Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

საბა კვირკველია 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელია!  - sportsmen.ge

საბა კვირკველია 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელია! - sportsmen.ge

2014-12-26 13:07:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი გუშინ რესტორან „ქალაქურში" შეაჯამა. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ნაკრები გუნდების თავკაცებმა საუკეთესოები ოთხ ნომინაციაში გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე სტუმრებმა - სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა, კლუბების მესვეურებმა - ნახეს ფილმი, რომელიც 2014 წელს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას ეხებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ სტუმრებს სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სიახლეები და 2015 წლის გეგმები გააცნო, რის შემდეგაც საუკეთესოები 4 ნომინაციაში გამოვლინდნენ. 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულზე წარდგენილნი იყვნენ ბელგიის „გენკის" თავდამსხმელი ლუკა ზარანდია, რუსთავის „მეტალურგის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და თბილისის „დინამოს" შემტევი შუახაზელი გიორგი პაპუნაშვილი. გამარჯვებული ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა - გიორგი პაპუნაშვილი! „ძალიან გახარებული ვარ! მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ აღიარებისთვის, ყველა დინამოელის მადლობელი ვარ - მათ გარეშე ეს გამარჯვება არ იქნებოდა", - განაცხადა 19 წლის დინამოელმა, რომელმაც 2014 წელს საქართველოს ჩემპიონის, თასის და სუპერთასის მფლობელის ტიტულები მოიპოვა, ამავდროულად, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერის წოდებისთვის ბელგიის „გენკის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, უკრაინის „დნიპროს" საყრდენი ნახევარმცველი, ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და რუსეთის „რუბინისა" და ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია იბრძოდნენ. წლის საუკეთესო ლეგიონერი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დააჯილდოვა - საბა კვირკველია. მესამე ნომინაცია იყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ამ წოდებისთვის ჯაბა დვალი (მან ახლახანს დატოვა „ზესტაფონი"), გორის „დილას" კაპიტანი ირაკლი მოდებაძე და „დინამოდან" ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ „ტარაგონაში" დეკემბრის მიწურულს გადასული ჩისკო მუნიოსი იბრძოდნენ. გამარჯვებული სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ფირცხალავამ გამოაცხადა: ჩისკო მუნიოსი! ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით ის ზედიზედ მესამედ გახდა ამ ნომინაციის გამარჯვებული. ჩისკოს არყოფნაში ჯილდო „დინამოს" მმართველმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ ჩაიბარა. და ბოლოს, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენი საფეხბურთო სამყაროს გადაწყვეტილება სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ამცნო სტუმრებს - საბა კვირკველია! „ძალიან ბედნიერი ვარ! გულახდილად გეტყვით, ერთ პრიზს ველოდი, მაგრამ ორს - ნამდვილად არა. ეს ჩემთვის დიდი აღიარებაა, დიდი პატივია და ვეცდები მომავალი წელი არანაკლებ კარგად ჩავატარო. მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ!" - განაცხადა სფფ-ს 2014 წლის საჯილდოების ტრიუმფატორმა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :