Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რეჰიდრატაცია და დეჰიდრატაცია



ორგანიზმის რეჰიდრატაცია სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის აღდგენასა და შენარჩუნებას სისხლის ან სხვა ფიზიოლოგიური სითხის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დანაკარგის დროს. ეს ყოველივე ინფუზიური თერაპიის საშუალებით ხორციელდება. ინფუზიური თერაპიაინფუზიური თერაპიის დროს ორგანიზმის მიერ სითხის დანაკარგის საკორექციოდ სისხლის ნაკადში სხვადასხვა მოცულობისა და კონცენტრაციის ხსნარები შეჰყავთ. უფრო მარტივად, ეს არის  ორგანიზმის უჯრედშიდა და უჯრედშორისი სითხის მოცულობისა და შედგენილობის აღდგენა პარენტერული გზით ანუ კუჭ-ნაწლავის გვერდის ავლით. პირველად ინფუზია მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ინგლისელმმა ექიმმა ტ. ლატმა განახორციელა. მან ქოლერით დაავადებულს ვენაში სოდის წყალხსნარი შეუყვანა. ინფუზიის ოფიციალურ დაბადების დღედ 1881 წლის 10 ივლისია მიჩნეული. ამჟამად ინფუზიური თერაპია რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: ვოლუმკორექცია - ტარდება სისხლის დაკარგვისას, რათა დროულად მოხდეს მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და შედგენილობის ნორმალიზება; ჰემორეოკორექცია - მიზნად ისახავს სისხლის ჰომეოსტატიკური და რეოლოგიური თვისებების ნორმალიზებას; ინფუზიური რეჰიდრატაცია - მას მაშინ მიმართავენ, როდესაც კლინიკური დეჰიდრატაციის დროს საჭიროა სისხლის ნორმალური მიკრო და მაკროცირკულაციის აღდგენა; მოცულობითი მაკორეგირებელი ინფუზია - ასეთ დროს სისხლის შემცვლელი კომპონენტების ორგანიზმში შეყვანით პირდაპირ ხდება ზემოქმედება ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე; ინფუზიური დეზინტოქსიკაცია - მეტად მნიშვნელოვანი მანიპულაციაა ორგანიზმის ინტოქსიკაციის დროს ტოქსინების მოქმედების გასანეიტრალებლად;  ინფუზია ხორციელდება აგრეთვე ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის აღდგენის მიზნით. ყველაზე ხშირად გამოყენებადი საინფუზიო ხსნარებიამინოკაპრონმჟავათვისებები: ამინოკაპრონმჟავას აქვს კარგად გამოხატული სისხლის შემდედებელი და ანტიალერგიული ეფექტი. იგი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. შიდავენური გადასხმისას მისი მოქმედება 15-20 წუთის შემდეგ ვლინდება. გამოიყენება: საზოგადოდ, სისხლდენის, კერძოდ კი თავისა და ზურგის ტვინზე, ფილტვებზე, გულზე, სისხლძარღვებზე, ფარისებრ და კუჭქვეშა ჯირკვალზე განხორციელებული ქირურგიული ოპერაციის დროს დაწყებული სისხლდენის შესაჩერებლად; იმ დაავადებათა მკურნალობისას, რომლებსაც თან ახლავს ჰემორაგიული სინდრომი: პლაცენტის ნაადრევი აშრევება, საშვილოსნოში მკვდარი ნაყოფის შეყოვნება, გაძნელებული აბორტი; დაკონსერვებული სისხლის მასიური გადასხმის დროს. ორგანიზმის რეჰიდრატაცია სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის აღდგენასა და შენარჩუნებას სითხის ან სხვა ფიზიოლოგიური სითხის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დანაკარგის დროს. ეს ყოველივე ინფუზიური თერაპიის საშუალებით ხორციელდება.  უკუნაჩვენებია: პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის, თრომბოზისა და თრომბოემბოლიური დაავადებებისადმი მიდრეკილების, გულის, სისხლდენისა და თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში. საინექციო წყალისაინექციო წყალი გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებათა გამხსნელად, რომელთა კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანაა აუცილებელი. საინექციო წყალი გამხსნელად არ გამოდგება იმ პრეპარატებისთვის, რომელთა გამხსნელადაც რომელიმე სხვა ნივთიერებაა მინიშნებული. ჰემოდეზითვისებები: მას კარგად გამოხატული დეზინტოქსიკაციური თვისებები აქვს, რაც განპირობებულია იმით, რომ პრეპარატის დაბალმოლეკულურ ნაერთებს უნარი შესწევთ, შებოჭონ სისხლში მოცირკულირე ტოქსინები და სწრაფად გამოაძევონ ორგანიზმიდან. ჰემოდეზი აძლიერებს თირკმელში სისხლის მიმოქცევას და შარდვას. იგი არ ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესში და სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად. გამოიყენება: დეზინტოქსიკაციური თერაპიის დროს მწვავე ნაწლავური ინფექციების (დიზენტერია, სალმონელოზი), პერიტონიტის (პოსტოპერაციულ პერიოდში), ღვიძლის იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებსაც ღვიძლისმიერი უკმარისობა ახლავს თან, დამწვრობის, სეფსისის, ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების, ახალშობილთა ტოქსემიის დროს. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ასაკის მიხედვით განისაზღვრება: წლამდე ასაკის პატარებისთვის 50 მლ-ს შეადგენს, 2-დან 5 წლამდე - 70 მლ-ს, 6-დან 9 წლამდე - 100 მლ-ს, 10-დან 15 წლამდე - 200 მლ-ს, მოზრდილებისთვის - 400 მლ-ს. პრეპარატი იწვევს გვერდით მოვლენებს: არტერიული წნევის მატებას, ტაქიკარდიას, სუნთქვის გაძნელებას, იშვიათად - ანაფილაქსიურ შოკსაც კი, ამიტომ მისი გადასხმა მხოლოდ სტაციონარულ პირობებში უნდა მოხდეს. უკუჩვენებები: ჰემოდეზის გადასხმა არ შეიძლება ჰემორაგიული ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისა და პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. გლუკოზა  - 5%-იანი, 10%-იანი, 20%-იანი, 40%-იანითვისებები: ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა რგოლზე აქტიური ზემოქმედებით იგი რამდენიმე მიმართულებით ახდენს გავლენას ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე, აძლიერებს ღვიძლის ანტიოქსიდანტურ ფუნქციას. გლუკოზის 5%-იანი ხსნარი ადვილად ასათვისებელი საკვები ნივთიერებაა, აქვს კარგად გამოხატული დეტოქსიკაციური ეფექტი, მაშინ როდესაც გლუკოზის 10, 20, 40-იანი ხსნარები აძლიერებს ოსმოსურ წნევას, გულის შეკუმშვათა რაოდენობას, აფართოებს სისხლძარღვებს. ხსნარები ადვილად იდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად. გამოიყენება: ჰიპოგლიკემიის, ნახშირწყლოვანი კვების უკმარისობის, ტოქსიკოინფექციების, ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული ინტოქსიკაციის (ჰეპატიტი, ღვიძლისმიერი უკმარისობა, ღვიძლის ატროფია და დისტროფია), ჰემორაგიული დიათეზის, დეჰიდრატაციის (ღებინება, დიარეა, პოსტოპერაციული პერიოდი), კოლაფსის, შოკის დროს. უკუნაჩვენებია:  ჰიპერგლიკემიის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერლაქტაციდემიის, გლუკოზის ათვისების პოსტოპერაციული დარღვევის, ისეთი ცირკულაციური დარღვევების შემთხვევაში, რომლებმაც შესაძლოა ტვინისა და ფილტვების შეშუპება ან მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა გამოიწვიოს. ნატრიუმის ქლორიდი, ფიზიოლოგიური ხსნარი 0,9%თვისებები: ნატრიუმისა და ქლორის იონები უჯრედშორისი სითხის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომლებიც სისხლის პლაზმასა და ქსოვილოვან სითხეში საჭირო ოსმოსურ წნევას ინარჩუნებს. ფიზიოლოგიური ხსნარი ავსებს დეჰიდრატაციის დროს ორგანიზმში სითხის დეფიციტს. გამოიყენება:  სხვადასხვა ტიპის დეჰიდრატაციის დროს, სისხლის პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად ქირურგიული ოპერაციის დროს და მის შემდეგ, კარგი გამხსნელია, ავსებს სისხლში ნატრიუმისა და ქლორის იონების დეფიციტს ხანგრძლივი ღებინების, დიარეის, დამწვრობის, კუჭის ფისტულის, ფილტვისმიერი და ნაწლავური სისხლდენის შემდეგ. ოფთალმოლოგიაში გამოიყენება რქოვანას ანთებითი და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ. უკუნაჩვენებია:  ჰიპერნატრიემიის,  ჰიპერჰიდრატაციული მდგომარეობის, ფილტვებისა და ტვინის შეშუპების საშიშროების შემთხვევაში. დიდი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დაქვეითებისას, ვინაიდან დიდი ოდენობით ხსნარის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის გაძლიერება. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციისა და დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის მოცულობის კონტროლი. რეამბერინი 1,5%თვისებები: აქვს ანტიჰიპოქსიური და ანტიოქსიდანტური თვისებები, აძლიერებს უჯრედში სუნთქვით პროცესებს, ამცირებს თავისუფალ რადიკალთა წარმოქმნას და აღადგენს უჯრედის ენერგეტიკულ პოტენციალს. აძლიერებს ცხიმოვანი მჟავებისა და გლუკოზის უჯრედების მიერ ათვისებას, აწესრიგებს მჟავატუტოვან ბალანს და სისხლის აიროვან შემადგენლობას, აქვს ზომიერად გამოხატული შარდმდენი თვისება. გამოიყენება როგორც ანტიჰიპოქსიური და დეზინტოქსიკაციური საშუალება მწვავე ინტოქსიკაციისას ბავშვებსა და მოზრდილებში. რეამბერინით მკურნალობის ვადა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე, თუმცა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 11 დღეს. უკუნაჩვენებია: ქალა-ტვინის ისეთი ტრავმების შემდეგ, რომლებსაც თან სდევს ტვინის შეშუპება. ასევე - თირკმელების ფუნქციის მოშლის, ორსულობის, ლაქტაციის, პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს. რინგერის ხსნარითვისებები: შეიცავს ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის მარილთა ხსნარებს. აქვს საკმაოდ მცირე მოლეკულური მასა, რის გამოც ადვილად გაივლის კაპილართა კედლებს. შემადგენლობით უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი. რინგერის მნიშვნელოვანი თვისებაა სისხლის რეოლოგიური თვისებების  გაუმჯობესება, მიკროცირკულაციის ნორმალიზაცია. გამოიყენება: ზოგიერთი ფორმის წყალმარილოვანი ბალანსის საკორექციოდ, ტრავმით, ოპერაციითა და დამწვობით გამოწვეული შოკის დროს, სისხლდენისას; ხშირად იყენებენ დეზინტოქსიკაციურ საშუალებად. უკუნაჩვენებია: ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც მოსალოდნელია თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება, კორტიკოსტეროიდული საშუალებების დიდი დოზებით მკურნალობისას, თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევისას. დეჰიდრატაციაორგანიზმის დეჰიდრატაცია დიურეტიკების საშუალებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ორგანიზმში შეყოვნებული ჭარბი სითხის დროულ გამოდევნას. დიურეტიკები სხვადასხვა ქიმიური სტრუქტურის მქონე ნაერთებია, რომლებიც აძლიერებენ შარდის წარმოქმნას და ასე ამცირებენ ქსოვილებსა და სეროზულ ღრუებში სითხის შემცველობას. დიურეტიკები უმთავრესად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების შეშუპებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ. დიურეტიკების კლასიფიკაციადიურეტიკები ორ ძირითად ჯგუფად ერთიანდება: რენული ტიპისა, ანუ ისეთები, რომლებიც პირდაპირ თირკმელებზე მოქმედებს და ექსტრარენული ტიპისა - ისინი შარდმდენ ეფექტს თირკმელების გვერდის ავლით, სხვა ორგანოთა სისტემებზე ზემოქმედებით აღწევენ. რენული ტიპის შარდმდენებია: მერკუზალი, ნოვურიტი, დიაკარბი, დირანიდი, დიქლორთიაზიდი, ჰიპოთიაზიდი, ფუროსემიდი, ლაზიქსი, ურეგიტი, ტრიამტერენი, ალდაქტონი, ვეროშპირონი. ექსტრარენული ტიპის შარდმდენებია: კალიუმის აცეტატი, მანიტოლი, ორთოსიფონი, ამონიუმის ქლორიდი. მოქმედების ძალის, ეფექტის სისწრაფისა და მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით დიურეტიკებს 5 ჯგუფად ყოფენ. I. მძლავრი, ანუ ძლიერ მოქმედი დიურეტიკები - ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა, ურეგიტი. მათი მიღების შემდეგ ეფექტი 1 საათის განმავლობაში ხდება თვალსაჩინო და 4-8 საათს გრძელდება, ინტრავენური შეყვანისას კი 3-5 წუთის შემდეგ იწყება და 30 წუთში მაქსიმუმს აღწევს. გაძლიერებული შარდვა 1,5-3 საათს გრძელდება. გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია ჰიპოკალიემია, რომელიც ვლინდება კუნთების სისუსტით, კუჭის შეკრულობით და გულის მუშაობის რიტმის დარღვევით.II. საშუალო ძალის დიურეტიკები - ესენია თიაზიდური დიურეტიკები, დიქლორთიაზიდი, პოლითიაზიდი. მათი მიღებისას ეფექტი ერთი საათის შემდეგ იწყება და 10-12 საათს გრძელდება, არ იწვევს გამოხატულ მჟავატუტოვან ცვლილებებს, თუმცა აქვს უარყოფითი მხარეებიც - იწვევს ძლიერ ჰიპოკალიემიას და ჰიპომაგნიემიას, აყოვნებს ორგანიზმში შარდმჟავას მარილებს, რამაც პოდაგრით დაავადებულებში შესაძლოა შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ზრდის სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ ზოგჯერ შაქრიან დიაბეტს ამწვავებს.III. კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები - მოიცავს ალდოსტერონის ანტაგონისტებს და უცნობი მექანიზმით მოქმედ ზოგიერთ პრეპარატს. ალდოსტერონის ანტაგონისტებია:  სპირონოლაქტონი, ვეროშპირონი - ისინი შესანიშნავად ზოგავენ კალიუმს, არ იწვევენ ორგანიზმიდან მის კარგვას შარდთან ერთად, ეფექტი ნელა ვითარდება - 2-5 დღის შემდეგ ხდება თვალსაჩინო - და სუსტია. პრეპარატები დადებითად მოქმედებენ გულის კუნთზე, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევენ დისპეფსიურ მოვლენებს: დიარეას და მუცლის ტკივილს, ძილიანობას, თავის ტკივილს, კანზე გამონაყარს, აქვეითებენ სისხლში თრომბოციტების რაოდენობას. უცნობი მექანიზმით მოქმედი პრეპარატები - ტრიამტერენი, ამილორიდი - სუსტი დიურეტიკებია. მათი მოქმედება იწყება 2-4 საათის შემდეგ და 5-7 საათს გასტანს. პრეპარატები აძლიერებენ სხვა შარდმდენი მედიკამენტების მოქმედებას. მათი გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის, რადგან თრგუნავენ ფერმენტ რედუქტაზას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავას გარდაქმნისთვის.IV. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები - დიაკარბი, ფონურიტი, დიამოქსი - ასევე სუსტი ძალისა და საშუალო სისწრაფის დიურეტიკებია. სამაგიეროდ, აქვთ ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც იწყება მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და 10 საათს გრძელდება, ინტრავენური შეყვანისას კი იწყება 30-60 წუთის შემდეგ და 3-4 საათს გასტანს. ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ჯგუფის დიურეტიკები, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმიდან აძევებენ ნატრიუმისა და კალიუმის მარილებს, ქლორის ანიონებს, ბიკარბონატებსა და ფოსფატებს. სწორედ ამიტომ მათ სალურეტიკებს ანუ მარილების გამომდევნებს უწოდებენ.V. ოსმოსური დიურეტიკები - მანიტოლი, მანიტი, გლიცერინი, გლუკოზის კონცენტრირებული ხსნარები, შარდოვანა. ორგანიზმიდან სითხის გამოყვანის უნარის მიხედვით მანიტოლი თითქმის ყველაზე ძლიერი პრეპარატია, ამიტომ მას თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპების თავიდან ასაცილებლად იყენებენ. ამ ტიპის პრეპარატების გამოყენებას ზოგჯერ თან ახლავს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ზოგადალერგიული რეაქციები. ოსმოსური დიურეტიკები ცალკე ჯგუფს შეადგენენ, რამდენადაც მათ ორგანიზმიდან, უპირველეს ყოვლისა, წყალი გამოაქვთ. ისინი ნატრიუმის უარყოფით ბალანსს ქმნიან, რაც ქმნის წყლის გაძლიერებული გამოყოფისა და შეშუპების დაქვეითების წინაპირობას. დიურეტიკების მიღების წესებიდიურეტიკების მიღებას ყველაზე ხშირად მოსდევს: შარდვის გაძლიერება - ეს მათი მოქმედების ბუნებრივი ეფექტია, რადგან ისინი შარდმდენი პრეპარატებია; არიტმია - გულის რიტმის მოშლა. ეს ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი მიკროელემენტების, უპირველეს ყოვლისა, კალიუმისა და კალციუმის დაკარგვის ბრალია, რომლებიც გულის მუშაობაში მონაწილეობენ. შესამჩნევი სისუსტე და მოთენთილობა, რაც ელექტროლიტების დანაკარგის შედეგია, თუმცა პრეპარატისადმი ორგანიზმის მიჩვევის შემთხვევაში ეს ეფექტი ჯერ სუსტდება, შემდეგ კი ქრება. კუნთთა კრუნჩხვები - უკავშირდება კალიუმისა და კალციუმის დანაკარგს. თუ თავს ასეთი რამ შეატყვეთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატს სწორად იღებთ, ამისთვის კი ექიმთან კონსულტაციაა საჭირო. თავბრუხვევა - არტერიული წნევის დაქვეითებას უკავშირდება, ამიტომ დიურეტიკის მიღების შემთხვევაში ეცადეთ, მკვეთრად არ წამოდგეთ საწოლიდან ან სკამიდან. თუ თავბრუხვევა გაქვთ, გაგიჩნდათ ძლიერი წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდმა მოიკლო ან გამუქდა, - ეს ყოველივე გაუწყლოებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში მიღებული სითხის ოდენობას კი ნუ გაზრდით, არამედ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დიურეტიკის მიღებამდე აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს. ის გეტყვით, რომელი მათგანია თქვენთვის ოპტიმალური. ზედმიწევნით დაიცავთ ექიმის რეკომენდაციები. თუ პრეპარატი დანიშნული გაქვთ დღეში ერთხელ მისაღებად, სჯობს დილით დალიოთ - დღის მეორე ნახევარში მიღებულმა დიურეტიკმა შესაძლოა ძილი დაგირღვიოთ. დიურეტიკების მიღებისას აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი და თირკმელების ფუნქციის პერიოდული შემოწმება. არტერიული წნევის დასაქვეითებლად უმჯობესია დიურეტიკი წნევის დამწევ პრეპარატთან კომპლექსში მიიღოთ. დიურეტიკების ხანგრძლივი მიღებისას: აუცილებელია დაიცვათ დიეტა და შეამციროთ სუფრის მარილის მიღება საკვებთან ერთად. ეცადეთ, მიიღოთ კალიუმის შემცველი პრეპარატები ან პროდუქტები, რომლებიც მას უხვად შეიცავს: ბანანი, ქიშმიში, გარგარის ჩირი. თუ, პირიქით, კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებს იღებთ, ჯობს თავი არიდოთ კალიუმით მდიდარ პროდუქტებს. გახსოვდეთ, ალკოჰოლი და საძილე პრეპარატები დიურეტიკების გვერდით მოვლენებს აძლიერებენ.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :