Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შევამოწმოთ მზადყოფნა



ბავშვმა სასკოლო ასაკს მიაღწია. ამ დროს მშობლები თუ ბებიები ძალიან ბევრს შრომობენ, რომ პატარამ სკოლის კარი სათანადო ცოდნით აღჭურვილმა შეაღოს, სპეციალისტების აზრით კი ეს სულაც არ არის მთავარი. მთავარია პატარას მოტივაცია - მას სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეს. სკოლისთვის მოტივაციური მზაობა არის მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ბავშვის სკოლისკენ სწრაფვის დონეს, სასკოლო წესების გაგებას და მათი მიღების ხარისხს. "გინდა თუ არა სკოლაში წასვლა?" - ეს არის მომავალი მოსწავლისადმი მიმართული პირველი კითხვა. ის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, პატარების პასუხია "დიახ", ბევრი კი ამას უმატებს სიტყვას "ძალიან". რატომ უნდათ ბავშვებს სკოლაში წასვლა? პასუხი მრავალგვარია: იმისთვის, რომ დიდები გახდნენ, იმისთვის, რომ ცოდნა მიიღონ, იმისთვის, რომ მერე სამსახურში წავიდნენ და ასე შემდეგ. თუმცა მაინც არიან პატარები, რომლებიც იტყვიან, რომ სკოლაში წასვლა არ სურთ. თუ უარყოფით პასუხს სასკოლო ასაკის ბავშვი გვაძლევს, მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ზოგჯერ პატარებს არ სურთ სკოლაში წასვლა იმიტომ, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. "დავალებები რთული იქნება", "რომ შემეშალოს?" - ფიქრობს ბავშვი. როგორც წესი, ასე ფიქრობენ თავის თავში დაურწმუნებელი, მორცხვი პატარები. პატარას, რომელსაც მსგავსი განწყობა აქვს, სჭირდება მშობლების და ზოგჯერ ფსიქოლოგის დახმარებაც. სკოლისთვის მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმ მოტივაციის არსებობაა, რომლის გამოც პატარას სწავლის დაწყება უნდა. ჯგუფი პირველი - სოციალური მოტივები. სოციალური მოტივაცია ემყარება სწავლის საზოგადოებრივი მნიშვნელობის გაგებას და მოსწავლეობისკენ სწრაფვას: "ყველა პატარა უნდა სწავლობდეს, რომ მერე უფროსები შეცვალონ სამსახურში", "თუ არ ისწავლი, შენგან არაფერი გამოვა". ასეთი ბავშვი მოტივირებულია, რათა სასკოლო დავალებები პასუხისმგებლობით შეასრულოს. ის გაკვეთილზე ყურადღებით უსმენს მასწავლებელს და შინ არ სჭირდება ზედმეტი მითითებები დავალებების შესასრულებლად. ასეთი პატარა განიცდის, თუ რამე ისე არ გამოუვიდა, როგორც საჭიროა. თუ ამ მოტივაციასთან ერთად ბავშვს სათანადო დონეზე აქვს განვითარებული ყურადღება, აზროვნება, აღქმა, მეხსიერებაც, ის კარგად სწავლობს და მასწავლებელსაც და მშობლებსაც წარმატებით ახარებს. სოციალური მოტივაციის ფორმირებისა და შენარჩუნებისთვის ბავშვს შეიძლება მოვუყვეთ, რომ სასკოლო განათლება შემდგომ პროფესიის არჩევაში გვეხმარება. ეს არის პირველი საფეხური იმ დიდი და ხანგრძლივი გზისა, რომელსაც განათლებული და ჭკვიანი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ჯგუფი მეორე - სასწავლო-შემეცნებითი მოტივები. ის ვლინდება ცოდნისადმი ინტერესით, რაღაც ახლის შესწავლის სურვილით - "სკოლაში ყველაფერს გავიგებ", "ბევრ საინტერესო რამეს ვისწავლი". ამ მოტივაციის ბავშვებს ახასიათებთ ინიციატივის გამოვლენა - ისინი ცდილობენ, ხშირად დაუსვან შეკითხვა მასწავლებელსა და მშობლებს, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე. სასწავლო-შემოქმედებითი მოტივაციის განვითარებისთვის ბავშვს ბევრი უნდა ვუკითხოთ, წაკითხული ერთად უნდა განვიხილოთ, პატარას მუდმივად უნდა შევთავაზოთ ახალი საინტერესო ინფორმაცია. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, პატარას ვასწავლოთ, რომ შესაძლებელია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებაც - წიგნებიდან, ჟურნალებიდან, სამეცნიერო-პოპულარული საბავშვო პროგრამებიდან, ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან. ჯგუფი მესამე - შეფასებითი მოტივები. ამ შემთხვევაში პატარები ისწრაფვიან, მიიღონ უფროსებისგან შექება, მაღალი შეფასება. "მე კარგი შეფასების გამო შემაქებენ", "ნიშნები საჭიროა, რათა დედამ გაიგოს, როგორ ვსწავლობ". შესაძლოა მოტივიც "კარგი ნიშნისთვის საჩუქარს მიყიდიან!". შეფასება ბავშვისთვის უძლიერესი უკუკავშირია. ის პატარას უჩვენებს წარმატებისა და ყოველი დავალების შესრულების ხარისხს. რა თქმა უნდა, ყველა მომავალ მოსწავლეს უმაღლესი შეფასების მიღება სურს და არადამაკმაყოფილებელ ნიშანზე ფიქრი მათთვის კატასტროფაა. ამჟამად ხშირად კამათობენ, საჭიროა თუ არა შეფასებები სწავლის პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ეს არ არის მთავარი მოტივაცია და მას წინ სოციალური და შემეცნებითი მოტივები უსწრებს, მაგრამ მშობლებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვს მარტო მასწავლებელი როდი აფასებს; პატარებს ძალიან სურთ, მათი წარმატებები მშობლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. დაიმახსოვრეთ: ბევრი რამ, რასაც ბავშვი აკეთებს, სწორედ მშობლებისთვის კეთდება და არა სხვებისთვის. ჯგუფი მეოთხე - პოზიციური მოტივები. ისინი დაკავშირებულია სასკოლო ატრიბუტებისადმი ინტერესთან. "უკვე ჩანთა მიყიდეს, შიგ ლამაზი პასტები და კარგი წიგნები აწყვია!", "სკოლაში დაფაა", "საბავშვო ბაღში პატარები დადიან, სკოლაში - დიდები!" სპეციალისტების აზრით, არ ღირს პოზიციური მოტივების დაკნინება, თუმცა ეს მოტივი მთავარი არ უნდა იყოს. თუ ხედავთ, რომ პატარას საერთოდ არ აქვს სკოლისადმი ინტერესი, პოზიციური მოტივი მის გაღვივებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. უჩვენეთ ბავშვს თქვენი სკოლის დროინდელი სურათები, მოუყევით თქვენი პირველი ჩანთის შესახებ, გაიხსენეთ, პირველად როგორ შეხვედით კლასში, როგორ გაიცანით მეგობრები. მალე გაზრდის სურვილი ამ ასაკში დიდ როლს თამაშობს. ჯგუფი მეხუთე - გარეგანი მოტივები. ისინი სრულიად არ არიან დაკავშირებულნი სკოლასთან: "დედამ თქვა, რომ სკოლაში უნდა წავიდე", "ყველა დადის სკოლაში", "პირველ კლასს რომ დავამთავრებ, ბათუმში წამიყვანენ". თუ ამჩნევთ, რომ ეს უსუსური მოტივები წამყვანია, ესე იგი განგაშის საფუძველი გაქვთ. ასეთი მოტივები არ მოქმედებენ არც სწავლის შედეგზე, არც სწავლის სურვილზე. პატარა, რომელსაც მსგავსი მოტივაცია აქვს, მალე იგებს, რომ სწავლა დაკავშირებულია დავალებების შესრულებასთან, შრომასთან. დიდია საფრთხე, რომ პატარა შეეცდება თავი აარიდოს სკოლაში წასვლას, შესაძლოა საერთოდ შეიძულოს ის. რა თქმა უნდა, მსგავსი მოტივაცია მშობლებმა შვილს არ უნდა გაუღვივონ. ჯგუფი მეექვსე - თამაშის მოტივაცია. ბავშვს მიაჩნია, რომ სკოლა ახალი საინტერესო თამაშია. მოუყევით პატარას სკოლის, მისი წესების შესახებ. ნუ გააკეთებთ აქცენტს თანაკლასელებთან თამაშსა და ცელქობაზე, რათა პატარამ არ იფიქროს, რომ სკოლა ცელქობის ადგილია. ჯობს, აქცენტი მეგობრობის მოტივზე გააკეთოთ - "სკოლაში ახალ მეგობრებს შევიძენ". ეს მოტივაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, თუმცა ისიც არ უნდა იყოს წამყვანი და ძირითადი. მიუხედავად ამისა, მეგობრობაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს დაგვეხმარება, რომ ბავშვი სწავლის დაწყების წინ თავს თავისუფლად გრძნობდეს. ტესტი მოტივირებულობაზეყველა მშობელს აინტერესებს, რამდენად მოტივირებულია მისი შვილი სკოლაში სწავლისთვის. საამისოდ მარტივი ტესტია მოწოდებული. ის 9 შეკითხვისგან შედგება. თუ პატარამ 8-9 შეკითხვას სათანადოდ უპასუხა, ესე იგი ის სკოლისთვის მზადაა. 6-7 კითხვაზე პასუხისას მოტივაცია საშუალოა, ხოლო 5-ზე ნაკლებ კითხვაზე პასუხის გაცემისას - დაბალი. პასუხის მისაღებად პატარას უნდა სთხოვოთ, უპასუხოს თქვენს რამდენიმე შეკითხვას. დაუშვებელია ტესტის დასრულებამდე შესწორებები და ჭკუის დარიგება. დააცადეთ ბავშვს თავისი აზრების ჩამოყალიბება. კითხვა #1. თქვენს სახლთან ორი სკოლაა. ერთში ასწავლიან ქართულს, მათემატიკას, ინგლისურს, ხატვას, სიმღერას, ფიზკულტურას, ხოლო მეორეში - მხოლოდ ხატვას, სიმღერას, ფიზკულტურას. რომელ სკოლაში გინდა სწავლა? მაღალი მოტივაციის პატარები ირჩევენ სკოლას, სადაც ყველაფერი ისწავლება, ხოლო დაბალმოტივირებულები - მეორე სკოლას იმიტომ, რომ იქ კარგად გაერთობიან, ითამაშებენ, ბევრი სამეცადინო არ ექნებათ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ შრომა, რათა პატარას მოტივაცია გაუჩნდეს და სიზარმაცეს სძლიოს. კითხვა #2. თქვენს სახლთან ორი სკოლაა. ერთში ტარდება გაკვეთილები და არის დასვენებები, მეორეში მხოლოდ დასვენებებია გაკვეთილების გარეშე. რომელ სკოლაში გინდა სწავლა? რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციის ბავშვები ირჩევენ პირველ ვარიანტს. ისინი ფიქრობენ, რომ ისწავლიან და თან დაისვენებენ, მხოლოდ დასვენება სულაც არ არის საინტერესო. დაბალი მოტივაციის პატარები იმ სკოლას ირჩევენ, სადაც მხოლოდ დასვენებაა. "ვითამაშებ, დროს გავატარებ!" - ფიქრობენ ისინი. კითხვა #3. თქვენს სახლთან ორი სკოლაა. ერთში კარგი სწავლისთვის კარგ ნიშნებს წერენ, ხოლო მეორეში კანფეტებსა და ტკბილეულს სჩუქნიან. რომელ სკოლას აირჩევთ? მაღალი მოტივაციის ბავშვები პირველ ვარიანტს ირჩევენ, რადგან "კანფეტს შეჭამ და გათავდება, ნიშანი და ცოდნა კი დაგრჩება", "დიდებს კარგი ნიშანი ურჩევნიათ ტკბილეულს", "ნიშნების გარეშე ვერ მიხვდები, კარგად სწავლობ თუ არა". დაბალი მოტივაციის ბავშვები მეორე ვარიანტს ირჩევენ, რადგანაც "თამაში უყვართ, კანფეტი გემრიელია". კითხვა #4. თქვენ სახლთან ორი სკოლაა. ერთში ყველაფერი მასწავლებელს უნდა შეუთანხმო, ხელი უნდა ასწიო და ჰკითხო, შეიძლება თუ არა გარეთ გასვლა, შეკითხვის დასმა, მეორე სკოლაში კი შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გინდა. რომელ სკოლას აირჩევ? განვითარებული  მოტივაციის ბავშვები პირველ ვარიანტს ირჩევენ. ისინი ფიქრობენ, რომ სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც მასწავლებელი უნდა გყავდეს და მასთან უნდა შეათანხმო შენი ქცევა. დაბალი მოტივაციის ბავშვებს მეორე ვარიანტი ხიბლავთ, რადგანაც იქ უფრო მეტი მხიარულებაა. საინტერესო ფაქტია, რომ პატარები, რომლებიც საბავშვო ბაღებში ცელქებად ითვლებიან, სწორედ პირველ ვარიანტს ირჩევენ. ამით ისინი ავლენენ ქცევის წესების სრულ ცოდნასა და მაღალ მოტივაციას. კითხვა #5. ერთ სკოლაში მოსწავლეებს საშინაო დავალებებს აძლევენ, მეორეში - არა. რომელ სკოლაში გსურთ სწავლა? მოტივაციის მქონე ბავშვები პირველ ვარიანტს ირჩევენ. ისინი ფიქრობენ, რომ სახლში შეიძლება წყნარად დაჯდე და დავალებები შეასრულო, სკოლაში კი შესაძლოა საამისოდ საკმარისი დრო არ გქონდეს. დედასაც გაუხარდება, თუ დაჯდები და იმეცადინებ. დაბალი მოტივაციის პატარები უპირატესობას ანიჭებენ სკოლას დავალებების გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში "თამაშისთვის მეტი დრო დარჩებათ", "სახლში აღარ დასჭირდებათ მეცადინეობა". კითხვა #6. დედა ამბობს: "შენ ჯერ პატარა ხარ. დილით ადგომას, სკოლაში წასვლას და შემდეგ მეცადინეობას ჯობს ერთი წელი კიდევ დარჩე ბაღში". დათანხმდება პატარა დედას? მაღალი მოტივაციის ბავშვები უმალ პასუხობენ "არას". მათ სათანადო არგუმენტაციაც აქვთ - სურთ, მალე გახდნენ დიდები, კარგად ისწავლონ, სხვა პატარებს არ ჩამორჩნენ. სკოლისთვის მოუმზადებელი პატარები კი აღნიშნავენ, რომ დილით ადრე ადგომა ძნელია, სიარულით დაიღლებიან... ამ შემთხვევაში დედას შემხვედრი შეკითხვა უჩნდება: "ყველა ბავშვი სკოლაში წავა, გინდა, ბაღში დარჩე და უკვე სხვა პატარებთან ერთად იარო?" როგორც წესი, ამ შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, პატარები სკოლას ირჩევენ. კითხვა #7. დედა პატარას სთავაზობს, სკოლაში სიარულის ნაცვლად მასწავლებელი მათთან შინ მივიდეს. საინტერესოა, თანახმა იქნება თუ არა ბავშვი. როგორც წესი, პატარების უდიდესი ნაწილი ამ წინადადებას უარყოფს. მათ მიაჩნიათ, რომ თუ სწავლა გინდა, სკოლაში უნდა დადიოდე, თანაც იქ მეგობრებიც გეყოლება. თუმცა არიან ისეთი პატარებიც, რომლებიც მსგავს წინადადებაზე თანხმდებიან. მათ ან სიარული და დაღლა აშინებთ, ან თანატოლებთან ურთიერთობა და ახალ კოლექტივთან შეგუების პრობლემა. კითხვა #8. წარმოიდგინეთ, რომ მეზობელმა დაგისვათ შეკითხვა - რა მოგწონთ ყველაზე მეტად სკოლაში? როგორი იქნება პასუხი? კარგია, თუ ბავშვს აქვს სათანადო მოტივაცია და ამბობს, რომ მოსწონს გაკვეთილები, მოსწონს ის, რომ ბევრ ახალ რამეს სწავლობს, მოსწონს ის, რომ კითხვას დაიწყებს... ცუდია, თუ პატარა ამბობს, რომ სკოლაში წასვლა იმისთვის სურს, რათა გაერთოს და ითამაშოს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :