Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები - სოკოვანი  ვაგინიტის შესახებ

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები - სოკოვანი ვაგინიტის შესახებ



სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება რძიანა. თუმცა უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით - არაერთხელ. რძიანას გამომწვევი, როგორც უკვე იცით, ჩანდიდა-ს ტიპის საფუარისმაგვარი სოკოა - ერთი შეხედვით სრულიად უვნებელი მიკროორგანიზმი, რომელიც ყოველი ქალის ორგანიზმში მოიძევება (უმეტესად - საშოში, პირის ღრუში, ნაწლავებში, კანზე) და ადამიანის ბუნებრივი მიკროფლორის შემადგენელ სხვა მიკროორგანიზმებთან ერთად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ისიც იცით, რომ ზოგიერთი ფაქტორის გავლენით სოკო კანდიდა ძალზე აგრესიული ხდება და სერიოზულ უსიამოვნებას გვაყენებს. როგორ ავიცილოთ თავიდან რძიანა ან როგორ დავაღწიოთ მას თავი? ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, კარგად უნდა ვიცნობდეთ დაავადებას. ვეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს, რომლებსაც ჩვენი მკითხველები ყველაზე ხშირად გვისვამენ. - საშოდან გამონადენი ყოველთვის რძიანაზე მიუთითებს?- საშოდან გამონადენს უამრავი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, არ დაივიწყოთ, რომ არსებობს ნორმალური გამონადენიც, რომლის რაოდენობა მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. ასეთი გამონადენი უფერო და უსუნოა. რძიანათი გამოწვეული კი სქელი, ხაჭოსებრი ან ნაღებისმაგვარი, თეთრი ან ნაცრისფერი, ზოგჯერ მომწვანოც, თუმცა არ აქვს მკვეთრი, დამახასიათებელი სუნი. დაავადების ამოსაცნობი ნიშნებია მეტ-ნაკლებად გამოხატული ქავილისა და წვის შეგრძნებაც. ქავილი უფრო ძლიერია სოკო ჩანდიდა-სადმი ალერგიის დროს. ჩვეულებრივ, ქავილი ძლიერდება სითბოში, მაგალითად, საწოლში ან შხაპის შემდეგ. წვის შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი სქესობრივი კონტაქტის დროს. თუმცა ამ ნიშნების არსებობაც კი ყოველთვის რძიანაზე არ მიუთითებს. იმავე სიმპტომებმა სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება იჩინოს თავი. რძიანას დიაგნოზი რომ დაისვას, აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევა. - რძიანას გამოვლენა მხოლოდ დნმ-დიაგნოსტიკის მეშვეობით არის შესაძლებელი? ყველა დანარჩენი მეთოდი მოძველებული და ნაკლებეფექტურია?- დნმ-დიაგნოსტიკა კანდიდოზის დიაგნოსტიკისთვის არ გამოდგება. საქმე ის არის, რომ ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია ავლენს მიკროორგანიზმების დნმ-ს და ძალზე მგრძნობიარეა, ასე რომ, ამ მეთოდით შესაძლებელია თუნდაც მინიმალური რაოდენობის სოკოს გამოვლენა, მაგრამ მათი არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რძიანა გაქვთ. როგორც აღვნიშნეთ, სოკო ნებისმიერი ქალის ორგანიზმში შეიძლება იყოს. რძიანას დიაგნოსტიკისთვის კი მნიშვნელოვანია განისაზღვროს არა სოკოს არსებობა, არამედ მისი კოლონიების რაოდენობა, შესაბამისად, რძიანას განსაზღვრის ძირითადი მეთოდებია ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა და სოკოს დათესვა. ექიმი იღებს ნაცხს საშოდან და ათვალიერებს მიკროსკოპის ქვეშ. თუ ინფექცია არის, სოკოს უჯრედები აღებულ მასალაში კარგად ჩანს. ამის შემდეგ ნაცხს სპეციალურ ნიადაგებზე თესავენ და კოლონიებს ითვლიან. თუ მათი რაოდენობა ნორმაზე მეტი აღმოჩნდა, კანდიდოზის არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა. ასეთიUგამოკვლევა არა მარტო დნმ-დიაგნოსტიკაზე ეფექტურია, არამედ მასზე გაცილებით იაფიც. - შესაძლებელია თუ არა კანდიდოზის თავიდან აცილება ჰიგიენის დაცვით?- რძიანას განვითარების მთავარი მიზეზი, წესისამებრ, ორგანიზმის ჰორმონული ფონის ცვლილებაა, რომელსაც ორსულობა (დაავადების ათიდან ხუთზე მეტი შემთხვევა სწორედ ორსულთა წილად მოდის), ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებებისა და სხვა პრეპარატების მიღება, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები იწვევს. ჩანდიდა-ს პარაზიტულ მდგომარეობაში გადასვლას ხელს უწყობს ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა, რასაც დისბაქტერიოზი და იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება მოჰყვება. მჭიდრო საცვლების ტარება თავისთავად ვერ გამოიწვევს რძიანას, მაგრამ ხელის შეწყობა კი შეუძლია. ვიწრო სინთეტიკური ტრუსები ძნელად ინარჩუნებს სითბოს და ზამთრობით მათი ტარება გადაცივებას იწვევს, იმუნური სისტემის დასუსტება და გადაცივება კი კანდიდოზის განვითარების ხელშემწყობი ორი უმძლავრესი ფაქტორია. ტკბილეულის ჭარბმა მიღებამაც შეიძლება შეუწყოს ხელი დაავადების განვითარებას. - აგვაცილებს თუ არა თავიდან კანდიდოზს ინტიმური ჰიგიენის სპეციალური საშუალებების გამოყენება?- თუ ორგანიზმი ჯანმრთელია, საშოს მჟავა არე მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ინფექციას. ამ ბარიერის ფორმირებაში რძემჟავა ბაქტერიები მონაწილეობენ. ჰიგიენური ჟელეები და ანტიბაქტერიული საპნები, რომლებსაც ინტიმური ჰიგიენისთვის იყენებენ, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ მავნე და სასარგებლო ბაქტერიებს, ამიტომ განურჩევლად ყველას ანადგურებენ, რაც ბუნებრივ ბარიერს სპობს. საშოსმიერმა გამორეცხვებმაც შეიძლება მოშალოს თავდაცვის ეს პირველი ხაზი, რადგან ამ დროს ნორმალური მიკროფლორაც გამოირეცხება. რძემჟავა ბაქტერიების გარეშე კი საშოში ცანდიდა-ს ტიპის სოკოსთვის იდეალური გარემო იქმნება. გახსოვდეთ: საშო თვითგამწმენდი ორგანოა და დამატებითი `დალაგება~ არ სჭირდება. ჰიგიენური პროცედურებისთვის კი საკმარისია ჩვეულებრივი წყალი. უნდა ითქვას, რომ რძიანას განვითარებას ხელს უწყობს ყოველდღიური საფენები. გამონადენთან ერთად საფენზე სოკოც ხვდება, იქ კი იდეალური გარემო და ტემპერატურაა მისი გამრავლება-განვითარებისთვის. არ არის აუცილებელი, ყოველდღიურ საფენებზე უარი თქვათ. უბრალოდ, ხშირ-ხშირად იცვალეთ. - ექიმთან ერთი ვიზიტი და ერთი კონსულტაცია საკმარისია? შეიძლება თუ არა, ერთხელ მიღებული დანიშნულება შემდგომაც გამოვიყენოთ?- მკურნალობის ერთი და იგივე მეთოდი შესაძლოა რამდენჯერმე გამოგადგეთ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც კოკა წყალს ვეღარ მოიტანს. სოკო ჩანდიდა-ს შესწევს უნარი, მედიკამენტების მოქმედებას მიეჩვიოს და მათდამი რეზისტენტობა გამოიმუშაოს. ამ შემთხვევაში ძველი დანიშნულებით მკურნალობა ეფექტური ვეღარ იქნება. - რძიანას საწინააღმდეგო საუკეთესო მედიკამენტები იმდენად ძლიერმოქმედია, რომ მათი ერთჯერადი მიღება საკმარისია?- კანდიდოზის საწინააღმდეგოდ ინიშნება როგორც ადგილობრივი (სანთლები, კრემები), ასევე შინაგანად მისაღები (ტაბლეტები) მედიკამენტები. მათ ექიმი დაავადების განვითარების ხარისხის, პრეპარატისადმი პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით არჩევს. ერთჯერადი მედიკამენტები, რასაკვირველია, მოხერხებულია, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ უნდა ებრძოლოთ არა დაავადებას, არამედ მის მიზეზს. რძიანას მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და ითვალისწინებდეს არა მარტო კანდიდას კოლონიების განადგურებას, არამედ რეციდივის პროფილაქტიკასაც.  - რძიანას დროს ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაა საჭირო?- უწინარეს ყოვლისა, ანალიზი უნდა გაკეთდეს და გაირკვეს, პარტნიორსაც აქვს თუ არა ეს დაავადება. თუ მას კანდიდოზი არ აღმოაჩნდა, მკურნალობას აზრი არ აქვს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :