Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

უეფამ "ზესტაფონის" მეტოქე ტრნავის "სპარტაკი" ფანების ქცევის გამო დასაჯა

უეფამ "ზესტაფონის" მეტოქე ტრნავის "სპარტაკი" ფანების ქცევის გამო დასაჯა

2014-07-21 10:47:00

24 ივლისს "ზესტაფონი" ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს სტუმრად, ტრნავის "სპარტაკთან".  პირველი შეხვედრა ზესტაფონში 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უეფამ "სპარტაკი" დასაჯა. საქმე ისაა, რომ მალტურ "ჰიბერნიანსთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში მასპინძელთა ფანებმა მეტოქე გუნდს გინება და რასისტული შეძახილები არ დააკლეს. ამის გამო "ზესტაფონთან" მატჩში ქალაქ ზლატე მორავცეს (სადაც საპასუხო მატჩი უნდა გაიმართოს ტრნავის სტადიონის რემონტის გამო) სტადიონის A და B სექტორები (აქ, ტრადიციულად, "სპარტაკის" ფანკლუბი იკრიბება) ცარიელი იქნება.იხილეთ: ზესტაფონი-სპარტაკი 0:0 - ბრძოლა სლოვაკეთში გაგრძელდება [VIDEO] * * * "სპარტაკის" ოფიციალური საიტის ჟურნალისტი სლოვაკთა მთავარ მწვრთნელს, იურაი იარაბეკს ესაუბრა.- პირველი შეხვედრის შემდეგ შანსები თანაბარია, თუმცა საქართველოში მიღწეული შედეგი ჩვენთვის მისაღებია. "ზესტაფონი" კარგი გუნდია. მის ისტორიაში არის საბრძოლო ფრე "ბრიუგესთან" (3:3) და სხვა დასამახსოვრებელი მატჩები. ასე რომ, საშინაო შეხვედრაში სიფრთხილე გვმართებს.- როგორ შეაფასებდით ზესტაფონური მატჩის მსვლელობას?- პირველი შვიდი წუთი ძალიან გაგვიჭირდა. მეტოქემ ორი საგოლე მომენტი შეგვიქმნა. მერე დავლაგდით. ამაში დიდი როლი ითამაშა ბარტელისა და ტოტის გამოცდილებამ. შემთხვევითი არ არის, რომ მეტოქე კარგად გამოიყურებოდა თავდასხმაში. გელაშვილი და დვალი საქართველოში საუკეთესო შემტევები არიან.- ზესტაფონში როგორი ატმოსფერო დაგხვდათ?- ძალიან ცხელოდა. სტადიონი არ არის იდეალური, მინდორი კი მართლაც შესანიშნავ მდგომარეობაში დაგვხვდა.- რას აპირებთ საპასუხო შეხვედრაში?- ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მოვლენების ფორსირება არ გამოვა. * * * აქვე ვთქვათ საპასუხო მატჩის არბიტრების შესახებაც. შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი იქნება 34 წლის სტამბოლელი მეტე კალვაკანი. მას სერქან ოკი და ჩეიჰუნ სესეგუზელი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქცია ტაიფურ ოზქანს აქვს მინდობილი."სპარტაკი"-"ზესტაფონის" საპასუხო მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :