Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როგორ და როდის აღმოვფხვრათ ტუჩისა და სასის ნაპრალი

როგორ და როდის აღმოვფხვრათ ტუჩისა და სასის ნაპრალი



ტუჩისა და სასის ნაპრალი ხალხში ცნობილია კურდღლის ტუჩისა და მგლის სასის სახელწოდებით. რა დეფექტთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა? გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სახისა და ყბების განვითარების თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. - ბატონო ზურაბ, რამდენად ხშირად გხვდებათ თქვენს პრაქტიკაში ბავშვები სასის და ტუჩის ნაპრალით?- ადამიანის განვითარების თანდაყოლილი მანკებიდან განსაკუთრებულად ხშირად გვხვდება ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალი. ამ პათოლოგიის წილად მოდის თავისა და კისრის თანდაყოლილი დაავადებების 75%-ზე მეტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა მონაცემებით, ყოველ 270-1700 ახალშობილზე ერთი ნაპრალიანი ბავშვი იბადება. საქართველოში ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის გავრცელება პირველად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ყბებისა და სასის განვითარების თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის ყბა-სახის ქირურგებმა შეისწავლეს. განვითარების ამ მანკის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 1000 ახალშობილზე 1.19-ს შეადგენს (ანუ 840 ცოცხლადშობილზე ნაპრალის მქონე 1 ბავშვი იბადება).- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს მანკი?- მონაცემები ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს. ნაპრალი ეგვიპტურ მუმიასაც კი აღმოუჩინეს. I-II საუკუნეებში ცელსიუსი და გალენუსი აღწერდნენ განვითარების ამ მანკს. ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალები პოლიგენურ მულტიფაქტორულ დაავადებებს განეკუთვნება. განვითარების ამგვარი მანკი შეიძლება გამოიწვიოს: ჩასახვისას დედის ან მამის არაფხიზელმა მდგომარეობამ (ალკოჰოლური სიმთვრალე, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედება); ნათესაურმა ქორწინებამ; ორსულობის დასაწყისში დედის მიერ გადატანილმა ვირუსულმა დაავადებამ; ძლიერმა ემოციურმა სტრესმა; გარემოს მავნე ზემოქმედებამ (შხამ-ქიმიკატები, რადიაცია); ორსულის არასრულფასოვანმა კვებამ და სხვა. ყურადსაღებია მემკვიდრეობითი განწყობაც. - აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ დეფექტის განვითარებისთვის ბავშვის სქესს?- თითქმის ყველა მკვლევრის მონაცემებით, ნაპრალის ორი ტიპი - ზედა ტუჩის იზოლირებული ნაპრალი და ზედა ტუჩისა და სასის კომბინირებული ნაპრალი - ვაჟებში გაცილებით ხშირად გვხვდება. მხოლოდ ერთი ტიპის ნაპრალი - სასის იზოლირებული ნაპრალი - აღენიშნებათ უმეტესად გოგონებს.- ტუჩისა და სასის ნაპრალი ყოველთვის შერწყმულია თუ იზოლირებულადაც ვითარდება?- აუცილებელია დაზუსტება: როდესაც საუბარია ტუჩის ნაპრალზე, როგორც წესი, იგულისხმება ზედა ტუჩის ნაპრალი. ქვედა ტუჩის ნაპრალი ძალზე იშვიათია და ასეთი შემთხვევები სპეციალურ ლიტერატურაში ცალკე აღიწერება. ნაპრალი შეიძლება შეგვხვდეს როგორც იზოლირებულად - ცალკე ზედა ტუჩის ან ცალკე სასის ნაპრალის სახით, ისე კომბინირებულადაც - ზედა ტუჩისა და სასისა ერთდროულად. ზედა ტუჩის იზოლირებული ნაპრალის, ზედა ტუჩისა და სასის კომბინირებული ნაპრალის და სასის იზოლირებული ნაპრალის გავრცელების ურთიერთთანაფარდობა დაახლოებით 1.0:1.7:1.0-ია. - შესაძლებელია თუ არა ამ დეფექტების ადრეული დაიგნოსტიკა?- თუ ადრეულ დიაგნოსტიკაში ვიგულისხმებთ ბავშვის ჩასახვამდე ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალის ალბათობის პროგნოზირებას, აქ გადამწყვეტი სიტყვა სამედიცინო-გენეტიკურ კონსულტაციას ეთქმის, მუცლად ყოფნისას კი - ექოსკოპიურ კვლევებს. ბავშვის დაბადების შემდეგ ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის ამა თუ იმ კლინიკურ-ანატომიური ფორმის ზუსტ დიაგნოსტიკას ბავშვთა ყბა-სახის ქირურგები ახდენენ. ბავშვზე დაკვირვებას და საოპერაციოდ მომზადებას ბავშვთა ყბა-სახის ქირურგთან ერთად ნეონოტოლოგი, პედიატრი და ანესთეზიოლოგი ახორციელებენ. - რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ამ დეფექტის არსებობისას?- განვითარების ამ მანკის სირთულე განპირობებულია არა მარტო ყბა-სახის მიდამოში არსებული ანატომიურ-ფუნქციური მოშლილობით, არამედ იმ პათოლოგიური პროცესებითაც, რომლებიც ვითარდება როგორც ანატომიურად ახლომდებარე, ასევე დაშორებულ ორგანოებსა და სისტემებში. ზედა ტუჩის ნაპრალის დროს ამა თუ იმ ხარისხით დარღვეულია ზედა ტუჩის ანატომიური მთლიანობა (ზედა ტუჩი დამოკლებულია, გაყოფილია 2 ან 3 ფრაგმენტად), აღინიშნება ცხვირის კანხრტილოვანი ნაწილის დეფორმაცია და სხვა.  სასის ნაპრალის დროს კი გაერთიანებულია პირისა და ცხვირის ღრუები, სასა გაყოფილია 2 ან 3 ფრაგმენტად. რბილი სასა მკვეთრად დამოკლებულია, გაფართოებულია ხახის შუა რგოლი. სასის ნაპრალის დროს შეუძლებელია ბავშვის ბუნებრივი გზით კვება - მას საწოვარათი კვებავენ. ბავშვი კვებისას ვერტიკალურად უჭირავთ. ჩვენ არ ვემხრობით ბოლო დროს სააფთიაქო ქსელში არსებული ასეთი ბავშვებისთვის საგანგებოდ მოდიფიცირებული საწოვარების გამოყენებას და მშობლებს ჩვეულებრივი საწოვარას გამოყენებას ვურჩევთ. გარდა ესთეტიკური და კვების პრობლემებისა, ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ სუნთქვის ფუნქციის დარღვევა, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, უპირველესად - სისხლის მიმოქცევის მცირე წრეზე. პირისა და ცხვირის ღრუების გაერთიანების გამო, მეტყველების პრობლემასთან ერთად, საყურადღებოა სასისა და ცხვირის ლორწოვანის ქრონიკული ანთებითი პროცესები და მათთან დაკავშირებული იმუნოლოგიური ცვლილებები, ასევე ლოკალური მიკროფლორის ზოგიერთი თვისება. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა მხოლოდ ინფექციის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, მხოლოდ მის მიმდინარეობასა და გამოსავალს კი არ განსაზღვრავს, არამედ პირობით პათოგენური მიკროფლორის აქტივაციით გამოწვეულ გართულებებსაც განაპირობებს; ეს მაშინ, როდესაც თავდაცვითი მექანიზმების ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში აღნიშნული მიკროფლორა, ჩვეულებრივ, არაპათოგენურია.- რა გზა არსებობს დეფექტის აღმოსაფხვრელად და რა ასაკში?- ზედა ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალის დროს ოპერაციული ჩარევა სასურველია ჩატარდეს 2-6 თვის ასაკში, თუმცა ოპერაციული ჩარევის ვადებს ყველა ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვადგენთ, მით უმეტეს, რომ ოპერაცია, ჰეილორინოპლასტიკა (ზედა ტუჩისა და ცხვირის პლასტიკა), წესისამებრ, ზოგადი გაუტკივარებით ხორციელდება და ოპერაციისთვის მზადყოფნის საკითხს ანესთეზიოლოგი წყვეტს.  სასის ნაპრალის შემთხვევაში საქმე გვაქვს ზედა ყბის ძვლების ზომების ჩამორჩენასთან. სასის პლასტიკა, როგორც საკმაოდ რთული და ტრავმული ოპერაცია, თავისთავადაც იწვევს ჩამორჩენილი ზედა ყბის ძვლების ზრდის შეფერხებას. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასის პლასტიკის ნაკლებად ტრავმული მეთოდების გამოყენებას. ჩვენ კვლევების შედეგად შევიმუშავეთ სასის პლასტიკის დამზოგველი მეთოდი. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგები ადრეულ ასაკში ამ მეთოდის გამოყენების რეკომენდაციის უფლებას გვაძლევს. ადრეულ ასაკში სასის პლასტიკა კი თავისთავად საუკეთესო საშუალებაა აღნიშნული ორგანოებისა და სისტემების ზემოთ აღნიშნული ფუნქციური დარღვევების პროფილაქტიკისთვის. სასის პლასტიკის საკითხი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. წესისამებრ, ოპერაციას 1-დან 2.5 წლამდე ვასრულებთ. ამ შემთხვევაში ბავშვები აღდგენილი რეზონატორული აპარატით იწყებენ მეტყველებას და ლოგოპედთან მეცადინეობა უმეტესად აღარ სჭირდებათ. დამზოგველი წესით ჩატარებული სასის ოპერაცია ნაკლებად იწვევს ზედა ყბის ზრდაში ჩამორჩენას, სახის შუა ზონის (ზედა ყბის მიდამოები) განუვითარებლობას და არასასურველ ესთეტიკურ ეფექტს, მაღალკვალიფიციური ორთოდონტიული მკურნალობა კი სასურველი შედეგის სტაბილური შენარჩუნების გარანტიაა. - როგორია პროგნოზი?- გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზი კეთილსაიმედოა. ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ღონისძიებების ადეკვატურად და რაციონალურად დაგეგმვისა და განხორციელებისას ხდება ასეთი ბავშვების სრული სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :