Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როგორ მოვუწესრიგოთ წნევა ორსულს

როგორ მოვუწესრიგოთ წნევა ორსულს



არსებობს რამდენიმე სტანდარტული პროცედურა, რომლებიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროს ორსულმა. არტერიული წნევის გაზომვა ერთ-ერთი მათგანია. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩვეულებრივ, არ შეინიშნება, თუმცა პირველ და მეორე ტრიმესტრებში მოსალოდნელია მისი დაქვეითება; ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უმძიმესი გართულება, პრეეკლამფსია, არტერიული წნევის მატებით მიმდინარეობს; გარდა ამისა, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, როდესაც წნევის მკვეთრ მომატებას პრაქტიკულად ყველა სისტემის დაზიანება ახლავს თან. წნევის გაზომვისას გასათვალისწინებელია, რომ ტონომეტრი მომატებულ წნევას აჩვენებს, თუ ორსულმა: წნევის გაზომვამდე დალია მაგარი ჩაი ან ყავა; მიიღო ძირტკბილას საფუძველზე დამზადებულ ი ელექსირი ან სხვა პრეპარატი; ინერვიულა, სწრაფად იარა, ავიდა კიბეზე. შესაძლოა, აპარატმა, პირიქით, დაქვეითებული წნევა აჩვენოს, თუ: მანჟეტი ცუდად იყო გაბერილი და მხრის არტერიაში სისხლის მიმოქცევა მთლიანად არ გადაიკეტა; მანჟეტიდან მეტისმეტად სწრაფად მოხდა ჰაერის გამოტუმბვა; წნევის გაზომვისას ორსული კი არ იჯდა, იწვა. როგორ უნდა მოვიქცეთ არტერიული წნევის ცვალებადობის დროს და როგორ მოვაწესრიგოთ წნევის მაჩვენებლები, ამის შესახებ მეან-გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი გვესაუბრება. - რა ხდება, როდესაც ორსულს არტერიული წნევა დაბალი აქვს?- ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნების გამო არტერიული წნევა შესაძლოა დაქვეითდეს. ამის გამო ქალი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის სისუსტეს, თავბრუხვევას, ძილიანობას, ჰაერის უკმარისობას, ყურების შუილს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მკვეთრია დილაობით. ორსულობის დროს არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება ბუნებრივი მოვლენაა და სულაც არ უშლის ხელს ორსულს ნორმალურ ცხოვრებაში, მაგრამ ზოგჯერ წნევა მკვეთრად ეცემა და სხვადასხვა უსიამოვნების მიზეზად იქცევა. მაგალითად, ჰიპოტენზია ამძიმებს ადრეულ ტოქსიკოზს - ხშირი პირღებინება ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს, რაც არტერიული წნევის კიდევ უფრო დაქვეითებას უწყობს ხელს. - რას უნდა ველოდეთ წნევის მკვეთრი დაქვეითებისას?- დაბალი არტერიული წნევის მქონე ორსულები უფრო ხშირად უჩივიან ადრეულ ტოქსიკოზს; არცთუ  იშვიათია მათ შორის ორსულობის მეორე ნახევრის ტოქსიკოზი; მოსალოდნელია ორსულობის სპონტანური შეწყვეტა - ალბათობა 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური წნევის ფონზე. არტერიული ჰიპოტენზია აფერხებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ნაყოფის ზრდას. საქმე ის არის, რომ არტერიული წნევის მკვეთრი დაცემისას ორსულის ორგანოები ცუდად მარაგდება სისხლით, ამიტომ ნაყოფიც საჭიროზე ნაკლებ ჟანგბადს იღებს. შესაძლოა, შეიქმნას ნაადრევი მშობიარობის საფრთხეც. ხშირია მშობიარობის თანმხლები პათოლოგიები, ზოგჯერ საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ჩატარებაც. ასე რომ, ორსულმა რეგულარულად უნდა იზომოს არტერიულ წნევა და მისი მკვეთრი დაქვეითებისას ექიმს მიმართოს. - როგორ მოვაწესრიგოთ წნევა არტერიული ჰიპოტენზიის დროს?- ექიმები მკურნალობის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სამკურნალო ფიზკულტურას. კარგია დილის ვარჯიში და წყლის პროცედურები: შხაპი, გრილი წყლის გადავლება, ფეხის კონტრასტული აბაზანები, ასევე - მატონიზებელი მასაჟი. ორსულს დღე-ღამეში, სულ ცოტა, 10-12 საათი უნდა ეძინოს. კარგია 1-2-საათიანი დღის ძილიც. არ ვარგა დიდხანს დგომა, ცხელი აბაზანა, დახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსული უნდა იკვებებოდეს სრულყოფილად, იღებდეს მრავალფეროვან, ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ საკვებს, თავს არიდებდეს მსუყე კერძებს - ისინი მხოლოდ წნევაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც აუარესებს. არასასურველია გვიანი ვახშამი. სასურველია, ორსულმა საკვები მიიღოს ხშირად (დღეში 4-6-ჯერ) და მცირე ულუფებით. კარგია მაგარი ჩაი, განსაკუთრებით - მწვანე, ოღონდ უნდა ვერიდოთ მის მიღებას საღამო ხანს - შესაძლოა, ძილი დაგვერღვეს. ორსულმა თავი უნდა არიდოს მედიკამენტების უნებართვო მიღებას, რადგან მათი უმეტესობა, ერთი შეხედვით უვნებელიც კი, ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არტერიული ჰიპოტენზიის მკურნალობისას ძალზე შედეგიანია ფიტოთერაპია. მატონიზებელი მოქმედება ახასიათებს პანტოკრინს, არალიის ნაყენს. ეფექტურია ასევე ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ჩინური ლიმონურა, ჟენ-შენი. აპილაკი სასარგებლოა ლოგინობის პერიოდში. იგი, გარდა იმისა, რომ არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ლაქტაციასაც. გახსოვდეთ: არტერიული ჰიპოტენზია, თუნდაც დეკომპენსირებული, ორსულობის შეწყვეტის ჩვენება არ არის, მაგრამ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ის სათანადო დარიგებას მისცემს ორსულს და ყველა პრობლემა მოგვარდება. - როგორ მოვიქცეთ, როცა არტერიული წნევა იმატებს?- ორსულობის მეორე ნახევარში არტერიულმა წნევამ შესაძლოა მოიმატოს. ამას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს. საქმე ის არის, რომ მომავალი დედის ორგანიზმში იქმნება სისხლის მიმოქცევის დამატებითი წრე და მოცირკულირე სისხლის მოცულობა 20 კვირის ვადაზე 500 მლ-ით იმატებს, 36-ე კვირისთვის კი 1000 მლ-ით. ეს ზრდის გულის დატვირთვას - იგი უფრო ხშირად იკუმშება, რადგან სისხლის დარტყმითი მოცულობა ჩვეულებრივზე 40-50%-ით მეტია. ორსულის პულსი მოსვენებისას წუთში 80-90 დარტყმას აღწევს. თუ ამ დროს არტერიული წნევა ნორმასთან შედარებით 10-15 მმ-ით არის მომატებული, საშიში არაფერია, მაგრამ თუ განსხვავება მეტია, ყურადღება გვმართებს - ეს ორსულთა მეორე ნახევრის ტოქსიკოზის ნიშანია. - რა საფრთხეს გვიქადის ორსულობისას მაღალი არტერიული წნევა?- ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია აღმოცენდება ორსულობის დროს და ქრება მშობიარობის შემდეგ. გამოყოფენ ორსულთა ტრანზიტორულ ანუ გარდამავალ ჰიპერტენზიას, პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას. ორსულთა ტრანზიტორული ჰიპერტენზიის დროს არტერიული წნევა არ აღემატება 150/100 მმ ვწყ. სვ-ს, თან არ ახლავს შარდში ცილის გაჩენა და შეშუპება. პრეეკლამფსია და ეკლამფსია ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ვითარდება. ყველაზე საყურადღებოა მძიმე პრეეკლამფსია და მისი უმძიმესი ფორმა - ეკლამფსია. ეკლამფსია დამძიმებული პრეეკლამფსიაა, რომელსაც ახასიათებს ფსიქოზური რეაქციები, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, პრეეკლამფსია კი მისი წინამორბედი მდგომარეობაა. დაავადების პათოგენეზი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა, თანამედროვე თვალთახედვით, მიზეზი ის არის, რომ გენეტიკური მიდრეკილებით გამოწვეული დარღვევების შედეგად მცირდება პლაცენტური სისხლის მიმოქცევა. პრეეკლამფსია პლაცენტის პათოლოგიაზე დედის საპასუხო რეაქციაა.  პლაცენტა, მოგეხსენებათ, მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ნაყოფის ფილტვების, თირკმელების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კანისა და სხვა ორგანოების ფუნქციას ასრულებს. მისი მეშვეობით ხორციელდება ნაყოფის სუნთქვა, კვება, ორგანიზმიდან წიდის გამოყოფა და სხვა. პრეეკლამფსიის დროს ირღვევა სისხლის მიმოქცევა პლაცენტასა და საშვილოსნოს შორის, რაც იწვევს სისხლძარღვების გენერალიზებულ შევიწროებას, ჟანგბადოვან შიმშილს - იშემიას - და თრომბოზს. სწორედ ამის გამო ირღვევა სასიცოცხლო ორგანოებისა და პლაცენტის ფუნქცია, ნაყოფი განიცდის ჰიპოქსიას,  ფერხდება მისი ზრდა-განვითარება და მძიმე შემთხვევაში მისი დაღუპვაც კია მოსალოდნელი. გარდა ამისა, პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, თირკმელებში, ღვიძლში და სხვა. დღეს დიდი ყურადღება ექცევა პრეეკლამფსიის ნაადრევ პროგნოზირებასა და პროფილაქტიკას. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე გამოყვეს რისკის ფაქტორები, რომელთა ფონზე მაღალია პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა. მათ მიეკუთვნება: ექსტრაგენიტალური (არაგინეკოლოგიური) პათოლოგიები, რომლებიც ხელსაყრელ ფონს ქმნის პრეეკლამფსიის განვითარებისთვის. თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ენდოკრინული პათოლოგიები (ცხიმოვანი ცვლის მოშლით მიმდინარე ენდოკრინოპათიები, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის კორტიკული შრის პათოლოგიები) ძირითად ფონს უქმნის მძიმე ფორმის პრეეკლამფსიას, თუმცა დადასტურებულ რისკფაქტორად სადღეისოდ მხოლოდ დიაბეტი მიიჩნევა. გენეტიკური ფონი, რომელიც პრეეკლამფსიის პროგნოზირებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იმ ქალთა 14-40%-ს, რომელთა დედებსაც პრეეკლამფსია აქვთ გადატანილი, ორსულობის დროს აგრეთვე უვითარდება ეს პათოლოგია. სოციალური ფაქტორები - პრეეკლამფსიის განვითარების სიხშირე და მიმდინარეობის სიმძიმე მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ ფაქტორებთან. ის უფრო ხშირია მჯდომარე პროფესიის მქონე ქალებსა და სტუდენტებში. არახელსაყრელი საწარმოო (ქიმიური, ფიზიკური და სხვა), კლიმატური და ეკოლოგიური ფაქტორები, მავნე ჩვევები (თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება), არასწორი კვება, შრომისა და დასვენების არასწორი რეჟიმი და ორსულობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ხელს უწყობს პრეეკლამფსის განვითარებას. გინეკოლოგიური პათოლოგიები. პრეეკლამფსია ხშირად ემართებათ ქალებს, რომელთა ანამნეზში არის მენსტრუალური ციკლის დარღვევები, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს მიომა, სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები და აბორტები. მაღალი რისკის ფაქტორებად მიიჩნევა მრავალწყლიანობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, დიდი ნაყოფი, ანემია, ჩვეული აბორტები, რეზუსშეუთავსებლობა და ადრეული ტოქსიკოზი. ასაკი. ქალის ასაკი იმ ფაქტორთაგანია, რომლებიც გავლენას ახდენს პრეეკლამფსიის განვითარებაზე, მიმდინარეობასა და შედეგზე. ეს პათოლოგიური მდგომარეობა უმეტესად მეტისმეტად ახალგაზრდა (19 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ (35 წელს გადაცილებულ) ორსულებს აღენიშნებათ. 40 წლიდან პრეეკლამფსიის ჩამოყალიბების ალბათობა ათჯერ იზრდება. ვარაუდობენ, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სისტემების შემგუებელი უნარის დაქვეითებით არის განპირობებული. პრეეკლამფსიის ერთ-ერთი რისკფაქტორია პირველი ორსულობა. - როგორ ვლინდება პრეეკლამფსია? - პრეეკლამფსიას ახასიათებს შემდეგი კლინიკური ტრიადა: არტერიული ჰიპერტენზია; პროტეინურია (შარდში ცილის გაჩენა); შეშუპება. პრეეკლამფსიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პროტეინურიის დადასტურება. - როდის შეიძლება, არტერიული წნევის მატება პრეეკლამფსიას მივაკუთვნოთ? - პრეეკლამფსიის დროს წნევა ორსულობის მე-20 კვირიდან იმატებს და აჭარბებს 140/90 მმ ვწყ. სვ-ს. ჰიპერტენზიად ითვლება სისტოლური წნევის მაჩვენებლის 30 მმ-ით, დიასტოლურის 15 მმ-ით ან ორივე მაჩვენებლის 30%-ით მომატება. - რატომ არის მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშანი შარდში ცილის გაჩენა?- ნორმალური შარდი ცილას არ შეიცავს. პრეეკლამფსიის დროს შარდში ცილის რაოდენობა დღე-ღამეში შესაძლოა 1-5 გრამი და მეტიც იყოს. - რას გვეტყვით შეშუპების შესახებ?- ორსულობის უკანასკნელ კვირებში ხშირია ქვედა კიდურების შეშუპება, რაც ნორმალურ მოვლენად ითვლება. იგი ქვედა ღრუ ვენაზე ზეწოლითა და ვენური შეგუბებით არის გამოწვეული. ამისგან განასხვავებენ სხეულის სხვა ნაწილებში - ზედა კიდურებზე, სახეზე ან მთელ სხეულზე - გაჩენილ შეშუპებას, რაც სერიოზული სიმპტომია და პრეეკლამფსიის ერთ-ერთ მახასიათებლად მიიჩნევა. ამ დროს შეშუპების წარმოშობა სისხლძარღვთა კედლის გამავლობის მატებითა და დაბალმოლეკულური ცილების ქსოვილებში გადასვლით არის გამოწვეული. შეშუპება მით მეტადაა გამოხატული, რაც უფრო ძლიერია სისხლძარღვთა კედლის დაზიანება. - რა განასხვავებს ერთმანეთისგან პრეეკლამფსიის მსუბუქ და მძიმე ფორმებს?- მსუბუქი პრეეკლამფსიის დროს არტერიული წნევა არ აღემატება 140/90 მმ ვწყ. სვ-ს; შარდში შეინიშნება ცილა. მძიმე პრეეკლამფსიის დროს სისტოლური არტერიული წნევა 160 მმ ვწყ. სვ-ს აღემატება, ხოლო დიასტოლური - 110 მმ ვწყ. სვ-ს; შარდში ცილა დღე-ღამეში 5 გ და მეტია; შარდის გამოყოფა მცირდება 400 მლ-მდე და მეტად. თუ ამ ყველაფრის ფონზე განვითარდა კრუნჩხვაც, საუბრობენ ეკლამფსიაზე, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლის მიმოქცევის მოშლა იწვევს.  გარდა ამისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად თან სდევს შემდეგი კლინიკური ნიშნები: თავის ტკივილი; მხედველობის გაუარესება; ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში; ცნობიერების შეცვლა; ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია; ტაქიკარდია; სუნთქვის გახშირება. - რით შეიძლება გართულდეს პრეეკლამფსია?- პრეეკლამფსია შეიძლება გართულდეს: ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლით; თრომბოემბოლიით; თირკმლის მწვავე უკმარისობით; ჰემოლიზური ანემიით; ჰეპატოცელულარული დარღვევით - ღვიძლის ფერმენტების მომატებით; HELLP (Hepatic Enzymes Elevated Low Platelet) სინდრომით - თრომბოციტების რაოდენობის შემცირებითა და ღვიძლის ფერმენტების მომატებით; ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლჩაქცევით; ეკლამფსიით, რომელიც გამოიხატება კრუნჩხვებით და/ან ეკლამფსიური კომით. - რა არის ეკლამფსია?- ეკლამფსია პრეეკლამფსიის უმძიმესი ფორმაა, რომელიც, ჩვეულებრივ, პრეეკლამფსიის ფონზე ვითარდება. ამ დროს პრეეკლამფსიის სიმპტომებს ემატება კრუნჩხვითი შეტევები, რომლებიც შეიძლება კომაში გადაიზარდოს. თუმცა არსებობს კრუნჩხვების გარეშე მიმდინარე ფორმაც, რომლის დროსაც ორსულს შეიძლება კომური მდგომარეობა განუვითარდეს. პროგნოზი ამ დროს არაკეთილსაიმედოა. - როგორ მკურნალობენ პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას?- პრეეკლამფსიის მართვის მთავარი მიზანია ორსულობის შეწყვეტამდე დედისა და ნაყოფის დაზიანების მაქსიმალური შემცირება. ორსულობის შეწყვეტა სრული განკურნების ერთადერთი გზაა. თუ პრეეკლამფსია მსუბუქად მიმდინარეობს, მისი მკურნალობა 3 დღის განმავლობაში სპეციალიზებულ ამბულატორიულ დაწესებულებაში - ქალთა კონსულტაციაში ტარდება. თუ ამ პერიოდში მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა, მკურნალობას აგრძელებენ III ან/და IV დონის სტაციონარის პირობებში. მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომ 48 საათის განმავლობაში. მძიმე პრეეკლამფსიის დროს კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის ხდება მაგნიუმის სულფატის ინტრავენური შეყვანა, გარდა ამისა, გამოიყენება ჰიპოტენზიური საშუალებები; მიმართვენ ორსულობის შეწყვეტას 34-ე კვირიდან. - რომელი ჰიპოტენზიური საშუალებები გამოიყენება პრეეკლამფსიის დროს?- დღეს ორსულობის ჰიპერტენზიული დარღვევების მკურნალობისთვის გამოიყენება 5 ძირითადი ჯგუფის პრეპარატები: ბეტა-ადრენობლოკატორები (ობზიდანი, ტენორმინი, ლეპრესოლი), კალციუმის ანტაგონისტები (ნიფედიპინი, ამლოდიპინი), ცენტრალური სიმპათომიმეტიკები (მოქსონიდინი, მეთილდოპა, კლონიდინი, გუანფაცინი), პერიფერიული ვაზოდილატატორები, კომბინირებული ალფა- (პრაზოზინი (პრატენონი)) და ბეტა-ბლოკატორები. ალფა-ადრენობლოკატორების. გამოიყენება ასევე ამ ხუთი ჯგუფის პრეპარატების კომბინაცია. - რა შემთხვევაშია ნაჩვენები ორსულობის შეწყვეტა?- სასწრაფო მშობიარობის ჩვენებებია: მძიმე პრეეკლემფსიის დროს უშედეგო მკურნალობა, რომელიც რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე გრძელდება; ეკლამფსიური სტატუსი; გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება; თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, თრომბოზი,  ცერებრალური ჰიპოქსია,  შეშუპება,  კომა; თვალის ბადურას შეშუპება და აშრევება; პლაცენტის ნაადრევი აშრევება; ნაყოფის ჰიპოქსიის ნიშნების გაძლიერება.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :