Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საინტერესო გასართობები

საინტერესო გასართობები



ბოლო დროს სათამაშოების მაღაზიებში ასაწყობი სურათები მომრავლდა. ეს თავსატეხები, რომელთა აწყობა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა, არათუ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით ჩაუსხდებიან ხოლმე. რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის ასეთი გასართობი, რამდენად უწყობს ხელს მის განვითარებას? თავდაპირველად მოგითხრობთ, საიდან იღებს სათავეს ეს სახალისო და მართლაც გონივრული გამოგონება. 1762 წელს ინგლისელმა გამომცემელმა ჯონ სპილბერგმა საზოგადოებას დაჭრილი გეოგრაფიული რუკა წარუდგინა. შავ-თეთრი გრავიურა ლიბანური კედრისა და წითელი ხის თხელ ფირფიტაზე დაეწებებინათ, მერე კი პატარა ფრაგმენტებად დაეხერხათ. სიახლე თვალის დახამხამებაში აიტაცეს. რაღა არ დაშალეს ნაწილებად: პორტრეტები, ისტორიული ბრძოლების ამსახველი ნახატები და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი სურათებიც კი. ახალი გასართობი მყიდველებს ძალიან მოსწონდათ, თუმცა იმხანად ყველას როდი შეეძლო მათი შეძენა. მერე კი, როცა მუყაო გამოიგონეს, თავსატეხებიც გაიაფდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. პირველი სურათიასაწყობი სურათის შეძენისას, უპირველეს ყოვლისა, იმაზე დაფიქრდით, შეესატყვისება თუ არა იგი თქვენი შვილის ასაკსა და განვითარებას. დღეს არჩევანი მართლაც დიდია. გაიხსენეთ, რომელი მულტფილმები უყვარს თქვენს პატარას ყველაზე მეტად - "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", "წითელქუდა", "მაუგლი"... ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ თავსატეხი მეტისმეტად იოლი გამოდგა, ბავშვი მას ხელსაც არ დააკარებს, მეტისმეტად რთულმა კი შეიძლება სულ მთლად დააკარგვინოს თამაშის ხალისი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებმა მექანიკურად კი არ შეაერთონ ფრაგმენტები, არამედ ლოგიკური კავშირი იპოვონ მათ შორის. მაგალითად, ასეთი: ციყვი და თხილი, ქათამი და კვერცხი... თავსატეხი თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ: აიღეთ მარტივი ნახატი, მუყაოზე დააწებეთ და სამ-ოთხ ნაწილად გაჭერით. 3-დან 5 წლამდე3 წლის ბავშვს უკვე შესწევს უნარი, უფრო რთული, 8-10 ფრაგმენტისგან შემდგარი სურათებიც ააწყოს. ამ ასაკის ბავშვს აინტერესებს არა მხოლოდ დეტალების ფორმა, არამედ თვით გამოსახულებაც. კიდევ ერთი: თავდაპირველად ნახატზე ერთი საგანი, მაგალითად, დათვი ან თოჯინა, უნდა ეხატოს, მერე და მერე კი ამოცანა თანდათანობით გაართულეთ, მიეცით ბავშვს თავსატეხები, რომლებიც უფრო მეტი ფრაგმენტისა და უფრო რთულსიუჟეტიანი გამოსახულებისგან შედგება. ერთი რამ გახსოვდეთ: ბავშვებს უყვართ ისეთი რამის კეთება, რაც იოლად გამოსდით. ეს მათ თავდაჯერებას მატებთ. ასე რომ, დე ააწყონ ერთი და იგივე სურათი, სანამ არ მოსწყინდებათ. მერე კი შეგიძლიათ ახალი თავსატეხი მისცეთ. მოგვიანებითბავშვმა, რომელიც უკვე მიჩვ­ეულია ფრაგმენტებისგან სურათების აწყობას, თქვენი დახმარებით შეიძლება უფრო რთული თავსატეხიც ამოხსნას, რომელიც 100 და მეტი ფრაგმენტისგან შედგება. თუ პატარა გონიერია და სწრაფად აზროვნებს, მარტო, მშობლის დაუხმარებლადაც აწყობს სურათს, მაგრამ მაინც აჯობებს, თავსატეხს ერთად გაუმკლავდეთ, ერთად განიხილოთ მისი სიუჟეტი, რათა ბავშვი ლოგიკურ მსჯელობას, რთული ამოცანების გააზრებას და ამოხსნას მიეჩვიოს. მშობლებთან ერთად კი ასეთი საქმიანობა უფრო სახალისოა - ბავშვი მეტად არის მოტივირებული, უხარია, როცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევა, ხოლო მშობლებისგან საქებარი სიტყვების გაგონება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავსატეხის აწყობა რამდენიმე მიზეზის გამოა სასარგებლო: არააგრესიული თამაშია; აფართოებს თვალსაწიერს; გამოუმუშავებს ბავშვს დაკვირვების უნარს - მისი აწყობისას ხომ უმცირესი დეტალების შემჩნევაა საჭირო; გამოუმუშავებს ჩვევას, აქეთ-იქით არ მიმოფანტოს ნივთები - სურათის ასაწყობად ხომ ყველა დეტალი აუცილებელია; ხვეწს ხელის მოძრაობას, რაც აუცილებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვის საერთო განვითარებისათვის; ხელს უწყო­ბს ხატოვანი აზროვნების განვითარებას; ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ავითარებს მოთმინების უნარს, ნებისყოფას, კონცენტრირების უნარს, ეს თვისებები კი პატარას სკოლაში ძალზე გამოადგება; მშობლებს საშუალებას მოგცემთ, დროულად შეამჩნიოთ, ხომ არ უჭირს თქვენს შვილს ფერებისა და ფორმების გარჩევა; ეს თამაში (განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალია) ავადმყოფობის დროს საოცრად ამშვიდებს ბავშვს და თვალის დახამხამებაში ავიწყებს ყელის ტკივილსა თუ სხვა უსიამოვნებებს; და, რა თქმა უნდა, თავსატეხი პირდაპირ მისწრებაა, როცა სამუშაო გაქვთ და გსურთ, შინ სიმშვიდე იყოს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :