Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

როდის მივცეთ ბავშვს რძე და მისი ნაწარმი



რძე ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი საკვებია. მიიჩნევა, რომ ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მეძუძური ქალებისთვის. ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები რესურსი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ. ენერგეტიკული ნივთიერებები ორგანიზმს საჭირო ენერგიით უზრუნველყოფს, ელასტიკური ნივთიერებები აუცილებელია უჯრედებისა და ქსოვილების შენებისთვის, ხოლო მარეგულირებელი ნივთიერებები ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ცხიმები და ნახშირწყლები, მეორეს - ცილები და მინერალური ნივთიერებები, მესამეს კი - მიკროელემენტები, ვიტამინები, ფერმენტები. ეს ყველაფერი რძესა და მის ნაწარმში უხვად მოიპოვება, ამიტომ ეს პროდუქტები შეუცვლელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. რძის სასარგებლო თვისებებსა და ნაკლოვანებებზე, მის გამოყენებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრი რუსუდან ჭელიძე გვესაუბრება.- სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. იგი შეიცავს ყველაფერს, რაც ბავშვს სჭირდება: ადვილად ასათვისებელ ცხიმებს, მაღალხარისხოვან ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, კალციუმს, ვიტამინებს. გარდა ამისა, ჩვილი დედის რძესთან ერთად იღებს იმუნოგლობულინებს, რომლებიც მას ინფექციებისგან იცავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დედის რძე ბუნებრივად ესადაგება ჩვილის მოთხოვნილებებს და მის კვალობაზე იცვლის შემადგენლობას, მაგალითად, ცხიმების, ლაქტოზისა და ცილების თანაფარდობის მხრივ.- სამწუხაროდ, ყველა ქალს არ შეუძლია, ჩვილს ძუძუ აწოვოს...- როდესაც ახალშობილი დედის რძეს მოკლებულია, თავისთავად ისმის კითხვა: რით ვკვებოთ იგი - ხელოვნური ნარევებით, დონორის რძით თუ ძროხის, თხის ან სხვა ძუძუმწოვრის რძით. ბევრს ძროხის რძე დედის რძის შემდეგ იდეალურ პროდუქტად მიაჩნია. ის მართლაც იდეალურია, მაგრამ ხბოსთვის და არა ახალშობილისთვის. საქმე ის არის, რომ ძროხის რძეში ცილა 3-ჯერ მეტია, ვიდრე ქალისაში და 2-ჯერ მეტი, ვიდრე ხელოვნურ საკვებ ნარევებში, ხოლო კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს 3-ჯერ მეტი ოდენობით შეიცავს. ზედმეტი ცილები და მინერალური ნივთიერებები ჩვილი ორგანიზმისთვის მძიმე ბალასტია, რომლის გამოც მოუმწიფებელ თირკმელებსა და გამომყოფ სისტემას 2-3-ჯერ მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა. ეს ერთი. მეორე - არსებობს ალერგიის განვითარების დიდი ალბათობა. ამერიკელმა ალერგოლოგებმა დაადგინეს, რომ იმ ჩვილებიდან, რომელთაც პირველ 3 თვეს ძროხის რძით კვებავდნენ, ყოველ მეოთხეს შემდგომში რძისა და მისი ნაწარმის მიმართ ალერგია განუვითარდა. ძროხის რძის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ მასში ძალიან ცოტაა რკინა, ამან კი შესაძლოა რკინადეფიციტურ ანემიამდე მიგვიყვანოს. - იქნებ თხის რძე სჯობია ძროხისას?- თხის რძე კვებითი ღირებულებით ძროხისას ჰგავს. მშობლების დაკვირვებით, იგი ალერგიულ რეაქციებს უფრო იშვიათად იწვევს, თუმცა მეცნიერული მონაცემები ამის თაობაზე არ გაგვაჩნია. თხის რძეში უფრო მეტია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა და ადვილად ასათვისებელი ცხიმები, მაგრამ აქვს ერთი დიდი ნაკლიც: მასში ცოტაა ფოლიუმის მჟავა, რომელიც ერითროციტების წარმოქმნისთვის რკინასავით აუცილებელია. ასე რომ, თუ პატარას დედის რძის ნაცვლად თხისას ვასმევთ, შესაძლოა, საქმე ფოლიუმდეფიციტურ ანემიამდე მივიდეს.- მაშ, რითი ვკვებოთ ჩვილი, როდესაც დედას რძე არ აქვს?- პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ხელოვნური ადაპტირებული ნარევებით. ისინი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს, რკინას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია სისხლის ფორმირებისა და გონებრივი განვითარებისთვის, კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლების ფორმირებისთვის, იოდს, ურომლისოდაც ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, და სასიცოცხლოდ აუცილებელ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს.- როდის მივცეთ ბავშვს ძროხის რძე და მისი ნაწარმი?- ძროხის რძე და მისი პროდუქტები მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ისინი წარმოადგენს კალციუმისა და ბ2 ვიტამინის, ცილებისა და ადვილად ასათვისებელი ცხიმების წყაროს, რომელთა საკმარისი ოდენობით მიღება ძვალკუნთოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ნორმალური მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. რძის მოხმარების თაობაზე არსებობს რამდენიმე მითითება:ნუ მისცემთ წლამდე ასაკის ბავშვებს ძროხის რძეს. კვებეთ ძუძუთი ან რძის ნარევებით.1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს მიეცით მხოლოდ მოუხდელი რძე.მოხდილი, უცხიმო რძე მიეცით მხოლოდ 2 წლის შემდეგ.1,5-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს მოხდილი რძე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ ასვათ, თუ დღეში 1,5 ლიტრს მაინც მიიღებს.1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რძის დღიური ნორმაა 0,7ლ (700მლ).უნდა შეგეძლოთ, დროულად ამოიცნოთ ალერგიის ან რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობის პირველი სიმპტომები.- იქნებ რძის აუტანლობაზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...- რძისა და მისი პროდუქტების აუტანლობა ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობას უკავშირდება. რძის შაქარი ლაქტოზა ნაწლავებში სწორედ ამ ფერმენტის ზემოქმედებით იშლება. განასხვავებენ ლაქტაზის უკმარი-სობის ორ კლინიკურ ფორმას: ჰიპოლაქტაზიას, როდესაც ფერმენტის აქტივობა ნაწილობრივ არის დაქვეითებული და ალაქტაზიას, როცა ფერმენტი აბსოლუტურად არ არის აქტიური. დაუშლელი რძის შაქარი ნაწლავებში ბაქტერიულ დუღილს განიცდის, რაც იწვევს მეტეორიზმს, აირების დაგროვებას, დისპეფსიურ მოვლენებს (კუჭის აშლილობას), პირღებინებას, უმადობას, ამას კი წონაში ჩამორჩენა და საბოლოოდ ჰიპოტროფია მოსდევს. ლაქტაზის უკმარისობის მკურნალობის მთავარი მეთოდია რძისა და რძის პროდუქტების სრული (ალაქტაზიის დროს) ან ნაწილობრივი (ჰიპოლაქტაზიის დროს) ამოღება ბავშვის რაციონიდან. სიცოცხლის პირველ 5-6 თვეს არასასურველია დედის რძე, ასევე - ძროხის რძეზე დამზადებული ხელოვნური საკვები ნარევები. მათ ნაცვლად ჩვილს სოიის რძეზე ან პროტეინჰიდროლი-ზაციის საფუძველზე დამზადებული სპეციალიზებული ნარევები უნდა მივცეთ. 5-6 თვიდან ბავშვის რაციონში შედის დამატებითი საკვები. მას პირადი პედიატრი ინდივიდუალურად შეურჩევს თქვენს პატარას.- თუ ბავშვი ჯანმრთელია, რძის რომელი პროდუქტები მივცეთ დამატებით საკვებად?- ჯანმრთელ ბავშვს თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ საბავშვო რძე, რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო.საბავშვო რძე სტერილიზებულია, გამდიდრებულია ა და ც ვიტამინებით, ლაქტულოზით, მიკროელემე-ნტებით, საკვები უჯრედისით. ლაქტულოზა ნაწლავთა პერისტალტიკის სტიმულაციისთვის, ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების ზრდისთვის აუცილებელი პრებიოტიკია. რძე, რომელსაც ლაქტულოზა აქვს დამატებული, ახდენს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას.მინდა, საგანგებოდ შევჩერდე რძემჟავა პროდუქტებზე - მაწონზე, იოგურტზე, კეფირზე. ჩვილის რაციონში მათი შეტანა სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც უნარი შესწევთ, დათრგუნონ ნაწლავის პათოლოგიური მიკროფლორა. რძემჟავა პროდუქტები და ნარევები მეტად მარგებელია ნაწლავური ინფექციების დროს - გარდა ზემოხსენებული თვისებისა, ისინი გამოიმუშავებენ სპეციალურ ანტიბიოტიკს, ასტიმულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს. დაბოლოს, რძემჟავა პროდუქტები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალურ მოტორიკას. ლაქტაზის უკმარისობის მქონე ბავშვები რძემჟავა პროდუქტებს გაცილებით უკეთ იტანენ, ვიდრე რძეს. ეს იმით აიხსნება, რომ რძემჟავა მიკროორგა-ნიზმების ფერმენტები ნაწილობრივ შლიან რძის შაქარს - ლაქტოზას, თანაც ფერმენტი ლაქტაზა თვით ამ პროდუქტებშიც (მაგალითად, იოგურტში) მოიპოვება. ახლახან უცხოელი მკვლევარების ყურადღება მიიპყრო რძემჟავა პროდუქტების კიდევ ერთმა საოცარმა თვისებამ - აღმოჩნდა, რომ მათ ძალუძთ, შეამცირონ ავთვისებიანი წარმონაქმნების, კერძოდ, მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი. მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, რძემჟავა პროდუქტები დამატებითი საკვებია. ისინი დედის რძეს ვერ შეცვლის. სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძის შემცვლელად რძემჟავა ნარევები გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ: 6 თვემდე ასაკის ჩვილის რაციონში არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტების შეტანამ შესაძლოა გამოიწვიოს აზოტური ცვლისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილების რაციონში არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტების შეტანა მხოლოდ 8 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი. ხაჭოს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ის ცილების, კალციუმის, ბ2 ვიტამინის მდიდარი წყაროა. უმჯობესია, ბავშვის რაციონში მისი ჩართვის თაობაზე თქვენს პედიატრს მოეთათბიროთ, საზოგადოდ კი მას 6 თვიდან აძლევენ, თავდაპირველად - დღეში 30 გრამს, 7-8 თვის ასაკში - 40 გრამს, 9 თვის შემდეგ კი - 50-ს.- როგორ მოვიქცეთ, თუ პატარამ რძის დალევა არ მოისურვა? საიდან მიიღოს ორგანიზმმა აუცილებელი კალციუმი?- თუ ბავშვს რძე არ უყვარს ან მასზე ალერგია აქვს, კალციუმის მარაგის შესავსებად შეგიძლიათ სხვა საკვები მისცეთ. რძისა და მისი ნაწარმის გარდა კალციუმს შეიცავს თევზი (სარდინი, ორაგული), ბოსტნეული, პარკოსნები, ხილი. ასე რომ, თუ ბავშვს სრულფასოვანი რაციონი აქვს, კალციუმის დეფიციტი არ ემუქრება. რძემ თქვენს შვილს მხოლოდ სარგებლობა რომ მოუტანოს, მჭიდრო კონტაქტი გქონდეთ პედიატრთან, რაციონში ყოველი ახალი პროდუქტი მხოლოდ მასთან შეთანხმებით ჩართეთ.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :