Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როდის მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან

როდის მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან



როდის უნდა მივიყვანოთ გოგონა გინეკოლოგთან? არ დაიჯერებთ და, თურმე რეგულარულად უნდა ვატაროთ, განურჩევლად იმისა, გვაქვს საამისო მიზეზი თუ არა. პედიატრი მანანა უბილავა სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება. - ხალხში ჯერ კიდევ ღრმად უდგას ფესვი აზრს, რომ ბავშვთა გინეკოლოგი მხოლოდ `ცუდი ყოფაქცევის~ გოგონებს სჭირდებათ - მათ, ვინც ნაადრევად დაიწყო სქესობრივი ცხოვრება და სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია სჭირს ან ვისაც არასასურველი ნაყოფისგან თავის დაღწევა უნდა. საბედნიეროდ, არსებობენ მშობლები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ზრდასრულ ასაკში გინეკოლოგიური პრობლემები თავიდან რომ ავიცილოთ, პატარაობიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი. - რას გულისხმობთ?- ახალშობილი გოგონას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, უწინარეს ყოვლისა, ჰიგიენური პროცედურების სწორად ჩატარებას გულისხმობს. ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას, განსაკუთრებით - ნაკეცებში, რათა სასქესო ორგანოების ახლოს ინფექციის კერები არ აღმოცენდეს. მნიშვნელოვანია, დროულად გამოუცვალოთ პატარას დაბინძურებული პამპერსი, ხშირად მიაღებინოთ ჰაერის აბაზანა, დღისით დროდადრო პამპერსის გარეშე დატოვოთ, რომ კანმა ისუნთქოს. პამპერსი ასაკისა და წონის მიხედვით შეარჩიეთ. როგორც ზომაზე პატარა, ასევე მეტისმეტად დიდი ერთნაირად საზიანოა. გოგონა ყოველდღე ჩაბანეთ სუფთა, გამდინარე თბილი წყლით წინიდან უკან, რათა უკანა გასავლიდან ბაქტერიები საშოში არ მოხვდნენ, 2-3 წლიდან კი დამოუკიდებლად ჩაბანას მიაჩვიეთ. თუ კანი განავლით არის დაბინძურებული, ხელით და გამდინარე წყლის ჭავლით უნდა მოაშოროთ და არა ღრუბლით. საპონს ხშირად ნუ გამოიყენებთ, რათა კანი და ლორწოვანი გარსები (საშოსი, საშვილოსნოსი) არ გამოშრეს (პატარების საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები პრაქტიკულად არ ფუნქციობს, ამიტომ არც სასქესო გზებიდან გამონადენი არსებობს). გამოშრობა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების პათოლოგიური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმებით ინფიცირებას. არც ის დაივიწყოთ, რომ პატარები მეტად არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, ამიტომ ინტიმური ადგილების ჰიგიენისთვის არომატიზატორების შემცველ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ. უმჯობესია ისარგებლოთ საბავშვო საშუალებებით, რომლებიც ჰიპოალერგიულია და რომელთა გამოყენება ახალშობილობის ასაკიდანვეა ნებადართული. ერიდეთ ასეპტიკური და ანტისეპტიკური საშუალებებით ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას - შესაძლოა, ამას მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცება (სინექია) და ატოპიური დერმატიტის გამწვავება მოჰყვეს. დაბანისას მშობელმა უნდა მოიხსნას სამკაული, ფრჩხილებიც დაჭრილი უნდა ჰქონდეს, რათა პატარას უნებლიეთ კანი არ დაუზიანოს. თუ გსურთ, ჰიგიენური პროცედურებისთვის სამკურნალო ბალახების ნაყენი გამოიყენოთ, წინასწარ შეუთანხმდით ექიმს. დაბანისა და ჩაბანის შემდეგ გოგონას სასქესო ორგანოებს ნუ გაუმშრალებთ - სუფთა, რბილი ქსოვილის საფენი ან პირსახოცი ნაზად მიადეთ და ასე შეაშრეთ წყალი. პირსახოცი გოგონას საკუთარი უნდა ჰქონდეს. ასევე, ყოველდღე უნდა გამოიცვალოს ქვედა საცვალი. - როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან?- პამპერსის გამოცვლის, დაბანის დროს პატარას ყურადღებით დაუთვალიერეთ შორისის მიდამო. ექიმთან მიიყვანეთ, თუ: შეამჩნიეთ კანის, გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის სიწითლე; შეამჩნიეთ გამონადენი, მეტადრე - უხვი, მოყვითალო, მომწვანო, მოყავისფრო; გოგონა ტირის მოშარდვამდე ან მოშარდვის შემდეგ; გარეთა სასქესო ორგანოებს უჩვეულო შესახედაობა აქვს; მშობლებს აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ქლამიდია, ურეა და მიკოპლაზმა, ტრიქომონა და სხვა). გოგონები გინეკოლოგთან ყველაზე ხშირად ვულვოვაგინიტის გამო მიჰყავთ. ეს არის საშოსა და მისი შესასვლელის ლორწოვანის ანთება, რომელიც ვლინდება კანისა და ლორწოვანის სიწითლით, გამონადენით, ქავილით, შარდვისას წვის შეგრძნებით. პატარა წრიალებს, ხშირად ტირის. ანთებითი პროცესის მიზეზად შესაძლოა იქცეს შორისის არეში არსებული ჩვეულებრივი მიკრობებიც და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაც, რომელიც პატარას მშობლებისგან გადაედება მუცლადყოფნის პერიოდში. როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა სუსტდება - ვირუსული ინფექციის, ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ალერგიული რეაქციის (გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი შესაძლოა ატოპიური დერმატიტის გამოვლინება იყოს), კბილების ამოჭრისა და ჩვეულებრივი ჰიგიენური რეჟიმის დარღვევის დროს - ეს მიკრობები ანთებით პროცესს იწვევს. - რა შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებას?- ანთებითი პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს - დროულად ვერ დაისვას დიაგნოზი ან არასწორად შეფასდეს მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცება - სინექია. შეერთებული ბაგეები საშოში შესასვლელს ნაწილობრივ ან სრულად ახშობს, ხშირად შარდვასაც კი ართულებს. სამწუხაროდ, სინექიის შემთხვევები ახალშობილებშიც შეინიშნება, ამიტომ დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს გოგონას შარდვას. ამისთვის დროდადრო პამპერსი უნდა შეუხსნას მას და ასე მოაშარდვინოს. სრული შეხორცების შემთხვევაში საჭიროა გინეკოლოგის სასწრაფო კონსულტაცია და მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობის შედეგად მცირე სასქესო ბაგეები იხსნება. თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. პატარა გოგონებში ასევე ხშირია შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ისინი ისე ცხადად გამოვლინდება, - მაღალი სიცხით, მუცლის ტკივილით, პირღებინებით და სხვა, - რომ ექიმის სასწრაფო ჩარევა ხდება აუცილებელი. წლამდე სხვა გინეკოლოგიურ დაავადებებსაც ვხვდებით, თუმცაღა იშვიათად - საკვერცხეების სიმსივნესა და კისტას (რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევით დიაგნოსტირდება), სარძევე ჯირკვლების გადიდებას, სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიებს. რა საფრთხეს უქადის ბავშვის ორგანიზმს ეს დაავადებები, ამის განსაზღვრა მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს. - რა საფრთხე ემუქრება გოგონას უფრო მოზრდილ ასაკში?- ერთი წლის შემდეგ სინექიები იშვიათია, 5 წლის ასაკიდან კი, წესისამებრ, აღარ წარმოიქმნება, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ვულვოვაგინიტი. მიწაში, ქვიშაში, შინაურ ცხოველთან თამაშის დროს (მეტადრე - თუ ცხოველი უსახლკარო ან მოუვლელია) ბავშვის ორგანიზმში იოლად ხვდება ჰელმინთები (ჭიები), ანალური ხვრელიდან კი ისინი შესაძლოა საშოში შეიჭრან. ბავშვური ცნობისმოყვარეობა გოგონებს ხშირად უბიძგებს, თავიანთი სხეულის შესწავლისას ყურში, ცხვირში, საშოში რამე შეიტენონ. მშობლები ამას ყოველთვის ვერ ამჩნევენ, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია უცხო სხეული დიდხანს დარჩეს გოგონას სხეულში და გამოიწვიოს საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. იშვიათია ნაადრევი სქესობრივი მომწიფება - გოგონას 8 წლამდე გამოაჩნდება მეორეული სასქესო ნიშნები: სარძევე ჯირკვლების გადიდება, იღლიის თმიანობა, თმიანობა ბოქვენის გარშემო, მენსტრუალური ციკლი. ასეთ დროს ბავშვთა გინეკოლოგთან ერთად აუცილებელია ენდოკრინოლოგთან მკურნალობაც. - რას ურჩევთ გოგონას დედას, როგორც პედიატრი?- ნუ შეაშინებთ ბავშვს ექიმით, კონსულტაციისთვის ხშირად იარეთ პოლიკლინიკაში. ნურც ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტს დაივიწყებთ, პირველად სიცოცხლის პირველივე წელს ესტუმრეთ, მერე - როდესაც გოგონას შეუსრულდება 3 და 5 წელი, დაბოლოს, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების პერიოდში - 11-დან 15 წლამდე. დაიხსომეთ: ყველა საეჭვო ნიშანი, რომელსაც შეამჩნევთ, გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :