Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სწორი ნაწლავის პათოლოგიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები



სწორი ნაწლავის ნახეთქისწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას. ასეთ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ დაავადება მწვავე სტადიაზეა. თუ ტკივილი ნაწლავის დაცლის შემდეგ ძლიერდება, მაშინ დაავადების ქრონიკულ ფორმაზე საუბრობენ. ბუასილისაგან განსხვავებით სწორი ნაწლავის ნახეთქი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილით ხასიათდება. იმდენად ძლიერით, რომ პაციენტები ცდილობენ შეგნებულად შეაკავონ დეფეკაციის აქტი, რაც თავის მხრივ შეკრულობის პროვოცირებას ახდენს. ტკივილი მოგვიანებით შორისისა და კუდუსუნის არეშიც ვითარდება. ეს უკანასკნელიც იმდენად ძლიერად არის გამოხატული, რომ ხშირად აძნელებს შარდის გამოყოფას, იწვევს მენსტრუალური ციკლის რიტმის დარღვევას, სტენოკარდიული შეტევების პროვოცირებასაც კი ახდენს. სწორი ნაწლავის ნახეთქის დროს აღმოცენებული ძირითადი სიმპტომებია: ნერვულ დაბოლოებათა ძლიერი გაღიზიანების გამო  უკანა ხვრელის სფინქტერის სპაზმი; ანალური ხვრელიდან სისხლდენა, რომელიც, ბუასილისაგან განსხვავებით, სუსტად არის გამოხატული. სისხლის მცირე რაოდენობა შესაძლოა ნაცხის სახით გამოვლინდეს ტუალეტის ქაღალდზე ან კიდევ ფეკალურ მასებს შეერიოს; ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას ან კიდევ დეფეკაციის აქტის დასრულების შემდეგ; ძლიერი წვის შეგრძნება ფაღარათის შემთხვევაში; შეკრულობა; ძლიერი ქავილი პერიანალური (ანალური ხვრელის გარშემო არსებული) ეგზემით; გამონადენი ანალური ხვრელის არეში. როგორც უკვე აღინიშნა, თანამედროვე მედიცინაში დაავადების ორ - მწვავე  და ქრონიკულ ფორმას განასხვავებენ. მწვავე ფორმას სიმპტომთა ტრიადა ახასიათებს: ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას, ანალური სფინქტერის სპაზმი და სისხლის გამოყოფა სწორი ნაწლავიდან. სწორი ნაწლავის ქრონიკული ნახეთქი ფაქტობრივად არანამკურნალები მწვავე ფორმის შედეგი და მისი გაგრძელებაა. ტკივილის ინტენსივობა ამ  დროს მცირდება, თუმცა სხვა გართულებები იჩენს თავს. მწვავე ფორმა ქრონიკულისგან არა მხოლოდ სიმპტომებითა და კლინიკური სურათით განსხვავდება, არამედ სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ვიზუალურადაც გამოირჩევა. სწორი ნაწლავის ნახეთქის მკურნალობა დაავადების მწვავე ფორმის დროს პაციენტებს კონსერვატიული მკურნალობა ენიშნებათ. თერაპია სხვა მეთოდებთან ერთად რადიოტალღური ქირურგიის პროცედურებსაც მოიცავს. ადგილობრივად გამოყენებულ პრეპარატებს შორის აღსანიშნავია მალამოები, გელები, აბაზანები და სანთლები.  სწორი ნაწლავის სრულად შეხორცება იშვიათად ხდება, თუმცა კონსერვატიული მკურნალობა პაციენტს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს სხვადასხვა მძიმე გართულება, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს მდგომარეობა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი. ქრონიკულ ფორმაში გადასული პათოლოგია ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. უკანასკნელ პერიოდში, პროქტოლოგიის თანამედროვე მიღწევებისა და უფრო ეფექტური მეთოდების წყალობით, ოპერაციული ჩარევისაგან (ნაწლავის მოცილება) თავშეკავების ტენდენცია შეინიშნება. კონსერვატიული მკურნალობა ზოგადად კარგ შედეგს იძლევა. მართალია, ნაწლავის სრული შეხორცება იშვიათად მიიღწევა, მაგრამ  პაციენტთა 90%-ს დაავადების მწვავე სიმპტომები უქრება. სწორი ნაწლავის კიბოსწორი ნაწლავის კიბო ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ადამიანის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ის 4-6%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, მისგან განკურნება ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება. სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ სწორი ნაწლავის კიბო ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაში უფრო მაღალი სიხშირით გვხვდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. უფრო კონკრეტულად, ის იმ ადამიანთა ხვედრია, რომელთაც ცუდ ეკოლოგიურ პირობებში უხდებათ ცხოვრება და რომელთა კვების რაციონშიც ჭარბობს მაღალკალორიული ცხიმებით მდიდარი საკვები პროდუქტები. ძირითადი მიზეზებისწორი ნაწლავის კიბოს მრავალი მიზეზი აქვს. უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს კვება, რომელსაც პირდაპირი  გავლენა აქვს ფეკალური მასების ნაწლავებში გადაადგილებაზე, აღნიშნული მასების შემადგენლობასა და მოცულობაზე, დეფეკაციის პერიოდულობასა და ნაწლავთა მიკროფლორაზე. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკვლევები მოწმობს, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის განსაკუთრებით საშიშია "დასავლური" ტიპის დიეტა, რომელშიც ჭარბობს ადვილადშეთვისებადი პროდუქტები, ხილი და მაღალკალორიული ცხიმებით მდიდარი საკვები. ეს ყოველივე ხელს უწყობს ნაწლავებში ქიმუსის შენელებულ გადაადგილებას და არასასურველ გავლენას ახდენს ნაწლავების ლორწოვან გარსზე. სწორედ ამ ფონზე ვითარდება დისბაქტერიოზი, შემდგომ კი სწორი ნაწლავის კიბო. დაავადების ნიშნები ბევრად იშვიათად უვლინდებათ მათ, ვინც მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით იკვებება. სიმპტომებისწორი ნაწლავის კიბო ნელი ზრდით ხასიათდება. კლინიკური სიმპტომები თანდათანობით ვლინდება, რაც ხელს უშლის დაავადების დროულ დიაგნოსტიკას. სამწუხაროდ, სწორი ნაწლავის კიბო ხშირ შემთხვევაში მაშინ დიაგნოსტირდება, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი უკვე საკმაოდ დიდ ზომებს აღწევს. პათოლოგიის პირველი სიმპტომი სწორი ნაწლავიდან გამონადენის არსებობაა.  თავდაპირველად გამონადენი მხოლოდ ლორწოს წარმოადგენს. მას მოგვიანებით სისხლი და ჩირქი ერევა. პაციენტები ხშირად ფეკალურ მასებში სისხლის შერევის შემთხვევაშიც არ ჩქარობენ ექიმთან ვიზიტს. სიმპტომებს ბუასილის არსებობით ხსნიან, სიმსივნის არსებობას კი სრულებითაც არ უშვებენ. გახსოვდეთ, ბუასილისა და სწორი ნაწლავის კიბოს დიფერენციალური დიაგნოსტიკა მხოლოდ პროფესიონალ ექიმს შეუძლია, შესაბამისად, თვითდიაგნოსტიკა ყოვლად დაუშვებელია. სწორი ნაწლავის კიბოს სხვა სიმპტომებია: არარეგულარული დეფეკაცია; მტკივნეული შეგრძნებები დეფეკაციის დროს; ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა; დეფეკაციის ცრუ მოთხოვნილება. სწორი ნაწლავის პოლიპები სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი ნაწლავის კედელს შიგნითა მხრიდან ფეხის საშუალებით ემაგრება. პოლიპები სწორ ნაწლავში შესაძლოა ერთეული სახით ან კიდევ ჯგუფურად იყოს განთავსებული. ისინი ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ყველაზე მეტად საშიშია ე. წ. ოჯახური პოლიპები, რომლებიც დიაგნოსტირდება ახლო ნათესავებში და ავთვისებიანი გადაგვარების ტენდენციით  გამოირჩევა. კეთილთვისებიანი პოლიპებისგან ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნის ალბათობა 75%-ს შეადგენს. დაავადების გამომწვევი მიზეზები სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მკვლევართა უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ პათოლოგიის განვითარების ძირითადი მიზეზი  ემბრიოგენეზის პროცესში მიმდინარე შეცდომებია. შენების მიხედვით სწორი ნაწლავის პოლიპები ჯირკვლოვან ეპითელიუმს წარმოდგენს დატოტვილი ხაოების ან მრავალრიცხოვანი ჯირკვლოვანი მილაკების სახით. მათი საყრდენი ქსოვილი შედგება შემაერთებელქსოვილოვანი საფუძვლისაგან, რომლის სიღრმეშიც კუნთოვანი ბოჭკოები გადის. მაპროვოცირებელი ფაქტორები სწორი ნაწლავის პოლიპები უმეტესად გადატანილი ანთებითი პროცესების შემდეგ ვითარდება. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამა თუ იმ დაავადებასთან, მათ შორის ინფექციურ პათოლოგიებთან, უფრო კონკრეტულად - დიზენტერიასთან. ერთეული წარმონაქმნები, ჩვეულებრივ, არანაირ პრობლემას არ უქმნიან ადამიანს. გამონაკლისს წარმოადგენს ის პოლიპები,  რომლებიც  ანალურ ხვრელთან ახლოს არის განთავსებული. ასეთ დროს პოლიპები ნაწლავის დაცლის დროს გარეთ ვარდება და ტკივილს იწვევს. სიმპტომებიერთეული პოლიპებისგან განსხვავებით, მრავლობით პოლიპოზს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს: თხელი ფეკალური მასები; სისხლდენა ანალური ხვრელიდან; ანემიისა და ორგანიზმის განლევის ნიშნები; ალისფერი სისხლისა და ლორწოს გამოყოფა ნაწლავის დაცლისას; დეფეკაციის ხშირი მოთხოვნილება; ნაწლავის ლორწოვანი გარსის მრავლობითი დაზიანება. სწორი ნაწლავის ნაპრალისწორი ნაწლავის ნაპრალი - არის ანთებითი პროცესი, რომელიც რეალურად სხვა დაავადების, კერძოდ პარაპროქტიტის ქრონიკულ ფორმას წარმოადგენს. საკუთრივ პარაპროქტიტი სწორი ნაწლავისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთებაა. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ანალურ არხში ანალური კრიპტების (ჩაღრმავება, ნაოჭი) დონეზე მიკროსანათური ვლინდება. სფინქტერის კუნთოვანი ბოჭკოებისადმი ნაპრალის განთავსების მიხედვით განასხვავებენ დაავადების  სირთულის სხვადასხვა დონეს. თუ განთავსება ზედაპირულია, მარტივ ნაპრალზე საუბრობენ. ამ ფორმის მკურნალობა სიძნელეს არ წარმოადგენს. თუ ნაპრალი სფინქტერზე გადის ან კიდევ ღმად მდებარეობს სწორი ნაწლავის პარალელურად, მდგომარეობა გაცილებით რთულია, რადგანაც დაავადება სხვადასხვა გართულებას მოიცავს და ქირურგიული ჩარევისთვისაც სერიოზული სიძნელეები იქმნება. ძირითადი სიმპტომები და კლინიკური სურათი პირველი და ყველაზე მთავარი სიმპტომი  მცირე ზომის სანათურის (ჭრილობის) არსებობაა უკანა ხვრელის არეში. ამ სანათურში სხვადასხვა სახის გამონადენი, მათ შორის ჩირქი გამოიყოფა. ეს გამონაყოფი ხშირად იმდენად ჭარბია, რომ ადამიანი იძულებულია საფენი გამოიყენოს.  გამონაყოფი, როგორც წესი, კანს აღიზიანებს და ქავილს იწვევს. ნაპრალის დროს პაციენტებს ზოგჯერ ანალური ხვრელის მიდამოში ტკივილი აწუხებთ. ეს ქრონიკული პროცესი სფინქტერის სიღრმეში გავრცელებისა და არაადეკვატური დრენირების შედეგია. ტკივილი ასეთ დროს დეფეკაციისას ძლიერდება და დეფეკაციის აქტის დასრულების შემდეგ თანდათანობით ნელდება. დაავადება უმრავლეს შემთხვევაში ტალღისებური მიმდინარეობით ხასიათდება. გამწვავების პერიოდები დაკავშირებულია  ჩირქოვან-ნეკროზული მასების რაოდენობის მატებასთან, ანთებითი გამოვლინებების შესუსტება კი პერიოდულად აღმოცენებული აბსცესის (შემოფარგლული ჩირქგროვა)  გახსნა-გახეთქვასთან. საყურადღებოა, რომ ნაპრალი ასეთ დროსაც არ ხორცდება და არსებულ სანათურში გრძელდება ჩირქოვანი მასების გამოყოფა. განსაკუთრებით საშიშია სისხლიანი გამონაყოფი, რადგანაც ის სწორი ნაწლავის ავთვისებიან ნაპრალზე მიუთითებს. რემისიის პერიოდში პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ხდება, რამეთუ ანთებითი პროცესი თავს არ ავლენს. ადამიანს ტკივილი არ აწუხებს.  დაავადების სიმპტომების არარსებობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაპრალი გაქრა და ადამიანი განიკურნა. ამაში პაციენტი მაშინ რწმუნდება, როდესაც პროცესის გამწვავებისთანავე არა მხოლოდ თავდაპირველი სიმპტომები ვლინდება, არამედ ახალი ანთებითი კერების აღმოცენების კვალად თავს იჩენს დამატებითი უსიამოვნებანი. ანთებითი პროცესის გართულებები ადეკვატური მკურნალობის არარსებობის  შემთხვევაში სწორი ნაწლავის ნაპრალი  მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. დაავადება განაპირობებს კუნთების ნაწიბუროვან ცვლილებებს, შორისისა და ანალური არხის დეფორმაციას, ანალური სფინქტერის უკმარისობას. კიდევ ერთი მეტად სერიოზული გართულებაა პექტენოზი - ანალური არხის კედელში ნაწიბუროვანი ცვლილებები. ყველაზე საშიში კი, რაღა თქმა უნდა, ნაპრალის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარებაა. ბუასილისწორი ნაწლავისა და უკანა ტანის ვენების გაგანიერებაა. ყველა ადამიანის ორგანიზმში არსებობს ე.წ. ჰემოროიდული კვანძები. თავისი არსით ეს კვანძები ანალური არხის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე არსებული ნაკეცებია, რომელთა ფუნქციაც შესაბამის კუნთებთან ერთად ნაწლავში ფეკალური მასების შეკავებაა დეფეკაციის აქტამდე. ნორმალურ მდგომარეობაში ჰემოროიდული კვანძები ფარავს (კეტავს) ნაწლავის ანალურ სანათურს, მისი დაცლის შემთხვევაში კი სწორდება და დაბრკოლებას არ უქმნის ფეკალურ მასებს გადაადგილებაში. ბუასილის დროს ვენური სისხლის შეგუბების გამო ჰემოროიდული კვანძების (ნაკეცების) მდგომარეობა ირღვევა. ისინი ქვედა, ანალური ხვრელის მიმართულებით გადაადგილდება ლორწოვან გარსთან ერთად. აღნიშნული პროცესის კვალად ნაკეცების სისხლის მიმოქცევა ირღვევა. კვანძები ზომაში მატულობს და გარეთ ვარდება. პათოლოგიური პროცესის ძირითადი მიზეზი ხშირი და ძლიერი ჭინთვებია. მიზეზებიდაავადების რისკჯგუფში არიან ადამიანები: რომლებსაც საქმიანობიდან გამომდინარე მჯდომარე წესით ცხოვრება, საოფისე სამსახური აქვთ და თავისუფალ დროსაც კომპიუტერთან ატარებენ; რომლებიც სპირტიანი სასმელების მოყვარულნი არიან; რომლებსაც სიმსუქნე და შეკრულობა აწუხებთ; ხშირად არიან დაკავებულნი ანალური სექსით; რომელთაც აღენიშნებათ მცირე მენჯის არეში ანთებითი პროცესები; რომლებიც მისდევენ სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა, მაგალითად, ხტომა, მძლეოსნობა და სხვა. ბუასილის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. მარილიანი, მწარე და ცხარე საკვების მოყვარულებს ასევე ხშირად აღენიშნებათ ეს პათოლოგია. რისკჯგუფში იმყოფებიან ისინიც, ვისაც მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმეების აწევა უწევს. ძირითადი სიმპტომებისისხლის მიმოქცევის დარღვევის მიზეზთა კვალობაზე, ბუასილი შესაძლოა შემდეგი სიმპტომებით იყოს გამოხატული: ფეკალურ მასებში სისხლის შერევით. სისხლდენა ძირითადად დეფეკაციის აქტის დასრულების შემდეგ ვლინდება. ეს ბუასილის  არსებობის ყველაზე უტყუარი სიმპტომია. მისი გამოვლენისთანავე აუცილებელია კვალიფიციურ ექიმთან ვიზიტი; უსიამოვნო შეგრძნებებით (ქავილი და წვა) უკანა ტანის არეში; მუცლის არეში სიმძიმის, ხოლო მსხვილი ნაწლავის არეში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებით; სიარულისა და ჯდომის დროს, აგრეთვე დეფეკაციის აქტის დასრულებისას ტკივილით; სწორი ნაწლავიდან ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნით. ბუასილი ადამიანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გარდა იმისა, რომ ავადმყოფი მუდმივი ტკივილით იტანჯება, ცალკეულ ფაქტორთა გამო საგრძნობლად უარესდება მისი ცხოვრების ხარისხი. თანამედროვე მედიცინაში ბუასილის რამდენიმე სახეს განასხავავებენ ჰემროიდული კვანძების  განლაგების, დაავადების სტადიისა და კლინიკური სურათის მიხედვით. სწორი ნაწლავის გამოვარდნასწორი ნაწლავის გამოვარდნა არის დაავადება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი ანალური ხვრელიდან გარეთ გამოდის. განასხავებენ  მხოლოდ ლორწოვანი გარსის გამოჩენას  და  ნაწლავის სრულ გამოვარდნას, როდესაც სწორი ნაწლავის კედლის ყველა შრე გამოდის გარეთ. პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია: ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება ფაღარათის დროს; ფიზიკური დატვირთვისა და შეკრულობის გამო მუცლის ღრუში წნევის მნიშვნელოვანი მომატება; სწორი ნაწლავის იოგოვანი აპარატისა და მენჯის დიაფრაგმის კუნთოვან-აპონევროზული წარმონაქმნის ტრავმული და დისტროფიული დაზიანება; ელასტიკურობისა და ტონუსის საგრძნობი დაქვეითება. მოზრდილებს სწორი ნაწლავის გამოვარდნა თანდათანობით უვითარდებათ. თავდაპირველად მხოლოდ ლორწოვანი გარსი გამოიყოფა, შემდეგ კი მას ნაწლავის კედლის ყველა შრე მოსდევს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :