Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ქალის ჰიგიენა - საიდან იწყება იგი

ქალის ჰიგიენა - საიდან იწყება იგი



ქალის ჰიგიენა შეისწავლის ქალის ჯანმრთელობის დაცვის გზებსა და საშუალებებს, შეიმუშავებს ჰიგიენურ რეკომენდაციებს მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპისთვის. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს ვესტუმრეთ. - ქალბატონო სოფიო, რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა?- ქალის ჰიგიენა გულისხმობს: უპირველესად - ზოგად (ტანსაცმლის, სხეულის, ფიზიკური მომზადების და ა.შ.) ჰიგიენას. მეორე - შრომის ჰიგიენას (მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალის ორგანიზმისთვის); მესამე - იმ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალის ორგანიზმის თავისებურებებთან ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში. ქალის ცხოვრების სხვადასხვა (ბავშვობის, სქესობრივი მომწიფების, მოწიფულობის, პრეკლიმაქსურ, კლიმაქსურ და მოხუცებულობის) პერიოდში ჰიგიენის წესები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უნდა იცოდეს ყოველმა ქალმაქალის ინტიმური ჰიგიენაწესი პირველიგარეთა სასქესო ორგანოების ჩასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური, ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები. საქმე ის არის,  რომ კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3. იქ მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუალური ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გროვდება გლიკოგენი. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებს საშოს მიკროფლორა - ლაქტობაქტერიები - და გამოიმუშავებს რძემჟავას, რომელიც აბრკოლებს საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას. ასე რომ, ბუნებამ საშოს შიგთავსი განგებ “შეამჟავა”, რათა მავნე მიკრობები გაანადგუროს, ხოლო სპერმატოზოიდებმა იოლად გაიკვლიონ გზა კვერცხუჯრედისკენ. თუ საშოს გარემო რაიმე მიზეზით დატუტიანდა, ლაქტობატერიების რაოდენობა ძლიერ მცირდება, მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებენ და ვითარდება დისბაქტერიოზი ან ბაქტერიული ვაგინოზი. საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევის ყველაზე მარტივი და გავრცელებული მიზეზია დაბანის დროს მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრა. აბაზანის ჩვეულებრივი ჟელე ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს უფრო ტუტოვანს ხდის. თუ ეს ერთხელ მოხდა, საშიში არ არის, მაგრამ მუდმივი ტუტოვანი “დარტყმები” არღვევს საშოს მიკროფლორას, ხელს უწყობს პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას. გარდა ამისა, ტუტე გარემოში სპერმატოზოიდებს მოძრაობა უჭირთ. დაიხსომეთ: ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები არ კურნავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. თუ გაქვთ გამონადენი, გაწუხებთ ქავილი ან წვა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. წესი მეორე გარეთა სასქესო ორგანოები ჩაიბანეთ დღეში მინიმუმ ორჯერ და არავითარ შემთხვევაში არ გამოიბანოთ საშო შხაპით. მენსტრუაციის პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა საჭიროა ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ ეს მოუხერხებელია (მაგალითად, ხართ სტუმრად ან სამსახურში), გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სველი ხელსაწმენდი, რომელიც გაჟღენთილია ანტისეპტიკური ლოსიონით. ასეთი ლოსიონები არ შეიცავს სპირტს და არ აღიზიანებს ლორწოვან გარსებს. სამაგიეროდ ზოგიერთი მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი მცენარეული ზეთები, დამამშვიდებელი სამკურნალო ბალახები და მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენი ექსტრაქტები. ანალური ხვრელის გარშემო არსებული არე უნდა დაიბანოთ ჩვეულებრივი საპნით, რადგან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ვერ უზრუნველყოფს ამ მიდამოს დეზინფექციას დაბანისას ხელების მოძრაობა და წყლის ნაკადი მიმართული უნდა იყოს წინიდან უკან. დაბანის შემდეგ კი არ გაიწმინდოთ, არამედ შეიშრეთ, რათა შემთხვევით არ დაიზიანოთ გარეთა სასქესო ორგანოების ნაზი ლორწოვანი გარსი. პირსახოცი უნდა იყოს სუფთა, რბილი და აუცილებლად საკუთარი. წესი მესამეყოველდღიური საფენები უნდა იცვალოთ მაქსიმუმ 4 საათში ერთხელ! რაც უფრო მეტხანს დაიტოვებთ საფენს, მით მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ხართ, არომატიზებულ საფენებს ერიდეთ. წესი მეოთხე ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები - ეს ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგებსა და ტანგებს უარყოფენ. რასაკვირველია, ისინი მიმზიდველი და სექსუალურია, მაგრამ სიარულის დროს თხელ ზონარს ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ ბაქტერიები გადააქვს. გარდა ამისა, თუ საცვალი მჭიდროდ ეკვრის კანს, მის სისხლის მიმოქცევასაც არღვევს. თეთრეული ნატურალური მასალის - ბამბისა, სელისა, შალისა - უნდა იყოს. იგი იწოვს სისველეს, სუნთქვის საშუალებას აძლევს კანს და არ ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს. - როდის იწყება გოგონას სქესობრივი მომწიფება? როგორ უნდა მოუაროს ამ პერიოდში მოზარდმა თავს?-  სქესობრივი მომწიფება საშუალოდ 11-14 წლის ასაკში იწყება. ამ პერიოდში გოგონები დიდ ყურადღებას უნდა აქცევდნენ პირად ჰიგიენას, ყოველდღიურად იცვლიდნენ ქვედა საცვალს, იღებდნენ შხაპს, ხმარობდნენ ანტიპერსპირანტებს - ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს: აეროზოლს, კრემს ან მშრალ ბურთულებს. ამ დროს მოსალოდნელია უსუნო, უფერო ლორწოვანი გამონადენი საშოდან, ამიტომ გოგონამ ყოველდღიური ერთჯერადი ჰიგიენური საფენები უნდა იხმაროს. - როგორ დავიცვათ გოგონა სასქესო ორგანოების დაავადებებისგან?- სქესობრივ მომწიფებამდე გოგონას ორგანიზმში ქალის ჰორმონები უმნიშვნელო რაოდენობითაა და არ გამოიმუშავებს რძემჟავა ბაქტერიებს, რაც საშოს ინფიცირებისგან იცავს, ამიტომ საშოს დაცვის ერთადერთი გზა სწორი მოვლაა. გოგონამ სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოს თბილი წყლითა და საპნით. დიდი მნიშვნელობა აქვს შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს. გადაღლა მავნეა არა მარტო ზოგადი ჯანმრთელობისთვის, არამედ შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევაც გამოიწვიოს და საბოლოოდ დამღუპველი გავლენა მოახდინოს გოგონას სქესობრივ ფუნქციაზე. ძალიან საშიშია გადაცივება, განსაკუთრებით - მენსტრუაციის დროს. ეს ცისტიტისა და დანამატების ანთებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. არანაკლებ საშიშია სველი ქვედა საცვლით ან საბანაო კოსტიუმით ყოფნა. ზოგადი ჰიგიენა სწორ და რაციონალურ კვებასაც მოიცავს. ყოველივე ამასთან ერთად, გოგონას უნდა ვასწავლოთ ნაწლავებისა და შარდის ბუშტის თავის დროზე დაცლა, რადგან გადავსებულმა შარდის ბუშტმა და სწორმა ნაწლავმა შესაძლოა დაარღვიოს საშვილოსნოს ნორმალური მდებარეობა, მენსტრუალური ციკლი, გამოიწვიოს ტკივილი მენსტრუაციის დროს.- როდის ეწყება გოგონას მენსტრუაცია? - მენსტრუაცია სქესობრივად მომწიფებული ქალის საშვილოსნოდან პერიოდული სისხლდენაა, მენსტრუალური ციკლის გარეგანი გამოვლენა, მენსტრუალური ციკლი კი ქალის ორგანიზმში ციკლურად მიმდინარე ურთულესი პროცესია. იგი მოიცავს პერიოდს მენსტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე და საშუალოდ 21-35 დღეს უდრის. პირველი მენსტრუაცია (მენარქე) საშუალოდ 12-13 (11-14) წლის ასაკში იწყება, თუმცა გამორიცხული არ არის, უფრო ადრე, 9-11 წლის (მენსტრუატიო პრაეცოხ) ან გვიან, 15-17 წლის (მენსტრუატიონ ტარდა) ასაკშიც დაიწყოს. პირველი 1-2 წლის განმავლობაში იშვიათი არ არის მენსტრუაციისა და მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა მოშლილობა, რომლებიც მედიკამენტური ჩარევის საფუძველს არ იძლევა. ორფაზიანი ფიზიოლოგიური ციკლი ყალიბდება პირველი მენსტრუაციის მოსვლიდან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში და ამით მთავრდება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, გოგონა მოწიფულობის სტადიაში გადადის.- როგორ უნდა მოუაროს ამ დროს ქალმა თავს?- მენსტრუაციის დღეებში თავი უნდა არიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ხანგრძლივ სიარულს, ველოსიპედით მოძრაობას, ჯირითს, ზღვასა თუ აუზში ბანაობას, რაციონიდან უნდა ამოიღოს სპირტიანი სასმელები, სანელებლები. გარდა ამისა, სასურველია, ქალმა აწარმოოს მენსტრუაციის კალენდარი, ანუ ყოველთვიურად აღნიშნოს მენსტრუაციის მოსვლის თარიღი. დიდ ყურადღებას მოითხოვს სასქესო ორგანოების სისუფთავე. მენსტრუაცია გრძელდება 3-7 დღე. ამ პერიოდში იხმარება სპეციალური ჰიგროსკოპული ჰიგიენური საფენები, რომელთა გამოცვლა საჭიროა, სულ მცირე, დღეში 4-5-ჯერ. სასურველია გარეგანი სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში ორ-სამჯერ თბილი გამდინარე წყლით. იდეალური იქნება ჩაბანა საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ.- როგორ ავარჩიოთ ჰიგიენური საშუალება კრიტიკული დღეებისთვის?- ამისათვის უნდა გავარკვიოთ, რამდენად უხვია გამონადენი. საფენებს ირჩევენ შეწოვის კოეფიციენტის მიხედვით. ჩვეულებრივ, ასეთი კოეფიციენტი ოთხია - ლიგჰტ, ნორმალ, სუპერ და სუპერ-პლუს, ან ნიგჰტ. ზოგიერთზე წვეთების რაოდენობაც არის მითითებული. სისხლი იდეალური საკვები გარემოა ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისთვის, ამიტომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს ნუ დაზოგავთ, უმჯობესია, რეგულარულად იცვალოთ საფენები და ჩაიტაროთ ჰიგიენური პროცედურები. ზოგიერთი ქალი საფენებს ტამპონებს ამჯობინებს. შეწოვის უნარი მათაც სხვადასხვა აქვთ. ტამპონი თავსდება უშუალოდ საშოში და მეტად კომფორტულია. ის არ ბოჭავს მოძრაობას და კრიტიკულ დღეებში საშუალებას აძლევს ქალს, ატაროს ნებისმიერი საცვალი თუ სამოსი. ტამპონის გამოცვლა საჭიროა 2-3 საათში ერთხელ. მით უმეტეს, არსებობს ტამპონების გამოყენებით გამოწვეული, თუმცაღა ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე პათოლოგია - ტოქსიკური შოკის სინდრომი. ამავე მიზეზით გირჩევთ, ტამპონები გამოიყენოთ მხოლოდ მენსტრუაციის პირველ დღეებში. საშოს და საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების დროს კი მათი გამოყენება საერთოდ არ არის რეკომენდებული. არ შეიძლება: მენსტრუაციის დროს აბაზანის მიღება და ორთქლის პროცედურები; წყალსატევებში ბანაობა; სქესობრივი კონტაქტი (ზრდის საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთების რისკს). - რას გულისხმობს ორსულის ჰიგიენა?- ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, რაც, გარდა სისუფთავისა, გულისხმობს: სწორ და ჯანსაღ კვებას; თეთრეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სწორად შერჩევას; სწორ ფიზიკურ დატვირთვას (ფეხით სიარულს, ცურვას); სწორ რეჟიმს - მინიმუმ 8-საათიან ძილს და ძილის წინ ხანმოკლე გასეირნებას. ორსულობისას არ არის სასურველი ცხელი აბაზანის მიღება. სამაგიეროდ, ყოველდღე უნდა მივიღოთ შხაპი. დღეში ორჯერ თბილი საპნიანი წყლით უნდა დავიბანოთ სარძევე ჯირკვლები და გარეთა სასქესო ორგანოები. სარძევე ჯირკვლების დახეთქვის თავიდან ასაცილებლად ისინი უნდა დავზილოთ უხეში, ხაოიანი პირსახოცით. თუ ძუძუსთავები ბრტყელი და შეწეულია, სასურველია მათი მასაჟიც. უნდა გაკონტროლდეს პირის ღრუს მდგომარეობა და მოხდეს მისი სანაცია. გარდა ზოგადი ჰიგიენური ღონისძიებებისა, სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც მიზნად ისახავს მუცლის პრესის განმტკიცებას, სუნთქვის გაღრმავებას და ორგანიზმში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას.- რა უნდა ჩაიცვას ორსულმა, რომ თავი მოხერხებულად იგრძნოს?- ორსულობის დროს ძლიერდება ოფლიანობა, თმის ცხიმიანობა, ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ ნატურალური ქსოვილის - ბამბის, სელის ტანსაცმელს, რომელიც უკეთ იწოვს ტენს. თეთრეული აუცილებლად ბამბისა უნდა იყოს. სინთეტიკური და სინთეტიკანარევი ქსოვილი ზრდის რძიანას განვითარების რისკს. ვინაიდან ორსულობისას მკერდი იზრდება და მძიმდება, აუცილებელია მოხერხებული ბიუსტჰალტერის ტარება, რათა შემდგომ მკერდი არ ჩამოეკიდოს. სარძევე ჯირკვლები ძუძუთი კვებისთვის ემზადება, ამიტომ აუცილებელია მათი “გავარჯიშებაც”. ორსულობისას, შეშუპების, გასუქებისა და სახსრების დასუსტების გამო, ჰორმონ რელაქსინის ზემოქმედებით ფეხის ზომა შესაძლოა გაიზარდოს, ამიტომ ორსულებმა სასურველია მოიმარაგონ ტყავის ან ნაჭრის დაბალქუსლიანი, შედარებით თავისუფალი ფეხსაცმელი, რომელიც არ ისრიალებს. - შეიძლება თუ არა სქესობრივი ცხოვრება ორსულობის დროს და არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ სქესობრივმა აქტმა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი ინფექცია?- კლინიკური პრაქტიკა მოწმობს, რომ აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობა განსაკუთრებით დიდია ორსულობის პირველი სამი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უმთავრესად იმ ქალებთან, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობისკენ. თუ ქალი ჯანმრთელია; წინა ორსულობის დროს არ გადაუტანია სპონტანური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა; სქესობრივი აქტი მიმდინარეობს ფრთხილად და სწორ პოზიციაში; პარტნიორები გაურბიან ქალის სასქესო ორგანოების ნებისმიერ უსარგებლო გაღიზიანებას; იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, - სქესობრივი კავშირით გამოწვეული საფრთხე ჯანმრთელი ორსულისთვის ძლიერ უმნიშვნელოა. მშობიარობის შემდგომი ინფექცია, მართალია, ხშირია, მაგრამ მიუძღვის თუ არა ამაში  ბრალი ორსულობის დროს სქესობრივ ცხოვრებას, ჯერ კიდევ საკამათოა.- რას ითვალისწინებს ქალის ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ?- მელოგინე ქალებმა ახალშობილისთვის ძუძუს წოვების შემდეგ ძუძუსთავებზე უნდა წაისვან ლანოლინის შემცველი კრემი, რომ არ დაუსკდეთ. სასარგებლოა ჰაერის აბაზანები. აუცილებელია ყოველდღიური შხაპი. მელოგინემ ბიუსტჰალტერში უნდა ჩაიდოს რბილი საფენები, რომლებიც იწოვს გამოჟონილ რძეს. ასეთი საფენები მრავალჯერადიც არსებობს (ადვილად ირეცხება) და ერთჯერადიც. ლანოლინიანი კრემის წასმა შეიძლება ნახეთქებზეც, მძიმე შემთხვევებში კი არ იკრძალება ძუძუს წოვებისას ძუძუსთავებზე ჩამოსაცმელი სპეციალური მოწყობილობის გამოყენება. თუ ქალს ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები აქვს, უმჯობესია გამოიყენოს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იდება ბიუსტჰალტერში და დვრილების ფორმირებას უწყობს ხელს. მშობიარობის შემდეგ დაგჭირდებათ: ბამბის ქსოვილის ბიუსტჰალტერი შესაკრავით წინ (სწორად შერჩეულმა ბიუსტჰალტერმა უნდა დაიკავოს მკერდი და არ დააწვეს სარძევე ჯირკვლებს); მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი; ჰიგიენური საფენები. დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: ბავშვი დედას რძის სუნით სცნობს, ამიტომ ძუძუს წოვებისას ნუ დაისხამთ სუნამოს, დეზოდორს - თქვენს პაწიას ეს შესაძლოა არ მოეწონოს და ძუძუზე უარი განაცხადოს. მამებო, მკვეთრსუნიან დეზოდორებსა და ლოსიონებს თქვენც ერიდეთ.- როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?- გამოიყენეთ კონდომი. ეს, რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი გარანტია არ არის, მაგრამ ძალიან ამცირებს სგგდ-ის განვითარების რისკს. სქესობრივი აქტის დროს გამოიყენეთ სპერმაციდული ქაფი ან ლუბრიკანტი (იკითხეთ აფთიაქებში). დაიბანეთ გენიტალიები სქესობრივი აქტის შემდეგ. მოშარდეთ სქესობრივი აქტის შემდეგ - ზოგიერთი მიკრობი შესაძლოა შარდთან ერთად გამოირეცხოს საშარდე ტრაქტიდან. თავი არიდეთ სქესობრივ კონტაქტს მენსტრუაციის დროს. ნუ გამოირეცხავთ საშოს შხაპით - ამით ირღვევა საშოს ნორმალური მიკროფლორა, რომელიც სგგდ-ისგან იცავს. თავი არიდეთ ანალურ სექსს - სწორი ნაწლავი და ანუსი მოფენილია მავნე მიკროორგანიზმებით!!! დაიცავით ელემენტარული ჰიგიენა! გყავდეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი! თუნდაც ერთი სიმპტომის შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს! რაც მთავარია, ერიდეთ თვითმკურნალობას და “გამოცდილი” მეგობრების “კეთილ” რჩევებს. ნუ ჩაიწვენთ ბავშვს თქვენს საწოლში! მისი თეთრეული გარეცხეთ ცალკე.- რას გვეტყვით თავდაცვის ბარიერული საშუალებების გამოყენების ჰიგიენაზე?- ბარიერული კონტრაცეფციის საშუალებები სასურველია შეარჩიოს გინეკოლოგმა შარდსასქესო სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქალის ალერგიული ანამნეზისა და სქესობრივი აქტიურობის გათვალისწინებით. არსებობს გარკვეული მითითებები, რომელთა შესრულებაც საჭიროა ამ მეთოდების გამოყენებისას: დიაფრაგმის და საშვილოსნოს ყელის ჩაჩის ჩადგმა უნდა მოხდეს სქესობრივ აქტამდე მაქსიმუმ 6 საათით ადრე. სქესობრივი აქტის შემდეგ ის კიდევ 8 საათი რჩება საშოში. არც ერთ ეტაპზე არ არის რეკომენდებული საშოს გამორეცხვა. ყოველი სქესობრივი აქტის წინ დიაფრაგმის შიგნითა მხარე უნდა დაიფაროს სპერმიციდით - კრემით ან ჟელეთი. გამოყენების შემდეგ დიაფრაგმა უნდა გაირეცხოს საპნით, გამშრალდეს და ჩაიდოს 70-80%-იან ეთილის სპირტიან ხსნარში დეზინფექციისთვის. ინახება მშრალ ადგილას. კონტრაცეფციული ღრუბლის ჩადგმა უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ხდება. ღრუბელი საშოში შეიძლება დარჩეს 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს დამატებითი დამცავი მეთოდის გამოყენება არ არის საჭირო. ღრუბელი ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ გამოუსადეგარია. სპერმიციდული სანთლები და ტაბლეტები საშოში შეგვაქვს სქესობრივ აქტამდე 10-15 წუთით ადრე, სწორედ ამ ხნის შემდეგ იწყება მათი კონტრაცეფციული მოქმედება, რაც 1-დან 2 საათამდე გრძელდება. კრემებისა და ჟელეების შესაყვანად გამოიყენება სპეციალური აპლიკატორი, რომელიც შემდეგ წყლითა და საპნით უნდა გაირეცხოს. განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს სპერმიციდის ახალი დოზა. არ შეიძლება საშოს გამორეცხვა სქესობრივი აქტიდან 6-8 საათის განმავლობაში. თუ სპერმიციდის შეყვანიდან 1-3 საათში აქტი არ ჩატარდა, საჭიროა დამატებითი დოზის შეყვანა. შესაძლოა, მკითხველს უცნაური მოეჩვენოს ასე დაწვრულებით საუბარი ელემენტარული წესების შესახებ, მაგრამ მათი დაცვა აუცილებელია, თუ გვსურს, არასასურველი ორსულობა თავიდან ავიცილოთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მითითებების შესრულების დროსაც კი ბარიერული მეთოდებისა და სპერმიციდების კონტრაცეფციული ეფექტურობა მაღალი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს დაორსულების შანსი. უსამართლობა იქნება, თუ ამ ნაკლთან ერთად არ აღვნიშნავთ ბარიერული მეთოდებისა და სპერმიციდების უდავო ღირსებებს: ისინი არ უქმნიან ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს, დიაფრაგმის გამოყენებისას მინიმუმ 5 წლის განმავლობაში მცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი. დიაფრაგმა და კონტრაცეფციული ღრუბელი ნაწილობრივ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე. მართალია, ქალისთვის განკუთვნილი კონტრაცეფციული საშუალებების შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ არ შეიძლება არ ვახსენოთ სადღეისოდ ყველაზე პოპულარული ბარიერული საშუალება - კონდომი, რომელსაც მამაკაცი იყენებს. ის აფერხებს სპერმის მოხვედრას რეპროდუქციულ ტრაქტში და იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, მათ შორის - აივ/შიდსისა და ჰეპატიტისგან. მამაკაცის კონდომის გამოყენების დროსაც აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა: უნდა შემოწმდეს ვარგისობის ვადა და ყოველი სქესობრივი აქტისას გამოყენებულ იქნეს ახალი კონდომი, რომელიც ფრთხილად უნდა გაიხსნას, რათა ფრჩხილებით ან წვეტიანი საგნით არ დაზიანდეს. მიუხედავად უდავო ღირსებებისა, საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის თვალსაზრისით არც ამ მეთოდის კონტრაცეფციული ეფექტია მაღალი.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :