Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სპორტული მასაჟი



სპორტული მასაჟი - ეს მასაჟის სახესხვაობაა, რომელიც გამოიყენება სპორტით დაკავებული ადამიანების ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად. სპორტული მასაჟი ტრენირების აუცილებელი ნაწილია, რომელიც ამზადებს ორგანიზმს სპორტული დატვირთვებისთვის და ხსნის ფიზიკურ დაღლილობას ასეთი დატვირთვის შემდეგ. მას მიმართავენ ტრავმებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სპორტული მასაჟისა და მის სახეობათა შესახებ გვესაუბრება სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის თერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი ხათუნა ურუშაძე. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ სპორტული მასაჟის რამდენიმე სახეობას:მოსამზადებელს (სამობილიზაციოს);აღდგენითს (რეპარაციულს);პროფილაქტიკურს, ანუ პრევენციულს (ჰიგიენური მასაჟი, თვითმასაჟი);სარეაბილიტაციოს.სპორტული მასაჟის დროს გამოიყენება კლასიკური მასაჟის ძირითადი ილეთები: ხელსმა, ზელა, მოთელვა, დარტყმითი ილეთები, ვიბრაცია. შესრულების მეთოდის მიხედვით სპორტული მასაჟი შეიძლება იყოს ხელისა და აპარატული (ვიბრაციული, ვაკუუმისა, ჰიდრომასაჟი). ხელის მასაჟი წარმოადგენს ძირითად მეთოდს, ხოლო აპარატული - დამატებითს. სპორტში შესაძლებელია ასევე კრიომასაჟის, კოსმეტიკური მასაჟის და მასაჟის სხვა სახეების გამოყენება. ტოპოგრაფიული თვალსაზრისით სპორტული მასაჟი შეიძლება იყოს ზოგადი და რეგიონული (ადგილობრივი); ზოგადი მასაჟის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, სქესზე, ასაკზე, სპორტსმენის წონაზე და შეადგენს 15-35 წუთს. მოსამზადებელი (სამობილიზაციო) მასაჟისპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეჯიბრებათა რაოდენობა, კონკურენცია, ფსიქოემოციური და ფიზიკური დატვირთვა. მნიშვნელოვანი ემოციური გადაძაბვა, რომელიც აღემატება მოცემული ინდივიდის ფსიქიკური ადაპტაციის შესაძლებლობებს, იწვევს ფსიქოლოგიური სტრესის განვითარებას. სპორტში მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა სპორტული (ფიზიკური) შრომისუნარიანობის დაქვეითება, გადაღლისა და ზეტრენირების (ფსიქოემოციური აშლილობის - ნევროზის) განვითარება. ამასთანავე, საგრძნობლად გაიზარდა ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე ტრავმის მიღების რისკი. სამობილიზაციო მასაჟი სიტყვიერ "შთაგონებასთან" ერთად გამოიყენება სპორტსმენის ორგანიზმის ფიზიკური, ფსიქიკური, ტექნიკური და სხვა რესურსების სამობილიზაციოდ. ვარჯიშის ან შეჯიბრების წინ ჩატარებული მოსამზადებელი მასაჟის გავლენით ხდება როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის - მიკროცირკულაციის, ლიმფის მიმოქცევის, ფერმენტული რეაქციების ფორსირება, ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია. რეგულირდება ტემპერატურული ჰომეოსტაზი სხეულის იმ მიდამოებში, რომლებმაც უნდა განიცადოს ძირითადი დატვირთვა, ერთდროულად იმატებს კანისა და კუნთების ტემპერატურა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელი ფიზიოლოგიური ფაქტორია სპორტსმენისათვის, ვინაიდან აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, კუნთოვანი ბოჭკოების ელასტიკურობისა და კუმშვის ფუნქციას, პერიფერიული ნერვების აგზნებადობას, ოპტიმალურ პირობებს ქმნის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციური მდგომარეობის სრულყოფისა და ტრავმირების რისკის შესამცირებლად, ხსნის აპათიას, აუმჯობესებს ტონუსსა და სპორტულ ბრძოლისუნარიანობას. მოსამზადებელი მასაჟის მეთოდიკამოსამზადებელი მასაჟი არ უნდა იყოს ტიპური. აუცილებელია ინდივიდუალურ-პიროვნული მიდგომა მოსამზადებელი ეტაპის, სპორტული ფორმის, სქესის, ასაკის, მეტეოროლოგიური პირობების, ბიორიტმების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ექიმს (მასაჟისტს) თითოეული სპორტსმენისთვის უნდა ჰქონდეს სპორტსმენის ფუნქციური მდგომარეობის, ფსიქიკის, ტრავმების, მოცემული მომენტისთვის სტარტების რაოდენობის, მომზადების დონისა და სხვა პარამეტრების ამსახველი რუკა. განსაკუთრებით გულმოდგინე მასაჟი უნდა შესრულდეს ტრენირებისა და შეჯიბრების წინ, არასასურველი კლიმატური პირობების დროს. ცივ და ქარიან ამინდში უპირატესობა ენიჭება ჰიპერემირებადი (ე.წ. გამახურებელი) მალამოებით დაზელას და მოთელვას, ხოლო ცხელ და ნესტიან ამინდში - "გამაგრილებელი" მალამოებით (ლინიმენტებით) ხელსმას, თათუნს, ჩხვლეტას, ბერტყვას და ზედაპირულ მოთელვას. თუ სპორტსმენი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, შეჯიბრების პერიოდში არ შეიძლება ვიბრაციის გამოყენება. მასაჟი სრულდება მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციაში. თავდაპირველად ხდება საყელოს ზონისა და ზურგის მასირება, შემდეგ - ქვემო კიდურების უკანა ზედაპირებისა, კისრისა, გულმკერდისა, ქვემო კიდურების წინა ზედაპირებისა, მუცლისა, ზემო კიდურებისა, ბიოლოგიურად აქტიური და მოტორული წერტილებისა. განსაკუთრებული გულმოდგინებით მუშავდება კუნთები და მათი ძვლებთან მიმაგრების ადგილები. მასაჟის მეთოდიკა დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე. ასე, მაგალითად, თავისუფალი სტილით მოცურავეებში უპირატესად სრულდება მხრის სარტყლის, წელის მიდამოსა და ქვემო კიდურების მასაჟი, მძლეოსნებში, მაგალითად, მორბენალებში - წელის მიდამოსა და ქვემო კიდურებისა. ასეთივე მასაჟია ნაჩვენები სიგრძეზე, სიმაღლეზე და სამმაგი მხტომელებისთვის.მასაჟის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, სპორტსმენის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, კუნთების აგზნების მაჩვენებლებსა და სხვა ფაქტორებზე. მასაჟის ხანგრძლივობა 5-15 წუთია. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია სავარჯიშო კოსტიუმის ჩაცმა და ზემოდან, დამატებით, დამცავი ქურთუკის შემოცმა. მასაჟი სრულდება ვარჯიშამდე (შეჯიბრებამდე) 30-45 წუთით ადრე.მორბენალებში (სპრინტერებში, დაბრკოლებებით მორბენალებში), სიგრძეზე და სამმაგ მხტომელებში განსაკუთრებით მუშავდება ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები, კოჭ-წვივის სახსრები, აქილევსის მყესი;სპორტის საწყლოსნო სახეობებში (ცურვა, წყალში ხტომა) მასაჟი სრულდება ზეთებით, ლინიმენტებით, რაც ამცირებს სითბოს გაცემას და ხელს უშლის სხეულის გადაცივებას;კლასიკური  და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მასაჟი სრულდება მალამოებისა და ზეთების გარეშე, ვინაიდან შეჯიბრების წესებით მათი გამოყენება აკრძალულია;სპორტის ჩქაროსნულ და მძლეოსნურ სახეობებში ხელსმას მინიმალური დრო ეთმობა, ვინაიდან ამ ილეთს კუნთებზე ძლიერი რელაქსაციური ზემოქმედება აქვს;საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ შეიძლება ანესთეტიკების, ჰორმონული და სხვა ინგრედიენტების შემცველი მალამოების გამოყენება - ეს აკრძალულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღდგენითი (რეპარაციული) მასაჟიაღდგენითი მასაჟი სრულდება სხვადასხვა სახის (ფიზიკური, გონებრივი) დატვირთვის შემდეგ, დაღლილობის მოსახსნელად, რათა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს სპორტსმენის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქცია და გაიზარდოს შრომისუნარიანობა. ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვა სპორტსმენის ორგანიზმის, მისი ფუნქციური სისტემების მკაფიო რეგულაციურ ცვლილებებს განაპირობებს. აღდგენითი მასაჟის ამოცანებია: მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა დაშლის) პროდუქტების ინაქტივაცია, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის, კუნთების ტონუსის, კუნთების აგზნებადობის ნორმალიზება, სპინალური მოტონეირონების ფუნქციური მდგომარეობის აქტივაცია, კუნთების გადაღლის მოხსნა. აღდგენითი მასაჟის მეთოდიკააღდგენითი მასაჟი სრულდება შეჯიბრების ან წვრთნის დამთავრებიდან 0,5-4 საათის შემდეგ (დაღლილობის კვალობაზე). სასურველია, ჩატარდეს ჩაბნელებულ ოთახში. მასაჟის დროს არ გამოიყენება დარტყმითი ილეთები - კეპვა, ჩხვლეტა და სხვა, ვინაიდან ეს ილეთები ამგზნებია და იწვევს კუნთოვანი ტონუსის, ვენური წნევის მომატებას, ლიმფისა და მიკროცირკულაციის გაუარესებას. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, სპორტის სახეობაზე, დაღლილობის სიმძიმეზე, სპორტსმენის ფუნქციურ მდგომარეობაზე, საშუალოდ კი 10-დან 25-35 წუთამდე გრძელდება (ახალგაზრდა და ქალი სპორტსმენებისთვის - უფრო ნაკლებ ხანს). თუ სპორტსმენი ძლიერ არის დაღლილი, სრულდება ხანმოკლე, დამზოგველი მასაჟი - ძირითადად მუშავდება ზურგი, თავი და კისერი, ხოლო მეორე დღეს სრულდება ღრმა მასაჟი ხელსმის, დაზელისა და ღრმა მოთელვის კომბინირებით კუნთების ბერტყვასა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების გაჭიმვასთან ერთად. ხანგრძლივი მასაჟი ზედმეტი დატვირთვაა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემებისთვის, ასევე ნერვკუნთოვანი აპარატისთვის, და უფრო მეტად ღლის პაციენტს.როგორც წესი, სრულდება ზოგადი, იშვიათად ლოკალური, ხანმოკლე მასაჟი 1-5 წუთის განმავლობაში - რაუნდებს შორის შესვენების, მატჩის დროს სპორტსმენის შეცვლის, ცდებს შორის დასვენების დროს. აღდგენითი მასაჟის ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია მზადების ეტაპზე (მოსამზადებელი პერიოდია თუ შეჯიბრებისა). მოსამზადებელ პერიოდში აღდგენითი მასაჟი ტარდება კვირაში 3-4-ჯერ, მეორე ტრენირების შემდეგ (დღეში ორჯერადი ვარჯიშის დროს). შეჯიბრების პერიოდში ყოველდღიურად სრულდება ორი პროცედურა (შეჯიბრების შემდეგ ტარდება დამზოგველი, ხანმოკლე მასაჟი, ხოლო საღამოს ან მეორე დღეს - გულმოდგინე). აღდგენითი მასაჟის 10-15 პროცედურის შემდეგ ვითარდება მიჩვევა - ადაპტაცია, ამიტომ აუცილებელია ზემოქმედების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, კომბინირების ცვლა და ინდივიდუალური მიდგომა დაღლილობის სტადიის, კუნთების მდგომარეობის, მომზადების ეტაპისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. აღდგენითი მასაჟის გავლენით მცირდება კუნთების ჰიპერტონუსი, უმჯობესდება ქსოვილების მიკროცირკულაცია და მეტაბოლიზმი, ნორმალიზდება ძილი და სასუნთქი მუსკულატურის ფუნქცია, პერიფერიულ სისხლში იმატებს ჰემოგლობინის კონცენტრაცია.  პრევენციული (პროფილაქტიკური) მასაჟიმრავალჯერადი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქსოვილთა პათოლოგიურ ცვლილებებს: კუნთების ტკივილს, ლოკალური კუნთოვანი ტონუსის მომატებას, გამკვრივებებს, კუნთებში მიკროცირკულაციის, მეტაბოლიზმის დარღვევას, ქსოვილთა ჰიპოქსიას. ყოველივე ამას ერთვის ქრონიკული გადაღლა, ცენტრალური ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემების და სხვა შინაგანი ორგანოების პათოლოგიური ცვლილებები. პროფილაქტიკური (პრევენციული) ღონისძიებები თავიდან ააცილებს სპორტსმენს ფუნქციური ცვლილებების მორფოლოგიურ ცვლილებებად ტრასფორმაციას, საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა გამწვავებას და ტრავმებს. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს მასაჟი და ოქსიგენთერაპია, გაჭიმვის ვარჯიშები, კრიომასაჟი  (დაბალი ტემპერატურით ზემოქმედება) უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებას და ფუნქციური დარღვევების აღდგენას. გამოყოფენ პროფილაქტიკური მასაჟის მოსამზადებელ, ძირითად და დასკვნით ეტაპებს. მოსამზადებელი და დასკვნითი ეტაპები კლასიკური მასაჟის ილეთებს მოიცავს, ხოლო ძირითადი - სეგმენტურ-რეფლექტორული მასაჟისას.მასაჟი ტარდება ჰიპერემირებადი მალამოებით (ზეთებით), ხოლო მასირების დასასრულს მაქსიმალურად მომუშავე კუნთებს და სახსრებს შეაზელენ ანტიანთებად მალამოებს. მასაჟი შერწყმულია კუნთების გაჭიმვის ვარჯიშებთან. თუ კუნთოვანი ტონუსი მომატებულია, მაშინ თავდაპირველად ტონუსის მოსახსნელად ტარდება მასაჟი ჰიპერემირებადი მალამოებით და მხოლოდ ამის შემდეგ სრულდება გაჭიმვის ვარჯიშები. სრულდება ასევე რელაქსაციური (მომადუნებელი) მასაჟი. აუცილებელია ოპტიმალური და ინდივიდუალური დოზირების დაცვა. სარეაბილიტაციო მასაჟისპორტსმენებს შორის ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქსოვილების ოპერაცია. ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელია ფუნქციური მაჩვენებლების შესამჩნევი მერყეობა. თაბაშირის ნახვევები, ვარჯიშის შეწყვეტა,  ჰიპოდინამია და წოლითი რეჟიმი, ტკივილი აფერხებს სისხლისა და ლიმფის მომიქცევას, აბრკოლებს ტრავმირებული  ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესებს, იწვევს კუნთების ატროფიას. ჯანმრთელობისა და სპორტული შრომისუნარიანობის აღდგენა ოპერაციული ჩარევის შემდეგ მიიღწევა არა მარტო მედიკამენტური თერაპიის, არამედ მასაჟის, ოქსიგენთერაპიის, ყინულით მასაჟის, გაჭიმვისა და ტრენაჟორებზე ვარჯიშის, სამკურნალო ფიზკულტურის მეშვეობითაც. ამასთანავე, ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტის ადრეული გააქტიურება და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ადრეული გამოყენება ხელს უწყობს ტრავმირებული ქსოვილების რეგენერაციას, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნერვკუნთოვანი სისტემების ნორმალიზებას, გართულებების შემცირებას და სპორტული შრომისუნარიანობის სწრაფ აღდგენას. მასაჟი ნაჩვენებია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქსოვილებზე ოპერაციულ ჩარევამდე ან მის შემდეგ. ოპერაციულ ჩარევამდე სასურველია, სპორტსმენმა გაიაროს წინასწარი მომზადება, რათა:აღდგეს კუნთების ძალა და ამტანობა (ყინულით მასაჟის შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიში);მაქსიმალურად გაიზარდოს სახსარში აქტიური და პასიური მოძრაობების მოცულობა (გაჭიმვა-გაწელვის ვარჯიშები);გაუმჯობესდეს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, ქსოვილების ტროფიკა (სეგმენტურ-რეფლექტორული მასაჟი, ოქსიგენთერაპია, კუნთების ღრმა მასაჟი);გაიზარდოს კან-ფასციური საფარველის წანაცვლების უნარი (შემაერთებელქსოვილოვანი მასაჟი).თაბაშირის ლონგეტის დადებიდან 2-3 დღის შემდეგ მიზანშეწონილია მასაჟის დაწყება. თავდაპირველად გამოიყენება ტრავმის ლოკალიზაციის შესაბამისი სეგმენტური მასაჟი. ასე, მაგალითად, ზემო კიდურების ქსოვილებზე ოპერაციული ჩარევისას სრულდება ხერხემლის კისერ-გულმკერდის მიდამოსა და ჯანმრთელი კიდურის მასაჟი; ნაკერებისა და თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ - გამწოვი მასაჟი კუნთების ხელსმის, დაზელის, მოთელვის, იდაყვის სახსარზე მხოლოდ ხელსმის გამოყენებით; ლონგეტის მოხსნის პირველ დღეებში ნაჩვენებია დამზოგველი მასაჟი; თუ თაბაშირის ლონგეტის ნაცვლად დამაფიქსირებელი ნახვევი ადევს, პირველ ორ დღეს სრულდება მასაჟი ყინულით ან გამოიყენება ყინულის აპლიკაციები. მასაჟთან კომბინირებულად სრულდება მარტივი ვარჯიშები, ხოლო ნაკერების მოხსნის შემდეგ - გაჭიმვის ვარჯიშები. ქვემო კიდურების ქსოვილებზე ოპერაციული ჩარევისას თავდაპირველად სრულდება წელის მიდამოს (თუ პაციენტს დიდხანს უწევს ზურგზე წოლა - მთელი ზურგის) და ჯანმრთელი კიდურის მასაჟი.თაბაშირის ლონგეტის არარსებობისას პირველი ორი დღის განმავლობაში გამოიყენება ყინულის აპლიკაცია (ან მასაჟი ყინულით), ხოლო მე-2-3 დღიდან - სეგმენტური მასაჟი და აქტიურ-პასიური მცირეამპლიტუდიანი მოძრაობები სახსრებში. მუხლის სახსარი თავდაპირველად დამზოგველი მასაჟით, მხოლოდ ხელსმით, ხოლო მომდევნო დღეებში დაზელით მუშავდება. ნაკერებისა და თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ მასაჟს ემატება გაჭიმვის ვარჯიშები. გულმოდგინე მოთელვისა და ვიბრაციის ილეთებით მუშავდება ოთხთავა კუნთი. მასაჟის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. შხაპი, საუნა და საზოგადოდ, წყლის პროცედურები სპორტული მასაჟის ერთ-ერთი კომპონენტია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტეიპირებაზეც. ტეიპური ნახვევები სპორტში ფართოდ გამოიყენება. მათი მიზანია, სახსარი და სეგმენტი ჰიპერმობილურობისგან დაიცვას. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ძალოსნებს (შტანგისტებს) წელის ქამრები უკეთიათ, მოკრივეებს - სხივ-მაჯის ნახვევები. ეს ყველაფერი ტეიპური ნახვევებია.დაბოლოს, მინდა კიდევ ერთ საკითხზე შევჩერდე (ეს პირადად ჩემი აზრია, რომელიც სპორტსმენებთან გასაუბრების საფუძველზე გამიჩნდა): ჩემთვის მეტად მტკივნეულია, რომ მასაჟის კულტურა ქართულ სპორტში დაბალ დონეზე დგას. რამდენადაც ვიცი, სიტუაცია ისეთია, რომ ვიდრე სპორტსმენი ნაკრების დონემდე არ მივა, მას სამასაჟო მომსახურებას არ უწევენ. შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს, მაგრამ უთუოდ უნდა ვთქვა ისიც, რომ ბევრი ნაკრებში მოხვედრილი სპორტსმენი სამასაჟო მომსახურებაზე უარს ამბობს. არადა, მასაჟი დიდი ფუფუნებაა... უცხოეთში ის ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შემადგენელი ნაწილია. კარგი იქნება, თუ ჩვენი სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც დღეს პრევენციულ მედიცინას არ ითვალისწინებენ, სამასაჟო მომსახურებას მაინც შეიტანენ თავიანთ ჩამონათვალში - მასაჟი ხომ მრავალი დაავადების პროფილაქტიკასაც ითვალისწინებს... და მაინც, მინდა, ოპტიმისტურად დავასრულო ჩვენი საუბარი: ბოლო ხანს შეინიშნება სასიკეთო ტენდენცია - დაიწყო ახალგაზრდა კადრების მომზადება სპორტული მასაჟისა და რეაბილიტაციის ხაზით. თავად ახალგაზრდებიც ძალიან მონდომებულები არიან. ახალგაზრდობა მოდის, და მოდის ქართული სპორტის ყველა სახეობაში.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :