Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რა იწვევს სიბრმავეს

რა იწვევს სიბრმავეს



სიბრმავის ძირითად მიზეზებზე, განმაპირობებელ დაავადებებზე, მათ თავისებურებებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თვალის კლინიკა “ოპტიმედის” დამფუძნებელი ალესანდრე ალექსიძე:- სიბრმავე კრებითი ტერმინია, რომელიც მრავალ განსაზღვრებას აერთიანებს. აბსოლუტური სიბრმავე ორივე თვალში სინათლის მყარი შეუგრძნობლობაა. სიბრმავე შეიძლება იყოს პროფესიული და მოქალაქეობრივი. ამ უკანასკნელს პრაქტიკულ სიბრმავესაც უწოდებენ. ხარისხობრივად განასხვავებენ სრულ და არასრულ, შეუქცევად და შექცევად ანუ გარდამავალ სიბრმავეს. არასრული ანუ ნაწილობრივი სიბრმავე მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითებაა, რომლის დროსაც ის არ აღემატება 0,04-ს უკეთ მხედველ თვალზე (კორექციით). მკითხველს ალბათ უფრო მეტად აინტერესებს შექცევადი და შეუქცევადი სიბრმავე, მათი გამომწვევი მიზეზები და განმაპირობებელი დაავადებები. შექცევადია სიბრმავე, რომელიც მკურნალობით, მათ შორის - ქირურგიული ჩარევით, უკუიქცევა, ანუ რომლის დროსაც შესაძლებელია მხედველობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა სხვადასხვა ხარისხით, ხოლო შეუქცევადია სიბრმავე, როდესაც მხედველობის გაუმჯობესება, აღდგენა ვერც ქირურგიული ჩარევით და ვერც სხვაგვარი მკურნალობით ვერ ხერხდება. შექცევად სიბრმავეს სხვადასხვა რამ უდევს საფუძვლად. მაგალითად, კატარაქტა (ბროლის შემღვრევა) შექცევადი სიბრმავის მიზეზებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ის ფართოდაა გავრცელებული როგორც ქალებში, ისე მამაკაცებშიც, თუმცა ბოლო ხანს მის მკურნალობაში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან თვალსაჩინო შედეგებია. კატარაქტა ძირითადად ქირურგიულ პათოლოგიად ითვლება, რადგან მისი მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულ ჩარევას ეფუძნება და, როგორც უკვე მოგახსენეთ, შედეგები ძალიან შთამბეჭდავია. ისიც უნდა ითქვას, რომ კატარაქტის ადრეულ სტადიებზე ჩვენ მივმართავთ ინსტილაციებს ანუ მკურნალობას, რომელიც მიზნად ისახავს კატარაქტის სტაბილიზაციას, იმას, რომ პათოლოგიური პროცესი არ გაღრმავდეს და ქირურგიულ მკურნალობამდე არ მივიდეს საქმე. თუმცა ასეთი პაციენტი ძალიან ცოტაა, კატარაქტის მკურნალობა ძირითადად  ოპერაციული  ჩარევით  ხდება.- სწორედ ამ შთამბეჭდავი შედეგების გამოა, რომ პაციენტთა უმრავლესობა ოპერაციას იკეთებს. თუ წინათ თავს იკავებდნენ შიშისა თუ სხვა მიზეზით, დღეს თამამად თანხმდებიან, რადგან იციან, რომ ოპერაციის შედეგად მხედველობა რადიკალურად გაუუმჯობესდებათ.- კატარაქტის ოპერაციას ოფთალმოქირურგიის მარგალიტს უწოდებენ, რადგან ძალიან კარგი და აშკარა შედეგი აქვს პაციენტისთვის. ეს ოპერაცია განსაკუთრებულად მაღალეფექტურია, რადგან სავსებით კურნავს - პაციენტს ოპერაციამდე აქვს კატარაქტა, ოპერაციის შემდეგ კი აღარ, განსხვავებით გლაუკომის დროს ჩატარებული ქირურგიული მკურნალობისგან, რომელიც პროცესის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული.- იქნებ ოპერაციის არსსა და თანამედროვე მეთოდებზეც გეთქვათ რამდენიმე სიტყვა...- კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ოპერაციის ძირითადი მიზანიც სწორედ ამ შემღვრეული ბროლის ამოღება და მის ნაცვლად ხელოვნურის ჩადგმაა. მოდი, ისტორიას და მეთოდოლოგიის დახვეწას ნუ შევეხებით, შორს წაგვიყვანს. განვიხილოთ ის მეთოდი, რომელიც ბოლო წლებში ფართოდ არის დანერგილი და წარმატებით გამოიყენება. ეს არის ე.წ. ფაკოემულსიფიკაცია, რაც გულისხმობს ბროლის ემულსიფიცირებას ანუ სითხედ გადაქცევას ულტრაბგერის მეშვეობით. ხალხში რატომღაც ცნობილია, თითქოს ლაზერით კეთდებოდეს ოპერაცია, პაციენტები ხშირად გვეკითხებიან: “ექიმო, ხომ ლაზერით გამიკეთებთ?” მინდა, მკითხველის გასაგონად ვთქვა, რომ ეს შეცდომაა. ბროლის მასების დაშლა და სითხედ გადაქცევა ხდება არა ლაზერით, არამედ ულტრაბგერით. ამას მოსდევს ასპირაცია - ამ მასის ამოწოვა - და ხელოვნური კუმშვადი ბროლის ჩასმა. ამ ბროლის ჩასასმელად (შესაყვანად) ძალიან მცირე განაკვეთია საჭირო, თვალში კი იშლება. კუმშვადიც იმისთვისაა, რომ პატარა ნაპრალში გაეტიოს. ეს არის ოპერაციის ძირითადი არსი. ამ ქირურგიული ჩარევის შედეგად მაღალი მხედველობა მიიღება. ეს არ გახლავთ მარტივი პროცედურა - ძალიან ნატიფია და დიდ ოსტატობას მოითხოვს. ფაკოემულსიფიკაცია კარგი მეთოდია. მას მრავალი უპირატესობა აქვს ტრადიციულ ექსტრაკაფსულარულ ექსტრაქციასთან შედარებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიდ განაკვეთს და ბროლის არა ემულსიფიცირებას, არამედ მთლიანად ამოღებას თავისი ბირთვიანად. ეს ბირთვი საკმოდ დიდია, ამიტომ მისი სრული ექსტრაქციისთვის უფრო დიდი განაკვეთის გაკეთება გვიხდება. ტრადიციული ექსტრაკაფსულარული ექსტრაქციაც არ გახლავთ ურიგო მეთოდი, თუმცა დღეს ის ვერ შეედრება დახვეწილ და საკმაოდ სრულყოფილ ფაკოემულსიფიკაციას. ამ უკანასკნელის უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, ის არის, რომ ნაკლებტრავმულია. ბუნებრივია, რაც უფრო მცირე ზომის განაკვეთი კეთდება, მით უფრო ნაკლებტრავმულია ოპერაცია და, შესაბამისად, ხანმოკლეა რეაბილიტაციის პერიოდი. განაკვეთის ზომა ძირითადად 3 მმ-ს შეადგენს. თანამედროვე მეთოდიკით 2,5-2,3 მმ ზომის განაკვეთზეც გადავდივართ. - საზოგადოდ გახშირდა კატარაქტა თუ უფრო ხშირად გვესმის ნაოპერაციები პაციენტების კმაყოფილება და უბრალოდ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს პრობლემა ბევრს აწუხებს?- კატარაქტით დაავადებულთა რაოდენობამ მართლაც მოიმატა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: მოიმატა სტრესულმა ფონმა, რადიაციულმა ფაქტორმა, გახშირდა სხვადასხვა პათოლოგია. ბროლი კი ძალიან მგრძნობიარეა, ნატიფად რეაგირებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებზე, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე. კატარაქტა ხომ საბოლოო ჯამში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია. აქედან გამომდინარე, გარკვეული მნიშვნელობა კვებით ფაქტორსაც ენიჭება. მკაცრი დიეტები ამაში დიდ როლს ასრულებს და მძიმე დაღს ასვამს ბროლის სიჯანსაღეს. ჩვენ გვყავდა რამდენიმე პაციენტი, რომელთაც კატარაქტა დაემართათ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ძალიან დიდი წონის დაკლების გამო. საბოლოოდ ოპერციული ჩარევაც კი დასჭირდათ. შესაძლოა, ზოგიერთი შემეკამათოს, დიეტამ როგორ უნდა გამოიწვიოს კატარაქტა, სხვა რამის ბრალი იქნებოდაო, მაგრამ როდესაც ადამიანი ერთ თვეში დაიკლებს 37 კილოგრამს, ცხადია, აქ სხვა მიზეზების ძიებას აზრი აღარ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ბროლი მეტად მგრძნობიარე ავასკულარული სტრუქტურაა (სისხლძარღვები არ გააჩნია) და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს შემღვრევით პასუხობს, ამიტომ ცხოვრების ჯანსაღი წესის, რაციონალური კვებისა და, საზოგადოდ, ცალკეულ ორგანოთა ნორმალური ფუნქციობის როლს კატარაქტის პრევენციაში ვერ უარვყოფთ. - ეს - რაც შეეხება შექცევადი სიბრმავის ყველაზე ხშირ მიზეზს - კატარაქტას. შეუქცევადი სიბრმავის გამომწვევი დაავადებებიდან რომელს გამოყოფდით?- სამწუხაროდ, არსებობს შეუქცევადი სიბრმავეც. როდესაც მას ვეხებით, უნდა გამოვყოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა და თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. ეს დაავადებებია მთელ მსოფლიოში შეუქცევადი სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზი. რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება, მაგრამ სიბრმავის უშუალო მიზეზად გვევლინება. არ მინდა, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ თუ გლაუკომითაა დაავადებული, აუცილებლად დაბრმავდება. ასე არ არის. როდესაც ვამბობთ, რომ გლაუკომა არის შეუქცევადი სიბრმავის მიზეზი, ეს იმას ნიშნავს, რომ გლაუკომის დროს ადგილი აქვს მხედველობის სრულ დაქვეითებას, სრულ გაქრობას, ეს კი შედეგია მხედველობის ნერვის სრული გლაუკომური ატროფიისა. მაღალი თვალშიდა წნევის გამო ხდება მხედველობის ნერვის სრული ატროფია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ მკურნალობს, არ იტარებს ანტიგლაუკომურ თერაპიას, ამდენად, თვალშიდა წნევა არაკომპენსირებულია და გლაუკომა პროგრესირებს. წნევის მატება და მხედველობის ნერვის დაზიანება საბოლოოდ სრულდება გლაუკომური ატროფიის ერთ-ერთი ფორმით, რომელსაც გლაუკომურ ექსკავაციას ვეძახით. სწორედ ეს პროცესი ითვლება შეუქცევადად, რადგან მხედველობის ნერვის ბოჭკოები სხვა სენსორული ნერვის ბოჭკოების მსგავსად ვეღარ აღდგება ატროფიის (სრული განლევის) შემდეგ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც დრო გადის, გლაუკომის დროს ნერვული ბოჭკოების სრული ატროფიის პროცენტი სულ უფრო მეტად ქვეითდება. ეს უპირველესად იმის შედეგია, რომ ძალიან დაიხვეწა გლაუკომის სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური არსენალი, ბაზარზე გამოჩნდა თვისობრივად ახალი ანტიგლაუკომური პრეპარატები, რომელთა წყალობითაც წარმატებით ვახდენთ თვალშიდა წნევის კომპენსირებას და მხედველობის ფუნქციების სტაბილიზაციას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიცოცხლისუნარიანობას  ვუნარჩუნებთ და ვუხანგრძლივებთ მხედველობის ნერვის ბოჭკოებს. ამ კუთხით შედეგები ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ პაციენტი სისტემატურად არ მიმართავს ექიმს, არ იზომავს თვალშიდა წნევას და არ იწვეთებს სათანადო პრეპარატებს, გლაუკომა პროგრესირებს და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ გლაუკომას სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. რა თქმა უნდა, სხვა დაავადებების დროსაც უნდა აკონტროლებდეს ადამიანი თავის მდგომარეობას, ჰიპერტონიული დაავადება იქნება ეს, შაქრიანი დიაბეტი თუ სხვა, მაგრამ გლაუკომის დროს მუდმივი კონტროლი და სისტემატური მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. - როდის დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი გლაუკომის დროს? - თუ გლაუკომიან პაციენტთან მკურნალობით სათანადო შედეგი ვერ მივიღეთ, ვერ მივაღწიეთ თვალშიდა წნევის კომპენსირებას და მხედველობითი ფუნქციების სტაბილიზაციას, დღის წესრიგში ოპერაციული ჩარევის საკითხი დგება. დღეს გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა სხვადასხვა მეთოდითა და მიდგომით ხორციელება, მაგრამ ამაზე დაწვრილებით ნუ შევჩერდებით, რადგან ეს სხვა თემაა, ის კი უნდა აღვნიშნო, რომ ქირურგიული ჩარევა ძალზე შედეგიანია და წარმატების ალბათობაც საკმაოდ დიდია. ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლაუკომამ უკან დაიხია. თუმცა პაციენტის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მთავარი და აუცილებელი ფაქტორია, უამისოდ არაფერი გამოვა. - გლაუკომის გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს შორის რომელს გამოყოფდით?- ასაკს, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტონიულ დაავადებას - მათ ფონზე ხშირად იჩენს თავს გლაუკომა. ამას სტატისტიკა მოწმობს. მართალია, გლაუკომა უმთავრესად ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ, მაგრამ ბოლო ხანს, სხვა დაავადებათა მსგავსად, მისი გაახალგაზრდავებაც შეინიშნება. ეს დაკავშირებულია ორ ფაქტორთან: უპირველეს ყოვლისა, გამოვლენის საშუალებებთან - აპარატურის სრულყოფამ, მაღალტექნოლოგიურმა კომპიუტერულმა საშუალებებმა, საზოგადოდ, სადიაგნოსტიკო მეთოდების დახვეწამ მოიტანა ის, რომ დღეს ადრეულ სტადიებზეა შესაძლებელი დაავადების გამოვლენა, შესაბამისად, მკურნალობაც დროულად იწყება; მეორე ფაქტორი კი, რომელსაც უკავშირდება გლაუკომის გაახალგაზრდავება, სტრესული ფონის მატებაა. კატექოლამინების, ადრენალინისა და ნორადრენალინის დიდი რაოდენობით გადმოსროლა სისხლში ხელს უწყობს გლაუკომის განვითარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს კვებით ფაქტორსაც. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ არასწორი კვების გამო შესაძლოა ადამიანს გლაუკომა განუვითარდეს, მაგრამ ის კი დადგენილია, რომ გლაუკომიან პაციენტს სჭირდება განსაზღვრული დიეტა - ნაკლებმარილოვანი, სითხეებით ნაკლებად დატვირთული. რა თქმა უნდა, მარილის სულ მთლად  აკრძალვა არ შეიძლება, მაგრამ გლაუკომით დაავადებულმა აუცილებლად ნაკლებად მარილიანი საკვები უნდა მიირთვას. გლაუკომის დროს გაძნელებულია თვალიდან სითხის გამოდევნა. აქედან გამომდინარე, ორგანიზმის სითხით დატვირთვა ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ამ პროცესისა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება არ უწყობს ხელს გლაუკომის პროცესის სტაბილიზაციას და პროცესის გაღრმავების სერიოზული რისკფაქტორია.- რატომ არის დიაბეტური რეტინოპათია შეუქცევადი სიბრმავის ერთ-ერთი მიზეზი? რა პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ბადურაში და რატომ არის განვითარებული დაზიანებები შეუქცევადი?- როგორც უკვე მოგახსენეთ, შეუქცევადი სიბრმავის მიზეზებს შორის ძალიან დიდი ადგილი უკავია თვალის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს - იმ დაავადებებს, რომლებიც თვალის ცალკეული ნაწილების მკვებავი სისხლძარღვოვანი ტრაქტის ამა თუ იმ პათოლოგიითაა განპირობებული. ასეთია, მაგალითად, ბადურას ცენტრალური არტერიის ოკლუზია (დახშობა), მას, როგორც წესი, მყარ სიბრმავემდე მივყავართ, ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზი, რომელიც სრულ სიბრმავეს არ იწვევს, მაგრამ ძალიან ხშირად ცუდი შედეგით მთავრდება. კერძოდ, თუ ადგილი აქვს ცენტრალური ვენის და არა მისი რომელიმე ტოტის თრომბოზს, ვითარდება მეორეული გლაუკომა, მხედველობის ნერვი ზიანდება. მხედველობის ნერვის დაზიანებას ხელს უწყობს არა მხოლოდ იშემიური, არამედ ანთებითი პროცესებიც. დიაბეტური რეტინოპათია, ფაქტობრივად, სისხლძარღვოვანი დაავადებაა. თუ დიაბეტი არ არის სტაბილიზებული, არ არის სწორად ნამკურნალები, რა თქმა უნდა, რეტინოპათია უფრო სწრაფად პროგრესირებს. - რას უნდა მიაქციოს ყურადღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა, რათა მხედველობის ფუნქციის მხრივ ვერაგი გართულებები თავიდან აიცილოს? - შაქრიანი დიაბეტის დროს მხედველობითი ფუნქციების მაქსიმალური სტაბილიზაციისთვის პაციენტმა ოთხი რამ უნდა აკონტროლოს: პირველი - შაქრის შემცველობა სისხლში, მეორე - ქოლესტერინის დონე, მესამე - ცილა შარდში და მეოთხე - არტერიული წნევა. ქოლესტერინისა და, საზოგადოდ, ცხიმის მაჩვენებელი სისხლძარღვთა მდგომარეობის ერთგვარი მარკერია. შარდში ცილის გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ პათოლოგიურ პროცესში თირკმელიც ჩაერთო, დიაბეტური ნეფროპათია განვითარდა, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება ნეფროგენული ჰიპერტენზია, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. წნევის ფაქტორს კი განსაკუთრებული როლი აკისრია სისხლძარღვთა დაზიანების პათოგენეზში. შაქრიანი დიაბეტის დროს ადგილი აქვს მიკროანგიოპათიას - წვრილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებას. ამის კვალობაზე, ანგიოპათია ყველა ორგანოში ვითარდება: თირკმელში, გულში, ბადურაში და სხვა. დაზიანებული სისხლძარღვები მყიფეა, სისხლმდენია და, რასაკვირველია, სტრესული სიტუაციის ზემოქმედებით, მაღალი წნევის ფონზე ისინი კიდევ უფრო ზიანდება. შაქრიანი დიაბეტის დროს მიმდინარე ამ პათოლოგიური პროცესის ერთ-ერთი პირველი სამიზნე ბადურაა, თვალის ფსკერია, სადაც წვრილი სისხლძარღვები გადის. პათოგენეზის დაწვრილებით ახსნას ალბათ აზრი არ აქვს, მარტივად კი, მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, ხდება ის, რომ მუდმივი სისხლჩაქცევების გამო ბადურა ანთებასა და დაზიანებას განიცდის, შედეგად კი მისი ტრაქცია - ჩამოშლა ხდება, ბადურას მთლიანობის დარღვევით ან დაურღვევლად, შესაძლოა განვითარდეს ყვითელი ხალის შეშუპება და სხვა. სისხლჩაქცევები ჩნდება არა მხოლოდ ბადურაზე, არამედ ბადურას წინ, მინისებრ სხეულში და თვალის სხვა ნაწილებშიც. შაქრიანი დიაბეტის დროს, როდესაც პათოლოგიური პროცესი პროლიფერაციულ სტადიაში გადადის, ბადურას წინ შემაერთებელქსოვილოვანი ჭიმები ვითარდება. ეს ჭიმები ბადურას შიგნითა ზედაპირის დაჭიმვას (ტრაქციას) და მის აშრევებას იწვევს. სათანადო მკურნალობით ამ პროცესის შეფერხება, გაჭიანურება შესაძლებელია. თანამედროვე ფარმაკოლოგიური არსენალით ამ კუთხითაც დიდ წარმატებებს მივაღწევთ. მთავარია, პაციენტმა ყურადღება მიაქციოს შაქრიანი დიაბეტის სტაბილიზაციას, ნებაზე არ მიუშვას დაავადება, აკონტროლოს ზოგადი მდგომარეობა და, რაც მთავარია, მხედველობის ფუნქციები.- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ არსებობს მოქალაქეობრივი, იგივე პრაქტიკული და პროფესიული სიბრმავე. რომელი პროფესიის ადამიანებს ემუქრებათ ეს საშინელი განაჩენი?- თავდაპირველად განვმარტავ, რომ მოქალაქეობრივი სიბრმავე მხედველობითი ანალიზატორის ფუნქციური უნარის იმ დონემდე დაქვეითებაა, რომელიც პროფესიული საქმიანობის უმრავლეს სახეობათა შესრულების საშუალებას არ იძლევა და ზღუდავს გადაადგილებასა და თვითმომსახურებას, პროფესიული სიბრმავე კი მხედველობითი ანალიზატორის ფუნქციური უნარის დაქვეითებაა იმ დონემდე, რომელიც ჩვეული პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალებას არ იძლევა. არსებობს პროფესიათა წყება, რომელიც მხედველობის ამა თუ იმ სახის დაზიანებას და სრულ სიბრმავესაც კი იწვევს. მაგალითად, ქიმიურ წარმოებაში დასაქმებულები იმყოფებიან რისკჯგუფში, რადგან ტოქსინები, ნეიროტროპული ნივთიერებები პირდაპირ აზიანებს მხედველობის ნერვს. მეტალურგიაში დასაქმებულებს თერმული კატარაქტა ემუქრებათ. იქ, საზოგადოდ, ძლიერი ინფრაწითელი გამოსხივებაა, რომელიც ბროლის შემღვრევას იწვევს. ჩვენ გვყავდა რამდენიმე პაციენტი, მარტენის ღუმელში დასაქმებული, რომელთაც კატარაქტა განუვითარდათ და ოპერაცია დასჭირდათ. ძალიან ტოქსიკურად მოქმედებს მხედველობის ნერვზე და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს მეთილის სპირტი. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ხუთმა ადამიანმა (მუშები იყვნენ) სამუშაოს შემდეგ ეთილის სპირტის ნაცვლად შეცდომით მეთილის სპირტი დალია. ორ მათგანს განუვითარდა მხედველობის ნერვის შეუქცევადი ატროფია, ერთ მათგანს - ორმხრივი და დაბრმავდა, სამი კი საღ-სალამათი დარჩა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის მეთილის სპირტიც არ იწვევს სიბრმავეს, ტოქსიკურობასაც გარკვეული შერჩევითობა ახასიათებს, ყველაფერი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.- კომპიუტერთან ხანგრძლივად მომუშავეებს რას ეტყვით?- კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, რა თქმა უნდა, სიბრმავეს არ იწვევს, მაგრამ მხედველობის გადაღლა-გადაძაბვას სხვა სერიოზული გართულებები და პრობლემები მოსდევს. ხშირია ფსევდომიოპია, ვინც, მაგალითად, სათვალეს ატარებს, განსაკუთრებით - მინუსს, ამ მინუსის უფრო სწრაფი მატება აღენიშნება და სხვა. ფსევდომიოპია იგივე ცრუ მიოპია ანუ ცრუ ახლომხედველობაა, აკომოდაციის სპაზმი, რომელიც წამწამოვანი კუნთის ტონუსის მომატებით არის განპირობებული. კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისა და, შესაბამისად, დიდი მხედველობითი დატვირთვის შედეგად წამწამოვანი კუნთი ხანგრძლივი შეკუმშვის მდგომარეობაშია, ხდება რიგიდული და კარგავს მოდუნების უნარს. კლინიკურად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, განსაკუთრებით - შორ მანძილზე. ბევრი ახალგაზრდა მოგვმართავს მხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებული ჩივილებით. ზოგიერთ მათგანს 10-12 საათს და მეტხანსაც უწევს კომპიუტერთან ჯდომა. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. საჭიროა სპეციალური დამცავი წვეთების ჩაწვეთება, კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შეზღუდვა და მხედველობის ჰიგიენის დაცვა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :