Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ვიტამინები მიკროელემენტები

ვიტამინები მიკროელემენტები



თანამედროვე მედიცინას მიაჩნია, რომ ჯანმრთელობა 85%-ით საკვებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დამუშავების, შენახვისა და მომზადების თანამედროვე მეთოდები დიდ ზიანს აყენებს საკვების კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებას, უფრო მეტიც - არათუ ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით, ამინმჟავებით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს, არამედ ხელსაც კი უწყობს ორგანიზმიდან მათ გაძლიერებულ გამოდევნასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. სიცოცხლის ამინებივიტამინი ლათინურად სიცოცხლის ამინს ნიშნავს. სახელწოდება თავისთავად მეტყველებს ამ ნაერთების უმნიშვნელოვანეს როლზე ჩვენს ორგანიზმში. ვიტამინები ადამიანის სიცოცხლისთვის, მისი ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის შეუცვლელი ორგანული ნაერთებია, რომლებსაც მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს. საკვებში უმნიშვნელო რაოდენობით არის, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალური წარმართვისა და რეგულირებისათვის. ვიტამინები ორგანიზმს იმ ენერგიის გამოთავისუფლებაში ეხმარება, რომელსაც საკვები შეიცავს. ვიტამინების გარეშე ადამიანი შესაძლოა შიმშილით მოკვდეს. ვიტამინების უკმარისობის დროს ორგანიზმი კარგავს სურსათიდან საკვები ნივთიერებების: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების შეწოვის, ათვისებისა და გამოყენების უნარს. ვიტამინები ორგანიზმში უმთავრესად საკვების მეშვეობით ხვდება, თუმცა ზოგიერთ მათგანს ორგანიზმი თავად ასინთეზებს ნაწლავებში დასახლებული სასარგებლო მიკროორგანიზმების დახმარებით. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ამ ვიტამინების დეფიციტიც იჩენს თავს. ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობისას თავს იჩენს მისი დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ავიტამინოზს ვუწოდებთ. დღეს ჭეშმარიტი ავიტამინოზები იშვიათად გვხვდება, ისინი უმთავრესად ორგანიზმის მიერ ამა თუ იმ ვიტამინის აუთვისებლობის შედეგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი გაძლიერებული დაშლით არის განპირობებული. მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობა, ანუ ჰიპოვიტამინოზი აღენიშნება. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხშირად ფარულადაც, და ამ მდგომარეობის თაობაზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა უარესდება თვითშეგრძნება და ქვეითდება შრომის უნარი. ვიტამინები მნიშვნელოვანი კვებითი ფაქტორია, რამდენადაც ისინი ორგანიზმს სჭირდება არა მათი ენერგეტიკული ღირებულების, არამედ იმის გამო, რომ უნარი შესწევთ არეგულირონ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციები. ვიტამინთა გალერეავიტამინებს ლათინური ასოებით აღნიშნავენ: A, B, C, D და სხვა. ზოგიერთ მათგანს სპეციალური სახელიც აქვს. ამჟამად ცნობილია 13 ვიტამინი: B1, B2, B6, B12, PP, C, A, D, E, K, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა და ბიოტინი. მათ ემატება რამდენიმე ისეთი ნაერთი, რომლებსაც ვიტამინის მსგავსებს უწოდებენ: ლიპოლის მჟავა, ქოლინი, ინოზიტი, ბიოფლავონოიდები და სხვა. ვიტამინები შეიძლება სხვადასხვა ნიშნით რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. ფუნქციის მიხედვით ცნობილია ვიტამინების სამი ძირითადი ჯგუფი: I ჯგუფი -  B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, B6, B12, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა, PP და ბიოტინი. ისინი კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ნახშირწყლოვან და ძირითად, ენერგეტიკულ ცვლაში. ეს წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებსაც ენზიმოვიტამინები ეწოდება. II ჯგუფი - ვიტამინ-ანტიოქსიდანტები, რომლებიც ანეიტრალებენ ჟანგბადის აქტიურ ფორმებს. ასეთებია: C ვიტამინი - ასკორბინის მჟავა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის ცვლაზე სისხლის შრატში, ლორწოვან სითხეში, სითხეში, რომელსაც ფილტვები იწოვენ; ე ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი. იგი მდებარეობს უჯრედის გარსში, რომელიც ჟანგბადის ზემოქმედებით ძლიერ ზიანდება; ამავე ჯგუფში შედის კაროტინოიდები, კერძოდ, ბეტა-კაროტინი. III ჯგუფი - პროჰორმონები, ანუ ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგიერთი ჰორმონის სინთეზს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დ ვიტამინი, ა ვიტამინი და სხვა. ეს ვიტამინები ცხიმში ხსნადია, შედის უჯრედის მემბრანულ სისტემაში, ხელს უწყობს მათ ოპტიმალურ ფუნქციობას. წყალში ხსნადი ვიტამინები ფერმენტების ფუნქციებსა და მათ სტრუქტურულ შემადგენლობაში მონაწილეობენ. ამით ისინი ასრულებენ კოფერმენტულ როლს. რაც შეეხება ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ისინი ქსოვილოვან ჰორმონებს და პრეჰორმონებს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მათ სრულფასოვან ქსოვილოვან ჰორმონებად არ აღიარებს. ნატურალური და სინთეზური ვიტამინებიწარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ნატურალურ და სინთეზურ ვიტამინებს. ნატურალურია ის ვიტამინები, რომლებსაც საკვები შეიცავს. ექიმები ყოველთვის ნატურალურს ამჯობინებენ, რამდენადაც საკვები, გარდა ვიტამინებისა, შეიცავს ფერმენტებს, მცენარეულ ბოჭკოს, უჯრედისს და სხვა ელემენტებს, რომლებიც ვიტამინების შეწოვას აადვილებს. სინთეზურია ვიტამინები, რომლებიც მიიღება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების სპეციალურ ლაბორატორიებში დამუშავების შედეგად. ისინი ქიმიური აგებულების მიხედვით ნატურალურს შეესატყვისება, თუმცა, მათგან განსხვავებით, შეიცავს მხოლოდ იზოლირებულ ვიტამინებს სხვა საჭირო ნივთიერებების გარეშე. სინთეზური ვიტამინები წარმატებით ავსებს ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტს, თუმცა მათი დიდი დოზებით მიღებისას მოსალოდნელია ტოქსიკური რეაქციები, მაშინ როცა თუნდაც ძალიან დიდი რაოდენობით მიღებულ ნატურალურ ვიტამინებს არავითარი გვერდითი ეფექტი არ ახასიათებს. ხელოვნური ვიტამინების უმნიშვნელო რაოდენობაც კი არასწორი მკურნალობისას შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევის, ალერგიული რეაქციების მიზეზად იქცეს. მათი დიდი რაოდენობით მიღების შემდგომ გამორიცხული არ არის თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარება. მინერალებისაკვებ რაციონში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების გვერდით არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა დეფიციტის დროს, ისევე როგორც ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმში სპეციფიკური პათოლოგიური პროცესები ვითარდება. მინერალური ნივთიერებები სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ისინი 3 კგ-მდეა. ძვლებში ისინი კრისტალების სახით მოიპოვება, რბილ ქსოვილებში კი კოლოიდური ხსნარის სახით, სადაც ისინი ძირითადად ცილებთან არიან დაკავშირებულნი. სადღეისოდ ცნობილთაგან ადამიანის ორგანიზმი 80-მდე ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ამათგან ორგანიზმს ნორმალური ცხოველქმედებისთვის სჭირდება 20-მდე მაკრო და მიკროელემენტი, რომელთა ნაწილი სასიცოცხლოდ აუცილებელიც კია. ამ ელემენტებს ესენციურებს უწოდებენ, რამდენადაც ისინი მნიშვნელოვან ბიოლოგიურ როლს ასრულებენ ორგანიზმის მრავალი ფუნქციის რეგულირებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელი ესენციური მიკროელემენტები უშუალოდ მოქმედებენ ორგანიზმზე, მართავენ ჰორმონების, ფერმენტების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფუნქციებს. ყოველივე ეს ხორციელდება მაშინ, როცა ორგანიზმში ესა თუ ის მიკროლემენტი განსაზღვრული რაოდენობით არის. მათი ოდენობის შემცირებისას ან მომატებისას ცილების, ცხიმების, ჰორმონების, ფერმენტებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების სინთეზში არასასურველი ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ამ სასარგებლო ნივთიერებათა საჭირო რაოდენობა. მინერალების შეწოვა უმთავრესად წვრილ ნაწლავში ხდება, მერე კი ისინი სასიცოცხლო პროცესებში ერთვებიან. მინერალების ფიზიოლოგიური მნიშვნელობა მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტული სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციებში. მონაწილეობენ პლასტიკურ პროცესებსა და ქსოვილების, განსაკუთრებით - ძვლოვანი ქსოვილის, შენებაში. ხელს უწყობენ მჟავატუტოვანი ცვლის წონასწორობის შენარჩუნებას. არეგულირებენ სისხლში ნორმალური მარილოვანი შედგენილობის შენარჩუნებას. აწესრიგებენ წყალმარილოვან ცვლას. ესენციური ელემენტებისასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკროელემენტებია: წყალბადი, ჟანგბადი, ნატრიუმი, ნახშირბადი, კალციუმი, ქლორი, ფთორი, კალიუმი, მაგნიუმი, აზოტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკროელემენტებია: ქრომი, სპილენძი, რკინა, იოდი,  მანგანუმი, მოლიბდენი, სელენი, თუთია.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :