Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რა უნდა ვიცოდეთ სათამაშოების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ სათამაშოების შესახებ



სათამაშო ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას მხოლოდ გართობა როდი აკისრია - ის ბავშვის ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. ხშირად საყვარელი თოჯინა ბავშვისთვის მისაბაძ ობიექტად იქცევა - პატარა მას თავის იდეალად წარმოიდგენს და ცდილობს, მას დაემსგავსოს. უცნაურია, მაგრამ ბარბის შემყურე პატარა გოგონები ხშირად უკმაყოფილონი არიან თავიანთი აღნაგობით, თუმცა კარგად არც კი ესმით, რას ნიშნავს ეს. მაგალითად, ხუთი წლის გოგონამ შეიძლება თქვას: "მინდა, უფრო გამხდარი და დედასავით უფრო პუტკუნა ვიყო!" დიახ, პატარა ბავშვი ახლობლებთან - დედასთან, მამასთან, ბებიასთან, ბაბუასთან ერთად თოჯინებსაც ბაძავს! პატარა გოგონებს ხშირად სურთ, ბარბისავით გრძელი და ქერა თმა, ნაირ-ნაირი ვარცხნილობა, ცისფერი ან მწვანე თვალები, ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჰქონდეთ, ხოლო ბიჭებს სურთ ადამიან-ობობას ან სუპერმენს ჰგავდნენ. ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვი განსაზღვრულ დროს თამაშში ატარებდეს. რა გვიშლის ამაში ხელს? სკვერების სიმცირე, ეზოში თანატოლების არარსებობა, მშობლების მოუცლელობა... არც ის არის საიდუმლო, რომ კარგი სათამაშო, ასე აუცილებელი პატარას განვითარებისთვის, არცთუ იაფია და მასზე ყველა ოჯახს არ მიუწვდება ხელი. ამ დეფიციტის შევსება კი მშობლების ყურადღებას, მშობლებთან ერთად თამაშს შეუძლია. აუცილებელია, სტიმული მივცეთ ბავშვის თამაშს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მის საქმიანობაში. ხშირად სწორედ ამ გზით შეიძლება შევამჩნიოთ ბავშვის გამორჩეული ნიჭი. ამ დროს ვხედავთ, რომ ბავშვი გამომგონებელია, ნოვატორი, აქტიურია, მახვილგონიერი, კარგად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. სწორედ თამაშის დროს უვითარდება ბავშვს ეს მნიშვნელოვანი თვისებები. უფროსების ფუნქცია კი მათი დახმარება, ფსიქოლოგიური, ემოციური და ქცევითი თვალსაზრისით პატარების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობაა. სათამაშოს შეძენის დროსაც ერთი მიზანი უნდა გვქონდეს – ხელი შევუწყოთ ბავშვის ნორმალურ განვითარებას. დღეს მაღაზიებში უამრავი სათამაშოა. ეს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არჩევანს მხოლოდ ართულებს. რომელ ბიჭს არ უოცნებია ფრენაზე? თვითმფრინავის მოდელები ამ ოცნების ხორცშესხმის საშუალებაა. გარდა ამისა, ამ დროს ჭეშმარიტი მამაკაცის ხასიათის ფორმირებაც ხდება. რკინის ფასკუნჯით ცის დაპყრობა, რა თქმა უნდა, ადრეა, მაგრამ პატარა თვითმფრინავი რეალურის ნამდვილი ასლია და ბავშვის ფანტაზია ამ სურვილის ასრულების ილუზიას შექმნის. იქნებ ამაზე არც დაფიქრებულხართ, მაგრამ სწორედ სათამაშოები განსაზღვრავენ მომავალი ქალის ფორმირებასაც. მშობლებმა უნდა გაიხსენონ რომელი თოჯინებით თამაშობდნენ თავად, როცა პატარები იყვნენ და აუცილებლად მიაქციონ ყურადღება, რას ყიდულობენ გოგონებისთვის. მაინც როგორი თოჯინა ჯობს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დავფიქრდეთ, როგორ პიროვნებად გვინდა ჩამოყალიბდეს ჩვენი შვილი. რასაკვირველია, ძალიან გვინდა, რომ ის ბედნიერი იყოს, პატივს სცემდეს საკუთარ თავს და იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ჰქონდეს საყვარელი პროფესია. ამავე დროს გოგონამ ცხოვრების თანამგზავრი უნდა იპოვის და ოჯახი შექმნას,  ქორწილში ლამაზი კაბა ჩაიცვას, მერე კი შვილები გააჩინოს და კარგ მოქალაქეებად აღზარდოს. უცნაურია, მაგრამ სათამაშო ამ მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს. სათამაშოები ეხმარებიან პატარას ცხოვრებისეული პოზიციის ფორმირებაში, საფუძველს უყრიან მის მომავალ ცხოვრებას. თოჯინებით თამაში შემოქმედებითი ხასიათისა უნდა იყოს და პატარა გოგონაში ქალური საწყისის გაღვივებას ემსახურებოდეს, ხოლო სათამაშო პატარა ბავშვს ჰგავდეს, რათა გოგონას მისი დაცვის, მოფერების სურვილი გაუჩნდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თოჯინა თავად ბავშვთან უნდა ასოცირდებოდეს. სწორედ ამ ტიპის სათამაშოები უწყობენ ხელს მომავალი ქალისთვის აუცილებელი თვისებების - სიკეთის, სათნოების, მზრუნველობის, დედობრივი გრძნობის ჩამოყალიბებას. სასარგებლოა თუ არა ამ თვალსაზრისით ბარბი ან ახლახან გამოჩენილი ბრატცი? სამწუხაროდ, ისინი ბავშვებს არაფერს არ ასწავლიან, ფსიქოლოგიური კომპლექსების ფორმირებას კი ნამდვილად შეუწყობენ ხელს. მათ შემყურე პატარას უჩნდება შეგრძნება, რომ არასრულყოფილი გარეგნობა აქვს, უღვივებს ბოჰემური ცხოვრების, გართობის სურვილს. ბარბი სრულიად არაბავშვურ ცხოვრებას ეწევა – იპრანჭება, სეირნობს, მანქანას მართავს და არაფერზე ზრუნავს. ბრატცი კი უცნაური გარეგნობის თოჯინაა, ის ქუჩაში მოსეირნე უდარდელი და უზრუნველი არსებაა. ამ თოჯინებს არავითარი აღმზრდელობითი ფუნქცია არ გააჩნია. ყველა მშობელმა იცის, რომ თამაშისაკენ სწრაფვა ბავშვის თანდაყოლილი თვისებაა, ამიტომ ბებიებსა და ბაბუებს, დეიდებსა და ძიებს პატარასთვის საჩუქრად უამრავი სათამაშო მიაქვთ. ზოგიერთი მათგანი ბავშვისთვის შესაფერისია, ზოგიერთი - შეუფერებელი, ზოგიერთი - საშიშიც კი. შეუფერებელია ქსოვილისა და პლუშის სათამაშოები, რადგან მათში მტვერი გროვდება, გარეცხვა კი ხშირად შეუძლებელია. როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, უნდა ვაღიაროთ, რომ რისი გარეცხვაც არ შეიძლება, ის შეუძლებელია სუფთად შევინარჩუნოთ, შესაბამისად, ასეთი სათამაშო პატარასთვის შეუფერებელია. ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სათამაშოს ფერი არ გადასდიოდეს და ბავშვს ხელებს არ უთხუპნიდეს. ძალზე მნიშვნელოვანია სათამაშოს ზომა - პატარამ მისი გადაყლაპვა ვერ უნდა მოახერხოს. დაუშვებელია მახვილწახნაგა სათამაშოს შეძენა - ბავშვმა შეიძლება რამე დაიშავოს. აუცილებელია, სათამაშოს ნაწილები მჭიდროდ იყოს მიმაგრებული ერთმანეთზე და ბავშვს არ შეეძლოს მათი განცალკევება. დიდი სათამაშოს მცირე ნაწილებად დაშლის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ბავშვს ნაწილების გადაყლაპვის სურვილი გაუჩნდეს. პატარები ხომ სიამოვნებით მიაქანებენ პირისაკენ ნამცეცა ნივთებს. არ არის გამართლებული ბავშვისთვის ერთდროულად რამდენიმე სათამაშოს მიცემა - პატარას ყურადება ეფანტება და ვერც ერთ მათგანს ვერ უთმობს დიდ დროს, ამიტომ ვერც სიამოვნებას იღებს. ამიტომ უკეთესია, ბავშვს სათამაშოები სათითაოდ გამოვუჩინოთ, ერთ დღეს - ერთი, მეორე დღეს - მეორე. როცა პატარას სათამაშოს ვჩუქნით, მას აუცილებლად უნდა ავუხსნათ, როგორ ითამაშოს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ თამაში ბავშვისთვის საკმაოდ სერიოზული საქმიანობაა, ამიტომ ამ დროს მას სრული სიმშვიდე სჭირდება. არ შეიძლება თამაშით გართული ბავშვის შეწუხება. ტანსაცმლის გამოცვლა და ჭამაც კი შეიძლება რამდენიმე წუთით გადავდოთ. რამდენიმე წუთი საკმარისი იქნება, რადგან ბავშვი საქმიანობას ამაზე მეტ დროს ვერ დაუთმობს. დათმობა აუცილებელია, რადგან ბავშვებს არ უყვართ, როცა თამაშს აწყვეტინებენ. თუ  პატარას თამაში საინტერესო მომენტში შევაწყვეტინეთ, შესაძლოა მადაც კი დაკარგოს. კიდევ ერთი: თუ შესაძლებელია, ახალნაყიდი სათამაშო აუცილებლად უნდა გაირეცხოს საპნიანი წყლით. ახალშობილი სამყაროს ფართოდ თვალგახელილი უყურებს - ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამაა. მაგრამ როგორ შევიცნოთ სამყარო? რა თქმა უნდა, თამაშის მეშვეობით. პატარასათვის ხომ გარე სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი გზა თამაშია, თამაშის ობიექტი კი სწორედ სათამაშოა. მისი დახმარებით ეცნობა ბავშვი ამ უზარმაზარი სამყაროს კანონებს. ბავშვის ასაკთან ერთად სათამაშოებიც იცვლება, თუმცა სამყაროს შეცნობაში ისინი მას მუდამ ეხმარებიან. მოდი გავარკვიოთ, როგორ ხდება სამყაროს შეცნობა სათამაშოების მეშვეობით. სანამ ბავშვი ძალიან პატარაა, მისი უმთავრესი სათამაშო ჩხრიალაა, მაგრამ ის იზრდება და ყველაფერი იცვლება – ჩნდებიან ცხოველები და თოჯინები. მათ მართლაც შეიძლება მნიშვნელოვანი ფუნქცია დავაკისროთ აღზრდის პროცესში. რბილი სათამაშო ადვილად მიახვედრებს ბავშვს, რატომაა საშიში ზოგიერთი საგანი თუ საქციელი. დათუნია საწოლისა თუ სავარძლის კიდესთან მიცოცდა და... გადავარდა. მან ხელი იტკინა, ტირის. თქვენ მას ამშვიდებთ და ბავშვსაც აძლევთ თანაგრძნობის გამოხატვის საშუალებას. დათუნია ადვილად აუხსნის თქვენს შვილს, რომ ქურა ცხელია, დანა ბასრია, სიმაღლე საშიშია. ბავშვს აზრადაც აღარ მოუვა სათამაშოს შეცდომების გამეორება. თუ პატარას რაიმე ნივთის, მაგალითად, მტვერსასრუტის, ბურღისა თუ ფენის ეშინია, შიშსაც შეიძლება სათამაშოს მეშვეობით ვებრძოლოთ. დათუნიას საშუალება უნდა მივცეთ, დაათვალიეროს ეს ნივთი, თქვას, რომ იგი საჭირო და სასარგებლოა, შრომას გვიადვილებს. სათამაშოსთან ერთად ბავშვი შეიძლება ვაბანაოთ, თმა დავვარცხნოთ, ვავარჯიშოთ... ერთად ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა! სათამაშო უფრო რთულ სიტუაციაშიც შეიძლება დაგვეხმაროს. მაგალითად, თუ ბავშვს ექიმის ეშინია, შეიძლება სათამაშოსთან ერთად გავითამაშოთ ექიმთან ვიზიტი. ექიმი ბავშვი უნდა იყოს, ხოლო სათამაშო მასთან უნდა მივიდეს. კონკრეტული სიტუაციების გათამაშება ბავშვისათვის გასაგებს გახდის ექიმის საქმიანობას და მას ისეთი შიში აღარ ექნება. სათამაშოს დახმარებით ბავშვი შეიძლება ქოთანზე დაჯდომასაც მივაჩვიოთ. უთხარით პატარას, რომ ბაჭია ქოთანზე ჯდება და შარვალში აღარ ისველებს, ამიტომ მას ყველა აქებს. თოჯინასთან ერთად მასაც ასწავლეთ ქოთანზე ჯდომა. ბავშვი იზრდება და ის დროც ახლოვდება, როცა საბავშვო ბაღში უნდა წავიდეს. ეს სულაც არ არის ადვილი, რადგან უცხო გარემო ბავშვს შიშს ჰგვრის. უნდა ვეცადოთ, ბავშვისთვის ბაღი ნაცნობი და ახლობელი გახდეს. ამისთვის შეიძლება შევკრიბოთ სათამაშოები, ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი და ყველა ის სიტუაცია გავითამაშოთ, რომელშიც ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს საბავშვო ბაღში. სათამაშოების მეშვეობით პატარა ყველაფერს ადვილად მიხვდება და რეალურ სიტუაციაში თავს მშვიდად იგრძნობს. თამაშის დასასრულს აუცილებლად უნდა "მოვიდეს" სათამაშოების "დედა" და ისინი შინ წაიყვანოს. ასე ეხმარებიან სათამაშოები ბავშვს გარე სამყაროს შეცნობაში. მათი დახმარებით ბავშვი ადვილად ხვდება, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა არის საშიში და რა - არა. სათამაშო ბავშვის პირველი მეგობარია, ის არასოდეს გვაწყენინებს, გვიღალატებს, მიგვატოვებს. როგორი სათამაშო არ უნდა ვუყიდოთ ბავშვს? სათამაშო, რომელსაც აქვს მძაფრი სუნი. ეს ნიშნავს, რომ სათამაშო ტოქსიკურია და საშიშ ნივთიერებებს გამოყოფს. უცნაური და არაბუნებრივი იერისა და შეფერილობის სათამაშო. ბავშვს გაუჭირდება სამყაროზე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბება, თუ ლურჯი ლომი ან მწვანე ცხენი ეყოლება. შუშის სათამაშო, რომელიც შეიძლება გატყდეს. ბეწვებიანი სათამაშო. ის განსაკუთრებით შეუფერებელია პატარა ბავშვებისათვის, რომლებიც ყველაფერს პირში იდებენ. კარგი ალტერნატივაა სპეციალური რბილი მასალისგან დამზადებული სათამაშოები. სათამაშოები, რომლებიც სავსეა პარალონით. პირველი 6 თვის განმავლობაში ასეთი სათამაშოები კარგია, მაგრამ შემდეგ იშლება და მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ჯობს, სინთეპონის სათამაშოები შევიძინოთ. ის რბილია, კარგად ირეცხება და ფორმასაც არ კარგავს. მრავალფუნქციური სათამაშო, რომლის თითოეული ფუნქცია ბავშვისთვის გაუგებარი და უსარგებლოა. სათამაშო, რომელიც ბავშვის მუშტზე პატარაა. ასეთი სათამაშოები არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის - შესაძლოა, პირში ჩაიტენონ. მასიური სათამაშო. 7 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო 400 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს. ძალიან დიდმა სათამაშომ ბავშვი შეიძლება დააშავოს, ხოლო თუ ზედ დაეცა და სასუნთქი გზები დაუხშო, პატარას ძალა არ ეყოფა მის გადასაგდებად. ყველამ იცის, რომ პლასტმასის სათამაშოები ქიმიური ნივთიერებებისგან მზადდება. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სათამაშოების ხარისხი. სამწუხაროდ, ბაზარი შედარებით დაბალი ხარისხის სათამაშოებითაა გაჯერებული. მაღალი ხარისხის რბილ სათამაშოებს ფასიც შესაბამისი აქვთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ამის გამო ნუ იდარდებთ. მოდი, დავფიქრდეთ, რამდენი სათამაშოს დანახვისას გვიფიქრია, რომ ამას ჩვენც გავაკეთებდით. ამისთვის ბევრი დრო სულაც არ დაგვჭირდება - დედის ხელით გაკეთებული და დედის დადებითი ენერგიით დამუხტული სათამაშო გაცილებით მეტ დადებით ემოციას მოუტანს ბავშვს, ვიდრე ნაყიდი. ამასთან, ფულის დაზოგვასაც შევძლებთ. საკმარისია ძველი ნაჭრები, ბამბა, მონდომება და სათამაშო მალე მზად იქნება. პატარას ძალიან გაუხარდება, რომ დედამ სათამაშო შეუკერა და მას ყველა სათამაშოზე მეტად შეიყვარებს. ასე რომ, მოიმარჯვეთ ნემსი, ძაფი, მაკრატელი, ქსოვილის ნაჭრები და უხმეთ ფანტაზიას.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :