Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რას წარმოადგენს ფსიქოზი



ჩემს 45 წლის ახლობელს ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე ექიმს გავასინჯეთ. ერთი ამბობდა, ისტერიული ფსიქოზიაო, მეორე - აფექტურიო. რა განსხვავებაა მათ შორის? რომელი უფრო საშიშია? აუცილებელია ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწვენა? შესაძლებელია თუ არა, რომ ახალგაზრდა გოგონას ჰორმონული დისბალანსის ფონზე ფსიქოზი განუვითარდეს? ფსიქოზები ფსიქიკურ დარღვევათა გამოხატული  ფორმებია, რომელთა დროსაც ავადმყოფის ფსიქიკური ფუნქცია გარემომცველი რეალობისადმი მკვეთრი შეუსაბამობით გამოირჩევა. რეალური სამყაროს აღქმა ამ დროს უხეშად არის დარღვეული, ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ქცევის დარღვევით, განსაზღვრული სიმპტომებითა და სინდრომებით ვლინდება (იგულისხმება აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, აფექტურობის და სხვა ფუნქციათა დარღვევა). ფსიქოზი, ჩვეულებრივ, უმაღლეს ნერვულ მოქმედებათა გამოვარდნის შედეგია. თავად ის სხვა, ახალ გამოვლინებებს დასაბამს არ აძლევს. განასხვავებენ ფსიქოზის რამდენიმე ფორმას, მათ შორის:. ჰალუცინაციურს;. ბოდვითს;. ჰალუცინაციურ-ბოდვითს;. აფექტურს (დეპრესიულს; მანიაკურს; მანიაკურ-დეპრესიულს);. ალკოჰოლურს;. ისტერიულს;. შიზოაფექტურს. აფექტური ფსიქოზიაფექტური ფსიქოზი ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გუნება-განწყობის პერიოდული დარღვევა მანიაკურ, დეპრესიულ ან შერეულ მდგომარეობათა სახით (შეტევათა ფაზების ეპიზოდებით), სრული შექცევადობით, რემისიით, ფსიქიკური ფუნქციებისა და პიროვნულ თვისებათა აღდგენით (ჩვეულებრივ, არ იწვევს ჭკუასუსტობას). აფექტურ ფსიქოზს აქვს აფექტური ფაზა, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა სიღრმისა და ხანგრძლივობისა იყოს. მანიაკური ფაზა, ჩვეულებრივ, დეპრესიულზე ხანმოკლეა - ამ უკანასკნელის ხანგრძლივობა საშუალოდ 4-9 თვეა, მანიაკურისა კი 5-6 თვე. რაც შეეხება აფექტურ ფაზას, მან შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი (15-18 წლამდე) გასტანოს.   ისტერიული ფსიქოზი ისტერიული ფსიქოზი, ჩვეულებრივ, მძიმე ფსიქიკური ტრავმის შედეგად აღმოცენდება. დიდ როლს ასრულებს პიროვნული განწყობა, რეაგირების ისტერიული ფორმებისადმი მიდრეკილება.ყველაზე ხშირი კლინიკური ვარიანტებია:. ბოდვისმაგვარი ფანტაზიორობა (რომელიც არამყარია, არ აქვს ტენდენცია განდიდების იდეის, სიმდიდრის ან განსაკუთრებული მნიშვნელობის სისტემატიზაციისკენ); . განზერის სინდრომი (რომელსაც ახასიათებს ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების ველის შევიწროება, დეზორიენტაცია, ქცევათა დემონსტრირება - პაციენტმა შესაძლოა უეცრად სიცილი, სიმღერა, ტირილი დაიწყოს, გამოაჯავროს ამა თუ იმ ცხოველს და სხვა);. ისტერიული სტუპორი (სტუპორი ზოგადად გაშეშებას, გაშტერებას ნიშნავს. ის სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის მოსპობაა. ფსიქომოტორული დათრგუნვის გამო პაციენტი უძრავად დგას ან ზის, გაშტერებულია. ისტერიული სტუპორი ვლინდება ფსიქომოტორული შეკავებით, ცნობიერების შევიწროებით, მუტიზმით ანუ მეტყველების სრული შეკავებით. ამ დროს პაციენტი არ ლაპარაკობს, შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა);. ფსევდოდემენცია  (მოჩვენებითი ჭკუასუსტობა);. პუერილიზმი (პუერილიზმი ზოგადად საბავშვოს, საყმაწვილოს ნიშნავს. ფსიქოზის ამ ფორმის დროს ისტერიულად შევიწროებული ცნობიერების ფონზე აღინიშნება ბავშვური ქცევა).ჩვეულებრივ, ფსიქოზის დროს ავადმყოფის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებაა საჭირო, ვინაიდან ამ მდგომარეობაში ადამიანი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებსაც. გაითვალისწინეთ, რომ ფსიქოზის კონკრეტული ფორმის განსაზღვრა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ისევე როგორც რაციონალური მკურნალობის დანიშვნა და ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ ფსიქიატრის კომპენტენციაა! საყურადღებოა ისიც, რომ განასხვავებენ ეგზოგენურ და ენდოგენურ ფსიქოზებს. ეგზოგენური ფსიქოზების აღმოცენებას გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება განაპირობებს. ის შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებამ (გრიპმა, ტიფმა, ტუბერკულოზურმა ინფექციამ, სიფილისმა და სხვა), ინტოქსიკაციამ (ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, მძიმე მოწამვლებმა და სხვა), ძლიერმა ფსიქიკურმა ტრავმამ. ენდოგენურ ფსიქოზებს იწვევს შინაგანი, ჩვეულებრივ, ნეიროენდოკრინული ფაქტორები.  ენდოგენურ ფსიქოზებს მიაკუთვნებენ შიზოფრენიას, ასაკობრივი ცვლილებებით განპირობებულ ფსიქოზებს და სხვა. ფსიქოზები საკმაოდ ხშირად გვხვდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიების - თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებების, ჰიპერტონიული დაავადების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ეგზოგენურ და ენდოგენურ ფსიქოზებს შორის ზღვრის გავლება ძნელია, ვინაიდან ფსიქოზი შესაძლოა დაიწყოს გარეშე ფაქტორთა პროვოცირებით, შემდგომ კი პროცესში შინაგანი ფაქტორებიც ჩაერთოს. ფსიქოზის განსაზღვრული ფორმა კონკრეტული ნიშნებითა და გამოვლინებებით შესაძლოა განვითარდეს ჰორმონული დისბალანსის ფონზე. ნეიროენდოკრინული ფაქტორები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასაბამს აძლევს ენდოგენურ ფსიქოზებს, თუმცა ეგზოგენური ფსიქოზებისგან მათი დიფერენცირება ზოგჯერ ძალიან ჭირს. თქვენ მიერ ნახსენებ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული ძვრების ფონზე სხვა ეგზოგენური ფაქტორების როლიც გამოიკვეთოს. ამის დასადგენად სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ფსიქიატრი ყველაზე უკეთ გაარკვევს, რას შეიძლება მიუძღოდეს ბრალი ფსიქოზის განვითარებაში.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :