Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ოსტეოქონდროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ოსტეოქონდროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა



რედაქციაში უამრავი კითხვა მოდის ოსტეოქონდროზთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მკითხველები გვთხოვენ, დაწვრილებით მოვუთხროთ მისი მკურნალობის გზებსა და საშუალებებზე. სწორედ ამისთვის ვეწვიეთ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრის მთავარ ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ნანა ჯაკობიას. - ქალბატონო ნანა, რა პათოლოგიურ პროცესებთან გვაქვს საქმე ოსტეოქონდროზის დროს?- ოსტეოქონდროზი ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხასიათდება მიმდებარე ქსოვილებში დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესების განვითარებით. ოსტეოქონდროზის შედეგად მოსალოდნელია: მალათაშუა დისკოების ელასტიკურობისა და სისქის შემცირება; მალებზე წანაზარდების წარმოქმნა; ვერტებრული ხვრელების შევიწროება. ყოველივე ეს იწვევს: კუნთების მომატებულ დატვირთვას სხეულის მოძრაობის დროს; ნერვის ტრავმირების საფრთხეს; ზურგის კუნთების პერიოდულ გადატვირთვას და ტკივილს. - ოსტეოქონდროზის რომელი ფორმები გვხვდება ყველაზე ხშირად?- ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დისკოზი ანუ თიაქარი ხერხემლის მალებს შორის. მალათაშუა დისკოები ყველაზე ადრე ზიანდება და დეფორმირდება. ხერხემლის ტკივილს ხშირად მალებს აბრალებენ, თავის ტკივილს კი დაღლილობას მიაწერენ. აღნიშნული სიმპტომები მეტად სერიოზული დაავადების - ოსტეოქონდროზის მანიშნებელია. - რა ასაკში იწყება ოსტეოქონდროზი?- დეგენერაციული ცვლილებები 30 წლიდან იწყება. დეგენერაციის ტიპი და გართულების რისკი დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, შრომისა და დასვენების ხარისხზე, აგრეთვე - პროფილაქტიკისთვის გამიზნული მეთოდების გამოყენებაზე. - რა შეიძლება მივიჩნიოთ ოსტეოქონდროზის განვითარების რისკფაქტორად?- ოსტეოქონდროზის რისკფაქტორებია ხერხემლის განვითარების ანომალიები, სიმსუქნე, თამბაქოს წევა, ჰიპოდინამია. - როგორ ვუმკურნალოთ ოსტეოქონდროზს?- ოსტეოქონდროზისგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ ეფექტიანია. მკურნალობის შედეგი 70-80%-ით დამოკიდებულია პაციენტზე, მის დისციპლინაზე. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა გამოსავლენად, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ამ დაავადებების დროს უკუნაჩვენებია. მარილების "დაშლა" ან "გაწოვა" მიზნად არ უნდა დავისახოთ - ოსტეოქონდროზის დროს ხდება არა "მარილების დაგროვება", არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს "მარილოვანი წა-ნაზარდების" და-შლას. ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპებია: მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა; სამკურნალო ვარჯიშების შესრულება; მასაჟი; ბალნეოთერაპია - მინერალური წყლის აბაზანები, პელოიდოთერაპია (ტალახის სამკურნალო პროცედურები); ფიზიოთერაპია; მანუალური თერაპია. აუცილებელია, დროულად ჩატარდეს პროცედურები, რომლებიც გადაღლილი ხერხემლის განტვირთვისთვის არის საჭირო. მეტად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ძალზე ეფექტურია სპორტი, განსაკუთრებით - ცურვა, იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მეთოდისტის მთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. თანამედროვე მედიცინაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოსტეოქონდროზის კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ წამლებს ახასიათებს გართულებები, ხშირია ალერგიული რეაქციები, ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებისთვის კი ასეთი რამ არ არის დამახასიათებელი. საქართველო მდიდარია საკურორტო რესურსებით. კურორტულ მკურნალობაზე მოთხოვნა დიდია. თუ ქალაქიდან გასვლა არ შეგიძლიათ, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ყველა ზემოხსენებულ პროცედურას ჩაიტარებთ. მინერალურ-თერმული წყალი და სამკურნალო ტალახი გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისთვისაც. თბილი წყლის პროცედურები ადუნებს კუნთს, იწვევს მის ჰიპერემიას, ხსნის სპაზმს. ჰიდროთერაპიულ კაბინეტში კეთდება წყალქვეშა მასაჟი და ხერხემლის წყალქვეშა დაჭიმვა, რომელიც ძალიან ეფექტურია - იწვევს სრულ რელაქსაციას, რის შედეგადაც ტკივილი მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ქრება. - რა ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს ხერხემლის წყალქვეშა დაჭიმვას?- ხერხემლის წყალქვეშა დაჭიმვა ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს დისკოგენური ფორმის გავა-წელის რადიკულიტი ქვემწვავე სტადიაში. უკუჩვენებებია: მალათაშუა დისკოს თიაქრის კლინიკური სურათი; სპინალური სისხლის მიმოქცევის დარღვევები; ზურგის ტვინის გაღიზიანების კლინიკური გამოვლინებები; მუცლის ღრუს ორგანოების თანმხლები დაავადებები; დაჭიმვის ცუდად გადატანა (ტკივილების გაძლიერება); აგრეთვე - მინერალური წყლით მკურნალობისთვის დადგენილი საერთო უკუჩვენებები: ონკოლოგიური დაავადებები; გულის თანდაყოლილი თუ შეძენილი მანკები; მიოკარდიუმის ინფარქტი; მიოკარდიტის გადატანის შემდგომი მდგომარეობა; ენდოკარდიტი; ესენციური ჰიპერტენზიის III სტადია; გულის იშემიური დაავადების დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის III-IV ფუნქციური კლასი; გულის უკმარისობის III-IV ფუნქციური კლასი; III ხარისხის სუნთქვის უკმარისობა; II ხარისხის ფილტვ-გულის უკმარისობა; მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმა; თირეოტოქსიკოზი; ტუბერკულოზის ყველა ფორმა; ინფექციური დაავადებები; მწვავე დაავადებები. კისრის ოსტეოქონდროზის თანმხლები სინდრომების (ვერტებრობაზალური ნაკლოვანების სინდრომი, ფესვოვანი სინდრომი) არსებობისას ხერხემლის დაჭიმვა ხდება ძალიან ფრთხილად, ექიმის მეთვალყურეობით.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :