, ხოლო ჟანგბადოვანი შიმშილისადმი მისი შეგუება დაქვეითებულია. იმავდროულად, პლაცენტაში მიმდინარე ცვლილებების გამო, ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ნაყოფის მომარაგება მცირდება. ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო იმატებს ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილის (ჰიპოქსია), ასფიქსიის, სამშობიარო ტრავმებისა და სხვა მძიმე გართულებების რისკი. ვადაგადაცილებული ორსულობისას ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ლოგინობის ხანის დაავადებები. ორსული ვადაგადაცილების პირველივე ნიშნებისთანავე თავსდება სამშობიარო სახლში, სადაც მას უტარდება სათანადო მკურნალობა და მშობიარობის სტიმულაცია მედიკამენტებით, რომლებიც მაღლა სწევს საშვილოსნოს ტონუსს (ოქსიტოცინი, პროსტაგლანდინები), ვიტამინებით, კალციუმის პრეპარატებით და სხვა. - რას ნიშნავს ნაყოფის ჰიპოტროფია?- ეს ტერმინი გულისხმობს ნაყოფის ფიზიკური ზრდის ტემპების შენელებას, ანუ ამ პათოლოგიის დროს ნაყოფის ფიზიკური პარამეტრები არ შეესაბამება ორსულობის ამ ვადისთვის მიღებულ ნორმებს. განასხვავებენ ამ სინდრომის ორ ფორმას - სიმეტრიულსა და ასიმეტრიულს. სიმეტრიული ფორმა ორსულობის ადრეულ ვადებზე ვითარდება. ამ დროს ნაყოფის ზომები თანაბრად მცირდება, ანუ მისი პარამეტრები ნაკლებია ორსულობის ამ ვადისთვის მიღებულ ნორმებზე. ნაყოფის სიმეტრიული ჰიპოტროფიის მიზეზი შეიძლება იყოს: საშვილოსნოსშიდა ინფექცია, ქრომოსომული პათოლოგია, ნაყოფის გავითარების მანკი, აგრეთვე დედის არასაკმარისი კვება და სიგარეტის წევა. ჰიპოტროფიის ასიმეტრიული ფორმა ვითარდება მოგვიანებით, ორულობის 28-ე კვირაზე, და სხვადასხვა ორგანოს არათანაბარი განვითარებით ხასიათდება. თავის ტვინი, ნაყოფის ჩონჩხი, კიდურები ვითარდება ორსულობის ვადის შესაბამისად, ხოლო ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების) განვითარება კი ნელდება. ამ შემთხვევაში თავისა და კიდურების ექოსკოპიური ზომები შეესაბამება ორსულობის ვადას, მუცლის გარშემოწერილობა კი ჩამორჩება. სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ ჰიპოტროფიის სამ ხარისხს. პირველი ხარისხის ჰიპოტროფიის დროს ნაყოფი ვადით გათვალისწინებულ ზომას ორი კვირით ჩამორჩება; მეორე ხარისხის დროს - 2-4 კვირით; მესამე ხარისხის დროს ჩამორჩენა აღემატება 4 კვირას. ასიმეტრიული ფორმის ჰიპოტროფიას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი შეიძლება დავყოთ რამდენიმე ძირითად ჯგუფად: I. სოციალურ-ყოფითი ფაქტორები:ა. დედის ასაკი (17-ზე ნაკლები, 30-ზე მეტი);ბ. პროფესიული მავნე ფაქტორები (მძიმე ფიზიკური შრომა, ემოციური გადაძაბვა, შხამქიმიკატებთან მუშაობა);გ. საყოფაცხოვრებო მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლი);II. დედის ორგანიზმის მდგომარეობა:ა. ქრონიკული ინფექცია (ქრონიკული ტონზილიტი, ქრონიკული ტრაქეობრონქიტი);ბ. ზოგადი დაავადებები (თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის);III. გინეკოლოგიური დაავადებები:ა. ჰორმონული დარღვევები, რაც ვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით, წინათ არსებული უნაყოფობით;ბ. ანამნეზში - თვითნებური აბორტები;გ. საშვილოსნოს პათოლოგიები (ნაწიბური საშვილოსნოზე ოპერაციის შემდეგ, მიომა, ენდომეტრიოზი);IV. ამ ორსულობის გართულებული მიმდინარეობა:ა. ორსულობის შეწყვეტის საშიშროება;ბ. ორსულთა ანემია;გ. მრავალნაყოფიანი ორსულობა;დ. ქრონიკული ინფექციის გამწვავება ორსულობის დროს. ეს მიზეზები არღვევს და აუარესებს საშვილონოს, პლაცენტისა და ნაყოფის სისხლმომარაგებას, ნაყოფი ვერ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, შედეგად ვითარდება ჟანგბადოვანი შიმშილი და ნაყოფის ზრდა ფერხდება. ნაყოფის ჰიპოტროფიის დიაგნოზი შეიძლება დაისვას ექიმთან სამეანო გასინჯვისას, მაგრამ უფრო სანდოა ულტაბგერითი გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია. ამ დროს ტარდება ნაყოფის ფეტომეტრია, ანუ იზომება მისი ყველა პარამეტრი, ფასდება პლაცენტის მდგომარეობა. ნაყოფის ზრდის შეფერხების დასაწყისში ერთჯერადი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ აუცილებელია დაკვირვება დინამიკაზე, ანუ ულტასონოგრაფიული კვლევის ჩატარება განმეორებით, პირველი გამოკვლევიდან 3 კვირის შემდეგ. კვლევის მეორე მეთოდია დოპლერომეტრია: ულტრაბგერითი კვლევით განისაზღვრება სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოს სისხლძარღვებში, ჭიპლარისა და ნაყოფის ტვინის არტერიებში. ამ გზით შეიძლება ვიმსჯელოთ საშვილოსნოსა და ნაყოფის სისხლით საკმარისი მომარაგების შესახებ. ნაყოფის ჰიპოტროფიის დროს მნიშვნელოვანია არა მარტო ნაყოფის ფიზიკური ჩამორჩენა, არამედ მისი ფუნქციური მდგომარეობაც, ანუ როგორ გრძნობს თავს ნაყოფი. ამის გასარკვევად უნდა შეფასდეს ნაყოფის გულ-სისხლძრღვთა სისტემის მუშაობა ულტრაბგერითი ტოკოგრაფიით, რომელიც 30-ე კვირიდან ტარდება. - როდის და რატომ დიდდება საკვერცხე?- ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ერთი ან ორივე საკვერცხის გადიდება გამოიწვიოს, ბევრია. საკვერცხის გადიდება შეიძლება გამოწვეული იყოს საკვერცხის კისტით, მაგრამ კისტა უნდა იყოს საკმაოდ დიდი (აღემატებოდეს 3-5 სმ-ს) ან რამდენიმე. ზოგჯერ საკვერცხის მცირედ გადიდებას გასინჯვისას ვერ ამჩნევენ და მხოლოდ ექოსკოპიურად დიაგნოსტირდება. იგივე შეიძლება ითქვას პოლიკისტოზზეც. საკვერცხე მცირე მენჯში სიმსივნური პროცესის განვითარების დროსაც შეიძლება გადიდდეს. საკვერცხეების ონკოლოგიური დაავადება ადრეულ სტადიაში არ იწვევს ჯირკვლის მნიშვნელოვან გადიდებას, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სიმსივნე ჯდება კაფსულასა და ქსოვილებში, სავსებით შესაძლებელია, გასინჯვით იოლად გამოვლინდეს. არ უნდა დავივიწყოთ სხვა ორგანოებიდან მეტასტაზირების ალბათობა - ამ ორგანოს გადიდება ამ დროსაც მოსალოდნელია. რასაკვირველია, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ქალის სასქესო ორგანოები მენსტრუაციამდელ პერიოდში დიდდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზრდა ხანმოკლეა და თან არ ახლავს კლინიკური სურათი. საკვერცხის გადიდების დროს ქალი უმეტესად უჩივის მქაჩავ ტკივილს მუცლის არეში, უსიამოვნო შეგრძნებებს დეფეკაციის დროს. ზოგჯერ - პათოლოგიურ გამონაყოფს საშოდან და მენსტრუალური ციკლის დარღვევას. საკვერცხეების გადიდებისას აუცილებლად უნდა ჩატარდეს მცირე მენჯის ექოსკოპიური გამოკვლევა ტრანსვაგინალურად და ტრანსაბდომინალურად, აგრეთვე ჩაბარდეს სისხლი სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე. სპეციალისტები გვირჩევენ, ჩავატაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამოსავლენად. - რა ზომისაა ნორმალური საკვერცხე?- საკვერცხეების ნორმალური მოცულობა 4,0-10,0 სმ3-ია. ადრეული პროლიფერაციის ფაზაში მარჯვენა და მარცხენა საკვერცხეების ზომები თითქმის ერთნაირია, მაგრამ მერე, ანტრალური და დომინანტური ფოლიკულების რაოდენობისა და ზომების კვალობაზე, განსხვავება შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. ამრიგად, პათოლოგიური გადიდების აღმოსაჩენად კვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუაციის მე-5-7 დღეს. ამასთან, გადამწყვეტია მისი არა სიგრძე-სიგანის, არამედ მოცულობის განსაზღვრა რომელიც ნორმაში არ აღემატება 10 სმ3-ს. საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანატომიის განხილვა აუცილებლად მენსტრუალური ციკლის ფაზების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. - რას გვეტყვით საკვერცხის ფოლიკულურ აპარატზე?- ციკლის სხვადასხვა ვადაზე ფოლიკულური აპარატი სხვადასხვანაირად გამოიყურება: ციკლის მე-5-7 დღეს ის ძირითადად 5-10 მესამეული ან ანტრალური ფოლიკულის სახით ჩანს. ციკლის მე-8-10 დღეს ვლინდება დომინანტური ფოლიკული, რომლის დიამეტრი 12-15 მმ-ია და აგრძელებს ზრდას. ამ დროს სხვა ფოლიკულების ზრდა ფერხდება ან ისინი, აღწევს რა დიამეტრი 8-10 მმ-ს, უკუვითარდება. ციკლის მე-11-14 დღეს ოვულაციის მომენტისთვის დომინანტური ფოლიკული აღწევს 18-25 მმ-ს (საშუალოდ 20 მმ-ს). ოვულაციის დადგომის შესახებ ექოგრაფიულად შეიძლება ვიმსჯელოთ დომინანტური ფოლიკულის გაქრობით და დუგლასის სივრცეში სითხის გაჩენით. ციკლის მე-15-18 დღეს ოვულაციის ადგილას ჩნდება ყვითელი სხეული, რომლის დიამეტრი 15-20 მმ-ია. ციკლის მე-19-23 დღეს ყვითელი სხეული დიდდება (დიამეტრი - 25-27 მმ). ციკლის 24-27 დღეს ყვითელი სხეულის ზომები მცირდება (10-15 მმ). თუ ორსულობა არ დგება, ყვითელი სხეულის სისხლით მომარაგება იცვლება ოვულაციიდან მე-9 დღეს. ყვითელი სხეულის ქსოვილი განიცდის ლუთეოლიზისს, კაპილარები იკუმშება და უკუვითარდება, ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა ღარიბდება. მენსტრუაციის დროს ყვითელი სხეული, როგორც წესი, აღარ ისაზღვრება, ან მის ადგილას ნარჩუნდება ბუნდოვანი ექოსტრუქტურა, მომატებული ექოგენობისა და 2-5 მმ დიამეტრი ზომის (თეთრი სხეული), რომელიც, ჩვეულებრივ, უკვალოდ ქრება შემდგომი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. - რა ხდება კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ? - პოსტმენოპაუზის პერიოდში საკვერცხეების ზომები შესამჩნევად იკლებს, ამასთან, მარჯვენა და მარცხენა საკვერცხეები პრაქტიკულად ერთნაირი ზომისა უნდა იყოს: 4,5-1,5 სმ3. მაჩვენებლები, რომლებიც აღემატება ასაკობრივი ნორმის ზღვარს, აგრეთვე - საკვერცხეებს შორის 1,5 სმ3-ზე დიდი განსხვავება პათოლოგიის მანიშნებელია. ერთ-ერთი საკვერცხის ასიმეტრიული გადიდება ორ ჯერზე მეტად მალიგნიზაციის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. პოსტმენოპაუზურ პერიოდში ფოლიკულური აპარატი თანდათან განიცდის პრაქტიკულად სრულ რედუქციას. პირველი 5 წელი მენოპაუზის შემდეგ საკვერცხის პარენქიმაში შესაძლოა ჩანდეს 10 მმ დიამეტრის ერთეული ფოლიკულები. შემდგომ საკვერცხეები გამოიყურება როგორც ოვალური ფორმის წარმონაქმნები, რომელთა ექოსტრუქტურა საკმაოდ ერთგვაროვანია. პოსტმენოპაუზურ პერიოდში 5 წლის შემდეგ საკვერცხეებში მოპერსისტირე ნებისმიერი სიდიდის ჩანართი უნდა განისაზღვროს როგორც პათოლოგია. - როდის დიდდება ან პატარავდება საშვილოსნო?- საშვილოსნოს გადიდება ხდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ფიბრომიომა, ენდომეტრიტი და სხვა. პოსტმენოპაუზის პერიოდში საშვილოსნო თანდათან პატარავდება. პოსტმენოპაუზის პერიოდში საშვილოსნოს ღრუ წარმოადგენს თხელ, 1-2 მმ სისქის ექოგენურ ხაზს. დასაშვებ ზედა ზღვრად პოსტმენოპაუზაში უნდა ჩაითვალოს 4-5 მმ.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :