Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საშიშია თუ არა პრედნიზოლონი

საშიშია თუ არა პრედნიზოლონი



პაციენტთა უმრავლესობას, როდესაც ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობას უხსენებენ, ერთგვარი შიში ეუფლება. მართლა საშიშია თუ არა ეს პრეპარატები და როგორ უნდა მივიღოთ ისინი? გვესაუბრება რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რიმა ახვლედიანი. - ქალბატონო რიმა, რა პრეპარატია პრედნიზოლონი?- პრედნიზოლონი ძლიერი, უნივერსალური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. იგი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს. ამავე ჯგუფში შედის სხვა ცნობილი მედიკამენტები, მათ შორის - მეთიპრედი, მედროლი, დექსამეტაზონი, დიპროსპანი, ფლოსტერონი, ჰიდროკორტიზონი. მედიცინაში გლუკოკორტიკოსტეროიდების დანერგვა რევმატოლოგიის განვითარებას მოჰყვა. 1949 წელს, მსოფლიო პრაქტიკაში პირველად, გლუკოკორტიკოსტეროიდები სწორედ რევმატოლოგიაში გამოიყენეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული რევმატული დაავადების - რევმატოიდული ართრიტის - სამკურნალოდ და გასაოცარი კლინიკური ეფექტი მიიღეს. ამით დასაბამი მიეცა ანთებითი დაავადებების მკურნალობის ახალ ერას. მიუხედავად ფარმაკოლოგიის უდიდესი წარმატებისა, გლუკოკორტიკოსტეროიდები დღემდე რჩება ყველაზე ძლიერ და უნივერსალურ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებად. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მედიცინაში მათ ფართოდ იყენებენ, სახელდობრ, ყველა ანთებითი რევმატული დაავადების, ალერგიული და ჰემატოლოგიური, თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავის, თვალის, კანისა და სხვა დაავადებების, ასევე - ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. - ხალხი რატომღაც უფრთხის ჰორმონულ პრეპარატებს, განსაკუთრებით - პრედნიზოლონს. მართლა ასეთი საშიშია ეს მედიკამენტი?- ჰორმონული თერაპიის მიმართ ხალხში მართლაც არსებობს ერთგვარი შიში. ეს ყოველთვის იგრძნობა პაციენტთან საუბრისას. `ჰორმონი ხომ არ არის?“ – მეკითხებიან ხოლმე. ექიმმა აუცილებლად უნდა აუხსნას პაციენტს გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ცნობილია, რომ პრედნიზოლონს, ისევე როგორც სხვა ამ ჯგუფის პრეპარატებს, ახასიათებს არასასურველი თანამოვლენების წყება: წონის მომატება, გამონაყარი, თმიანობა, არტერიული წნევის მომატება, კუჭის გაღიზიანება და სხვა. ამიტომ პრედნიზოლონი ინიშნება მკაცრი ჩვენებით მაშინ, როცა სხვაგვარი მკურნალობა არ იქნება ეფექტური და დროის დაკარგვა არ ღირს, რადგან სხვა პრეპარატის უეფექტობის შესახებ უკვე ცნობილია. გლუკოკორტიკოსტეროიდებს ნიშნავს ექიმი, რომელიც აწონ-დაწონის პაციენტის მდგომარეობას, პრედნიზოლონის არასასურველი ეფექტების რისკს და შეადარებს მას დაავადების მოსალოდნელ შედეგებს. - როგორია პრედნიზოლონის დოზირების რეჟიმი?- გლუკოკორტიკოსტეროიდები ინიშნება როგორც ტაბლეტების, ისე საინექციო ფორმით კუნთებში ან ვენაში გასაკეთებლად, აგრეთვე - სახსარში შესაყვანად. პრედნიზოლონის თერაპიული დოზა სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვაა. შეიძლება დაინიშნოს მცირე დოზა - დღე-ღამეში 7.5მგ და ნაკლები, საშუალო - 7.5-30 მგ, ძალიან დიდი - 100მგ-ზე მეტი და პულსთერაპია - 250-1000 მგ დღე-ღამეში. ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდის გათვალისწინებით გლუკოკორტიკოსტეროიდებს 3 ჯგუფად ყოფენ: ხანმოკლე მოქმედების (ასეთია, მაგალითად, ჰიდროკორტიზონი), საშუალო ხანგრძლივობის (პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი) და ხანგრძლივი, პროლონგირებული მოქმედების (დიპროსპანი, კენალოგი, ფლოსტერონი) საშუალებებად. ზოგჯერ პაციენტი იღებს პროლონგირებულ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ყოველდღე ან კვირაში 2-ჯერ (მაგალითად, დიპროსპანს ან კენალოგს), რაც თერაპიული თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელია და ზრდის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. - განსაკუთრებულ მითითებებს თუ აძლევთ პაციენტებს ამ პრეპარატის დანიშვნის დროს კვებისა და ცხოვრების რეჟიმის თაობაზე?- პაციენტმა გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას აუცილებლად უნდა დაიცვას ნახშირწყლებით ღარიბი დიეტა, შეზღუდოს პური, ნამცხვარი, შაქარი. აგრეთვე უნდა შემცირდეს სუფრის მარილის, ცხარე და მჟავე საკვების მიღება. გლუკოკორტიკოსტეროიდები ყოველთვის ინიშნება კვების შემდეგ. - როგორი რეჟიმით უნდა მოხდეს პრაპარატის მოხსნა?- გლუკოკორტიკოსტეროიდების საწყისი დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა და შემდგომ - დოზის შემცირების ტემპი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმესა და ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე. სასურველი ეფექტის მიღების შემდეგ პრედნიზოლონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. დოზის შემცირების სქემა სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვაა და აუცილებლად ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისათვის, თანმხლები დაავადებების (მაგალითად, გასტრიტის, შაქრიანი დიაბეტის) გათვალისწინებით. - ახასიათებს თუ არა მოხსნის სინდრომი პრედნიზოლონს?- ზოგიერთი პაციენტი თვითნებურად, ექიმის რჩევა-დარიგების უგულებელყოფით დროზე ადრე წყვეტს პრეპარატის მიღებას. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით - შემაერთებელი სისტემური დაავადების დროს, დაავადება მწვავდება და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც კი ვითარდება. პრედნიზოლონის სწრაფი მოხსნის დროს შესაძლოა განვითარდეს ე. წ. მოხსნის სინდრომი. მისი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძალიან დაბალი წნევა, უმადობა, ღებინება, წონის კლება, სიცხის მომატება, სისხლში შაქრის დონის დაცემა და სხვა. ამავე დროს შესაძლოა განვითარდეს მძიმე მდგომარეობა, რომელიც სარეანიმაციო ღონისძიებებს მოითხოვს. გლუკოკორტიკოსტეროიდების მცირე და საშუალო დოზებით მკურნალობა არა უმეტეს სამი კვირის განმავლობაში არ გამოიწვევს მოხსნის სინდრომს, მაგრამ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა ჰორმონის მიმართ დამოკიდებულებას აყალიბებს, ამიტომ გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნა საჭიროა ძალიან ნელა, თანდათანობით, მაგალითად, კვირაში 2.5-5 მგ-ის მოკლებით. - რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს თან პრედნიზოლონით მკურნალობას და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან?- როგორც აღვნიშნეთ, არასასურველი გვერდითი ეფექტები უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს: ავადმყოფის მდგომარეობას, ასაკს, წამლის დოზას, მიღების ხანგრძლივობას. ამ ფაქტორების კვალობაზე, შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, კალიუმის ჭარბი გამოყოფა ორგანიზმიდან, მადის მომატება, კუჭისა და ნაწლავის წყლული, ეროზია, კანის გათხელება, ფერიმჭამელები, სტრიები, მიოპათიები, კალციუმის უარყოფითი ბალანსი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმიანობა, სისხლში გლუკოზის მომატება... პაციენტებს, რომლებიც ჰორმონოთერაპიაზე იმყოფებიან, უტარდებათ მკურნალობისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების მონიტორინგი. პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები: დროზე ადრე არ შეწყვიტოს წამლის მიღება, თვითნებურად არ შეამციროს დოზა, დაიცვას დიეტა. თუ გვერდითმა ეფექტებმა იჩინა თავი, მათი მკურნალობაც ექიმმა უნდა დანიშნოს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :