Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ტუბერკულოზის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ტუბერკულოზის შესახებ



ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა, რომელიც დღესაც ზოგადსაკაცობრიო პრობლემას წარმოადგენს. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმის, ფილტვების ტუბერკულოზის შესახებ გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმი ფთიზიატრი, ფილტვის ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ბარბაქაძე. ტუბერკულოზის მძიმე სტატისტიკა- ქალბატონო ქეთევან, რას წარმოადგენს ტუბერკულოზი?- ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს სხვა ორგანოებიც. ტუბერკულოზურმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფილტვის ტუბერკულოზი. შედარებით იშვიათია ფილტვგარე (ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვლების, სახსრების, საშარდე და სასქესო ორგანოების, ლიმფური კვანძების და სხვა) ტუბერკულოზი. ეფექტური მკურნალობის გარეშე დაავადება თანდათანობით პროგრესირებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდება. მიუხედავად მედიცინის დიდი მიღწევებისა ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის კუთხით, ეს დაავადება მაინც მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად რჩება. მისი გავრცელების მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ტუბერკულოზი განვითარებული ქვეყნებისთვისაც სერიოზულ პრობლემად იქცა. მსოფლიოს მასშტაბით ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადია აივ ინფექცია/შიდსი. აივ ინფექცია/შიდსი რეგისტრირებულია დედამიწის ხუთივე კონტინენტზე. უკანასკნელ ხანს მკვეთრად იმატა მის შემთხვევათა რიცხვმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა რუსეთსა და უკრაინაში, სადაც მოსახლეობის 1% აივინფიცირებულია. რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება: სტატისტიკური მონაცემები მოწმობს ტუბერკულოზსა და აივ ინფექცია/შიდსს შორის მჭიდრო კავშირს. ვინაიდან საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სოლიდურ რიცხვს აღწევს, დიდია ტუბერკულოზური ინფექციის რეზერვუარიც, ამიტომ აივინფიცირებულ პაციენტებში ტუბერკულოზის განვითარების ალბათობა მაღალია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგადად მოსახლეობას, განსაკუთრებით კი აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ და პირიქით, ტუბერკულოზით დაავადებულები უნდა ფლობდნენ გარკვეულ ცნობებს აივ ინფექციის თაობაზე. დაავადებული თუ ინფიცირებული- თქვენ ინფიცირებულთა საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობა დაასახელეთ. ნიშნავს თუ არა ინფიცირება დაავადებას?- არა, ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ გულისხმობს, თუმცა ინფიცირებულ ადამიანს შეიძლება ოდესმე განუვითარდეს დაავადება - ტუბერკულოზი. დაავადების განვითარების ალბათობა მეტია ინფიცირებიდან მოკლე ხანში, მერე და მერე კი თანდათან იკლებს. ინფიცირებულთა დიდ უმრავლესობას, დაახლოებით 90%-ს, არასოდეს უვითარდება კლინიკურად გამოხატული ტუბერკულოზი, დაავადება მხოლოდ 10%-ს შეიძლება დაემართოს. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის იმუნური სისტემის სიჯანსაღე - ინფიცირების შემდეგ სწორედ ის უშლის ხელს დაავადების განვითარებას. ტუბერკულოზური დაავადება უვითარდებათ იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს. იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს: ასაკი; ქრონიკული შიმშილი, არასრულფასოვანი (ცილით ღარიბი სურსათით) კვება; გენეტიკური ფაქტორები; იმუნოდეპრესორული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება; ზოგიერთი დაავადება, რომლებიც ასუსტებს იმუნიტეტს. ასეთებია შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, სილიკოზი და სხვა; ალკოჰოლის ჭარბი მიღება; ნარკომანია. აივ ინფექცია კი ტუბერკულოზის განვითარების ყველაზე ძლიერ რისკფაქტორს წარმოადგენს. ინფიცირების გზები- როგორ ინფიცირდება ადამიანი ტუბერკულოზის ბაქტერიით?- ბუნებაში ინფექციის რეზერვუარი ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული, ბაქტერიების გამომყოფი ადამიანია, რომელიც ცემინების, ხველის, ლაპარაკის დროს ჰაერში გამოყოფს ბაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ხუთწუთიანი ლაპარაკისას ან ერთი დახველებისას გამოიყოფა დაახლოებით 3,5 ათასი ბაქტერია, ერთი დაცემინებისას კი 1 მილიონი. აქედან გამომდინარე, დაავადებულისგან ჯანმრთელს ინფექცია უმთავრესად ჰაერის მეშვეობით გადაეცემა. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია ბაქტერიების გამომყოფთან ხშირი, რეგულარული კონტაქტის დროს, ცუდად ვენტილირებულ გარემოში. - ხშირად გვესმის, რომ ტუბერკულოზი ახალგაზრდების დაავადებაა. რატომ ემართებათ ის უმთავრესად ახალგაზრდებს?- ეს დაავადების ეპიდემიოლოგიით აიხსნება - ტუბერკულოზის მაღალი გავრცელების ქვეყნებში უმთავრესად ახალგაზრდებს აქვთ ინფექციის წყაროსთან კონტაქტის მეტი შესაძლებლობა. - როგორია დღეისთვის ტუბერკულოზის კლასიფიკაცია კლინიკური ფორმების მიხედვით?- ტუბერკულოზი იყოფა ფილტვის – ბაქტერიაგამოყოფით (ღია) და არაბაქტერიაგამოყოფით (დახურულ) - და ფილტვგარე (ტუბერკულოზური მენინგიტი, ძვლებისა და სახსრების, შარდსასქესო ორგანოების, პერიფერიული ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს ორგანოების, თვალის, კანის) ფორმებად. ტუბერკულოზის ნიშნები - რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს?- ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე გადამდებ ფორმას. მისი კლინიკური სიმპტომებია: სხვადასხვა ხასიათის (მშრალი ან ნახველიანი) ხველა 2 კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში; სისხლიანი ხველა; ფილტვიდან სისხლდენა; ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში; ჰაერის უკმარისობა; სიცხე; ღამით ოფლიანობა; წონის კლება; საერთო სისუსტე. რეზისტენტული ტუბერკულოზი- დღეს ფთიზიატრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რეზისტენტული ტუბერკულოზია. განსხვავდება თუ არა ის ჩვეულებრივისგან? - რეზისტენტული ტუბერკულოზი ისეთივე ინფექციური დაავადებაა, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბაქტერიები რეზისტენტულნი არიან სტანდარტული ტუბერკულოზური მკურნალობის (მედიკამენტების) მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ წამლებს, რომლებიც ხოცავენ ჩვეულებრივი ტუბერკულოზის ბაქტერიებს, რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება არ შეუძლიათ. ისინი უფრო საშიშნი და ძნელად გასანადგურებელნი არიან, თუმცა კი მათი დამარცხებაც შესაძლებელია. - რა შემთხვევაში ავადდება ადამიანი რეზისტენტული ტუბერკულოზით?- არსებობს ორი გზა: ადამიანი შეიძლება თავიდანვე რეზისტენტობის მქონე ბაქტერიებით დაინფიცირდეს. ეს ხდება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის დროს. ჩვეულებრივი ტუბერკულოზის მკურნალობისას ბაქტერიებმა შესაძლოა შეიძინონ მანამდე არარსებული რეზისტენტობა, თუ ავადმყოფმა შეწყვიტა მკურნალობა, გამოტოვა წამლის დოზები ან იმკურნალა არასწორი სქემით. - როგორ ვრცელდება რეზისტენტული ტუბერკულოზი?- რეზისტენტული ტუბერკულოზი ისევე ვრცელდება, როგორც ჩვეულებრივი, ანუ ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც ბაქტერიაგამომყოფი ადამიანი ახველებს, აცემინებს, ლაპარაკობს ან იცინის. - როგორ არ ვრცელდება რეზისტენტული ტუბერკულოზი?- ის არ ვრცელდება ხელის ჩამორთმევით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჭურჭლით, ტანისამოსით. - როგორია რეზისტენტული ტუბერკულოზის სიმპტომები?- რეზისტენტული ტუბერკულოზის სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზისა: ხველა, ტემპერატურა, ღამის ოფლიანობა, წონის კლება, საერთო სისუსტე. - შესაძლებელია თუ არა რეზისტენტული ტუბერკულოზის განკურნება?- უმეტესად იკურნება, მაგრამ უფრო ძნელად, ვიდრე ჩვეულებრივი და უფრო მეტი ხანიც სჭირდება, ვინაიდან მედიკამენტები, რომლებიც სპობდნენ ჩვეულებრივი ტუბერკულოზის ბაცილებს, არ არიან ეფექტურნი რეზისტენტული ბაქტერიების დასამარცხებლად. რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ საჭიროა განსხვავებული წამლები. ამ წამლებს II და III რიგის მედიკამენტები ეწოდება. ამ მედიკამენტებით მკურნალობას მეტი ხანი სჭირდება და უფრო მეტ გვერდით მოვლენასაც იწვევს, ვიდრე ტუბერკულოზის სამკურნალო სტანდარტული წამლები. - შესაძლოა თუ არა, ტუბერკულოზი ბრონქიტის ან პნევმონიის შედეგად განვითარდეს?- ამ დაავადებებს თავ-თავისი გამომწვევი ჰყავს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ტუბერკულოზთან, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ტუბერკულოზი შეიძლება სწრაფად განვითარდეს და, ამასთანავე, ფილტვის ანთებითაც შეინიღბოს. თუ პნევმონიის მკურნალობამ 10 დღეში არ გამოიღო შედეგი, ავადმყოფმა უნდა მიმართოს ფთიზიატრს. მაგრამ ზოგჯერ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ პაციენტები თვეობით მკურნალობენ ათასგვარი საშუალებით, შედეგად პროცესი ვრცელდება და შესაძლოა, მიღებული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობაც განვითარდეს. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა- როგორ სვამენ ტუბერკულოზის დიაგნოზს?- ტუბერკულოზის დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო დაავადებულის ადეკვატური მკურნალობის დროულად დასაწყებად, არამედ საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვისაც. როგორც მოგახსენეთ, ტუბერკულოზის კლინიკური სიმპტომატიკა მრავალფეროვანია და არ მოიცავს მხოლოდ ამ დაავადებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ნიშნებს. მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზის ცოდნა. კერძოდ, ყურადღება უნდა მიექცეს: საყოფაცხოვრებო და შრომის პირობებს; პროფესიას. მედიცინის მუშაკები, რომელთაც მუდმივი კონტაქტი აქვთ ტუბერკულოზის გადამდები ფორმებით დაავადებულებთან, წარმოადგენენ ტუბერკულოზის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს. კონტაქტს ტუბერკულოზით დაავადებულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან. თანმხლებ დაავადებებს. როგორც ანამნეზის შეკრება, ისე ფიზიკური კვლევის მონაცემები ტუბერკულოზზე მხოლოდ ეჭვის მიტანის საშუალებას გვაძლევს. ძირითადი მეთოდები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში, არის: მიკრობიოლოგიური გამოკვლევები, ტუბერკულინოდიაგნოსტიკა (უმთავრესად - ბავშვებში) და რენტგენოლოგიური მეთოდები. - რას მოიცავს მიკრობიოლოგიური გამოკვლევები?- ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ნახველში, შარდში, ქსოვილოვან სითხეებსა და ქსოვილებში აღმოჩენილ იქნა ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული საშუალებაა ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ნახველი უმჯობესია შეგროვდეს დილით. ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოსაჩენად ნახველი მრავალჯერ უნდა იქნეს გამოკვლეული. სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. არსებობს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოჩენის ორი ძირითადი მეთოდი: ნაცხის პირდაპირი მიკროსკოპია და კულტურალური გამოკვლევა ანუ მასალის სპეციალურ ნიადაგებზე დათესვა. თუ ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულის ნახველი დიდი რაოდენობით შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, მაშინ მათი აღმოჩენა შესაძლებელია ნახველის ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევის საშუალებით. თუ ნახველში გამომწვევი მცირე რაოდენობითაა, პირდაპირი მიკროსკოპიის მეთოდი მათ ვერ გამოავლენს. ამ შემთხვევაში ეფექტურია კულტურალური გამოკვლევა. ნახველის ბაქტერიოლოგიური (კულტურალური) მეთოდით გამოკვლევა, გარდა დიაგნოსტიკისა, საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მიკობაქტერიების მგრძნობელობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. - რას გვაძლევს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით?- რენტგენოლოგიური გამოკვლევა იწყება მიმოხილვითი სურათით პირდაპირ და გვერდით პროექციაში. გამოკვლევა გვერდით პროექციაში საშუალებას გვაძლევს: დავადგინოთ პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია წილებისა და სეგმენტების მიხედვით; გამოვავლინოთ ცვლილებები წილთაშუა ნაპრალებსა და გულის ჩრდილის უკან ფილტვებში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტომოგრაფიული გამოკვლევით. განსაკუთრებით ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია. - რას გულისხმობს ტუბერკულინოდიაგნოსტიკა?- ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტუბერკულინური ალერგია ანუ ტუბერკულინისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ან ბცჟ ვაქცინაციით არის გამოწვეული. - მანტუს სინჯის შესახებ ბავშვობიდან გვესმის. რას წარმოადგენს იგი და რა შემთხვევაშია უარყოფითი ან დადებითი?- ამჟამად ტუბერკულინური სინჯებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება მანტუს სინჯი (მანტუ ჩეხი მეცნიერის გვარია, რომელმაც ეს მეთოდი შეიმუშავა). სინჯი წარმოადგენს სტანდარტულ მეთოდს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ინფიცირებული პაციენტების გამოსავლენად. მანტუს სინჯი კეთდება წინამხრის შუა მესამედში. კანს წმენდენ სპირტით და შეჰყავთ ტუბერკულინის სტანდარტული დოზა. ტუბერკულინური ალერგია გამოვლენას იწყებს ტუბერკულინის შეყვანიდან 8 საათის შემდეგ და მაქსიმალურად გამოიხატება 48-72 საათის შემდეგ. ამ დროს ის უკვე უნდა შეფასდეს - გაიზომოს ინდურაცია (და არა ერითემა). რეაქცია უარყოფითად მიიჩნევა, თუ არ განვითარდა ინფილტრატი და ჰიპერემია. 10 მმ დიამეტრის და ამაზე დიდი ინდურაცია დადებით პასუხად ითვლება. ბცჟ-ვაქცინაციის პირობებში მანტუს სინჯით შეიძლება დავადგინოთ არა მხოლოდ ინფექციური, არამედ პოსტვაქცინური ალერგიის არსებობაც. დიაგნოსტიკის ამ მეთოდების ერთობლიობის საფუძველზე შესაძლებელია დადგენილ  იქნეს ორგანიზმში ტუბერკულოზის (ინფიცირების ან დაავადების) არსებობა და შემუშავდეს საექიმო მოქმედების ტაქტიკა. - ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევისას აღმოაჩენენ გადატანილი ტუბერკულოზის ნიშნებს. შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა დაავადება ისე გადაიტანოს, რომ ეს არ იცოდეს?- დიახ, ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირება ადეკვატური იმუნური პასუხის შემთხვევაში დაავადებად არ ტრანსფორმირდება. ვითარდება ლატენტური ტუბერკულოზი, რომელიც ზოგჯერ ლიმფურ კვანძებსა და ფილტვის ქსოვილში ტოვებს ცვლილებებს კალცინატების სახით. ტუბერკულოზის გართულებები- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ფილტვების ტუბერკულოზს?- ტუბერკულოზის ტიპური გართულებებია: სისხლდენა ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველა; სპონტანური პნევმოთორაქსი (როდესაც ფილტვის ქსოვილის მთლიანობა ირღვევა, ჰაერი ხვდება პლევრის ღრუში, რაც იწვევს ფილტვის ნაწილობრივ ან მთლიან კოლაბირებას და სუნთქვის მწვავე უკმარისობას); სუნთქვის უკმარისობა; ფილტვ-გულის უკმარისობა;  შინაგანი ორგანოების ამილოიდოზი და სხვა. ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საშუალებები- რას გულისხმობს ტუბერკულოზის პროფილაქტიკა?- 1903 წელს საფრანგეთში, ქ. ლილში, პასტერის ინსტიტუტში, კალმეტისა და გერენის მიერ ვაქცინაციისთვის მოწოდებულ იქნა M. ovis-ის ატენუირებული შტამი, რომელსაც BCG (კალმეტ-გერენის ბაცილა) ეწოდა. სწორედ ამ ვაქცინით იმუნიზაცია ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინაცია უტარდება ახალშობილს სიცოცხლის მე-5 დღემდე. ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი 5-7 წელიწადს გასტანს. ტუბერკულოზის მკურნალობა- როგორ მკურნალობენ ტუბერკულოზს?- ტუბერკულოზის მკურნალობის მეთოდებიდან პრიორიტეტი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას ენიჭება. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ერა დაიწყო 1945 წელს, როდესაც ვაქსმანმა სტრეპტომიცინი აღმოაჩინა. ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით. ის ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებისას. ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც 2 თვეს გასტანს, პაციენტი ყოველდღე იღებს 4 პრეპარატის - იზონიაზიდის, რიფამპიცინის, პირაზინამიდისა და ეტანბუტოლის - კომბინაციას, გაგრძელების ფაზაში კი 2-3 მედიკამენტს 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-თვიანია. მნიშვნელოვანია, რომ: პაციენტმა ზუსტად შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება; რეგულარულად და დროულად მიიღოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური დოზა, ვინაიდან წამლების არარეგულარული მიღებისას და მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლოა განვითარდეს ტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი გამძლე (რეზისტენტული) ფორმა, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია და შედეგიც ყოველთვის არ არის სასურვველი. ეფექტური მკურნალობის დროს სიმპტომური გაუმჯობესება დაავადებულთა უმრავლესობას პირველ 2-3 კვირაში აღენიშნება. 4-5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ავადმყოფთა უმრავლესობა 2 თვის შემდეგ ბაქტერებს აღარ გამოყოფს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა აუცილებლად ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში (ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი, კაბინეტი ან სტაციონარი) უნდა ჩატარდეს. პაციენტმა მედიკამენტის ყოველი დოზა უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობით. - როგორი მკურნალობენ რეზისტენტულ ტუბერკულოზს?- რეზისტენტული ბაცილების გასანადგურებლად პაციენტმა ყოველდღე უნდა მიიღოს 5-7 სხვადასხვა წამალი, ზოგიერთი მათგანი - დღეში 2-ჯერაც კი. იმის გამო, რომ ამ წამლების ერთ აბად გაერთიანება შეუძლებელია (როგორც სტანდარტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების შემთხვევაში), პაციენტს უწევს რამდენიმე აბის მიღება და ინექციის გაკეთება. ამასთანავე, ვინაიდან რეზისტენტული წამლები არ არის ისევე ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები, ადამიანმა იგი უფრო მეტი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს. უმეტესად მკურნალობა 2 წელიწადი გრძელდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტუბერკულოზის ყველა ბაცილა დაიხოცა და ავადმყოფი განიკურნა. მკურნალობა ტარდება მეთვალყურეობის ქვეშ - მას აკვირდება სამედიცინო პერსონალი, რათა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი ყოველდღიურად იღებს ყველა წამალს. თუ დაავადებულმა მკურნალობის წესები დაარღვია, წამლის დოზა ან დოზები გამოტოვა, ანდა ბოლომდე არ მიიყვანა კურსი, მკურნალობა ეფექტური არ იქნება. ამ შემთხვევაში დაავადებული ისევ გახდება გადამდები და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიაც უფრო რეზისტენტული გახდება და ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. სხვა სახის მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს. - რატომ არ უნდა შეწყვიტოს დაავადებულმა მკურნალობა?- თუ დაავადებული შეწყვეტს მკურნალობას: ისევ გახდება გადამდები და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს; გახდება უფრო მეტად რეზისტენტული; საფრთხეს შეუქმნის საკუთარ სიცოცხლეს. - როდის დაისმის ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ქირურგიული ჩარევის საკითხი?- მკურნალობის ქირურგიული მეთოდი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება, მაშინ, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა. ამ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ დაისმის ქირურგიული ჩარევის საკითხი. ოპერაციამდე საჭიროა ტუბერკულოზური პროცესის მაქსიმალური სტაბილიზაცია. ტუბერკულოზის მკურნალობის გვერდითი ეფექტები- იწვევს თუ არა მკურნლობა გვერდით მოვლენებს?- ადამიანთა უმრავლესობა ადვილად ასრულებს დანიშნულ მკურნალობას. არიან ისეთებიც, რომელთაც მკურნალობის პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში აწუხებთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით, ჩვეულებრივ, ქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გაძლიერდეს და შედარებით მეტხანსაც გაგრძელდეს, განსაკუთრებით - რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის დროს. ამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ სპეციალური საშუალებები ინიშნება. გვერდითი მოვლენების შესახებ პაციენტმა უთუოდ უნდა აცნობოს მედდას და ექიმს, რათა ისინი დაეხმარონ პრობლემის დაძლევაში და წამლების მიღება განაგრძოს. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: გულისრევა; ღებინება; სახსრების ტკივილი; თავბრუხვევა; თავის ტკივილი; კანის ქავილი; გამონაყარი; ტკივილი ინექციის ადგილას. - შესაძლოა თუ არა, ტუბერკულოზი შთამომავლობით გადაეცეს?- თავად დაავადება მემკვიდრეობით არ გადაეცემა, თუმცა არსებობს ინფექციის მიმღეობის გენეტიკურად განპირობებული განწყობა. ოჯახური ტუბერკულოზის შემთხვევები ინფექციის წყაროსთან მჭიდრო და რეგულარული კონტაქტით არის განპირობებული. - საჭიროა თუ არა ტუბერკულოზიანი ავადმყოფის სტაციონარული მკურნალობა?- გართულებების არსებობის და/ან ტუბერკულოზური პროცესის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში სტაციონარული მკურნალობა აუცილებელია. რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში ავადმყოფმა სტაციონარში მანამდე უნდა იმკურნალოს, ვიდრე ბაქტერიაგამომყოფია (ესე იგი ნაცხი დადებითია). კვებისა და ცხოვრების რეჟიმი- ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დროს მეტად მნიშვნელოვანია სწორი კვება. რომელი პროდუქტებია განსაკუთრებით სასარგებლო ავადმყოფისთვის?- ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტიანობას დიდწილად განაპირობებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა. იმუნიტეტის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა ცილით მდიდარი საკვების მიღება. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს: ხაჭო, კვერცხი, რძის ნაწარმი, მოხარშული ხორცი, მოხარშული თევზი, კანგაცლილი, მოხარშული ქათამი. ძეხვეული უნდა გამოირიცხოს, რადგან მის შემდაგენლობაში შემავალი ცხიმები ცუდად იწოვება ფილტვებში მიმდინარე ინფექციური პროცესი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ამასთანავე, ავადმყოფს უხდება დიდი რაოდენობით წამლების მიღება, რაც ვნებს ღვიძლს. ხილი და ბოსტნეული კი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას აჩქარებს. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, ვაშლი. დილით, უზმოზე, სასურველია 1 კოვზი თაფლისა და ნახევარი ლიტრი წყლის მიღება. ეს დაეხმარება ორგანიზმს, გათავისუფლდეს ღამით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან. ტუბერკულოზის დროს ყველა ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, მიიღოს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს პაციენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი მცენარეული თუ სხვა მედიკამენტი ექიმთან შეუთანხმებლად, რადგან ეს მედიკამენტები შესაძლოა რეაქციაში შევიდნენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან შეამცირონ მათი ეფექტურობა. ანტიტუბერკულოზური მკურნალობის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ასევე - ნარკოტიკული საშუალებები. ეს ხელს შეუშლის მკურნალობას და ავნებს ღვიძლს. ქცევის წესები- ქცევის რა წესები უნდა დაიცვას დაავადებულმა შინ?- სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ნაცხუარყოფითია, ჯერ კიდევ არსებობს გარშემო მყოფთა დასნებოვნების საფრთხე. პაციენტი გადამდები აღარ არის კულტურაუარყოფითი შედეგის 2-ჯერ ზედიზედ მიღების შემდეგ. შინ ინფექციის გადაცემის ალბათობის შესამცირებლად ავადმყოფმა უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები: დაიძინოს ცალკე ოთახში, რათა შემცირდეს ღამით ინფექციის გავრცელება; ხველების ან ცემინების დროს აიფაროს ხელსახოცი, რათა შემცირდეს ამ დროს ჰაერში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილების გავრცელება; ერიდოს კოცნასა და უშუალო კონტაქტს, განსაკუთრებით - პატარა ბავშვებსა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებთან - ისინი ტუბერკულოზით დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სახლში, საერთო ოთახში ყოფნისას გაიკეთოს ქირურგიული (ცისფერი) ნიღაბი. ამით შემცირდება ჰაერში ტუბერკულოზის ბაცილების რაოდენობა. ნიღაბი ყოველდღიურად გამოიცვალოს. გადააფურთხოს მხოლოდ გარეთ. ნახველისთვის გამოიყენოს დახურული კონტეინერი. ნახველი და კონტეინერი გაანადგუროს რეგულარულად. ნახველის დაღვრის შემთხვევაში ის ადგილი გაიწმინდოს ქლორისა და წყლის ნაზავით: დაბინძურებულ ადგილს უნდა დაესხას ქლორის ხსნარი, 10 წუთის განმავლობაში ასე დარჩეს და შემდეგ გაიწმინდოს ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებით. პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ. საცხოვრებლის კარები და ფანჯრები რამდენიმე საათში ერთხელ 15 წუთით უნდა გაიღოს ოთახის გასანიავებლად წვიმასა და სიცივეშიც კი. ოთახში რაც შეიძლება უხვად უნდა შემოდიოდეს მზის სხივები, რადგან ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა მზის სხივების უშუალო ზემოქმედებით იღუპება. ავადმყოფის მეგობრებმა და ნათესავებმა, როცა ოთახში მასთან ერთად იმყოფებიან, უნდა გაიკეთონ მაღალი ფილტრაციის (ვარდისფერი) ნიღბები. ნახმარი ნიღბები, ხელთათმანები, ნახველით სავსე კონტეინერები უნდა მოთავსდეს ერთ პარკში. ავსების შემდეგ პარკი უნდა განადგურდეს. - ტუბერკულოზისგან განკურნების შემთხვევაში რჩება თუ არა ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი?- დაავადების გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ ნარჩუნდება. ძალიან ხშირად ტუბერკულოზს თან ახლავს აივ/შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს იმუნიტეტს და მომავალში ხელს უწყობს რეციდივების განვითარებას. ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა- საქართველოში მოქმედებს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა. რა შესაძლებლობებს იძლევა ეს პროგრამა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის?- ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნების მქონე, აგრეთვე - ტუბერკულოზით დაავადებულ ბაცილგამომყოფ პირებთან კონტაქტში მყოფთა ტუბერკულოზზე გამოკვლევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროგრამა აფინანსებს ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობისა და პროფილაქტიკის ხარჯებსაც. ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა, მკურნლობა, კონტაქტში მყოფ პირთა ქიმიოპროფილაქტიკა უფასოა.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :