Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რატომ გახადეს ქერი ბრედშოუს მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელი?

რატომ გახადეს ქერი ბრედშოუს მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელი?

2012-04-20 14:41:00

ტელესერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გმირმა ქერი ბრედშოუმ გადაწყვიტა, სოჰოში გამართული მოსაწყენი ლანჩისთვის თავი დაეღწია. იმდენი იხეტიალა, რომ თავი ნიუ იორკის ერთ-ერთ საეჭვოდ ჩაბნელებულ ქუჩაზე ამოყო. ის-ის იყო, აზრზე მოვიდა და ქუჩიდან გაღწევას შეეცადა, რომ წინ შავი სილუეტი გადაეღობა. - წაიღე ჩემი ფენდის კლატჩი, "ბულგარის" ბეჭედი, ოღონდ ჩემს მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელებს ნუ ახლებ ხელს - აქვითინდა ქერი. მძარცველმა კი ეს უკანასკნელი გახადა ქალს და სიბნელეში გაუჩინარდა. ამ ეპიზოდის წყალობით მანოლო ბლანიკი პოპულარული გახდა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ კანარის კუნძულებზე, მამისეულ ბანანის პლანტაციებში დარბოდა და სიბერეში თავი დიდ პლანტატორად წარმოედგინა. მანოლო ბლანიკი 1942 წელს დაიბადა ქალაქ სანტა კრუზ დე ლა პალმაში. მამა ჩეხი იყო, დედა ესპანელი. ჰყავდა უმცროსი და ევანჯელინა და არცერთი მეზობელი, თუ არ ჩავთვლით მოხუც ბაბუას. და-ძმას სკოლაში არ უვლია, სახლში მიიღო განათლება. სამაგიეროდ, ოჯახი წელიწადში რამდენჯერმე აწყობდა ვიზიტს პარიზსა და მადრიდში. პარიზში ყოფნისას დედა საყვარელი დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას კოსტიუმებს ყიდულობდა - იმდენად იყო დაინტერესებული მოდის ახალი ტენდენციებით, რომ სპეციალურად ამერიკიდან იწერდა "ვოგს", რომელიც დიდი მანძილის გამო გამოცემიდან რამდენიმე თვით გვიან ჩაჰქონდა ბორანს. "ვოგთან" ერთად დედა საბავშვო კომიქსებსაც იწერდა მანოლოსა და ევანჯელინასათვის, თუმცა ვის რაში სჭირდებოდა კომიქსები, მანოლოც "ვოგს" ათვალიერებდა. დედა, მედიდური და ყოველთვის კარგად ჩაცმული, სამუდამოდ შემორჩა მანოლოს მეხსიერებას. იჯდა თავისთვის სახლის აივანზე და კატალონიურ ესპადრელებს კერავდა. მათი შეკერვა კანარისკუნძულელმა მეწაღემ ასწავლა. მეწაღემ - დედას, დედამ - მანოლოს. მანოლომ თავიდან ჟენევაში, დიპლომატიურ აკადემიაში ჩააბარა მამის ხათრით, თორემ ხელოვნება აინტერესებდა. ერთ დღესაც სულმა წასძლია და პარიზში გაიპარა. ბონაპარტის ქუჩაზე მაღაზია აღმოაჩინა და სტაჟიორად მოეწყო. ეგონა, მამა არასდროს შეურიგდებოდა, მაგრამ მალევე მოულბა გული და მანოლო ლონდონში გაუშვა ინგლისური ენის შესასწავლად. იფიქრა, უცხო და ამავდროულად, საჭირო ენის ცოდნა მის შვილს სანტა კრუზ დე ლა პალმაში გამოადგებოდა. იქ რომელიმე სკოლაში შეასწავლიდა ბავშვებს ინგლისურს. მანოლოს არც იქ უვლია გაკვეთილებზე. მთელ დღეებს კინოთეატრში ატარებდა და კინოგმირების კოსტიუმებით აღფრთოვანებული იმ სამყაროში მოხვედრაზე ოცნებობდა, რომელსაც "მაღალი მოდა" ეწოდებოდა. - ისწავლე ინგლისური (ეს მამაა. დედას ჩამოჰყვა ლონდონში, კრისტობალ ბალენსიაგას კოსტიუმების საყიდლად)? აბა, დიპლომი მაჩვენე. მანოლომ ესკიზები აჩვენა - თეატრის. - ეს არის დიპლომი?- არა, ეს ჩემი მომავალი საქმიანობაა, - აუღელვებლად უპასუხა მანოლომ. - სასცენო დეკორაციების დიზაინერი მინდა გამოვიდე.- სად, ბანანის პლანტაციებში? მერედა, ვინ ითამაშებს შენს სპექტაკლებში - მე, დედაშენი, ის სულელი მეწაღე თუ ევანჯელინა? ჰო, მთავარი დამავიწყდა - ფარდას, ალბათ, ბანანის ფოთლებისგან შეკერავ...იმ საღამოს მამამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი შვილის მომავალზე ზრუნვაზე და კუნძულზე გაემგზავრა. - ფულიც არ დაუტოვებია, - ჩაიბურტყუნა მანოლომ და იატაკზე დაყრილი ესკიზების შეგროვებას შეუდგა. 1971 წელს მანოლო ბლანიკმა ცოტაოდენი ფული ისესხა და ნიუ იორკს გაემგზავრა პალომა პიკასოსთან. პალომა ლონდონში ერთ ბოჰემურ წვეულებაზე გაიცნო და დაუმეგობრდა. პალომას ბევრი არ უფიქრია. იმ საღამოსვე შეახვედრა სტუმარი ამერიკული "ვოგის" ლეგენდარულ რედაქტორს, დიანა ვრილანდს. - ყმაწვილო, შენ ნიჭი გაქვს...მანოლოს თვალები გაუფართოვდა.- წაღების კერვის. ამ ნახატებზე მე გენიალურს მხოლოდ ფეხსაცმელს ვხედავ...ცოტა არ იყოს, გული დასწყდა. სად სასცენო დეკორაციები და სად - წაღები. დედა გაახსენდა, აივანზე მჯდომი, როგორ კერავდა კატალონიურ ესპადრელებს. მანოლო ლონდონში ცარიელი ჯიბითა და დამსხვრეული ოცნებებით დაბრუნდა, მაგრამ თავი ხომ უნდა ერჩინა როგორმე?! ჰოდა, პირველად მამაკაცის ფეხსაცმელი შეკერა და ერთ პატარა მაღაზიაში ჩააბარა გასაყიდად. - ჰეი, მანოლო, ერთი-ორი წყვილი ფეხსაცმელი ხომ არ გიყრია სადმე? ხალხი ითხოვს - ერთი კვირის თავზე მაღაზიიდან დაურეკეს. ასე გახდა მანოლო მეწაღე. 1972 წელს მას დიზაინერი ოსი კლარკი დაუკავშირდა - ქალის ფეხსაცმლის შექმნა სთხოვა. მანოლოსთვის ეს სიახლე იყო. მანამდე არასდროს შეუკერავს ქალის ფეხსაცმელი, მაგრამ უარი არ უთქვამს. მამაკაცის ფეხსაცმლის კერვა ერთი ადგილის ტკეპნას ჰგავდა. საოცარი რამ შექმნა - თასმების ნაცვლად ტყავის ბლებით დამშვენებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ჯეინ ბირკინი, შარლოტა რემპლინგი, ლორენ ბეკოლი - ყველა აღტაცებული დარჩა ბლებიანი წაღებით.70-იან წლებში ახალგაზრდა და სიმპათიურმა კანარისკუნძულელმა მეწაღემ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ფეხსაცმელების სამყაროში. მან მოდიდან გააძევა მძიმე პლატფორმა და წვრილ ქუსლს დაუთმო ასპარეზი. მანოლო დღემდე ვერ იტანს პლატფორმას. გლეხურიაო - ამბობს და თამამ ექსპერიმენტებს არ უშინდება. ვინ იცის, იქნებ კონკიასაც მან დაუმზადა ბროლის ფეხსაცმელი? 1974 წელს ის პირველი მამაკაცი გახდა, რომელიც საყვარელი ჟურნალის, "ვოგის" ყდაზე გამოჩნდა ეშხიან ანჯელიკა ჰიუსტონთან ერთად. 1978 წელს კი პირველი მაღაზია გახსნა მედისონ ავენიუზე. დღემდე მანოლო ბლანიკი თითოეული ფეხსაცმლის ესკიზს საკუთარი ხელით ხატავს. კალაპოტსაც თვითონ თლის და ქუსლსაც თვითონვე ძერწავს. არ ჰყავს შეგირდები და სარეკლამო სცენარსაც თვითონ წერს. მან ნამდვილად იცის, როგორ უნდა იგრძნოს თავი თითოეულმა ქალმა, ვისაც მისი შექმნილი ფეხსაცმელი აცვია, უსაფრთხოდ, 12-სანტიმეტრიან ქუსლზეც კი.ქეთი ნიკოლავა ჟურნალი "ბომონდი"(აპრილის ნომერი)
იხილეთ მსგავსი სიახლეები :