Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ნაადრევი დაბერების სინდრომები

ნაადრევი დაბერების სინდრომები



ადამიანის დაბერების მოლეკულურ-გენეტიკური საფუძვლების შესასწავლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ სინდრომთა კვლევა, რომლებიც ნაადრევ დაბერებას იწვევს. ორგანიზმის ამ პათოლოგიურ მდგომარეობას პროგერიას უწოდებენ. დაავადება ორგანიზმს 8-10-ჯერ სწრაფად აბერებს. ამ დროს ადამიანი წელიწადში 10-15 წლით ბერდება. პროგერია ერთ-ერთი უიშვიათესი გენეტიკური დაავადებაა. მთელ მსოფლიოში ახლა ასამდე “პატარა მოხუცი” ცხოვრობს. პროგერია მოიცავს რამდენიმე სინდრომს, მათ შორის: ბავშვთა პროგერიას ანუ ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომს; ზრდასრულთა პროგერიას ანუ ვერნერის სინდრომს; როტმუნდ-ტომპსონის სინდრომს; ბლუმის სინდრომს; პიგმენტურ ქსეროდერმას; კოკეინის სინდრომს; ფანკონის ანემიას; თანდაყოლილ დისკერატოზს; დაუნის სინდრომს და სხვა. პროგერიაზე საუბრისას უმთავრესად ბავშვთა პროგერიას ანუ ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომს გულისხმობენ. ის უიშვიათესი დაავადებაა - მილიონიდან ერთს აქვს, მაშინ როდესაც სხვა სახის ნაადრევი დაბერების სინდრომთა სიხშირე ასი ათასზე ერთია. ბავშვები, რომლებიც ამ დაავადებით იბადებიან, ჩვეულებრივ ახალშობილებს ჰგვანან და 2-3 წლამდე არაფერი ეტყობათ. შემდეგ ზრდა მკვეთრად ფერხდება, კანი თხელდება, შრება, ნაოჭდება, ტანზე ჩნდება ჰიპერპიგმენტირებული უბნები, გათხელებული კანის ქვეშ ჩანს სისხლძარღვები. ავადმყოფს აქვს სპეციფიკური გარეგნობა: დიდი თავი, წინ წამოწეული შუბლი, ნისკარტისებური ცხვირი; ქალას ტვინოვანი ნაწილი უფრო დიდია, ვიდრე სახისა, ქვედა ყბა განუვითარებელია, სახე პატარაა, დაღვეულია კბილების ფორმა და რაოდენობა, დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის ფრჩხილები, თმა, წარბები და წამწამები ცვივა, კუნთები ატროფირებულია, ცვლილებები შეინიშნება ძვალსახსროვან სისტემაში, მიოკარდში, სასქესო ორგანოები ჰიპოპლაზირებულია. დაავადების პროგრესირებისას წარმოიშობა ათეროსკლეროზული ფოლაქები, რასაც ინფარქტამდე მივყავართ. 6 წლის ასაკში ბავშვები ღრმად მოხუცებულებს ჰგვანან. პროგერიით დაავადებულთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13 წელია. ისინი სრულწლოვანებამდე იშვიათად თუ აღწევენ. ცნობილია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელმაც 45 წელი იცოცხლა. სიკვდილის მიზეზი უმეტესად მიოკარდიუმის ინფარქტია. ბავშვთა პროგერიის მიზეზი გენ LMNA-ს მუტაციაა. ეს მუტაცია ყოველთვის დე ნოვო ანუ თავიდან, ხელახლა წარმოიქმნება და არ მემკვიდრეობს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მუტაციური გენის მატარებლები რეპროდუქციული ასაკის მიღწევამდე იღუპებიან და შთამომავლობას არ ტოვებენ. აღწერილია ოჯახები, სადაც დაავადებულია და-ძმა. ხშირად ეს ის ოჯახებია, სადაც მშობლებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირი აქვთ, რაც გვაფიქრებინებს დაავადების დამემკვიდრების აუტოსომურ-რეცესიულ ტიპს. გენი LMNA ცილა ლამინ A-ს ასინთეზებს. ლამინები ცილებია, რომელთაგანაც შენდება უჯრედის ბირთვის გარსი, ამიტომ მათ ბირთვულ ლამინასაც უწოდებენ. ცილა ლამინ A უჯრედის ბირთვის გარსის ქვეშაა მოთავსებული ძაფების სახით. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის გაყოფის დროს ბირთვის დაშლასა და ხელახლა წარმოქმნაში და ბირთვში ქრომოსომების ფიქსირებაში, ხოლო ვინაიდან ის დაკავშირებულია ქრომოსომებთან, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მათში მოთავსებული გენების მუშაობაშიც. ამრიგად, ცილა ლამინ A უჯრედის ბირთვს ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებაში ეხმარება. მუტაციის შედეგად სინთეზდება ლამინას მოკლე მოლეკულა. მას პროგერინი ეწოდება. ცილა პროგერინი ბირთვის სხვა ლამინის მოლეკულებთან ვერ ინტეგრირდება, რაც ლამინას კედლის რღვევას იწვევს, ამას კი, თავის მხრივ, გენომის არასტაბილურობამდე მივყავართ - თავს იჩენს გენთა მუშაობის ანუ ექსპრესიის ცვლილებები და უჯრედები იღუპებიან. თუ დავაკვირდებით პროგერიით დაავადებული ადამიანის ფიბრობლასტების ბირთვებს, დავინახავთ, რომ ისინი დეფორმირებულია. ზრდასრულთა პროგერია ანუ ვერნერის სინდრომიც აუტოსომურ-რეცესიული ბუნებისაა. ამ სინდრომმა სახელწოდება გერმანელი ექიმისა და მეცნიერის ოტო ვერნერის პატივსაცემად მიიღო. მან პირველმა აღწერა ოჯახი, სადაც ოთხი და-ძმა იყო დაავადებული ამ სინდრომით, რაც ამ დაავადების დამემკვიდრების აუტოსომურ ხასიათზე მიანიშნებდა. ვერნერის სინდრომით დაავადებულები სქესობრივ მომწიფებამდე ნორმალურად, 17-18 წლამდე, ვითარდებიან, ამიტომ აქვთ ნორმალური სიმაღლე და შესაძლოა, შთამომავლობაც იყოლიონ, მერე კი ნაჩქარევად ბერდებიან. 30-40 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმად მოხუცებულებს ჰგვანან. ნაჩქარევად ბერდება კანი, სისხლძარღვები, რეპროდუქციული სისტემა, ძვლები, დაავადებულებს ემართებათ კატარაქტა, დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ოსტეოპოროზი, ისინი ჭაღარავდებიან და სცვივათ თმა, აქვთ სხვადასხვა ტიპის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საბოლოოდ ან სწორედ სიმსივნით იხოცებიან, ან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამ დაავადებისთვის 40-50 წელია. ზრდასრულთა პროგერიას გენ ჭღN-ის მუტაცია იწვევს. იგი მე-8 ქრომოსომაზეა ლოკალიზებული. გენი ასინთეზებს ატფ-დამოკიდებულ ჰელიკაზას, რომელიც დნმ-ს რეპარაციაში მონაწილეობს. გენში მუტაციის შედეგად ირღვევა დნმ-ს რეპლიკაციისა და რეპარაციის, გენთა ნორმალური ექსპრესიის პროცესები და ჩქარდება ქრომოსომათა დაბოლოებების - ტელომერების დამოკლების, ცვეთის პროცესი, რაც, თავის მხრივ, უჯრედთა აპოპტოზს ანუ კვდომას იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ პაციენტთა უჯრედები მეტისმეტად სწრაფად მრავლდებიან და მალევე ამოწურავენ თავიანთ დაყოფის პოტენციალს - თითქმის 3-5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის უჯრედები. როტმუნდ-ტომპსონის სინდრომი ძალიან ჰგავს ვერნერის სინდრომს: მას ახასიათებს კანის განსაკუთრებული ჰიპერპიგმენტაცია, მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ზრდის შეფერხება, ჰიპოგონადიზმი, ანემია, კატარაქტა, თმის ცვენა და ა.შ. ვერნერის სინდრომისაგან განსხვავებით ამ პაციენტებს უვითარდებათ სიმსივნის განსაკუთრებული სახე - ოსტეოგენური სარკომა. ისევე როგორც ვერნერის სინდრომის დროს, მუტაციური გენი ასინთეზებს დეფექტურ დნმ-ჰელიკაზებს. დნმ ჰელიკაზები დნმ-ს რეპარაციაში მონაწილეობენ. პიგმენტური ქსეროდერმა იშვიათი აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა. მისი სიხშირეა 1: 250 000. ხასიათდება მზის სხივების ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობით, კანის პიგმენტაციის დარღვევით. კანზე ჩნდება გაფანტული პიგმენტური ლაქები, კანი იჭმუხნება და წყლულდება, უმთავრესად მზით დასხივებულ არეებში. მეჭეჭოვანი და კერატოზული პროცესები იწვევენ კანის ავთვისებიან სიმსივნეებს. დაავადება ვლინდება ბავშვობის ასაკში და რამდენიმე წელიწადში იწვევს სიკვდილს. პიგმენტური ქსეროდერმის გამომწვევი გენები მოთავსებულია 1, 2, 9 და 19 ქრომოსომებზე და ასინთეზებენ დნმ-ს რეპარაციის ცილებს. დნმ-ს რეპარაცია უჯრედული მექანიზმია, რომელიც აწარმოებს დაზიანებული დნმ-ს კორექციას. კოკეინის სინდრომი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. მას ახასიათებს ზრდის შეფერხება, ნაჩქარევი დაბერება (ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება) და ნევროლოგიური დისფუნქცია. ამ სინდრომით დაავადებული პაციენტის უჯრედები ჰიპერმგრძნობიარენი არიან მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. კოკეინის სინდრომს რამდენიმე გენის დაზიანება იწვევს. ისინი დნმ-ს რეპარაციული სისტემის ცილებს ასინთეზებენ. ბევრმა არ იცის, რომ დაუნის სინდრომიც ნაადრევი დაბერების სინდრომებს მიეკუთვნება. მას იწვევს 21-ე ქრომოსომის გასამმაგება - ტრისომია. პაციენტებს ნაადრევად უვითარდებათ ასაკობრივი პათოლოგიური ცვლილებები და ცოტა ხანს ცოცხლობენ. მათი ტვინის უჯრედებში გააქტიურებულია სპეციალური ცილები - კასპაზები, რომლებიც ნეირონთა აპოპტოზს ანუ კვდომას იწვევს.  აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ტოქსიკურ ცილა პროგერინის პროდუქციასა და ქრომოსომათა ტელომერების დამოკლებას შორის. ქრომოსომათა ტელომერები ცვდება და მოკლდებიან უჯრედის ყოველი დაყოფისას. მათი მნიშვნელოვანი დამოკლებისას უჯრედი წყვეტს დაყოფას და კვდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაზიანებული და ფუნქციადაკარგული ტელომერები ააქტიურებს ცილა პროგერინის სინთეზს. ამასთან, ტელომერათა დამოკლების კვალდაკვალ უჯრედები სულ უფრო და უფრო მეტ ტოქსიკურ ცილა პროგერინს გამოიმუშავებენ, შედეგად კი ვლინდება ნაადრევი დაბერების ყველა ნიშან-თვისება. პროგერიის შესწავლა საშუალებას მოგვცემს, შევისწავლოთ ბუნებრივი დაბერების ბიოქიმიური და მოლეკულური მექანიზმები.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :