Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ყურადღება თირკმელებს!

ყურადღება თირკმელებს!



ხუთი წლის ასაკისთვის ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: განვითარებას ასრულებს თირკმელები. ისინი უკვე ზუსტად ისევეა მოწყობილი, როგორც მოზრდილისა, მაგრამ ეს დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა? გვესაუბრება პედიატრი ეკა ლაშხი.- რამდენ შარდს უნდა გამოყოფდეს ნორმაში ბავშვი? - სამი წლის ბავშვი დღე-ღამეში ქოთანს დაახლოებით ათჯერ ითხოვს, ხოლო ხუთი წლისა - მხოლოდ ექვს-შვიდჯერ. სამი წლის ბავშვის თირკმელები გამოყოფს დღე-ღამეში 800-900 მლ შარდს, ხოლო ექვსი წლის ბავშვისა უკვე 1000-1300 მლ-ს. ეს შარდის გამომყოფი სისტემის ფუნქციურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ამ სისტემის დატვირთვა იმატებს და მას ადვილად ერევა ვირუსები, ბაქტერიები, ალერგენები, ტოქსინები, გამაღიზიანებელი ნივთიერებები, ამიტომ პედიატრმა ყურადღება უნდა მიაქციოს თირკმელების მდგომარეობას შარდის ანალიზების საშუალებით. - როდის უნდა გაკეთდეს შარდის ანალიზი?- შარდის ანალიზის ჩაბარება საჭიროა როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე მაშინ, როცა ბავშვი ავადაა, საზოგადოდ, ყოველგვარი უქეიფობისას, განურჩევლად მიზეზისა. ამგვარად დავიცავთ მას ცისტიტისგან, შარდის ბუშტის ანთებისგან, გლომერულონეფრიტისა და პიელონეფრიტისგან - შარდგამომყოფი სისტემის იმ დაავადებებისგან, რომლებიც ყველაზე ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.- რა არის გლომერულონეფრიტი?- გლომერულონეფრიტის დროს ზიანდება თირკმლის ნეფრონის გორგლის კაპილარები. სწორედ აქ, გორგლოვან აპარატში, იფილტრება სისხლი და წარმოიქმნება შარდი, რომლითაც ორგანიზმიდან გამოიყოფა ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და უცხო სხეულები. გლომერულონეფრიტით ხშირად რთულდება ტონზილიტი, ქუნთრუშა, ქრონიკული ტონზილიტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. გაუკაჟებელი ბავშვისთვის საკმარისია გაციება, რომ გორგლოვან აპარატში ანთებითი პროცესი დაიწყოს. პროცესს დასაწყისშივე უნდა მივუსწროთ. მკაფიო ნიშნების ჩამოყალიბებამდე ხშირად სამი კვირაა საჭირო, ამ დროისთვის კი შარდში ცვლილებები ჩნდება - ცილა, ერითროციტები, ზოგჯერ ლეიკოციტები. ამის შემდეგ ფარულად მიმდინარე პროცესი მჟღავნდება. ბავშვს ეუფლება სისუსტე, ეკარგება მადა, მცირდება გამოყოფილი შარდის ოდენობა, ვითარდება შეშუპება, იმატებს არტერიული წნევა. ზოგჯერ გლომერულონეფრიტი ფარულად მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში გადაიზრდება ქრონიკულ ფორმაში და საბოლოოდ თირკმლის უკმარისობას იწვევს. როდესაც თირკმელი უარს ამბობს მუშაობაზე, ერთადერთი გამოსავალია რეგულარული ჰემოდიალიზი, მერე კი დონორის თირკმლის გადანერგვა. - როგორ შევაჩეროთ პროცესი, რომ ასეთი ღრმა დაზიანება არ გამოიწვიოს?- აქამდე არ მივა საქმე, თუ დრ­ოულად დავიწყებთ მკურნალობას, ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით შევასრულებთ, დავიცავთ სპეციალურ დიეტას - კარტოფილისა და კვერცხისას ან მცენარეებისა და რძისას. დიეტა ერთი და იგივეა გლომერულონეფრიტის ნებისმიერი ფორმის დროს - ნეფროზული იქნება, ჰემატური თუ შერეული. სა­მკურნალო კვების მიზანი ერთია - განვტვირთოთ თირკმელები, მივცეთ დაავადების მიერ დარღვეული ფუნქც­იის აღდგენის საშუალება.- როგორი უნდა იყოს დიეტა გლომერულონეფრიტის დროს?- მთავარი მოთხოვნაა, საკვები იყოს მაღალკალორიული, ბავშვი დანაყრდეს. ვინაიდან მადა ამ დროს დაქვეითებულია, რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი. საკვების შემადგენლობა შეზღუდულია, ამიტომ მრავალფეროვნება ეხება საკვების კულინარიულ დამუშავებას. საკვები არ უნდა იყოს მარილიანი, ამიტომ მტკნარი გემოს შესარბილებლად მას ამატებენ ციტრუსის (ლიმონის, ფორთოხლის) წვენს, მწვანილს (ოხრახუშს, კამას, ქინძს, რეჰანს, ტარხუნას), ნიორს. სრულიად ამოიღეთ რაციონიდან მარილი - იყიდეთ უმარილო პური, ერიდეთ დაკონსერვებულ, დაშაშხულ, დამჟავებულ საკვებს, ასევე - ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტს - ხაჭოს, ხორცს, თევზს, ფრინველს, ხორცის, თევზის, სოკოს ნახარშებს.  ყოველდღე აჭამეთ ბავშვს მაწონი, იოგურტი, რომლებიც, ასევე, შეიცავს სრულფასოვან ამინმჟავებს. ისინი კარგი სამშენებლო მასალაა მზარდი ორგანიზმისთვის, როცა სხვა ცხოველური ცილები უკუნაჩვენებია.  რაციონში ჩართეთ მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, ბურღულეული (შვრიის, წიწიბურას, მანანის, ბრინჯის, ხორბლის), მაკარონი, კარტოფილი, პარკოსნები, ხილი, წვენები, შაქარი, მურაბა, მარმელადი, ზეფირი, ფუნთუშეული, ბლინები. ძალიან სასარგებლოა კალიუმით მდიდარი პროდუქტები: კარტოფილი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, ბანანი. - როგორი უნდა იყოს მენიუ გლომერულონეფრიტის დროს?- დაახლოებით ასეთი: პირველი საუზმე - ფაფა, მოხარშული კვერცხი, ხილის პიურე, რძიანი კაკაო, კარაქიანი უმარილო პური; მეორე საუზმე - მცენარეულ ზეთში ჩათუთქული კარტოფილი კამით, ხილის წვენი; სადილი - ბრინჯიანი სუპი, ბოსტნეულის სალათა ზეთით და ციტრუსის წვენით, ჩირის კომპოტი; ვახშამი - ბოსტნეულის სალ­ათა არაჟნით, შემწვარი კარტოფილი, ტკბილი ჩაი, უმარილო პური კა­რაქით. შუალედში შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს ხილის ასორტი. მენიუ ხშირად ცვალეთ, რათა ბავშვს არ მობეზრდეს საკვები, დაიცავით მხოლოდ ეს პრინციპი: მეორე საუზმეზე ყოველთვის უნდა იყოს კარტოფილი. ბავშვმა ყოველდღე უნდა მიიღოს ერთი კვერცხი და ხილი; სადილად - ზეთზე მომზადებული ვეგეტარიანული სუპი, ხილის ან ბოსტნეულის ფლავი, დააყოლოს კისელი, ციტრუსის ან ასკილის ნაყენი, სადილსა და ვახშამს შორის - ხილი, მაწონი; ვახშმად - ვინეგრეტი, მაკარონი კარაქზე, ბლინი, ფუნთუშა, ხილის კრუასანი. - რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დიეტური კვება?- დიეტა საჭიროა გლომერულონეფრიტის აქტიური პერიოდის განმავლობაში, ეს კი შესაძლოა ერთი წელი და მეტიც გაგრძელდეს. ბავშვებს არ უჭირთ დიეტის დაცვა, რადგან მათთვის ნებადართულია შემწვარი კერძები და სხვადასხვა დანამატები გემოვნებისთვის - ნიორი, ხახვი. დაავადების პიკზე და იმუნოსუპრესორების (პრედნიზოლონი) შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა ბავშვს გაუქრეს მადა. ამ დროს ექიმთან შეთანხმებით შეიძლება დროებით კვერცხის შეცვლა ქათმის ნაჭრით, ძროხის ხორცით, ხა­ჭოთი. დოზა შეარჩ­იეთ შემდეგნაირად: კვერცხი შეიცავს იმდენ ცილას, რასაც 50 გ ქათმის, ძროხის ხორცი ან თევზი. ხა­ჭო საკმარისია 40 გრამი. დიეტის გაფართოება შეიძლება რემისიის დაწყების შემეეგ, რომელზეც ანალიზის შედეგების მიხედვით ვმსჯელობთ, ყვ­ელა მედიკამენტის მოხსნიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ, როცა ნათელი გახდება, რომ ბავშვის ორგანიზმს ძალუძს, თვითონ გაუმკლავდეს პრობლემებს. თავდაპირველად კვერცხს შევცვლით ქათმის თეთრი ხორცით. თუ ბავშვის ორგანიზმმა იგი კარგად მიიღო, ერთი კვირის შემდეგ შეიძლება 50 გ ქათმის ხორცის ყოველდღიურ მენიუში შეტანა. მომდევნო პროდუქტი, ძროხის ხორცი ან ხაჭო, 3 კვირის შემდეგ ემატება რაციონს. ორი ახალი პროდუქტის რაციონში ერთდროულად შეტანა არ შეიძლება. თანდათანობით ემატება რაციონს მარილი - ყოველდღიურად თითო გრამი წვნიანის ან მეორე კერძის შესაზავებლად. რემისიის მე-5 თვის ბოლოს შეიძლება ულუფა 5 გრამამდე გაიზარდოს. ყურა­დღებით აკონტროლეთ არტერიული წნევა, სისხლისა და შარდის ანალიზი. თუ ანალიზები გაუარესდა, უნდა დავუბრუნდეთ დიეტურ კვებას. - როგორ მოვიქცეთ პიელონეფრიტის დროს?- პიელონეფრიტი თირკმლის ფიალების ანთებაა. ამ დაავადებით ხშირად რთულდება გაციება, შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი. აქედან ინფექცია ზემოთ, საშარდე გზების გავლით, თირკმელებისკენ ადის. ეს არის გავრცელების აღმავალი გზა. შესაძლოა ინფექციის გავრცელება დაღმავალი გზითაც - დაზიანებული, კარიესული კბილიდან, ანთებითი ნუშურა ჯირკვლიდან, კანზე არსებული ჩირქგროვებიდან ინფექცია გადადის სისხლში, იქიდან კი თირკმელებსა და მის ფიალებში. პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტის მსგავსად, თვეობით აწვალებს პატარას ისე, რომ გარეგნულად არ გამოვლინდება და გადაიზრდება ქრონიკულ ფორმაში. ეს არ მოხდება, თუ წელიწადში 1-2-ჯერ გაუკეთებთ ბავშვს შარდის ანალიზს, ყურადღებით იქნებით მისი ზოგადი მდგომარეობის ცვლილებისადმი. თუ პატარა ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება, არ უნდა სასეირნოდ წამოსვლა, ინტერესს აღარ იჩენს თამაშებისა და მულტფილმებისადმი - ეს ინტოქსიკაციის ნიშანია. ბავშვმა შესაძლოა გაახშიროს შარდვა, უჩ­იოდეს წელის არეში ტკივილს. მთავარი ნიშანია - ტემპერატურის უმნიშვნელოდ მომატება (37,1-37,3 გრადუსი), რო­მელიც მუდმივად გრ­ძელდება. ეს დამახ­ასიათებელია მწვავე პი­ელონეფრიტისთვის. თუ შარდის ანალიზით დიაგნოზი დადასტურდა, საჭირო გახდება ანტიბიოტიკების კურსის ჩატარება 7-10 დღის ხანგრძლივობით. შესაძლოა მეტი დრ­ოითაც...- როგორი რეჟიმია საჭირო დიაგნოზის დადასტურების შემდეგ?- შეძლებისამებრ, პატარა უნდა გადავიყვანოთ წოლით რეჟიმზე - წოლისას თირკმელებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტებიც უკეთ აღწევს დანიშნულების ადგილს. თირკმელებს უყვართ სითბო, ამიტომ კარგი იქნება, თუ ბავშვს წელზე შემოახვევთ შალის (მატყლის) თავ­საფარს, დაალევინებთ უგაზო მინერალურ წყ­ალს, თირკმლის ჩაის, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ. ექიმთან კო­ნსულტაციის შემდეგ შეიძლება სამკურნალო ბალახების ნაკრების ნაყენიც გამოვიყენოთ. მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სამკურნალო დიეტა. იგი არც ისე მკაცრია, როგორც გლომერულონეფრიტის დროს. საკვებში მარილის დამატება შეიძლება, ოღონდ ზომიერად. რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ ისეთი საკვები, რომელიც აღიზიანებს თირკმლის ეპითელიუმს. ლაპარაკია იმ ექსტრაქტულ ნივთიერებებზე, რომელსაც შეიცავს ხორცისა და თევზის ნახარში, შემწვარი, დაკონსერვებული, დამჟავებული, შებოლილი (დაშაშხული) საკვები, ხახვი, ნიორი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, მდოგვი, პირშუშხა, წიწმატი, ტარხუნა, ბოლოკი. აქცენტი დასვით რძის ნაწარმზე - ის ააქტიურებს თირკმლის ფუნქციას, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას. რძე თავისი შემადგენელი ცილებით, კალციუმით, ფოსფორით და სხვა ძვირფასი ნაერთებით ისედაც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. რძის ცხიმი ადვილად იშლება წვრილ ნაწილებად, რის შემდეგაც მას კარგად ითვისებს ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა. იგივე ითქმის რძის ნაწარმზე - მაწონზე, კეფირზე. რძემჟავა პროდუქტები მარგებელია იმითაც, რომ კუჭ-ნაწლავის ფლორის ნორმალიზებას უწყობს ხელს. მიკროფლორას ძლიერ არღვევს ანტიბიოტიკები, რომლებიც ინიშნება ცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს, ამდენად, მკურნალობასთან ერ­თად აუცილებელია რაციონში რძემჟავა ნაწარმის შეტანა, რათა ანთება დისბიოზით (ნაწლავის მიკროფლორის და­რღვევით) არ გართულდეს. ბავშვს ეჭმევა ხორცი - ძროხისა, ქათმისა, კურდღლისა, ნაკლებად ცხიმიანი თევზი. ექსტრაქტული ნივთიერებების მოსაშორებლად ხორცი და თევზი წვრილად უნდა დაიჭრას, დაესხას ცივი წყალი და მოიხარშოს, მიეცეს ბავშვს ბულიონის გარეშე. ხაჭო შეიძლება დღეში 40-50 გრამი (თერმული დამუშავების გარეშე), უცხიმო არაჟანი - 1 სადილის კოვზი, ნაკლებმარილიანი (ჭყინტი) ყველი. შეუცვლელია წესი - ერთი კვერცხი დღეში! გაამდიდრეთ რაციონი ბურღულეულით, ფაფებით, მაკარონის ნაწარმით. კარაქი - შეიძლება ნაღებისაც და მცენარეულიც. ხილი და ბოსტნეული ნებისმიერი სახით - წვენების, სალათების, პიურეს სახით. ბოსტნეულიდან - კარტოფილი, თეთრთავიანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა. პური, შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი (ზეფირი, მარმელადი, მურაბა, თაფლი) შეიძლება, ხოლო შოკოლადი და გაზიანი სასმელები დაუშვებელია! ცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს მენიუ დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: საუზმე: რძიანი ფაფა, მაკარონი, კარტოფილისა და ბოსტნეულის პიურე, ყველი, კვერცხი, ხაჭო, მაწონი, რძიანი ან ჩვეულებრივი ჩაი; სადილი: პირველი - ვეგეტარიანული წვნიანი, ბორშჩი; მეორე - მოხარშული ხორცი ან თევზი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი ან გუფთა; გარნირად - კარტოფილის ან ბოსტნეულის სალათა, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა; მესამე: ხილი, კომპოტი, კისელი, წვენი, ასკილის ნაყენი; სამხარი: მაწონი, ხილი, ჩათუთქული ვაშლი ქიშმიშით; ვახშამი: ხაჭოს ბლინები, ყველიანი მაკარონი, ბოსტნეულის სალათა, ფაფა. ჩაისთან ფუნთუშა, კრუასანი ხელფაფით. შეგიძლიათ, კომბინაცია ყოველდღე ცვალოთ, რომ ბავშვს ერთფეროვნება არ მობეზრდეს. რაც მთავარია, ბავშვთან ერთად თქვენც მიუჯექით სუფრას და მიირთვით. ამით მას სამკურნალო დიეტას გაუადვილებთ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :