Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე



აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერეს 1981 წელს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცთა შორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების - პნევმოცისტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის - რამდენიმე შემთხვევა. ეს დაავადებები მანამდე მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იყო აღწერილი. 1982 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა შიდსი როგორც ახალი დაავადება. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი 1983 წელს აღმოაჩინეს საფრანგეთში, პარიზში, პასტერის ინსტიტუტში ლუკ მონტანიემ და ფრანსუაზა ბარე-სინუსმა. ამ აღმოჩენისათვის მათ ნობელის პრემია მიენიჭათ. გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDშ) მონაცემებით, აივ ინფექციის ახალ შემთხვევათა მაჩვენებელი წლიდან წლამდე  მცირდება, თუმცა მხოლოდ 2012 წელს ყოველდღიურად 6300 ადამიანი ინფიცირდებოდა, მათი 95% - დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. 2012 წლის ბოლოს მსოფლიოში აივ-ით ინფიცირებული 35 მილიონი ადამიანი იყო რეგისტრირებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1988 წლიდან 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ აღინიშნება. ეს დღე ყოველწლიურად ეძღვნება განსაზღვრულ თემას, რომელშიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტია ხაზგასმული. ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო შიდსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ  გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობისა და მოვლის პროგრამის მენეჯერი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.- ბევრს ჰგონია, რომ შიდსი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემა, ვინაიდან ავადობა საკმაოდ იშვიათია. როგორია რეალური სურათი, რაზე მეტყველებს სტატისტიკა?- საქართველოში აივ ინფექცია/ში­დსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს. 2013 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 4055 შემთხვევა. აქედან 2978  მამაკაცია, 1077 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსი განუვითარდა 2472 პაციენტს, 883 გარდაიცვალა. 2013 წელს გამოვლინდა 415 ახალი შემთხვევა. ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 1721 პაციენტს. 41  მათგანი ბავშვია. მართალია, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 6000-ს უტოლდება, ეს კი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია. აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა სიმცირის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ინფექციის ეპიდემიის გავრცელების პოტენციალის არსებობა, კერძოდ: ნარკოტიკების ინექციური მოხმარების მაღალი მაჩვენებელი; ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაღალი პრევალენტობა; მაღალი მიგრაცია აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის მქონე ქვეყნებში; დაავადების ნაგვიანევი გამოვლენა; თავდაცვის საშუალებებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება და/ან მათი არასისტემატური მოხმარება; აივ ინფექციასთან ასოცირებული სტიგმა-დისკრიმინაცია შესაძლოა საქართველოში დაავადების ფართო გავრცელების მიზეზად იქცეს. - რით განსხვავდება ერთმა­ნ­ეთისგან აივ ინ­­ფექცია და ში­დსი?- ტერმინი “აივ ინფექცია” აღნიშნავს პაციენტის ინფიცირებას შიდსის ვირუსით, დაავადებას ინფიცირებიდან სიცოცხლის ბოლომდე, შიდსი კი არის ორგანიზმის ინფიცირების შედეგად აღმოცენებული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომლის დროსაც სისხლში ჩD4 ლიმფოციტების მკვეთრი შემცირების ფონზე თავს იჩენს შიდსის ინდიკატორული დაავადებები. აივინფიცირებიდან შიდსის აღმოცენებამდე საშუალოდ 5-7 წელი გადის. - რამდენად რეალურია შიდსის მკურნალობა?- შიდსის ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ეს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენთან ასოცირდებოდა. შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობის დახვეწასთან ერთად ვითარება შეიცვალა. 1996 წლიდან მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დაინერგა მედიკამენტური მკურნალობა, რომელსაც მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას უწოდებენ. მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობა საგრძნობლად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. შიდსით დაავადებული პაციენტი, რომელიც თანამედროვე მკურნალობას იტარებს, ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით და შიდსიც უიმედო სენის ნაცვლად ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცევა. ეს ნიშნავს, რომ მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით შიდსი გახდა დაავადება, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობასა და მკურნალობას მოითხოვს, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. 2004 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ, პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპაში, უზრუნველყო შიდსით დაავადებულთა მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივინფიცირებულს, რომლისთვისაც ეს აუცილებელია. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური ფონდის ერთობლივი ძალისხმევით.- როგორია შიდსის მკურნალობის პრინციპი?- როგორც აღვნიშნეთ, შიდსისგან განკურნება დღეს შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მკურნალობის წყალობით ის ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცა. ამჟამად შიდსს მკურნალობენ ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. ჩვეულებრივ, გამოიყენება 3 ან 4 მედიკამენტის კომბინაცია. ისინი თრგუნავენ შიდსის ვირუსის რეპლიკაციის ციკლს სხვა­დასხვა ეტაპზე. ანტირეტროვირუსული მკურნალობა ყველა აივინფიცირებულს არ ენიშნება. ჯანდაცვ­ის მსოფლიო ორ­განიზაციის უკ­ანასკნელი რეკომენდაციის თანახმად, მკურნალობენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შიდსის კლინიკური გამოვლინება ან რომელთა ორგანიზმში ჩD4 ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა 1 მმ3 500-ზე ნაკლებია.  აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობა ინფექციის გამოვლენისთანავე ინიშნება, განურჩევლად დაავადების სტადიისა და ჩD4 ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვისა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :