Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შესაძლებელია თუ არა უმტკივნეულო მშობიარობა



მშობიარობის გაუტკივარება ქალისთვის მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნას როდი გულისხმობს;ეს პროცედურა მიზნად ისახავს მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობას. ამ საკითხებზე სასაუბროდ ექიმ ანესთეზიოლოგ კობა კაჭარავას ვეწვიეთ:- ბატონო კობა, რა საჭიროა მშობიარობის გაუტკივარება? - სამშობიარო ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ტკივილია, რომელსაც კი ადამიანი განიცდის. გასაკვირი არ არის, რომ კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ცდილობდა ეპოვა ამ ტანჯვის შემსუბუქების გზები. ამ მიზნით ტარდებოდა ათასგვარი რიტუალი, მზადდებოდა ნახარშები. შუა საუკუნეებში ტკივილის გასაყუჩებლად ყაყაჩოს თავების ნახარშსა და ალკოჰოლს იყენებდნენ. ასეთი გაუტკივარება მელოგინეს ძილს ჰგვრიდა, რის გამოც ის კარგავდა საკუთარი თავის კონტროლის უნარს და თავისი ქმედებით მშობიარობას ვეღარ ეხმარებოდა.- რა ხდება მშობიარობის დროს? - ტკივილს, რომელიც მშობიარობისას აღმოცენდება, მობილიზაციაში მოჰყავს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები. თითქოს მთელი ორგანიზმი ექსტრემალურ რეჟიმში გადადის. მაგრამ ზოგჯერ ტკივილი საპირისპიროდ მოქმედებს. მას შეუძლია, სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაცია გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ირღვევა მშობიარობის მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილის დროს ირთვება ემოციური ფაქტორი. ქალი ვეღარ ითმენს ხშირ, ხანგრძლივ შეტევებს, აუტანელი ტკივილის გამო ადეკვატურად ვეღარ აღიქვამს მომხდარს და მეანის მითითებებს.- როდის არის აუცილებელი ტკივილის გაყუჩება? - არსებობს სამშობიარო მოქმედების გაუტკივარების სამი ძირითადი ჩვენება: გამოხატული ტკივილის სინდრომი;სამშობიარო მოქმედების პათოლოგია (სისუსტე, დისკოორდინაცია და სხვა);თანმხლები დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, თვალის, აგრეთვე - ნეფროპათია, პრეეკლამფსია და სხვა).ამჟამად სამშობიარო მოქმედების გასაყუჩებლად გამოიყენება გაუტკივარების შემდეგი მეთოდები: 1. ადგილობრივი (პარაცერვიკალური, პუდენდალური);2. რეგიონული (ეპიდურული, სპინალური);3. მედიკამენტური (ინტრავენური, ინჰალაციური);4. სხვა მეთოდები (ელექტროანალგეზია, ფსიქოლოგიური ხერხები).მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი. პარაცერვიკალური ბლოკადაპარაცერვიკალურ ბლოკადას მშობიარობის პირველი სტადიის (საშვილოსნოს ყელის გახსნის ეტაპი) ასიდან 80 შემთხვევაში შეუძლია ტკივილის კუპირება. ამ დროს სპეციალური ნემსის საშუალებით საშვილოსნოს ყელის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ადგილობრივი ანესთეტიკი შეჰყავთ.მეთოდის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ანესთეტიკის მოქმედების დასრულების შემდეგ პროცედურა უნდა გამეორდეს. არსებობს ნაყოფის თავის დაზიანების თეორიული შანსიც, რის გამოც პარაცერვიკალური ბლოკადა სამეანო პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. პუდენდალური ბლოკადაეს მეთოდი მოწოდებულია მშობიარობის მეორე სტადიის (ნაყოფის გამოძევების ეტაპი) გაუტკივარების მიზნით. მისი ეფექტიანობა პარაცერვიკალური ანესთეზიისაზე გაცილებით ნაკლებია. პუდენდალურ ბლოკადას პარაცერვიკალური ანესთეზიის მსგავსი ნაკლოვანებები აქვს, რის გამოც უმთავრესად მაშებით მშობიარობისას და შორისის მთლიანობის აღდგენისას იყენებენ. ინტრავენური გაუტკივარება სამეანო პრაქტიკაში იდეალური ანესთეტიკი არ არსებობს. ყოველი მათგანი გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფზე ამა თუ იმ სახის ზემოქმედებას ახდენს. მიუხედავად ამისა, სამშობიარო მოქმედების ინტრავენური გაუტკივარება დღეისთვის საკმაოდ ფართოდ არის დანერგილი, მით უმეტეს, რომ მშობიარობის პროცესში ის ხშირად აუცილებელიც კი ხდება. მშობიარობის ინტრავენური გაუტკივარება ნაჩვენებია გახანგრძლივებული, მეტისმეტად მტკივნეული და გართულებული მშობიარობის, სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაციის, ინსტრუმენტული (მაშებით) მშობიარობის, ასევე - ზოგიერთი თანმხლები დაავადების დროს, რომელიც მშობიარეს შეიძლება ჰქონდეს. მეთოდის მთავარი ნაკლია დედისა და ახალშობილის სუნთქვის დეპრესია და ძილიანობა. სისტემურმა ტკივილგამა-ყუჩებელმა საშუალებებმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო მოქმედების შესუსტება, რის გამოც მათი გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. მრავალი ინტრავენური ანესთეტიკი იწვევს გულისრევასა და პირღებინებას, რეტროგრადულ ამნეზიას (პაციენტს არ ახსოვს მშობიარობის პროცესი) და მშობიარობის აქტში ორსულის აქტიური მონაწილეობის შესუსტებას. გვერდითი ეფექტებისა და გართულებებათა ალბათობის შესამცირებლად ანესთეტიკის მცირე დოზებით გამოყენებაა საჭირო. აგრეთვე რეკომენდებულია, ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე შეწყდეს მედიკამენტის შეყვანა, რის გამოც ტკივილის სინდრომის სრული კუპირება ყოველთვის ვერ ხერხდება.- რას გვეტყვით რეგიონულ ანესთეზიაზე?- რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, პაციენტის ცნობიერება კი ამ დროს გამოთიშული არ არის. რეგიონული გაუტკივარების მეთოდებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სპინალურ და პერიდურულ ანესთეზიას: ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება, რაც ინექციის ადგილის ქვევით ტკივილის, შეხებისა და მოძრაობის დროებით გამოთიშვას იწვევს. ამჟამად ეპიდურული და სპინალური ანესთეზია ფართოდ გამოიყენება როგორც მშობიარობის გაუტკივარების მიზნით, ისე საკეისრო კვეთის დროს. დიდ ბრიტანეთში ხშირად ატარებენ კომბინირებულ - სპინალურ-ეპიდურულ ანესთეზიას.- როგორია სპინალური გაუტკივარების არსი და როდის ტარდება იგი?- სპინალური გაუტკივარება სამედიცინო პრაქტიკაში 1899 წელს დაინერგა. ეფექტიანობის, სიმარტივისა და სიიაფის გამო მან დიდი გავრცელება პოვა მეანობაშიც. საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს ის უმეტესად არჩევის მეთოდია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ეპიდურული გაუტკივარება დაინერგა, ის ამ მიზნით თითქმის აღარ გამოიყენება. ეპიდურულისგან განსხვავებით, სპინალური გაუტკივარების მოქმედების ხანგრძლივობა შეზღუდულია (თუმცა ბოლო დროს აშშ-ში სამშობიარო ტკივილების გასაყუჩებლად წარმატებით იყენებენ ხანგრძლივ სპინალურ გაუტკივარებას). სპინალურ გაუტკივარებას ეპიდურულის ანალოგიური ჩვენებები, უკუჩვენებები და უკუეფექტები აქვს, თუმცა ეს უკანასკნელნი (განსაკუთრებით - გაუტკივარების შემდგომი თავის ტკივილი) უფრო მეტად არის გამოხატული. სპინალური ანესთეზიის თანმხლები ერთ-ერთი სირთულე, რის გამოც მისი გამოყენება კარგა ხანს იზღუდებოდა, პროცედურიდან 2-3 დღის შემდეგ აღმოცენებული თავის ტკივილია. - დღეს ხშირად ახსენებენ ეპიდურულ ანესთეზიას. რას ნიშნავს ეპიდურული გაუტკივარება? შეიგრძნობს თუ არა მშობიარე ამ დროს ტკივილს?- ეპიდურული გაუტკივარება ადგილობრივი გაუტკივარების ნაირსახეობაა, რომელიც მედიცინის სხვადასხვა დარგში გამოიყენება. ანესთეზიის ეს მეთოდი ფართოდ არის დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში. მას მიმართავენ სამშობიარო (და არამარტო სამშობიარო) ტკივილების გასაყუჩებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდურული ანესთეზია ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე სპინალური, ის მეანობის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა. ეპიდურული ანესთეზია ერთ-ერთი ყველაზე მიღებული მეთოდია იმისთვის, რომ მშობიარობა სასიამოვნო განცდად აქციოს, მოხსნას ტკივილით მიყენებული დისკომფორტი და ქალს საშუალება მისცეს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საკუთარი შვილის დაბადებაში. ხანგრძლივი ეპიდურული გაუტკივარების დანერგვამ სამეანო პრაქტიკაში ფაქტობრივად მოხსნა გაუტკივარების პრობლემა. ეპიდურული ანესთეზიის ეფექტიანობა 80%-ს აჭარბებს და მშობიარეს თითქმის სავსებით ათავისუფლებს ტკივილისგან.- სად მდებარეობს ეპიდურული სივრცე და როგორ ხდება ამ დროს გაუტკივარება?- ეპიდურული სივრცე ხერხემლის წელის მიდამოში მდებარეობს. ვინაიდან იქ გადის სხეულის ქვედა ნაწილის ნერვები, ინექციის შემდეგ ეს მიდამო ყოველგვარ მგრძნობელობას კარგავს. ეპიდურულ სივრცეში სპეციალური კათეტერის საშუალებით შეყვანილი ადგილობრივი ანესთეტიკი ბლოკავს იმ ნერვებს, რომლებსაც იმპულსები თავის ტვინისკენ მიაქვს. ეპიდურული ანესთეზიის ჩასატარებლად 20-30 წუთია საჭირო.- როგორია მეანის მოქმედების ტაქტიკა, თუ მშობიარობისას ქალს საკეისრო კვეთა დასჭირდა? - ეს ამ გაუტკივარების ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუ საკეისრო კვეთა აუცილებელი გახდა, ეპიდურულ სივრცეში იზრდება მხოლოდ ანესთეტიკის დოზა.- კიდევ რა ღირსება აქვს გაუტკივარების ამ სახეს?- მისი წყალობით ქალს შეუძლია, შეიგრძნოს ის ენით აუწერელი ბედნიერება, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია. ეპიდურული გაუტკივარებისას არ გამოიყენება სხვა (ინჰალაციური თუ არაინჰალაციური) ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რის გამოც ახალშობილი იბადება მედიკამენტური დეპრესიის გარეშე - აქვს ნორმალური ტონუსი, სუნთქვა, გულისცემა და სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მაჩვენებლები. ეპიდურული ანესთეზიის დანერგვასთან ერთად შემცირდა მშობიარობის გართულებათა რიცხვიც. ეპიდურული გაუტკივარების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია ანესტეზიის გახანგრძლივება მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ. გარდა ამისა, ამ მეთოდის დახმარებით შეგვიძლია ვამშობიაროთ ისეთი ქალები, რომელთა მშობიარობაც ორმოცდაათიოდე წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ, კერძოდ, ისინი, ვისაც აღენიშნება:სხვადასხვა სახის გულის მანკი;მაღალი ხარისხის მიოპია;ჰიპერტონიული დაავადება;თირკმლის დაავადებები და სხვა.- ვის შეუძლია, ეპიდურულ გაუტკივარებას მიმართოს? - მისი ჩატარება შეუძლია თითქმის ყველა მშობიარეს, მცირე გამონაკლისის გარდა. ორსულობის ზოგიერთმა გართულებამ, დაავადებამ და მედიკამენტებმა, რომლებსაც ქალი ორსულობისას სვამს, შესაძლოა, ეპიდურული ანესთეზია მიზანშეუწონელი გახადოს. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მეანს და/ან ანესთეზიოლოგს. - როდის არ შეიძლება ამ სახის გაუტკივარება?- ეპიდურული გაუტკივარების უკუჩვენებებია:ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;ხერხემლის მიდამოს სერიოზული პათოლოგიები (მაღალი ხარისხის სკოლიოზი, ლორდოზი), რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ანესთეტიკის გავრცელებას;ზურგის კანის მიდამოს პუნქციის შემდეგ წარმოქმნილი ჩირქოვანი დაზიანება;მოუწესრიგებელი ჰიპოვოლემია (მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება);სისხლის შემდედებელი სისტემის მძიმე დარღვევები;გულის რიტმის სერიოზული დარღვევა და სხვა.- როგორ ტარდება ეპიდურული ანესთეზია? - თუ ეპიდურული გაუტკივარების ჩატარება გადაწყვიტეთ, საჭირო დოკუმენტების გაფორმების შემდეგ:წვებით გვერდზე ან ჯდებით მაქსიმალურად მოხრილი.ზურგის ის მიდამო, სადაც უნდა ჩაიდგას კათეტერი, მუშავდება ანტისეპტიკით, ხდება კანის გაუტკივარება პუნქციის არეში.ამის შემდეგ ხდება პუნქცია (ჩხვლეტა) ხერხემლის წელის ნაწილში არსებულ ეპიდურულ სივრცეში. ამ დროს შეიგრძნობთ მსუბუქ ზეწოლას წელის არეში. არ არის გამორიცხული მსუბუქი ტკივილი რომელიმე ფეხის გასწვრივ, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. შეატყობინეთ თქვენს ანესთეზიოლოგს.ნემსის საშუალებით ეპიდურულ სივრცეში ჩაიდგმება წვრილი კათეტერი. ამის შემდეგ ნემსს იღებენ, ხოლო კათეტერი ფიქსირდება ზურგზე, რაც სრულებითაც არ იწვევს დისკომფორტს.კათეტერის საშუალებით ეპიდურულ სივრცეში შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკი, რომელიც ტკივილს აყუჩებს. ამ დროს შეიგრძნობთ ოდნავ სიცივეს ზურგის არეში. ეფექტის მისაღებად საჭიროა 10-20 წუთი.კათეტერში ანესთეტიკის შეყვანის შემდეგ ტკივილი თანდათანობით მცირდება და ბოლოს სრულებით ქრება. ქვედა კიდურებში იგრძნობთ სისუსტეს, გაბუჟებას და სითბოს. საჭირო დროს, მეანის მითითებით, თქვენ შეძლებთ უმტკივნეულოდ გაიჭინთოთ და მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ბავშვის გაჩენაში, ხოლო ფეხების დაბუჟება და სისუსტე მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაივლის. - აქვს თუ არა ამ მეთოდს ნაკლი?  - უარყოფითი მხარე გაუტკივარების ყველა მეთოდს აქვს. ეპიდურული ანესთეზიისას შესაძლოა:სრული ანესთეზიისთვის საჭირო გახდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე სპინალური ბლოკადისას;გახანგრძლივდეს მშობიარობის პირველი პერიოდი;დაქვეითდეს არტერიული წნევა;თავი იჩინოს ფეხის კუნთების სისუსტემ (სიარული მიზანშეწონილი არ არის, სჯობს, პაციენტი იწვეს); თავი იჩინოს მოშარდვასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და საჭირო გახდეს შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;ნაჩხვლეტის მიდამოში დარჩეს ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება, რომელიც თანდათან გაივლის.იშვიათად ეპიდურულმა ანესთეზიამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს.- უსაფრთხოა თუ არა ეპიდურული გაუტკივარება?- დღეისთვის გაუტკივარების ეს მეთოდი განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. იგი უსაფრთხო და სანდოა როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის.- როდის არის მიზანშეწონილი ეპიდურული ანესთეზიის დაწყება?- ამას მეანი და ანესთეზიოლოგი წყვეტენ. ჩვეულებრივ, ეს ხდება მშობიარობის პირველ პერიოდში, როდესაც საშვილოსნოს ყელი 4-5 სმ-ზეა გახსნილი და ჩამოყალიბებულია რეგულარული სამშობიარო მოქმედება. ამაზე ადრე გაუტკივარების დაწყება რეკომენდებული არ არის.- შეიძლება თუ არა, მანიპულაციის დროს ზურგის ტვინი დაზიანდეს?- ზურგის ტვინი გულმკერდის XII-წელის I მალის დონეზე მთავრდება, ხოლო ეპიდურული სივრცის პუნქცია წელის II-III მალების დონეზე ხდება. ასე რომ, ზურგის ტვინის დაზიანება გამორიცხულია. - ყოველთვის მიიღწევა თუ არა ეფექტი?- იშვიათად შესაძლოა განვითარდეს არასრული გაუტკივარება ან გაუტკივარება სხეულის ნახევარში. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს ანესთეზიოლოგს, რათა მან სათანადო ზომები მიიღოს.- რას გვეტყვით საკეისრო კვეთის შესახებ, რა სახის გაუტკივარება გამოიყენება ამ დროს? - ამჟამად საკეისრო კვეთისას იყენებენ როგორც ზოგად (ენდოტრაქეული ნარკოზი), ისე რეგიონულ (ეპიდურულ და სპინალურ)  გაუტკივარებას, თუმცა წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ანესთეზიის ეპიდურულ და სპინალურ მეთოდებს, რომლებიც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ გზას წარმოადგენს. - როდის კეთდება ენდოტრაქეული ნარკოზი და რა სირთულეები ახლავს ორსულებისთვის მის გამოყენებას?- ენდოტრაქეულ ნარკოზს უპირატესობა ენიჭება საკეისრო კვეთის ოპერაციისას, რომელიც კეთდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისსტრესი), კოაგულოპათიის (შედეგების დარღვევა), სისტემური ინფექციის ან დედის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის, პრეეკლამფსის ან ეკლამფსის დროს, როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება, ასევე - მაშინ, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე. მეანობაში ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება კუჭის შიგთავსის ასპირაციაა. სულ რაღაც 30 მლ კუჭის შიგთავსის ასპირაციამ შესაძლოა ფატალური პნევმონიტი (მენდელსონის სინდრომი) გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულებში ინტუბაცია შედარებით ჭირს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს სიმსუქნეც აღენიშნება.- საშიში ხომ არ არის ბავშვისთვის ზოგადი ნარკოზი?- ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზიის დონე საკმაოდ ზედაპირულია, რათა ნაყოფზე ანესთეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება გამოირიცხოს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ამ დროს პაციენტს ეღვიძება და ტკივილს შეიგრძნობს - ქალს უმეტესად არაფერი ახსოვს.- უსაფრთხოა თუ არა ორსულებისთვის გაუტკივარება სხვა სამედიცინო მანიპულაციების დროს? - ორსულობის მე-12 კვირის ჩათვლით, ვიდრე ნაყოფის ორგანოები არ ჩამოყალიბდება, არავითარი მედიკამენტური ჩარევა სასურველი არ არის. თუ აუცილებელი გახდა სამედიცინო მანიპულაცია,  რომელიც გაუტკივარებას მოითხოვს, უპირატესობა რეგიონულ ანესთეზიას ენიჭება. 12 კვირის შემდეგ, თუ ორსულის მდგომარეობა დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს, ნებისმიერი სახის გაუტკივარება დასაშვებია.- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.   
იხილეთ მსგავსი სიახლეები :