Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ტროფიკული წყლული: დროა, ვიმოქმედოთ!



სამრეწველო ქვეყნებში ყოველი მეოცე ადამიანი ვენურ უკმარისობას (ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, თრომბოფლებიტს) უჩივის. თუ ამ დაავადებებს არ ვუმკურნალეთ, დიდია შანსი, მომავალში ჩამოყალიბდეს ტროფიკული წყლული - ჩირქოვანი, სველი ჭრილობა, რომელიც შესაძლოა წლობით ვერ შეხორცდეს. ტროფიკული წყლული მძიმე პათოლოგიაა და მისი მკურნალობა ქირურგების პრეროგატივა გახლავთ. მის წარმოშობასა და მკურნალობაზე ანგიოქირურგი ოთარ ბუაჩიძე გვესაუბრება. - ბატონო ოთარ, რა არის ტროფიკული წყლული?- დღესდღეობით ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს ტროფიკული წყლული აქვს. 65 წლიდან ტროფიკული წყლულის გავრცელება დაახლოებით 3-ჯერ იმატებს და 3-6%-ს აღწევს. ტროფიკული წყლული უმიზეზოდ არ ვითარდება. იგი სისხლძარღვების, ნერვების, რბილი ქსოვილების, ძვლების სხვადასხვა შეძენილი თუ თანდაყოლილი დაავადების გართულებაა. სახელდობრ, ეს არის კანის ან ღრმად მდებარე რბილი ქსოვილების დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება ქსოვილის განსაზღვრულ უბანში სისხლის მიმოქცევის ან ინერვაციის მოშლის შედეგად ჩამოყალიბებული ნეკროზული (არასიცოცხლისუნარიანი) უბნის მოცილების შემდეგ. ტროფიკული წყლულის ყველაზე გავრცელებული (70%) მიზეზია ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა. ქრონიკული ვენური უკმარისობა გულისხმობს: ქვედა კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას; პოსტთრომბოზულ სინდრომს; ვენების თანდაყოლილ პათოლოგიებს. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ტროფიკულ დარღვევებს საფუძვლად უდევს ქვედა კიდურების ვენების სარქვლოვანი უკმარისობა, რისი შედეგიც არის ფლებოჰიპერტენზია ანუ ვენებში წნევის მომატება. ვენური წნევის ქრონიკული მომატება, რომელიც უმეტესად წვივის დისტალურ ნაწილშია გამოხატული, ზრდის კაპილარებიდან პლაზმის გამოსვლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილების შეშუპებასა და ჰიპოქსიას ანუ უჟანგბადობას განაპირობებს. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებულ პათოგენეზურ მნიშვნელობას ანიჭებენ ლეიკოციტებს, რომლებიც ქრონიკული ვენური სტაზის (შეგუბების) პირობებში კაპილარების კედლებს მიემაგრება და შემდეგ ქსოვილებში მიგრაციას განიცდის. ამ დროს ლეიკოციტებიდან გამოთავისუფლდება ტოქსიკური კომპონენტები: ციტოკინები, ლეიკოტრინები, ჟანგბადის თავისუფალი რადიკალები, პროტეოლიზური ფერმენტები და სხვა, - რომლებიც იწვევს ანთებით რეაქციას და მიკროცირკულაციის მნიშვნელოვან დარღვევებს - ვითარდება ცელულიტი, დერმატიტი, რაც ტროფიკული წყლულის განვითარების წინაპირობაა. გარდა ქრონიკული ვენური უკმარისობისა, ტროფიკულ წყლულს სათავეს უდებს: არტერიების დაავადებები, კერძოდ, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი და სხვადასხვა სახის არტერიიტი. ამ დროს ტროფიკული წყლულის განვითარების უშუალო მიზეზია კიდურებში არტერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა; შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს ტროფიკული წყლული ვითარდება მიკროანგიოპათიის - მიკროცირკულაციის სპეციფიკური დარღვევის - და ნეიროპათიის შედეგად; ჰიპერტონიული დაავადება (მარტორელის სინდრომი); ლიმფის დინების დარღვევა (სპილოვნობა); ქსოვილების ინერვაციის მოშლა - ხერხემლის, პერიფერიული ნერვული ღეროების დაზიანება; კანის ქრონიკული დაავადებები, ტრავმები, დამწვრობა და სხვა. ტროფიკული წყლულის განვითარება შესაძლოა ერთდროულად ორმა ან მეტმა დაავადებამ გამოიწვიოს. - შესაძლებელია თუ არა ტროფიკული წყლულის თავიდან აცილება?- ტროფიკული წყლულის პროფილაქტიკა უწინარეს ყოვლისა იმ დაავადებების მკურნალობას გულისხმობს, რომლებიც მის განვითარებას იწვევს, ამისთვის კი საჭიროა, დროულად მიმართოთ ექიმს. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ მედიკამენტურ (ვენოტონიკები, დეზაგრეგანტები) და ქირურგიულ მკურნალობას - ვარიკოზული ვენების ამოკვეთას, პერფორანტული ვენების უკმარისობის შემთხვევაში - მათ ლიგირებას, სათანადო რეჟიმის დაცვას: პაციენტი უნდა ერიდოს დიდხანს უძრავად დგომასა და ჯდომას, ცხელ აბაზანას და მზეზე დიდხანს ყოფნას, 3 სმ-ზე ნაკლები და 5 სმ-ზე მეტი სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას. სასარგებლოა ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, ფეხების გრილი აბაზანა და შხაპი, წამოწოლა და ფეხების შემაღლებულზე მოთავსება. ტროფიკული წყლულის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სამკურნალო კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. ქრონიკული არტერიული უკმარისობის შემთხვევაში სათანადო კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა ასევე აუცილებელია. კატეგორიულად იკრძალება თამბაქოს მოწევა. აუცილებელია ცხოველური ცხიმის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია ფიზკულტურა, ვარჯიში. დიაბეტის შემთხვევაში ტროფიკული წყლულის განვითარების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი და ტერფის სათანადო მოვლა. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია: ჭარბი წონის კორექცია და კონტროლი; ქვედა კიდურების მოვლა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; კანის სიმშრალის შემთხვევაში - ცხიმოვანი ნელსაცხებლების გამოყენება. - კლინიკურად როგორ ვლინდება ეს პათოლოგია?- ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ტროფიკული წყლული ძირითადად ლოკალიზებულია წვივის ქვემოთა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, ზოგჯერ - გარეთაზეც. ვენური წყლულის წამყვანი კლინიკური სიმპტომია ტკივილი (80%). მასთან ერთად პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს: წყლულიდან ამა თუ იმ სახის გამონადენის არსებობას; კანქვეშა ვენების გაგანიერებას; წვივის შეშუპებას; წვივის კუნთების კრუნჩხვას, განსაკუთრებით - ღამით; წყლულის გარშემო კანის ჰიპერპიგმენტაციას და გასქელებას, სიმხურვალის შეგრძნებას, ზოგჯერ - ქავილს. ვენური ტროფიკული წყლული ან წყლულები ყველა ასპექტში საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ პრობლემასაც წარმოადგენს. მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს ტროფიკული წყლული ძირითადად ტერფზეა ლოკალიზებული. მისთვის დამახასიათებელია გარდამავალი კოჭლობა, მოსვენებისას - ტკივილი, კიდურების დაბუჟებისა და სიცივის შეგრძნება, კუნთების ატროფია, თმოვანი საფარველის გათხელება, ფრჩხილების ზრდის შენელება და მათი სიმყიფე. ვენური წარმოშობის ტროფიკული წყლულისგან განსხვავებით, პერიფერიულ არტერიებზე პულსაცია არ ისინჯება, სიარულის დროს და კიდურის შემაღლებისას წყლულის არეში ტკივილი იმატებს. შაქრიანი დიაბეტის დროს ტროფიკული წყლული უმეტესად ტერფზეა ლოკალიზებული, თუმცა ნაკლებმტკივნეული ან უმტკივნეულოა. პერიფერიაზე პულსაცია შესაძლოა შენარჩუნებული იყოს. ნეიროტროფიკული წყლულები ლოკალიზებულია უმთავრესად ზეწოლის უბნებზე (ტერფის ძირი, ქუსლი) და მათ გარშემო მგრძნობელობა ან დაქვეითებულია, ან დაკარგული. - კვლევის რომელი მეთოდები გამოიყენება ტროფიკული წყლულის დიაგნოზის დასასმელად?- ტროფიკული წყლულის დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. წესისამებრ, საკმარისია პაციენტის დათვალიერება, ანამნეზის ყურადღებით შეკრება, პალპაცია, რომლის შედეგადაც ვლინდება ტროფიკული წყლულისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტროფიკულ წყლულს მრავალი პათოლოგიური მდგომარეობა უდებს სათავეს, ამიტომ უწინარეს ყოვლისა აუცილებელია მივაგნოთ იმ დაავადებას, რომელმაც ტროფიკული წყლული გამოიწვია. ამისთვის ექიმის დანიშნულებით ტარდება სხვადასხვა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა, - მაგალითად, სისხლძარღვთა დაავადებების დროს - სისხლძარღვების დუპლექსსკანირება, ანგიოგრაფია და სხვა, - რაც საშუალებას გვაძლევს, არტერიული და ვენური სისტემების მდგომარეობა გამოვავლინოთ. - ზემოთ ბრძანეთ, რომ ტროფიკული წყლული შესაძლოა შაქრიანი დიაბეტის დროსაც განვითარდეს. როგორ მოვიქცეთ მის თავიდან ასაცილებლად?- ტერფზე ტროფიკული წყლულების წარმოქმნა შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა. ტროფიკული წყლულების დაახლოებით 5% შაქრიანი დიაბეტის შედეგია. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია: სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება და მუდმივი კონტროლი; ტერფების ყოველდღიური დათვალიერება დაწყებული გართულების დროულად გამოსავლენად; ტერფების სათანადო მოვლა ჰიგიენის ნორმების დაცვით. გარდა ამისა: არ უნდა დავუშვათ ტერფის ტრავმირება; სწორად უნდა შევარჩიოთ ფეხსაცმელი. იგი არ უნდა იყოს ვიწრო, მაგარი. უნდა იყოს მოხერხებული. - რა გართულებას უნდა ველოდეთ ამ პათოლოგიის დროს?- ტროფიკული წყლულის ყველაზე საშიში გართულებაა ქსოვილების ავთვისებიანი გადაგვარება - მალიგნიზაცია. ამგვარი გართულების ალბათობა დაახლოებით 2%-ია. მალიგნიზაცია საშიშია იმდენად, რამდენადაც ხშირად მაშინ გამოვლინდება, როდესაც პროცესი უკვე შორს წასული და შეუქცევადია. ტროფიკული წყლულის ინფიცირების ფონზე მოსალოდნელია წყლულიდან ჩირქოვანი ინფექციის ქსოვილთა სიღრმეში, ლიმფურ ძარღვებამდე გავრცელება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს წითელი ქარი, ჩირქოვანი თრომბოფლებიტი, ლიმფანგიტი, საზარდულის ლიმფადენიტი. ინფექციის ხშირი რეციდივის შემთხვევაში ვითარდება ლიმფური კოლექტორების შეუქცევადი სკლეროზული გადაგვარება მეორეული ლიმფედემის განვითარებით. ინფექციამ ძვლამდეც შეიძლება ჩააღწიოს, გამოიწვიოს პერიოსტიტი (ძვლისაზრდელას ანთება) და ასე შემდეგ. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ტროფიკული წყლული სეფსისისა და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად იქცა. - როგორ მკურნალობენ ტროფიკულ წყლულს?- ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულის მკურნალობა რთულია. ადგილობრივი თერაპიის ანუ უშუალოდ წყლულის მკურნალობის პარალელურად აუცილებელია მისი გამომწვევი ძირითადი დაავადების  - ვენური უკმარისობა იქნება ეს, არტერიების დაავადება თუ შაქრიანი დიაბეტი - მკურნალობაც. ტროფიკული წყლულის მკურნალობა შეიძლება როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდებით. მკურნალობის მეთოდი ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად, ინდივიდუალურად შეირჩევა. სისხლძარღვთა დაავადებების დროს ქირურგიული მკურნალობა დარღვეული ვენური ან არტერიული სისხლის მიმოქცევის კორექციას ითვალისწინებს. ქრონიკული ვენური უკმარისობის, კერძოდ, ვარიკოზული დაავადების შედეგად განვითარებული ტროფიკული წყლულის მკურნალობა მოითხოვს როგორც ქირურგიულ, ასევე კონსერვატიულ ღონისძიებებს. ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს ვარიკოზულად გაგანიერებული კანქვეშა ვენების ამოკვეთასა და არასრულფასოვანი პერფორანტული ვენების (წვივზე ტროფიკული წყლულის წარმოშობის ძირითადი მიზეზის) ლიგირებას ღია ან ენდოსკოპიური მეთოდით. კონსერვატიული მკურნალობისთვის, ვენური სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, გამოიყენება ვენოტონიკები, დეზაგრეგანტები, ენზიმთერაპიული საშუალებები, ინფიცირებული წყლულის შემთხვევაში - ანტიბიოტიკები და ანტიმიკოზური პრეპარატები. ამასთანავე, მეტად მნიშვნელოვანია სათანადო რეჟიმის დაცვა და კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. ქრონიკული არტერიული უკმარისობის შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს ქვედა კიდურის არტერიებზე რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარებას არტერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ხოლო კონსერვატიული მკურნალობისთვის გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აუჯობესებს არტერიული სისხლის მიმოქცევას, სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და შემდედებელი სისტემის მაჩვენებლებს სათანადო დონეზე ინარჩუნებს. დიაბეტის დროს ჩამოთვლილ ღონისძიებებთან ერთად საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებაც. ყოველგვარი წარმოშობის ტროფიკული წყლულის შემთხვევაში საჭიროა  მისი სათანადო ტუალეტი, მის გარშემო კანის სანაცია და პერიფოკალური ანთების ლიკვიდაცია, სპეციალური მალამოებით შეხვევა. - რას ურჩევდით პაციენტებს წყლულის მოვლის, შრომისა და ცხოვრების ჰიგიენის თვალსაზრისით? რა შეიძლება მათთვის და რა - არა?- პრაქტიკულად ყოველგვარი ტროფიკული წყლულის შემთხვევაში აუცილებელია ადგილობრივი მკურნალობა და სათანადო ჰიგიენა. ჰიგიენა გულისხმობს წყლულის ტუალეტს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პრინციპების დაცვით. ჰიგიენური პროცედურების სიხშირე წყლულის შეხორცების ფაზაზეა დამოკიდებული. ეფექტიანია ტროფიკული წყლულების სამკურნალო სპეციალური მალამოები, რომლებსაც ექიმი სპეციალისტი შეარჩევს. დიაბეტური წყლული, გარდა ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისა, მოითხოვს დიეტითა თუ მედიკამენტური საშუალებებით სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგებას. - როგორია ტროფიკული წყლულის პროგნოზი?- თუ სწორად განისაზღვრა ის დაავადება, რომელმაც ტროფიკული წყლულის განვითარება გამოიწვია და სათანადო მკურნალობაც ჩატარდა, წყლული შეხორცდება. შეხორცების პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის საერთო მდგომარეობაზე, გამომწვევი დაავადების სიმძიმესა და მრავალ სხვა ფაქტორზე. ზოგ შემთხვევაში ტროფიკული წყლულის შეხორცება შესაძლოა გახანგრძლივდეს, განვითარდეს გართულებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი გვიან მიმართავს ექიმს ან არასწორად არის დასმული წყლულის გამომწვევი დაავადების დიაგნოზი. - ბატონო ოთარ, მკითხველი გვწერს: "მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ვარ დიეტაზე, დიაბეტი იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ფეხის თითების დაბუჟება, თითქოს ჩემი არ არის. ღამღამობით ძალიან მაწუხებს, არ მაძინებს. გთხოვთ მირჩიოთ რამე".- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დადგინდეს ტერფის თითების დაბუჟების მიზეზი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რჩევა-დარიგების მიცემა. - მაინც რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის თითების დაბუჟება?- ფეხის თითების დაბუჟების შეგრძნება უმეტესად უკავშირდება: ნევროლოგიურ დაავადებებს; ხერხემლის ოსტეოქონდროზს; არტერიებისა და ვენების პათოლოგიებს; პოლინეიროპათიას; იშიაზს; მოყინვას; გაფანტულ სკლეროზს; რეინოს ფენომენს; სხვადასხვა წარმოშობის ანგიოპათიას; ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას; გვირაბის სინდრომს; ენდარტერიიტს; რევმატოიდულ ართრიტს; მიკროინსულტს. ერთ-ერთი მიზეზია დიაბეტური ნეიროპათიაც. - როგორ მოვიქცეთ შაქრიანი დიაბეტის დროს, რომ ტერფებზე ტროფიკული წყლულების განვითარება თავიდან ავიცილოთ?- ტროფიკული წყლულების განვითარების თავიდან ასაცილებლად და ტერფების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელია, სისხლში შაქრის დონე მოწესრიგებული იყოს და მუდმივად კონტროლდებოდეს. მკაცრად უნდა დავიცვათ ტერფების მოვლის წესები, რაც გულისხმობს ტერფების ყოველდღიურ ბანას ჰიგიენური ნორმების დაცვით, მათ ყოველდღიურ დათვალიერებას. ფრჩხილების ან ტერფის კანის სოკოვანი დაავადებისას (მათ არსებობაზე სიწითლე და თეთრი ნადები მიგანიშნებთ) აუცილებელია სპეციალური ანტიმიკოზური საშუალებებით მკურნალობა ექიმის კონსულტაციით. თავიდან უნდა ავიცილოთ ტერფის ყოველგვარი ტრავმა. ნაკაწრის, ნახეთქის, ჭრილობის შემჩნევის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს. ყოველდღე სწორად მოვიქლიბოთ ფრჩხილები - ეს დაჭრაზე უსაფრთხოა. არ შეიძლება სიგარეტის მოწევა, რადგან ნიკოტინი აუარესებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას. ნუ ივლით ფეხშიშველი, ნურც შინ, ნურც გარეთ. ნუ ჩაიცვამთ ვიწრო და მოჭერილ ფეხსაცმელს. ნუ ატარებთ მჭიდრორეზინიან წინდებს. ნუ გამოიყენებთ სათბურას ფეხების გასათბობად. - ვის უნდა მიმართოს ამ დროს ადამიანმა?- ფეხის თითების დაბუჟებისას  სასურველია ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ანგიოლოგის, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :