Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის ინსულტი მესამე ადგილზეა

სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის ინსულტი მესამე ადგილზეა



ინსულტი მიჩნეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, ვინაიდან რიგით მესამეა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მძიმე შედეგებს იწვევს. ინსულტის ძირითადი მიზეზებია თრომბოზი, ემბოლია და სისხლჩაქცევა. თრომბოზი სისხლძარღვის სანათურში ან გულის ღრუებში სისხლის კოლტის წარმოქმნას ნიშნავს. ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი ინსულტის განვითარებას იწვევს - თრომბი აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის განსაზღვრული უბნის მკვებავ სისხლძარღვში, რაც ტვინის ქსოვილში შეგუბებითი მოვლენებისა და შეშუპების განვითარებას იწვევს. თრომბოზი შუახნისა და უფროსი ასაკის პაციენტებში ინსულტის განვითარების უმთავრესი მიზეზია (ხშირია დიაბეტით დაავადებულ, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში). მისი განვითარების ალბათობა უფრო დიდი აქვთ მსუქნებსა და მწეველებს. ემბოლია სისხლძარღვის სანათურის უეცარი დახშობაა. ემბოლი წარმოადგენს სისხლის კოლტს ან ცხიმოვანი ნივთიერების, ბაქტერიების, ჰაეროვანი ბუშტუკების მასას. ემბოლიის შედეგად ინსულტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით - ღია გულზე ოპერაციის, არითმიის განსაზღვრული ნაირსახეობისა და გულის სარქვლების დაავადების შემდეგ, ლულოვანი ძვლების მოტეხილობის დროს, ინფექციის ფონზე. ემბოლიით გამოწვეული ინსულტის დროს სიმპტომატიკა ერთბაშად ვითარდება და, ჩვეულებრივ, მაქსიმალურად არის გამოხატული.სისხლჩაქცევაც ხშირი მიზეზია ინსულტისა. ის შესაძლოა უეცრად წარმოიშვას ნებისმიერ ასაკში, ჩვეულებრივ, მაღალი არტერიული წნევის ან ანევრიზმის ფონზე, თავის ტვინის არტერიის უეცარი გასკდომისას. ამ დროს სისხლი ჩაიქცევა ტვინის ქსოვილში, აწვება მას და აზიანებს.ინსულტის განვითარების რისკფაქტორებია: ადრე გადატანილი ინსულტი; არტერიის კედლის ათეროსკლეროზული დაზიანება; მაღალი არტერიული წნევა; მოციმციმე არითმია; შაქრიანი დიაბეტი; ჰიპერქოლესტერინემია; ცხოვრების უმოძრაო წესი; სიმსუქნე; სიგარეტის წევა; ოჯახურ ანამნეზში ინსულტების არსებობა.ინსულტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება: სხეულის ერთ ნახევარში (ხშირად - კიდურებში) დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან დამბლა; ძლიერი თავის ტკივილი; ცნობიერების უეცარი დაბინდვა; წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა; მხედველობის მკვეთრი გაუარესება; მეტყველების დარღვევა; სირთულეები წერა-კითხვისა და სხვისი საუბრის აღქმისას; დროსა და გარემოში დეზორიენტაცია. ინსულტის პროფილაქტიკა გულისხმობს შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს, რაციონალურ კვებას და ძილის მოწესრიგებას, ოჯახსა და სამსახურში ნორმალური ფსიქოლოგიური კლიმატის უზრუნველყოფას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების - გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების, არითმიის - დროულ მკურნალობას. აუცილებელია იმ სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც აუმჯობესებენ თავის ტვინის სისხლძარღვების მიკროცირკულაციას და თავიდან გვაცილებენ თავის ტვინის ჰიპოქსიას. იხილეთ ვრცლად
იხილეთ მსგავსი სიახლეები :