Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ტუბერკულოზი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში

ტუბერკულოზი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში



პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრისას, მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, სამწუხაროდ, პატიმართა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაც იკვეთება. ამა თუ იმ დაავადებით მათი დასნებოვნების საშიშროება, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პირობებით პატიმართა უზრუნველყოფა, სათანადო სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა  და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი საკითხია აქტუალური სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ შორის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ტუბერკულოზით ავადობაა. სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა პრობლემებზე და, საზოგადოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სად-ის ტუბერკულოზის პროგრამის კონტროლის სამსახურის უფროსი მიხეილ მაძღარაშვილი. - რამდენად აქტუალურია ტუბერკულოზით ავადობის პრობლემა პატიმართა შორის? - ტუბერკულოზი დღეს აქტუალურია არა მარტო პატიმრებს შორის, არამედ მთელს საქართველოში. უფრო მეტიც - ტუბერკულოზი დღეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ტუბერკულოზი განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და მათ შორის - საქართველოსაც, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს, თუმცა მათი მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. დავუბრუნდეთ საპატიმროებს და შევეცადოთ განვმარტოთ, რატომ არის ტუბერკულოზი გავრცელებული პატიმრებს შორის უფრო მეტად, ვიდრე სამოქალაქო მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები არ არიან საზოგადოების ჰომოგენური სეგმენტის წევრები, - ისინი საზოგადოების სხვადასხვა ფენას წარმოადგენენ, - მათი დიდი უმრავლესობა ახალგაზრდა (20-40 წლის) მამაკაცია, რომლებიც საპატიმროში მოხვედრამდე არცთუ ისე ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდნენ (ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს წევა, არეული დღის რეჟიმი და კვება), რის გამოც მათი ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა უკვე შერყეულია და ორგანიზმი განწყობილია სხვადასხვა დაავადების მისაღებად. მრავალი მათგანი დაავადებულია ან მატარებელია ც და ბ ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსისა. არიან აივინფიცირებულებიც. საპატიმროების მობინადრეთა დიდი სიმჭიდროვე, მათი ნერვული და ფსიქოლოგიური სტრესი, ვენტილაციის ნაკლები შესაძლებლობა და ზემოთ მოყვანილი მიზეზები ქმნიან საუკეთესო გარემოს ტუბერკულოზის გავრცელებისთვის. პატიმართა შორის ტუბერკულოზი გავრცელებულია 10-ჯერ მეტად მაინც, ვიდრე სამოქალაქო პირთა შორის. კვლავ მოვიშველიებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ-ის) მიერ გამოცემულ ბროშურას და მოვიყვან სტატისტიკას: 1997 წელს, როდესაც ტუბერკულოზის კონტროლის მიზნით წჯსკ-მა იუსტიციის სამინისტროს დახმარება დაიწყო, პატიმრების 6% დაავადებული გახლდათ ფილტვების ტუბერკულოზის გადამდები ფორმით. იმ პერიოდში პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 10 000 იყო. 2002 წლისთვის ფილტვის ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პატიმრების რაოდენობა 1,8%-მდე შემცირდა. 2009 წელს ფილტვის ტუბერკულოზის გადამდები ფორმა აღმოაჩნდა პატიმართა 2,8%-ს, ციხის პოპულაცია იყო დაახლოებით 20 000.  - როგორც ცნობილია, საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულებაა გამოყოფილი ქსანში. ამავე დროს თითქმის ყველა ციხეში არიან ტუბერკულოზით დაავადებულები. არიან თუ არა ისინი იზოლირებულნი სხვა პატიმრებისგან და საერთოდ, რა პრინციპით ხდება ქსნის დაწესებულებაში მათი გადანაწილება ან ამა თუ იმ საპყრობილეში დატოვება?- ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება ყველა ის ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებული, ანუ ყველა ის პატიმარი, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი, იმ მსჯავრდებულთა გარდა, რომელთაც მისჯილი აქვთ საპყრობილის რეჟიმი. ტუბერკულოზით დაავდებული მიუსჯელი პატიმრებისთვის და საპყრობილის რეჟიმის მქონე მსჯავრდებულებისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულებაში მოქმედებს ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამა, რომელიც დაავადებულ პატიმრებს უტარებს ანალოგიურ მკურნალობას. ტუბერკულოზით დაავადებულები იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან. - როგორ და რა ეტაპზე ხდება ტუბინფექციის გამოვლენა პატიმრებში? როდესაც ის სასჯელაღსრულების სისტემის ამა თუ იმ დაწესებულებაში მოხვდება, მაშინვე არკვევენ ამას და უზრუნველყოფენ მის იზოლაციას თუ არა? ჯანმრთელ პატიმართა ახლობლებს ძალიან აინტერესებთ, რამდენად არიან დაცულები მათი ახლობლები. ისიც ხომ შესაძლებელია, ადამიანმა არ იცოდეს თავისი ავადმყოფობის შესახებ და სასჯელაღსრულების სისტემის ამა თუ იმ დაწესებულებაში მოხვედრისას საშიშროება შეუქმნას საკანში მასთან ერთად მყოფ პატიმრებს?- ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია სკრინინგი, რომელიც ტუბერკულოზზე საეჭვოებისა და დაავადებულების გამოვლენას ემსახურება. სკრინინგისთვის გამოყენებულია კითხვარი, რომელიც ანამნეზური და კლინიკური ნაწილებისგან შედგება. თუ გამოსაკვლევი პირი აღნიშნავს გადატანილ ტუბერკულოზს, ის ექვემდებარება გამოკვლევას. კლინიკური ნაწილი ითვალისწინებს ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას (რომელიც დამახასიათებელია სხვა რესპირატორული დაავადებებისთვისაც) და მისი არსებობის შემთხვევაში გამოსაკვლევი პირი მიიჩნევა ტუბერკულოზზე საეჭვოდ. არსებობს შემოსვლის სკრინინგი, რომლის მიზანია დაწესებულებაში შემოსული ყველა პატიმრის გამოკვლევა. ამდენად, თუკი ვინმე დაავადებულია და ეს არ იცის, მას აუცილებლად ექნება სიმპტომატიკა და მოხვდება ყურადღების ქვეშ. სკრინინგის მომდევნო სახეობაა პასიური სკრინინგი, როცა ავადმყოფი პატიმარი ამა თუ იმ მიზეზით მიმართავს ექიმს და ექიმი ტუბერკულოზზე მიიტანს ეჭვს. გარდა ამისა, პერიოდულად, წელიწადში ან წელიწად-ნახევარში ერთხელ, ხდება დაწესებულების მთელი კონტიგენტის გამოკვლევა. რომ ნებისმიერი სკრინინგით გამოვლენილ დაავადებულს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. სამწუხაროდ, ინფიცირებისგან ანუ დასნებოვნებისაგან დაცული არავინ არის, ხოლო შემდგომ განვითარდება თუ არა დაავადება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზეა დამოკიდებული (ტუბერკულოზით ავადდება ინფიცირებულების დაახლოებით 10%). სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს აქვს მონაცემთა ბაზა, სადაც აღინუსხება ტუბერკულოზის ყველა შემთხვევა და რომელიც სავსებით არის ინტეგრირებული ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის მონაცემთა ბაზაში. - ცნობილია, რომ საქართველოში ფუნქციობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტუბერკულოზით დაავადებულებს უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა (განსაზღვრული, გაწერილი კოდის ფარგლებში), მეტიც - ურჩ უუპაციენტებს იძულებითაც კი მკურნალობენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საპატიმროებში?- ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა (ტეპ) საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს. 1998 წლიდან წჯსკ-მა ტეპ-ის ფარგლებში საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში აამოქმედა ტუბერკულოზის საკონტროლო პროგრამა, რომელსაც სრულად ახორციელებდა 2004 წლამდე. ამის შემდეგ დაიწყო პროგრამის ეტაპობრივი გადაცემა ადგილობრივი ძალებისთვის. 2010 წლიდან პროგრამის სრულად განხორციელება დაიწყო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა (ტფდეც) ტეპ-ის ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად, სახელმწიფოსა და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ურიგო არ იქნება, თუ შევეხებით ტუბერკულოზსა და მის მკურნალობას. ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ძირითადი, პირველი რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები: იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ეტამბუტოლი და პირაზინამიდი, აგრეთვე - მეორე და მესამე რიგის მედიკამენტები. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილის, ანუ კოხის ჩხირის მგრძნობელობით პირველი რიგის წამლების მიმართ. მგრძნობელობიდან გამომდინარე, ტუბერკულოზს ყოფენ სენსიტიურ (როცა კოხის ჩხირი მგრძნობიარეა პირველი რიგის წამლების მიმართ), პოლირეზისტენტულ (როცა კოხის ჩხირი რეზისტენტულია რომელიმე წამლის ან წამლების მიმართ, მაგრამ არა ერთდროულად იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ), მულტირეზისტენტულ (გამომწვევი რეზისტენტულია რიფამპიცინისა და იზონიაზიდის მიმართ) და ზემდგრად ფორმებად (გამომწვევი რეზისტენტულია როგორც პირველი, ასევე მეორე რიგის წამლების მიმართ). სენსიტიური და ზოგიერთი პოლირეზისტენტული ფორმების დადგენის შემთხვევაში ავადმყოფებს უტარდებათ მკურნალობა DOთშ სტრატეგიის მიხედვით (რაც ნიშნავს ქიმიოთერაპიის მოკლე კურსს უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ). მკურნალობისთვის გამოიყენება მხოლოდ პირველი რიგის წამლები, ხანგრძლივობაა 6-8 თვე. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროგრამაში მომუშავე, სპის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმი, ხოლო მის შესახებ ინფორმაცია იგზავნება ტეპ-ში. რეზისტენტული და ზემდგრადი ფორმების მქონე ავადმყოფების მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტფდეც-ის სპეციალური სამედიცინო კომიტეტი მკურნალი ექიმის წარდგენის საფუძველზე. პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევა თუ მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა პატიმრისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია კანონი იძულებითი მკურნალობის შესახებ, რის გამოც არცთუ ისე იშვიათია გაურკვეველი მიზეზებით მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა, ეს კი იწვევს რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბებას, რომელთა მკურნალობაც უფრო ძნელი და უფრო ხანგრძლივია (გრძელდება 24 თვე). სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედებს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება, სადაც ხვდებიან როგორც სხვადასხვა ნოზოლოგიის მქონე ავადმყოფები, ასევე ტუბერკულოზით დაავადებულები სხვადასხვა გართულებით. ტფდეც-ს აქვს სპეციალური განყოფილება ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა მისაღებად. - დაავადების ცალკეული ფორმების გართულების შემთხვევაში სად გადაჰყავთ ასეთი პაციენტები, სად მკურნალობენ? შეიძლება თუ არა, ტუბერკულოზით დაავადებულს ჰქონდეს იმედი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრისას სრულფასოვნად უმკურნალებენ ან გააგრძელებს მკურნალობას, თუ მას მანამდე იტარებდა? ჯანმრთელ ადამიანს თუ აქვს გარანტია, რომ ციხეში ტუბერკულოზით არ დაავადდება და სასჯელის მოხდის შემდეგ ჯანმრთელი დაბრუნდება შინ?- სად-ის ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამა ხორციელდება ტეპ-ის ეგიდით და ანალოგიურია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობა მიმდინარეობს. დაავადებულ პატიმრებს სხვადასხვა დაწესებულებაში გადასვლისას მიჰყვებათ სამედიცინო ბარათი და სპეციალური სამკურნალო ფორმა, რაც მიმღები დაწესებულების ექიმს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. რეზისტენტული ფორმით დაავადებულთა დიდი უმრავლესობა მკურნალობას გადის ქსანში, მხოლოდ გართულებების შემთხვევაში ან გამოკვლევის მიზნით გადაჰყავთ საავადმყოფოში. მკურნალობის შეწყვეტა წამლების არარსებობის გამო არ ხდება. - კიდევ რა პრობლემებია ამ თვალსაზრისით ციხეებში? რა არის დასახვეწი ან ყურადსაღები, რა არ იყო წინათ და რა კეთდება დღეს? თქვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, კიდევ რა საკითხებზე გაამახვილებდით ყურადღებას?- პატიმრები არ უნდა განვიხილოთ ცალკე, საზოგადოებისგან განყენებულ ნაწილად. რა თქმა უნდა, ტუბერკულოზი უფრო მეტად მათ შორის არის გავრცელებული, მაგრამ ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. საზოგადოების დიდ ნაწილს მწირი ცოდნა აქვს ტუბერკულოზის შესახებ, რაც მიზეზია მათი მხრიდან არაადეკვატური, ზერელე დამოკიდებულებისა ამ ვერაგი სენის მიმართ. Bბევრი ავადმყოფიც კი ვერ აცნობიერებს დაავადების სიმძიმეს და იმ საშიშროებას, რომელსაც თავად უქმნის გარშემო მყოფებს, მკურნალობის სრული კურსის აუცილებლობას. ეს შეეხება არა მარტო პატიმარ ავადმყოფებს, არამედ სამოქალაქო პირებსაც. თქვენი ჟურნალის მკითხველთათვისაც სასარგებლო იქნება იცოდნენ, რომ ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა. კოხის ჩხირი მხოლოდ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას რამდენიმე წუთის განმავლობაში კვდება. ტუბერკულოზით ჯანმრთელი ადამიანის დასნებოვნება დაავადებულის ხველისას ან ცემინებისას ხდება. სავალდებულოა, ყველამ იცოდეს ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები: 1. ხველა ნახველით (ზოგჯერ - სისხლის მინარევითაც), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს;2. ტემპერატურული რეაქციები;3. ოფლიანობა, განსაკუთრებით - ღამის საათებში;4. უმადობა და წონის კლება;5. საერთო სისუსტე;6. ტკივილი გულმკერდის არეში. ამ ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია, ტუბერკულოზი ვიეჭვოთ. ჰიგიენის უმარტივესი წესის დაცვა - ცხვირსახოცის ან სულაც, ხელის მჭიდროდ აფარება ნებისმიერი ეტიოლოგიის ხველისას - დიდად შეამცირებს ტუბერკულოზის გავრცელებას. თუ კვლავ საპატიმროებს დავუბრუნდებით, აღსანიშნავია რომ ამ კუთხით სახელმწიფო უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იჩენს. ქსანში დაიწყო დაახლოებით 400 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოს მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა ბაცილაგამომყოფი პატიმრის მკურნალობა. სად-ის დაწესებულებებში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმები, იგეგმება სკრინინგის გააქტიურება. აუცილებლად მიმაჩნია სრულყოფილი განსწავლის პროგრამის დანერგვა (ინფორმაციის ვერბალური და აუდიო-ვიდეოსაშუალებებით მიწოდება, სპეციალური საინფორმაციო ლიტერატურისა და თვალსაჩინოების დამუშავება და გამოცემა), რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფთა გამოვლენის დაჩქარებას და მკურნალობისთვის მათ მოტივაციას, შეცვლის საერთო დამოკიდებულებას ტუბერკულოზისადმი და სწორი ჰიგიენური ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ტუბერკულოზის დამარცხება. ტეპ-ის დევიზიც ესაა: `ერთად შევაჩეროთ ტუბერკულოზი - ტუბერკულოზი იკურნება!~ გისურვებთ ჯანმრთელობას.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :