Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ქალის სექსუალობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ქალის სექსუალობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები



გვესაუბრება ექიმი სექსოლოგი პაატა სოფრომაძე. - ბატონო პაატა, ყველაზე ხშირად რა პრობლემა იჩენს თავს ქალის სქესობრივ ცხოვრებაში?- თავად ქალის სექსუალობაა ძალზე რთული თემა. სექსოლოგიაზე საუბრისას კითხვები ჩნდება არა მარტო ქალებთან, არამედ მამაკაცებთან მიმართებითაც. რას აკეთებს ექიმი სექსოლოგი ქალთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში? ეს რომ გავიგოთ, უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა. სწორედ ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს მკურნალობს სექსოლოგი. - მაშინ კითხვას ამგვარად დაგისვამთ: როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა?- სექსუალობის გამოვლინებაა: სქესობრივი ლტოლვა ანუ ლიბიდო; ფიზიოლოგიური აღგზნების უნარი, რაც გულისხმობს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ალერსის, სქესობრივი თამაშების დროს; ორგაზმის მიღწევა. ლიბიდოს დარღვევებზე საუბრისას გულისხმობენ ძირითადად ფრიგიდულობას - სიცივეს, ანუ იმ მდგომარეობას, როცა ქალს არ შესწევს აღგზნების უნარი, არ აქვს მოთხოვნილება, ფიზიოლოგიური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ. უნდა ითქვას, რომ ლიბიდოს თავისი ფიზიოლოგიური ბაზისი აქვს, რომელზეც იგება ფსიქოლოგიური ზედნაშენი. რა განსხვავებაა ამ კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის? მამამკაცის სექსუალობა გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ფიზიოლოგიაზე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთაც ფიზიოლოგიური პრობლემების გამო შესუსტებული აქვთ ლიბიდო, ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ, საზოგადოდ, ქალისთვის ფსიქოლოგიური ზედნაშენი უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარეობს ის პარადოქსული შემთხვევები, როდესაც ქალს შეიძლება არ ჰქონდეს ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ შესწევდეს ორგაზმის განცდის, სიამოვნების მიღების უნარი. - ერთი მეორეს არ გამორიცხავს?- მამაკაცის შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ თითქმის გამორიცხავს, მაგრამ ქალის შემთხვევაში - არა. არსებობს ასეთი გამოთქმა: არეკლილი სიამოვნება. რას გულისხმობს ეს ცნება? სქესობრივი ურთიერთობის დროს ქალი იღებს სიამოვნებას არა წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტისგან, არამედ იმისგან, რომ მან სიამოვნება მიანიჭა ძვირფას ადამიანს. ლიბიდოს ხარისხობრივი დაქვეითება შეიძლება  ფიზიოლოგიურიც იყოს, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან ამ თვალსაზრისითაც განსხვავდებიან. სქესობრივი კონსტიტუცია ქალებშიც არის და მამაკაცებშიც. მას ტემპერამენტს ვუწოდებთ. - აქვს თუ არა ტემპერამენტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეთნიკურ ფაქტორს?- სექსუალობაზე ეთნიკური ფაქტორი გავლენას ახდენს და აყალიბებს კიდეც მას. ჩრდილოეთში უფრო გვიან ხდება მომწიფება, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში. გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი მორალის გავლენაც. რაც გენეტიკურად არის ჩადებული, ფიზიოლოგიურადაც ის გამომჟღავნდება, მაგრამ ქცევაზე, შეხედულებებზე მორალი დიდ გავლენას ახდენს. ქართველი ქალი სექსუალობის გამოვლინებათა თვალსაზრისით შედარებით შეზღუდულია... თუმცა, საზოგადოდ, ნაკლებმოსალოდნელია, ეთნიკურმა ფაქტორმა ფიზიოლოგიური განსხვავება მოგვცეს ტემპერამენტში, სერიოზული გავლენა მოახდინოს წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობაზე. - არსებობს ასეთი გამოთქმა: `მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით~. რამდენად მართებულია ის?- მამაკაცისთვის ქალის შიშველი სხეული ძალიან ძლიერი სტიმულატორია. შიშველი მამაკაცი ქალში ემოციებს ნაკლებად იწვევს. ეროტიკის ან პორნოგრაფიის ყურება ქალისთვისაც შეიძლება იყოს აღმგზნები და მასტიმულირებელი, მაგრამ არა უშუალოდ სხეული, არამედ სიტუაციის წარმოდგენა. - რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთი შეხედვით ბედნიერი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალები ქმრებს ღალატობენ?- ფიზიოლოგიური წყობით ქალი გაცილებით უფრო მონოგამიურია, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცი ფიზიოლოგიურად უფრო სხვადასხვა პარტნიორთან ურთიერთობისთვის არის განწყობილი. მონოგამიური ურთიერთობები ცივილიზაციის შედეგია. რაც უფრო იხვეწება ადამიანი, მით უფრო ფასეული ხდება ეს მისთვის. საქართველოში ქალს უფრო ხშირად ქმარი კი არა, ოჯახი უყვარს, ოჯახის შენარჩუნება სურს. ქალი მაშინ ღალატობს პარტნიორს, როდესაც გრძნობს იმედგაცრუებას, ვერ იღებს იმას, რაც სურს. ეს შეიძლება იყოს ფული, ტანსაცმელი, სოციალური მდგომარეობა, წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტი საწოლში, ერთგულება, ინტელექტუალური დაუკმაყოფილებლობა ამ ადამიანთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ იმ წყვილებისთვის, რომელთაც განქორწინებაზე შეაქვთ განცხადება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია კონფლიქტოლოგთან, ფსიქოლოგთან ან სექსოპათოლოგთან. - თუ წყვილს ერთად ცხოვრება აღარ სურს, რა შედეგს გამოიღებს ეს კონსულტაცია?- ასი წყვილიდან ხუთიც რომ შევინარჩუნოთ, უკვე გამარჯვებაა. დანგრეული ოჯახი პრობლემაა მამაკაცისთვის, ქალისთვის, მათი ნათესავებისთვის, უდიდესი და უმწვავესი პრობლემაა ბავშვისთვის და სახელმწიფოსთვის. ამიტომ ოჯახის შენარჩუნებას ბოლომდე უნდა ვეცადოთ. - ვიცით, რომ ვაგინიზმი სქესობრივი აქტის შიშია. რა უდევს საფუძვლად ამ შიშს?- პირველი სქესობრივი ურთიერთობისა მეტ-ნაკლებად ყველა ქალს ეშინია. ვაგინიზმი, პირველ რიგში, არის საკუთარი სხეულის არცოდნა და მიუღებლობა. ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია, ფიზიოლოგიასთან მას კავშირი ნაკლებად აქვს. ჭეშმარიტი ვაგინიზმის დროს ფსიქოლოგიური, ემოციური შიშის გამო ვითარდება საშოს კუნთების ისეთი სპაზმი, რომ სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელი ხდება. ამ დროს დაძალება დაუშვებელია - ეს უფრო მეტად გააღრმავებს ვაგინიზმს. - ეს პრობლემა პირველი სქესობრივი აქტის მოლოდინთან არის დაკავშირებული?- შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ასეა, თუმცა არ არის გამორიცხული, ვაგინიზმი განვითარდეს მეორეულად, უკვე რეალური ტკივილის შიშით. პირველი სქესობრივი აქტის დროს ტკივილი მეტ-ნაკლები ინტენსივობისაა, უმეტესად უმნიშვნელო, სისხლდენაც არ არის განსაკუთრებული. აქ უფრო შეუცნობლის შიშია იმ ახალგაზრდა ქალებში, რომელთაც ისტერიკულობისკენ აქვთ მიდრეკილება. დიდ როლს ასრულებს ასევე სექსუალურობის შესახებ არასწორი ინფორმირება. ხშირად ქალი ვაგინიზმს ნიღბავს. ამ შემთხვევაში გარკვეული ხნის შემდეგ მამაკაცს შეიძლება გაუჩნდეს ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. როდესაც ქალი ამას შეიტყობს, ხვდება, რომ „საფრთხე“ აღარ ემუქრება და უკვე მამაკაცს ადანაშაულებს ან თავად მამაკაცი იდანაშაულებს თავს, ანუ „ბრალეულობის“ ვექტორი ქალისგან მამაკაცზე გადადის. როდესაც მამაკაცი პირველი ღამის პრობლემით მოგვმართავს, კონსულტაციისთვის პარტნიორსაც ვიბარებთ, რათა ვაგინიზმი გამოვრიცხოთ. - საზოგადოდ, რას ურჩევდით ქალებს?- მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, უარი თქვან ნიკოტინზე. ალკოჰოლის ზომიერი მიღება ნებადართულია. გარდა ამისა, ქალებს ვურჩევ, გათხოვებამდე კარგად დაფიქრდნენ. ოჯახის სიმტკიცე ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რა იციან პარტნიორებმა ერთმანეთის შესახებ აქვთ. ჯობს, ჯერ კარგად გაიცნონ ერთმანეთი, მიაქციონ ყურადღება ყველაფერს. შესაძლოა, საწყის ეტაპზე მნიშვნელობა ჰქონდეს გარეგნობას, მერე და მერე უკვე - ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ სტატუსს, ხასიათს, ინტელექტს, კულტურას. მნიშვნელოვანია სექსუალური მორალის თავსებადობა, რაზეც უამრავი რამ ახდენს გავლენას: ოჯახი, რელიგია, ტრადიციები... გათხოვილ ქალებს ვურჩევ, მოუარონ თავს, გამუდმებით იზრუნონ პიროვნულ-ინტელექტუალურ ზრდაზე, აკონტროლონ თავიანთი წონა, გაითვალისწინონ პარტნიორის სურვილები, მოთხოვნები. ოჯახი არის კომპრომისი ცოლ-ქმარს შორის. არ შეიძლება, პარტნიორისგან ვითხოვდეთ, ჰგავდეს იმ იდეალს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში შევქმენით. ყველა ადამიანი თავისებურია და სწორედ ამაშია მათი ხიბლი.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :