Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი



"სიმჭლის, ანუ ხორცმოკლებულთა (გამხდართა) სენი" - ასეა განმარტებული ჭლექი, იგივე ტუბერკულოზი, სულხან-საბას ლექსიკონში. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება მართლაც უპოვართა სნეულებად მიიჩნეოდა. მისი წარმოშობა და გავრცელება ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე, კვების რაციონზე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფილებაზე, მაგრამ დღეს იგი უკვე შეძლებულთა და სოციალურად უზრუნველყოფილთა დაავადებადაც იქცა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაავადება, პრაქტიკულად, დამარცხებულად მიიჩნეოდა, მაგრამ 20-25 წლის შემდეგ იგი უფრო აგრესიული, გაძლიერებული და ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მდგრადი ფორმით დაუბრუნდა კაცობრიობას. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით: ამ პათოლოგიით მსოფლიოში ყოველწლიურად 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება და 2,7-3 მილიონი იღუპება. ამათგან 100 ათასამდე ბავშვი და არასრულწლოვანია. ყოველ 10 წამში ტუბერკულოზით ერთი ადამიანი კვდება. დედამიწის ყოველი მესამე ადამიანი ატარებს ტუბერკულოზის ჩხირს. არც ერთი სხვა ინფექციით იმდენი ხალხი არ იღუპება, რამდენიც ტუბერკულოზით. დაავადებულთა საერთო რიცხვი 60 მილიონს აღწევს. იგი კაცობრიობის გლობალურ საშიშროებადაა აღიარებული. ერთი ბაქტერიაგამომყოფი საშუალოდ 10-15 ადამიანს გადასცემს ინფექციას. ტუბერკულოზი არ წარმოადგენს რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემას, იგი მსოფლიო, გლობალური საშიშროებაა. ტუბერკულოზი და საქართველო საქართველოში ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 133 დაავადებული მოდის. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,5%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით ეპიდემიური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, საქართველო მაინც რჩება იმ 27 ქვეყნის რიცხვში, სადაც ტუბერკულოზი მძიმე ტვირთად არის აღიარებული. ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში უფასოა. სპეციფიკური ჩაკეტილი გარემოს გამო დაავადება ყველაზე დიდ საფრთხეს პატიმრებს უქმნის - მათ შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 2,8%-ია დაავადების ისტორიადაავადება უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებსაც ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ემჩნევა. ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები, რომლებსაც ტუბერკულოზურად შეცვლილი ძვლები აქვთ. დაავადების აღმოჩენისთანავე გახდა ცნობილი, რომ მას ინფექციური ბუნება აქვს. ამიტომ სპარსეთში დაავადებულებს, კეთროვნების მსგავსად, იზოლაციაში აქცევდნენ. ინდოეთში იკრძალებოდა შეუღლება როგორც დაავადებულთან, ისე მისი ოჯახის წევრებთან. დაავადება პირველად ჰიპოკრატემ აღწერა. მან მიუთითა, რომ უმთავრესად ახალგაზრდები ავადმყოფობენ არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორების ზემოქმედების პირობებში. ავიცენა დასნებოვნების მომენტში ორგანიზმის მდგომარეობის მნიშვნელობაზე მიუთითებდა. ტერმინი "ტუბერკულოზი" მედიცინაში ფრანგმა მეცნიერმა ლაენეკმა დაამკვიდრა. მნიშვნელოვან თარიღებად მიიჩნევა: 1882 წელი, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი - მიკობაქტერია აღმოაჩინა. 1921 წელი - ფრანგმა მეცნიერებმა კალმეტმა და გერენმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური BCG ვაქცინა შექმნეს. 1944 წელი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დასაწყისად ითვლება, როდესაც მეცნიერ ვაქსმანის მიერ სინთეზურად მიღებულმა ანტიბიოტიკმა სტრეპტომიცინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა დაავადების მკურნალობაში. დაავადების გამომწვევიდაავადების გამომწვევი მიკობაქტერიათა დიდ ჯგუფს მიეკუთვნება. მას რამდენიმე სახელით იხსენიებენ: კოხის ბაცილა, კოხის ჩხირი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ცნობილია ადამიანის, ხარისა და ფრინველის ტიპის მიკობაქტერიები. ადამიანი ყველაზე მეტად პირველი ორი ტიპის მიმართ არის მგრძნობიარე. მიკობაქტერიის დამახასიათებელი თვისება მისი მჟავაგამძლეობაა, იგი მშვენივრად ინახავს თავს მჟავე არეში. ჩხირის სიგრძე 1,5-დან 6 მკმ-დეა, ხოლო სისქე - 0,2-0,5 მკმ-ი. მიკობაქტერიები ოდნავ რკალისებურად არიან მოხრილები და პათოლოგიურ მასალაში ზოგჯერ ერთმანეთის პარალელურად ლაგდებიან, ზოგჯერ კუთხით, ზოგჯერ კი სხვადასხვა ფორმის ჯგუფებად გროვდებიან. მრავლდებიან დაყოფით. შედგებიან ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, მინერალური მარილებისგან. ვირულენტობა მიკრობის თვისებაა, რომელიც მის პათოგენურობის ხარისხს განსაზღვრავს, ანუ იმას, რამდენად შეუძლია შეიჭრას ორგანიზმში და დააზიანოს იგი. კოხის ჩხირის ვირულენტობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: თავად ბაქტერიის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, მაკროორგანიზმის მდგომარეობა მასზე ბაქტერიის ზემოქმედების პერიოდში. თხევად არეში ბაქტერია ვირულენტობას 5-6 თვის განმავლობაში ინარჩუნებს, თეთრეულზე, წიგნებში ასევე რამდენიმე თვე ცოცხლობს და ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას თავისი პათოგენური აქტივობის გამომჟღავნება შეუძლია. ტუბერკულოზის გამომწვევს რამდენიმე ისეთი თვისება აქვს, რომელიც ართულებს მასთან ეფექტიან ბრძოლას: ის ადვილად ეჩვევა სამკურნალო პრეპარატებს და მათდამი მდგრადობას იძენს, მისი არამცთუ განადგურება, ზოგჯერ აღმოჩენაც კი ძნელია; მიკობაქტერიას შეუძლია, საარსებო პირობების შეცვლის გამო თავადაც შეიცვალოს: გახდეს კოლბისმაგვარი, დიფტეროიდული, დატოტვილი - მორფოლოგიური ცვლილება; საღებავებისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს - ინქტორული ცვლილება; ბაქტერიათა კულტურამ განიცადოს მორფოლოგიური ცვლილება და ხელოვნურ საკვებ ნიადაგებზე ზრდისას ფერი იცვალოს - კულტურული ცვლილება; მოიმატოს ან პირიქით შეიმციროს ვირულენტობა -  ბიოლოგიური ცვლილება. ცვლილებათა ეს ფორმები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: თავი გადაირჩინოს არახელსაყრელ და შეცვლილ გარემოში. დღეს მეცნიერთა ყველაზე დიდი თავსატეხი სწორედ ბაქტერიის შეცვლილი, ატიპური, ეწ. L-ფორმებია. ორგანიზმში შეჭრის გზებიყველაზე ხშირად ორგანიზმში მიკობაქტერია სასუნთქი გზებიდან, გამომშრალი ნახველის ნაწილაკებთან ერთად იჭრება, თუმცა შესაძლებელია ჰაერწვეთოვანი ინფიცირებაც - ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებში კოხის ჩხირი ლორწოს ან ნახველის წვეთებით ხვდება, რომელსაც ავადმყოფი საუბრისას, ხველისას და ცემინებისას გამოყოფს. არსებობს დაინფიცირების ალიმენტური გზაც - ინფიცირება დაავადებული ცხოველის, ხორცის ან იმ რძის პროდუქტებით, რომლებიც მიკობაქტერიას შეიცავს. შესაძლებელია დაავადების გადაცემა კანიდან, კონიუნქტივიდან, ნუშურა ჯირკვლებიდან, თუმცა გაცილებით იშვიათად. დაავადებას ახასიათებს მემკვიდრეობითი განწყობა. ტუბერკულოზით დასნებოვნების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს დაავადებულთან დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი კონტაქტი უწევს. ტუბერკულოზით ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ: უსახლკარონი, ნარკომანები, მეძავები. თუცა ბოლო ხანს დაავადება საზოგადოების სხვა ფენებსაც შეეხო. ყველაზე ხშირად ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი. სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თავშესაფრებში მომუშავენი. დაავადებულთა ოჯახის წევრები. ინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯუფებს წარმოადგენენ: არასრულფასოვან (ცილით ღარიბი) კვებაზე მყოფი პირები. მათ შორის სოციალურად დაუცველი ადამიანები (უსახლკაროები, მარტოხელები, მიგრანტები, დევნილები). ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ სტეროიდულ ჰორმონებს, აგრეთვე - სხივურ თერაპიაზე მყოფი პირები. სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა.შ.). ავადობენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც, ამიტომ ზოგჯერ ისინი იქცევიან ინფექციის წყაროდ. გაუნიავებელ და ნესტიან ადგილებში, სადაც ვერ ხვდება მზის სხივები, ტუბერკულოზის ჩხირები წლობით ცოცხლობენ. ტუბერკულოზით ინფიცირება ხდება ახალგაზრდა ასაკში, თუმცა ყველა ინფიცირებული როდი ავადდება; დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორგანიზმის სისუსტეზე, ცხოვრების პირობებზე, კვებაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენებაზე და სხვა მავნე ჩვევათაAარსებობაზე. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, ნორმალური ყოფა-ცხოვრების პირობები აქვს და კარგად იკვებება, მისი იმუნური სისტემა ადვილად უსწორდება ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციატუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად გამოიყენება კალმეტ-გერენის BჩG ვაქცინა. ვაქცინაცია ორგანიზმს მთლიანად ვერ იცავს დაავადებისგან, მაგრამ ბავშვებში ხელს უშლის ტუბერკულოზის მძიმე ფორმების განვითარებას, რომლებიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარება და ხშირად სიცოცხლისთვის საშიშია. ვაქცინაცია ტარდება ახალშობილობის პერიოდში, სამშობიაროში.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :