Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ვიტამინები - მითი და რეალობა

ვიტამინები - მითი და რეალობა



"გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვიტამინები აუცილებელია, მათი დახმარებით ვუმკლავდებით სტრესსა და გაციებას", - ამბობენ ერთნი. "ვიტამინები ყველას გვაკლია, მათი ყოველდღიური მიღება აუცილებელია", - ირწმუნებიან მეორენი. ვინ არის მართალი და რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ექიმები? ბოლო ხანს დამკვიდრდა ტიპური დამოკიდებულება ვიტამინების მიმართ: თავის ტკივილით თუ გაციებით შეწუხებულნი, შევდივართ აფთიაქში და უმალვე თვალს გვჭრის თაროზე ჩამწკრივებული ფერად-ფერადი კოლოფები; ფარმაცევტის დახმარებით ვირჩევთ ერთ-ერთ პოლივიტამინს, ვიღებთ ერთი კვირის განმავლობაში და მალე მისი არსებობაც კი გვავიწყდება, ერთი წლის შემდეგ კი აღმოვაჩენთ, რომ ვადა გასვლია და სანაგვე ყუთში მოვისვრით. რატომ ვიქცევით ასე? ან ვერ ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას, ან იმდენს გვესაუბრებიან მათი მარგებლობის შესახებ, რომ უნებურად ეჭვი გვიჩნდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეჭვს საფუძველი მართლაც აქვს. რა აჩენს ეჭვს? ალბათ ის, რომ სტატისტიკა ნდობას არ იწვევს. ხშირად გაგვიგონია მტკიცება, რომ მოახლეობის 80 პროცენტს ამა თუ იმ ვიტამინის ან მიკროელემენტის დეფიციტი აქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ლაბორატორიული კვლევა ამ ადამიანებისთვის არავის ჩაუტარებია. ვიტამინების და მიკროელემენტების მიღების მომხრეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი თანამედროვე საკვების დაბალი ხარისხია. ხშირად აღნიშნავენ, რომ მიკროელემენტების დეფიციტი ბალანსირებული კვების დროსაც კი ვითარდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჩვენს რაციონში მცირდება ახალი პროდუქტების წილი, ხოლო გაყინული, კონსერვირებული, დამუშავებული საკვებისა იმატებს; სათბურში მოყვანილი და დიდხანს შენახული პროდუქტები ვიტამინებით ღარიბია; მაცივარში შენახვისას სამ დღეში ც ვიტამინის 30% იკარგება, ხოლო ოთახში შენახვისას - 50%; მომზადებისას საკვები კარგავს ვიტამინების 25-100%-ს; მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული ადამიანი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიტამინებზე მოთხოვნილება უცვლელია. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი; არსებობს მონაცემები, რომ როცა ენერგიის ხარჯვა იკლებს, ვიტამინების მოთხოვნილებაც მცირდება, ხოლო მწარმოებლები გამუდმებით ზრუნავენ თავიანთი პროდუქტების ვიტამინებით გამდიდრებასა და მათთვის ნატურალური სახის შენარჩუნებაზე. საკვები დანამატებიბოლო ხანს საკმაოდ პოპულარული გახდა სხვადასხვა საკვები დანამატი. მათი უმრავლესობა სწორედ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებია. მათ კარგა ხანია იყენებენ მოწინავე ქვეყნებში. იქ არსებული რეკომენდაციების თანახმად, საკვები დანამატები ყველას როდი სჭირდება. არსებობს განსაზღვრული ჩვენებები მათი გამოყენებისთვის. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი საჭირო პროდუქტებს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩათვლით საკვებით უნდა იღებდეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მათი დამატებაა საჭირო. სანამ პრეპარატების მიღებას დავიწყებდეთ, უნდა ვიცოდეთ, რას შეიძლება ველოდეთ და რას არა მათგან. დადგენილია, რომ საკვები დანამატი არ ცვლის საკვებს, იმ სარგებლობას, რაც ორგანიზმს საკვების, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის მიღებით აქვს.  აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი საკვების უპირატესობებს დანამატებთან შედარებით. საკვები შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს და არა მხოლოდ ერთ რომელიმეს. მაგალითად, ფორთოხალში არის ც ვიტამინიც, კაროტინიც, კალციუმიც და სხვა ნივთირებებიც, ც ვიტამინში კი ეს მიკრონუტრიენტები არ არის. ბოჭკოები - მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული უზრუნველყოფს ადამიანს ბოჭკოთი, გარდა ბოჭკოსი მათში არის ვიტამინები და სხვა საკვები ნივთიერებებიც. ბოჭკო კი, რომელსაც არ შეიცავს საკვები დანამატები, აუცილებელია დიაბეტის, გულის დაავადებების და ყაბზობის პროფილაქტიკისთვის. დამცავი ნივთიერებები - გარდა მიკროელემენტებისა და ვიტამინებისა საკვები შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ სხვა ნივთირებებესაც. მათ ფიტოქიმიურ ნივთირებებს უწოდებენ. ასეთი ნივთიერებები გვიცავენ სიმსივნის, გულის დაავადებების, დიაბეტის და მაღალი წნევისაგან, მრავალი მათგანი კი ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა. ანტიოქსიდანტები იცავენ ორგანიზმს უჯრედებისა და ქსოვილების დაზიანების გამომწვევი ჟანგვითი სტრესისაგან. ვის სჭირდება საკვები დანამატები?თუ ადამიანი ჯანმრთელია, ნორმალურად იკვებება, მის რაციონში არის ხილი, ბიოსტნეული, მარცვლეული, დაბალცხიმიანი რძის ნაწარმი, უცხიმო ხორცი და თევზი, მას საკვები დანამატები არ სჭირდება. თუმცა არის გარკვეული სიტუაციები, როცა აუცილებელია ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატება. მაგალითად: ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ყოველდღიურად უნდა მიიღონ 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა. ორსულებმა უნდა მიიღონ რკინის შემცველი ვიტამინები ან რკინა. 50 წლიდან რეკომენდებულია ბ12 ვიტამინი ან ამ ვიტამინით გამდიდრებული საკვები. გარდა ამისა, პოლივიტამინები ან გარკვეული მიკროელემენტები აუცილებელია, როცა ადამიანი: არ იღებს სათანადო რაოდენობით კალორიებს; არის ვეგეტარიანელი; აქვს დიდი რაოდენობით მენსტრუალური სისხლდენა; დარღვეული აქვს შეწოვა ფაღარათის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების გამო. ამ მდგომარეობებისას აუცილებელია მივიღოთ ექიმის რეკომენდაცია გარკვეული ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღების შესახებ. როგორ მივიღოთ ვიტამინები და მიკროელემენტებითუ მაინც გადაწყვიტეთ, ვიტამინები და მიკროელემენტები ექიმის გარეშე მიიღოთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს: ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია, მასზე მითითებული იქნება პრეპარატში არსებული ნივთირებები. თავიდან აიცილეთ ძალიან დიდი დოზები, ეცადეთ აირჩიოთ ისეთი პრეპარატი, რომელიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების დღიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და არა ისეთი, რომელშიც ერთი ვიტამინის ძალიან დიდი რაოდენობაა და სხვებისა - ნორმაზე ნაკლები. ყურადღება მიაქციეთ პრეპარატის ვადებს. მხედველობაში იქონიეთ, თუ რა საკვებს იღებთ. როგორც წესი, ვიტამინების და მინერალების მიღებას თან ახლავს პიროვნებისათვის ჩვეული კვება. რასაკვირველია, ვიტამინების და მიკროელემენტების გარკვეულ რაოდენობას საკვებიც შეიცავს, ამიტომ დღიური ნორმის მედიკამენტებით სრულად მიღებისას იქმნება გარკვეული მათგანის დოზის გადაჭარბების რისკი. ეს კი სულაც არ არის სასურველი, რადგანაც ზრდის გვერდითი ეფექტების სიხშირეს. მაგალითად, დიდი რაოდენობით რკინა შეიძლება გახდეს გულისრევის, ღებინების, ღვიძლისა და სხვა ორგანოების დაზიანების მიზეზი. ქიმია თუ ბუნებაარიან ადამიანები, რომლებიც მულტივიტამინის ყუთის დანახვისას უკმაყოფილო სახეს იღებენ და ამბობენ, რომ მათ ცოცხალი, პროდუქტებით მიღებული ვიტამინები ურჩევნიათ. სინამდვილეში ერთი და იგივე ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებებს აბსოლუტურად ერთნაირი თვისებები აქვთ, თუმცა მედიკამენტების მიღების მოწინააღმდეგეებს მაინც აქვთ გარკვეული გამართლება - პროდუქტებში ვიტამინები არ არის დაკავშირებული სხვა ნივთიერებებთან. თანაც ვიტამინების და მიკროელემენტების დამატებითი მიღება ყოველთვის როდია მიზანშეწონილი. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩრდილოეთის იმ ქვეყნებში, სადაც რაციონში დიდი რაოდენობითაა თევზი, ადამიანებს ხშირად აქვთ ბ1 ვიტამინის დეფიციტი ა ვიტამინის სიჭარბის ფონზე, რადგანაც თევზში არსებული ფერმენტები შლიან ბ1 ვიტამინს, ხოლო თევზეული მდიდარია ა ვიტამინით. ამ ყოველივეს შემდეგ შევეცადოთ დეტალურად განვიხილოთ თითოეული ვიტამინის როლი და დავაზუსტოთ, რეალურად რა სარგებლობას უნდა ველოდეთ მათი მიღებისას და რაზე არ უნდა ვამყარებდეთ ფუჭ იმედებს. ვინაიდან მრავალი მონაცემი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენში დამკვიდრებულ წარმოდგენებს, აუცილებლად მიგვაჩნია მივუთითოთ, რომ მონაცემების დიდი ნაწილი ემყარება ინფორმაციას, რომელიც მოცემულია ინგლისურენოვან საიტზე MedicineNet.com. საიტი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების სერტიფიცირებულ ექიმთა და ჯანდაცვის პროფესიონალთა მიერ და მიზნად ისახავს სათანადო ინფორმაციის მიწოდებას პაციენტათვის. ა ვიტამინი - რეტინოლია ვიტამინს ვიღებთ ხილით, ბოსტნეულით, კვერცხით, რძით, კარაქით, ხორცით, ზღვის თევზით. ამ ვიტამინის დანიშნულება არის ა ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. A ვიტამინი შესაძლოა ეფექტური იყოს: ისეთი დაავადებების გართულებათა სამკურნალოდ, როგორებიცაა მალარია, შიდსი, წითურა და ფაღარათი; ა ვიტამინის დეფიციტისას ბავშვებში; ორსულობის დროს; სარძევე ჯირკვლის სიმსივნისას; თვალის ლაზერული ქირურგიის შემდეგ ე ვიტამინთან ერთად. ა ვიტამინი შესაძლოა უეფექტო იყოს: ორსულობის შეწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის წინააღმდეგ; კვებითი დეფიციტის მქონე ქალებში; ანემიისას; ქიმიოთერაპიის გართულებების შემცირებისთვის. სავარაუდოდ, ა ვიტამინი უეფექტოა: თავისა და კისრის სიმსივნეთა რისკის შესამცირებლად; ბავშვებში ფილტვების ანთების სამკურნალოდ. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ა ვიტამინის ეფექტიანობის შესახებ: ფილტვის, საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, საყლაპავის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის სიმსივნეების დროს; მხედველობის გაუმჯობესების კუთხით მაკულოდისტროფიის, გლაუკომის დროს; იმუნური სისტემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. უსაფრთხოა თუ არა ა ვიტამინი?A ვიტამინი აუცილებელია თვალების, კანის, იმუნური სისტემის და სხვა ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მოზრდილებში დღეში 10 000 ერთეულზე ნაკლები დოზით გამოყენებისას ა ვიტამინი უსაფრთხოა. დადგენილია, რომ მოზრდილებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობით იღებენ რძის ნაწარმს ცხიმის დაბალი შემცველობით, ბოსტნეულსა და ხილს, ა ვიტამინის დამატება არ ესაჭიროებათ.  ა ვიტამინის ხანგრძლივი დროით ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, გაღიზიანება, უმადობა, მუცელში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა. A ვიტამინის ჭარბი რაოდენობა მენოპაუზის პერიოდში ზრდის ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკს. სადღეისოდ სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება ა ვიტამინის ჭარბი დოზების გამოყენებით გამოწვეული ზიანის და არა სარგებლობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტებისა და სიკვდილის რისკი. A ვიტამინის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ: პაციენტი იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს; მაღალი აქვს გარკვეული ტიპის ქოლესტერინი; აქვს ღვიძლის დაავადება. ვიტამინი ბ3ვიტამინი ბ3 ანუ ვიტამინი პპ, ნიაცინამიდი, ნიკოტინის მჟავა ეფექტურია ნიაცინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ცნობილია, რომ ნიაცინის დეფიციტი იწვევს პელაგრას. დაავადება ხასიათდება კანის ცვლილებით, ლორწოვანის ანთებით, ფაღარათით, გონებრივი დარღვევებით. Gდადგენილია ნიაცინის როლი ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობისას. შესაძლოა ნიაცინი ეფექტური იყოს: ფაღარათისას; შაქრიანი დიაბეტისას; კატარაქტის პროფილაქტიკისათვის; ოსტეოართრიტისას; ალცჰაიმერის დაავადების დროს - გამოვლინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საკმარისად იღებს ნიაცინს საკვებით ან ვიტამინებით, ალცჰაიმერის დაავადების ნაკლები რისკი აქვს, თუმცა ეს არ არის დიდი კვლევებით დამტკიცებული და ამიტომ ნიაცინი პროფილაქტიკურად ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ არ ინიშნება. არ არის დადასტურებული ნიაცინის ეფექტურობა შაკიკის, თავბრუხვევის, დეპრესიის, ალკოჰოლიზმის, აკნეს დროს. რამდენად უსაფრთხოა ნიაცინი და ნიაცინამიდი (ვიტამინი ბ3)ნიაცინი და ნიაცინამიდი აუცილებელია ორგანიზმში ცხიმისა და ნახშირწყლების ნორმალური ცვლისათვის და უჯრედების ფუნქციონირებისათვის. ადამიანთა დიდი ნაწილისათვის ის უასფრთხოა. ზოგჯერ მან შეიძლება გამოიწვიოს ალების მსგავსი რეაქცია - სახის, ზედა კიდურების და გულმკერდის არეში წვა, სიწითლე, თავის ტკივილი. ამ სიმპტომებს აუარესებს ალკოჰოლის მიღება. პრეპარატის უფრო დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რის გამოც მსგავსი მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება მიმდინარეობდეს. ნიაცინი და ნიაცინამიდი შეიძლება სისხლში გლუკოზის მატების მიზეზად იქცეს, ამიტომ მათი მიღებისას დიაბეტით დაავადებულებმა უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე. ნიაცინი და ნიაცინამიდი არ არის რეკომენდებული: ალერგიისას - შესაძლოა სიმპტომების გამწვავება; ნაღვლის ბუშტის დაავადებისას; პოდაგრისას; სტენოკარდიისას; დაბალი წნევისას; თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებისას; კუჭის ან ნაწლავის წყლულისას; ახლო მომავალში დაგეგმილი ოპერაციის წინ. პრეპარატის რეკომენდებული დოზა 14-16 მგ-ია, მაქსიმალური კი 30 მგ. ვიტამინი ბ5 - პანტოთენის მჟავაბ5 ვიტამინი ფართოდ არის გავრცელებული მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებში. ამ ვიტამინის დანიშნულება მისი დეფიციტის პროფილაქტიკაა. მართალია, ბ5 ვიტამინს მრავალი პათოლოგიის დროს იყენებენ, მაგრამ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება მისი ეფექტურობის შესახებ კანის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ალერგიის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, თმის ცვენის, ასთმის, გულის, ფილტვების და სხვა დაავადებების დროს. ვიტამინი ბ5-ის როლივიტამინი ბ5 ანუ პანტოთენის მჟავა აუცილებელია ჯანმრთელი კანისა და ნორმალური ნივთიერებათა ცვლისთვის. რამდენად უსაფრთხოა ვიტამინი ბ5ვიტამინ ბ5-ის რეკომენდებული დოზა არის 5 მგ დღეში. ხშირად უფრო დიდი დოზაც უსაფრთხოა, მაგრამ დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ფაღარათი. ვიტამინი ბ5 არ არის რეკომენდებული: ჰემოფილიის დროს - იზრდება სისხლდენის რის
იხილეთ მსგავსი სიახლეები :