Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ვენური სისტემა



ვენები სისხლძარღვებია, რომლებსაც თითოეული უჯრედიდან გულისკენ ჟანგბადით ღარიბი და ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი მიაქვთ, რათა იგი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადასვლის შემდეგ ფილტვებში კვლავ ჟანგბადით გამდიდრდეს და არტერიათა მეშვეობით უჯრედებსვე მიეწოდოს. ვენური სისტემის შემადგენლობაში შედის ვენულებიც - შედარებით წვრილი ვენები, რომლებშიც სისხლი კაპილარებიდან მიედინება. ვენური სისხლი მუქი ცისფერია, რადგან არ შეიცავს ჰემოგლობინს, რომელიც მას წითელ ფერს მისცემდა. ვენებისა და არტერიების ურთიერთგანლაგებას აქვს ერთგვარი კანონზომიერება: ყოველ არტერიას თან ორი ვენა ახლავს. ვენების აგებულებავენების აგებულება სავსებით შეეფერება მათ მიერ განხორციელებულ ფუნქციას და ჰემოდინამიკურ პირობებს. მათი სტრუქტურა იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ - ზემოში თუ ქვემოში. ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება რამდენადმე განსხვავებულია. ვენის კედელი სამშრიანია: შიგნითა შრე, ენდოთელიუმი, შემაერთებელქსოვილოვან მემბრანას წარმოადგენს. შუა, კუნთოვანი შრე, შედგება ცირკულარულად განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ერთგვარი კოლაგენური კარკასი აქვთ. გარეთა შრე, ე. წ. ადვენტიცია, ასევე მკვრივი კოლაგენური ბოჭკოვანი ქსოვილია. ვენათა ტიპებიგანასხვავებენ ორი ტიპის ვენებს: კუნთურსა და არაკუნთურს. კუნთური ტიპის ვენები თავის მხრივ 3 ჯგუფად იყოფა: სუსტი კუნთოვანი ელემენტების მქონე ვენები - მათ მიაკუთვნებენ სხეულის ზედა ნაწილის წვრილ, საშუალო და მსხვილ ვენებს. მათში სისხლი პასიურად მოძრაობს. მცირე და საშუალო კალიბრის ვენებს სუსტი კუნთოვანი შრე აქვს და ჩვეულებრივ ორგანოთა შიგნით მდებარეობს. მათ კუნთოვან შრეში მცირე რაოდენობით კუნთოვანი უჯრედებია, რომლებიც ერთმანეთისგან განსაზღვრული მანძილით დაშორებულ კუნთოვან უჯრედთა ერთგვარ გროვებს წარმოქმნიან. გროვათა შორის მოთავსებულ მონაკვეთებს აქვთ მკვეთრად გაფართოების უნარი და მადეპონირებელ ფუნქციას ასრულებენ. საშუალო კუნთოვანი ელემენტების მქონე ვენები - მათში კუნთოვანი შრე საშუალო განვითარებისაა და შედარებით დიდი ოდენობით შეიცავს კუნთოვან ბოჭკოებსა და მიოციტებს.  მათი გარეთა გარსი ძლიერ მკვრივია და სისქით 2-3-ჯერ აღემატება არტერიათა გარსს. ასეთია მხრის ვენა. ძლიერი კუნთოვანი ელემენტების მქონე ვენები. ასეთია სხეულის ქვედა ნაწილის ვენები - ქვემო ღრუ ვენა, ბარძაყის ვენა. მათთვის დამახასიათებელია ძლიერ განვითარებული კუნთოვანი შრე, თანაც სისხლძარღვის კედლის სამივე შრეში. არაკუნთურ ვენებს კუნთოვანი შრე არ გააჩნია, რაც იმის ბრალია, რომ მათში სისხლი სიმძიმის ძალით მოძრაობს და მისი მოძრაობა კუნთოვანი ელემენტებით არ რეგულირდება. ამ ტიპის ვენები მდებარეობს ორგანიზმის ყოველ ორგანოში, იქ, სადაც არსებობს ორგანოსთან მათი მჭიდროდ შეზრდის საფუძველი. შედგება შიგნითა და ქვედა ენდოთელური შრისა და გარეთა ბოჭკოვანი შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან. ელასტიკური მემბრანები არ გააჩნია. არაკუნთური ტიპის ვენები მდებარეობს: პლაცენტაში; ძვლებში; თვალის ბადურაში; ტვინის რბილ გარსში; ფრჩხილში; ელენთის ტრაბეკულებში. არაკუნთურია აგრეთვე ღვიძლის ცენტრალური ვენები. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ზედაპირულ და ღრმა ვენებს და მათ შემაერთებელ პერფორანტებს, ანუ კომუნიკაციურ ვენებს. ზედაპირული ვენები განლაგებულია უშუალოდ კანქვეშ. ღრმა ვენები ღრმად მდებარეობს კუნთების სისქეში. პერფორანტული ვენები თხელკედლიანი ვენური სისხლძარღვებია, რომლებიც ღრმა და ზედაპირულ ვენებს აერთებს. მათი დიამეტრი 22 მმ-მდეა, სიგრძე - 15 სმ-მდე. პერფორანტული ვენები ორგვარია: პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირია პერფორანტები, რომლებიც უშუალოდ აერთებს ზედაპირულსა და ღრმა ვენებს, ისინი შედარებით მსხვილია და ქვედა კიდურებში მდებარეობს. არაპირდაპირი პერფორანტები თავდაპირველად უერთდება კანის ვენის კუნთოვან ტოტს, რომელიც თავის მხრივ ღრმა ვენას უერთდება. ორგანიზმში არაპირდაპირი პერფორანტი გაცილებით მეტია. ისინი, ჩვეულებრივ, წვრილია და უპირატესად განლაგებულია კუნთების მასივების ირგვლივ. პერფორანტების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100-ს. ვენების აგებულების თავისებურებანი: სუსტად აქვს განვითარებული შიგნითა ელასტიკური მემბრანა; სუსტად აქვს განვითარებული მოცირკულირე კუნთოვანი შრე; არტერიებთან შედარებით მეტად არის აღჭურვილი კოლაგენური ბოჭკოებით; ძნელია მათ კედელში შრეების გარჩევა; არტერიებთან შედარებით ძლიერ აქვს განვითარებული ადვენტიცია; აღჭურვილია სპეციალური სარქვლებით. ვენები აგებულებით არტერიებისგან მკვეთრად განსხვავდება, ვინაიდან მათში სისხლი პასიურად - სიმძიმის ძალის დახმარებით ან ირგვლივ მდებარე ორგანოებით - მიედინება. ვინაიდან ვენებში სისხლის წნევა გაცილებით ნაკლებია, მათი სანათურის დიამეტრი არტერიებისაზე დიდია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვენაში იმაზე ნაკლები სისხლი იდენდა, ვიდრე იმავე კალიბრის არტერიაში, შესაბამისად, გულიდან იმაზე მეტი გამოიტყორცნებოდა, ვიდრე მასში ჩაედინებოდა. ვენის კედლები უფრო თხელია, ვიდრე არტერიებისა, რაც იმის ბრალია, რომ მათი კედლის შუა შრე ნაკლებად არის განვითარებული. ვენები, უპირველეს ყოვლისა, მოცულობითი ტიპის სისხლძარღვებია, რომლებიც სისხლის დეპონირებისთვის არის განკუთვნილი. მათ აქვთ საკმაოდ კარგი გაწელვისა და გაფართოების უნარი, - როდესაც სისხლძარღვში წნევა იმატებს, ვენა ფართოვდება და ცდილობს, მრგვალი ფორმა მიიღოს. ეს ყოველივე ფიზიოლოგიურ პირობებში ლიმიტირებულია კოლაგენური კარკასით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვენების გაფართოების ხარისხი ერთობ ეფემერული სიდიდეა და მისი ნორმალური მაჩვენებლის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება.  რაც შეეხება ვენის შეკუმშვის უნარს, მათ ტონუსს, სისხლის ცენტრისკენ მიდინებას არეგულირებს მკვრივი კუნთოვანი შრე და უზრუნველყოფს ელასტიკური ბოჭკოები. ვენური სარქვლებივენური სისხლძარღვების უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა მათში ჯიბისებური სარქვლების არსებობა, რომლებიც სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით - გულისკენ - მოძრაობას უზრუნველყოფს. ვინაიდან სარქველთა ფუნქცია სისხლის ერთი მიმართულებით გადაადგილების უზრუნველყოფაა, ისინი ვენებში სხვადასხვანაირი სიხშირით არიან განლაგებულნი. მაგალითად, სარქვლებით უხვად არის აღჭურვილი ვენური სისტემის დისტალური, ქვედა ნაწილები. ზედაპირულ ვენებში სარქვლებს შორის მანძილი საშუალოდ 8-10 სმ-ს შეადგენს. სარქველთან ვენის დიამეტრი შედარებით დიდია, ვიდრე არასარქვლოვან უბანზე. ვენებში სისხლის მიმოქცევისას ჯიბისებური სარქვლები ივსება, სისხლძარღვის სანათურს ახშობს და სისხლს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ამრიგად, მას ერთი გზაღა დარჩენია - იდინოს წინ, ცენტრისკენ ანუ გულისკენ. სარქვლების მეორე ფუნქციაა - სისხლის ნაკადის გადინება კუნთური შეკუმშვების დროს. ქვედა კიდურების ვენებიყველაზე ხშირად ქვედა კიდურთა ვენები ზიანდება, რაც მათ მიერ შესრულებული მძიმე სამუშაოს ბრალია. მათ სისხლის გულამდე მიტანა მისგან ყველაზე მოშორებით მდებარე სხეულის ნაწილებიდან უწევთ. ამასთანავე, სისხლის გადინებას ხელს უშლის სიმძიმის ძალაც, რომელიც რამდენადმე ეწინააღმდეგება სისხლის ქვევიდან ზევით გადაადგილებას. ამიტომაც ზიანდება ყველაზე მეტად და ხშირად ქვედა კიდურის ვენები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც ზედაპირული და ღრმა, ისე მათი შემაერთებელი კომუნიკანტებით. ვენების დამზიანებელი ფაქტორებიიმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად და ძლიერ აზიანებს ვენებს, აუცილებელია გამოვყოთ ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები: ფეხზე დიდხანს დგომა; მძიმე ფიზიკური შრომა; სუფრის მარილის ჭარბი გამოყენება; ბრტყელტერფიანობა; მაღალქუსლიანი ან არაკომფორტული ფეხსაცმელი; მჯდომარე პროფესიები; ჭარბი წონა; ხანგრძლივი მგზავრობა. განსაზღვრულ როლს ასრულებს სქესიც - ვენების ვარიკოზული დაავადება უმთავრესად ქალებს ემართებათ, რასაც ძლიერ უწყობს ხელს ორსულობა, ნაყოფის ზრდასთან ერთად სისხლის მოცულობის მატება და ვენებზე ზეწოლა.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :