Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ქვეყანაში ლეგიონერების სიმრავლეზე დაიჩივლა

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ქვეყანაში ლეგიონერების სიმრავლეზე დაიჩივლა

2014-07-02 13:20:00

ივნისის ტესტებზე უაღრესად ცუდად იასპარეზა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც ავსტრალიაში "ვოლაბებთან" სამი მატჩიდან სამივე წააგო. თუმცა, წაგებაც არის და წაგებაც. "ლე ბლომ" ფაქტობრივად, ყველა მატჩი უბრძოლველად დათმო.ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ თავისი გუნდის ფიასკო საფრანგეთის ჩემპიონატში მომრავლებული ლეგიონერებით ახსნა. მისი აზრით, უცხოელი მორაგბეების სიმრავლე ადგილობრივებს ზრდის საშუალებას უსპობს. თავად განსაჯეთ, საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ორასზე მეტი ლეგიონერი თამაშობს. ყველაზე მეტი ლეგიონერი სამხრეთ აფრიკას ჰყავს - 51. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა - 31. საფრანგეთის უძლიერეს კლუბებში 16 ქართველი მორაგბე თამაშობს და ამ მაჩვენებლით სამოასთან მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ვიყოფთ.სენტ-ანდრეს ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ქვეყნის ჩემპიონისა და "ჰაინეკენის თასის" ზედიზედ ორგზის გამარჯვებულის, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი. ცნობილია, რომ სანამ საფრანგეთის ნაკრებში დანიშნავდნენ სენტ-ანდრე სწორედ "ტულონს" მოძღვრავდა და ბურჯელალისგან დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა. ამჟამად, ვითარება შეცვლილია."ტულონმა" ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ უცხოელი რაგბის ვარსკვლავების წყალობით მიაღწია დიდ წარმატებებს. ბურჯელალმა სენტ-ანდრე სასტიკად გააკრიტიკა:"ვერ გამიგია, რა შუაშია უცხოელი მორაგბეების სიმრავლე. იმის ნაცვლად, რომ "ლე ბლოს" მწვრთნელმა თავის თავში ეძებოს პრობლემა, სრულიად აბსურდული მიზეზებით იმართლებს თავს. სამი წელიწადია სენტ-ანდრე ნაკრების მწვრთნელია და გუნდს სახეირო არაფერი დასტყობია.როგორ უნდა აიხსნას ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პირველხაზელის ნიკოლა მასის უაღრესად სუსტი თამაში - მან თითქმის ყველა შერკინება დათმო. ეს იმის ბრალია, რომ სამწვრთნელო პროცესი არასწორად მიმდინარეობს, არ არსებობს მზადების რაიმე მწყობრი სისტემა.სენტ-ანდრეს თუ ჰგონია, რომ მარცხი მისი ბრალი არ არის, მაშინ ის უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია ასე მოიქცეს".საფრანგეთის ლეგიონი1. სამხრეთი აფრიკა - 51, 2. ახალი ზელანდია - 31, 3. დიდი ბრიტანეთი და ირლანდია - 29, 4. ფიჯი - 20, 5. ავსტრალია - 17, 6. სამოა - 16, 7. საქართველო - 16, 8. ტონგა - 12, 9. არგენტინა - 11.სხვა ქვეყნები - 22.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :