Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როგორ მოვუაროთ კანსა და ქვედა კიდურებს შაქრიანი დიაბეტის დროს

როგორ მოვუაროთ კანსა და ქვედა კიდურებს შაქრიანი დიაბეტის დროს



შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე და მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. პრობლემის მნიშვნელობა განპირობებულია არა მარტო შესაძლო გართულებათა სიმძიმით, არამედ მისი გავრცელებითაც. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. უახლესი პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის 7%-მდე დიაბეტით იქნება დაავადებული. შაქრიანი დიაბეტის დროს მკურნალობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულის მოვლასა და ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვას. შაქრიანი დიაბეტის ფატალური გართულებების თავიდან აცილების მთავარი გზა მისი ადეკვატური კომპენსაციაა, თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია რამდენიმე მარტივი წესის დაცვაც, რაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს, ხოლო ნახშირწყლოვანი ცვლის მოწესრიგება საგრძნობლად შეამცირებს ზოგიერთი გართულების განვითარების რისკს. რა მოსდის კანს შაქრიანი დიაბეტის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სწორი მოვლაშაქრიანი დიაბეტის დროს კანის დაზიანება საკმაოდ რთული პათოგენეზით მიმდინარეობს, თუმცა მისი საფუძველი ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევაა. შაქრის მაღალი დონე იწვევს უჯრედშიდა და გარე გაუწყლოებას, უჯრედის მემბრანის დესტაბილიზაციას და კანის, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების უჯრედთა ენერგეტიკული მეტაბოლიზმის რღვევას. ამის შედეგად ფერხდება ეპიდერმისის აღდგენა და დამცველობითი ცხიმოვანი აპკის ფორმირება, რაც ვლინდება კანის სიმშრალით, მისი ელასტიკურობის მკვეთრი დაქვეითებით და ჰიპერკერატოზით. შაქრიანი დიაბეტის დროს მეტაბოლიზმის დარღვევა უნივერსალურია. დიაბეტური ნეიროპათია, მიკრო- და მაკროანგიოპათია კანის დაზიანებას უფრო მეტად აღრმავებს. კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა და ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება, თავის მხრივ, სათავეს უდებს მძიმე გართულებებს: ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს, დიდხანს შეუხორცებელ წყლულებს, დიაბეტურ ტერფს და კიდურის განგრენასაც კი. ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს სჭირდებათ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები კანის რეგულარული მოვლისთვის.კანის მოვლაკანის მოვლა მისი გაწმენდით იწყება. ჩვეულებრივმა, ტუტე პH-ის მქონე საპონმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა, ეპიდერმისის დამცავი ლიპიდური შრის დარღვევა და კანის დაზიანება, ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ გამწმენდი საშუალებები, - თხევადი საპონი, შხაპის გელი და სხვა, - რომლებსაც ნეიტრალური პH აქვს. გასუფთავების შემდეგ კანის განსაკუთრებით მშრალ უბნებზე უნდა წავისვათ სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებები - ზეთი, რძე, კრემი. იდეალურია ბავშვთა ჰიგიენის საშუალებები. საყურადღებოა ხელების მოვლაც, განსაკუთრებით - მტევნებისა და იდაყვებისა. კრემი დღეში რამდენიმეჯერ უნდა წავისვათ. არსებობს სპეციალური საცხები, რომელთა ფორმულა დიაბეტის დროს კანის მდგომარეობის გათვალისწინებით არის შექმნილი. ვინაიდან დიაბეტის დროს კანის რეგენერაციის უნარი ირღვევა და ინფექციის შეჭრის ალბათობა იმატებს, კანის უმნიშვნელო დაზიანებაც კი (ნაკაწრი, ინექციის ადგილი, ანალიზისთვის სისხლის აღებისას ნაჩხვლეტი ადგილი) უმჯობესია დავამუშაოთ არა მარტო ჩვეულებრივი ანტისეპტიკით, არამედ ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული კრემითაც, რომელიც ხელს უწყობს შეხორცებას და აქვს ანტისეპტიკური ეფექტი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესიული და სპირტის შემცველი ანტისეპტიკების გამოყენება შაქრიანი დიაბეტის დროს არასასურველია. ანთების ნიშნების - სიწითლის, შეშუპების, მტკივნეულობის - გაჩენისას ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა ეჩვენოს ექიმს. II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ჭარბი წონა და სიმსუქნე. კანის მსხვილ ნაოჭებში და სარძევე ჯირკვლების ქვეშ გაჩენილი გამოყელვა დისკომფორტს იწვევს და ბაქტერიებისა და სოკოების განვითარებისთვის საუკეთესო ნიადაგს ქმნის, ამიტომ მსუქანმა პაციენტებმა, მას შემდეგ, რაც ზედმიწევნით გაისუფთავებენ ამ ადგილებს, უნდა დაიმუშაონ ისინი ტალკით ან წაისვან თუთიის ოქსიდის შემცველი სპეციალური კრემი, რომელიც კანს მაცერაციისა და ინფექციისგან იცავს. როგორ მოვუაროთ ფეხებსშაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა ტერფების დაზიანება. ამ დროს სხვებთან ერთად ცვლილებებს განიცდის ქვედა კიდურების სისხლძარღვები და ნერვებიც. ეს იწვევს ფეხების ტკივილს, ტემპერატურის, ტაქტილური და ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითებას, რაც ვლინდება ფეხების მწველი ტკივილით, უმეტესად - მოსვენებისას ან ღამით, დაბუჟებით, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით, მაღალი წნევის ზონებში კანის გარქოვანებით. ამის შედეგად ხდება ტერფების ტრავმირება და წყლულოვანი დეფექტები ყალიბდება. ზოგჯერ საქმე განგრენამდე და კიდურის ამპუტაციამდეც კი მიდის. ჯანმრთელი ფეხების შესანარჩუნებლად საჭიროა: სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება არანაკლებ ორ თვეში ერთხელ; რეგულარული გამოკვლევა დაწყებული გართულებების გამოსავლენად (ქვედა კიდურების ტკივილი, ვიბრაციული, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობის შეცვლა); ფეხების მოვლის წესების მკაცრი დაცვა; დაწყებული გართულებების დროული მკურნალობა; ფეხების ყოველდღიური მოვლა. პრაქტიკული რჩევები: ისეირნეთ ყოველდღე, სულ ცოტა, 30 წუთი. ფეხები ყოველდღე დაიბანეთ თბილი წყლით (წყლის ტემპერატურა - 30-დან 350ჩ-მდე). გამოიყენეთ თქვენი კანის შესაფერისი საპონი (რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით - თითებს შორის არსებული არეები, და ჩაიყარეთ ფხვნილი. ფეხების სიმშრალისა და ნახეთქების თავიდან ასაცილებლად ტერფებზე ყოველდღე წაისვით ნეიტრალური საცხი. ნუ წაისვამთ საცხს თითებს შორის. ყოველდღე დაითვალიერეთ ტერფები. თვითკონტროლისთვის მოიმარაგეთ მონოფილამენტი. ფრჩხილების ან კანის სოკოვანი დაზიანებისას (სიწითლე ან თეთრი ნადები) მიდით ექიმთან, რომელიც სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ. კანზე ნაპრალის, ნაკაწრის, ჭრილობის შემჩნევისას ასევე მიმართეთ ექიმს. ყოველდღე შეასრულეთ სისხლძარღვებისთვის განკუთვნილი წვივებისა და ტერფების ვარჯიში. იხმარეთ ბამბის თეთრი წინდები. შეიძლება მათი გამოხარშვა. მათზე ადვილი შესამჩნევია ჭრილობების (სისხლის ან ჩირქის) კვალი. წინდები ყოველდღე გამოიცვალეთ. ფრჩხილებისა და ქუსლების მოვლა: რეგულარულად მოიქლიბეთ ფეხის ფრჩხილები - ეს დაჭრაზე უსაფრთხოა. ფრჩხილის კუთხეებს ნუ დაიმოკლებთ - ფრჩხილები აღარ ჩაგიბრუნდებათ. გარქოვანებული კანი რეგულარულად დაიმუშავეთ პემზით. პემზა სამ თვეში ერთხელ მაინც ცვალეთ - მასში შესაძლოა სოკომ დაიბუდოს. მიკროტრავმის თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ კოჟრის საწებარა. როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი ფეხსაცმელი კარგად უნდა იყოს მორგებული. ჩაცმამდე ხელით შეამოწმეთ, ხომ არ არის მასში უცხო საგნები. ნუ შეიძენთ მაგარ ვიწრო ფეხსაცმელს. ნუ ჩაიცვამთ, თუ გიჭერთ. ფეხსაცმელი შეიძინეთ დღის ბოლოს, როცა ფეხები შეშუპებულია. ფეხების მგრძნობელობის დაქვეითებისას საყიდლებზე მუყაოს ჩასაფენით იარეთ. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, შეიძინეთ მოხერხებული და სეზონის შესაფერისი ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის თასმები ისე შეიკარით, რომ ერთმანეთის პარალელურად იყოს განლაგებული. ნუ დაჯდებით გამათბობლის ახლოს. ნუ ივლით ნურც შინ, ნურც გარეთ ფეხშიშველა და უწინდებოდ. კოჟრების და კორძების მოსაცილებლად არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები და პლასტირი. წინდებს ნაკერები გარეთ მოუქციეთ. უმჯობესია, საერთოდ უნაკერო შეიძინოთ. ტერფის დეფორმაციის შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ფეხსაცმლისა და ღრუბლოვანი საფენის - ღაბაშის გამოყენება. როდის მივმართოთ ექიმს? დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ ჭრილობა, ნაკაწრი ან ნაჩხვლეტი, ბებერა, კოჟრი, ნახეთქები, ტერფის დეფორმაცია, ტრავმა, სოკოვანი დაავადების ნიშნები.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :