Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მოვუაროთ ფარისებრ ჯირკვალს

მოვუაროთ ფარისებრ ჯირკვალს



ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა ხშირად ორსულობის პერიოდში იჩენს თავს. შესაძლოა თუ არა, ქალი ყურადღებას არ აქცევდეს ორგანიზმში დუნედ მიმდინარე ცვლილებებს? როგორ გამოვავლინოთ დროულად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა? ამ და სხვა საკითხებზე ენდოკრინოლოგი თეა ხუროძე გვესაუბრება: - ადამიანის გუნება-განწყობა, წონა, აქტიურობა, ტონუსი - ყოველივე ეს დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე და იმაზე, თუ როგორ უძღვება იგი თავის მოვალეობებს. ეს მნიშვნელოვანი ორგანო ძალზე მგრძნობიარეა იოდის ნაკლებობის, სტრესებისა და არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების მიმართ. მისი მუშაობის შეფერხება განაპირობებს ცვლილებებს ორგანიზმში უჯრედულ დონეზე, ორგანიზმის როგორც ერთი მთლიანის ნაწილ-ნაწილ რღვევას. - როგორ მიხვდეს ადამიანი, რომ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში ცვლილებაა? რა ნიშნებით იჩენს ეს თავს?- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ორგანიზმზე მრავალმხრივ ზემოქმედებას ახდენს. მისი ფუნქციის ცვლილება - დაქვეითება ან მომატება (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი) - ვლინდება მრავალი ნიშნით, რომლებიც ბევრი სხვა დაავადებისთვისაცაა დამახასიათებელი. არცთუ იშვიათად პირველი ნიშნებია ახალგაზრდა ქალებში სმენის, მხედველობის (განსაკუთრებით - სიბნელეში) და მეხსიერების უეცარი დაქვეითება, უყურადღებობა, დაბნეულობა, ადვილად დაღლა, შრომის ნაყოფიერების დაქვეითება, წონის მკვეთრი ცვლილება (ჰიპოთირეოზის დროს გაძნელებულია დაკლება, ჰიპერთირეოზის დროს - პირიქით, ნორმამდე მომატება), ხშირი გაციება უსიცხოდ და უნაყოფობა. საკმარისია, ძაფის ერთი ბოლო გამოვქაჩოთ, რომ პათოლოგიური პროცესების გორგალი დაუსრულებლად დაიწყებს ტრიალს. გირჩევთ, დროულად შეივსოთ ორგანიზმში იოდის დეფიციტი ზღვის პროდუქტებისა და იოდის შემცველი კომპლექსების (პრეპარატების) საშუალებით. - არის მოსაზრება, რომ ზღვის სანაპიროზე ჰაერში ბევრია იოდი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? - არა მხოლოდ ესაა სიმართლე - იოდის დეფიციტის მქონე ორგანიზმი ხშირად განიცდის ნოსტალგიას ზღვის მიმართ და, რაც უნდა პარადოქსული მოგეჩვენოთ, იოდდეფიციტის მქონე ადამიანს ხშირად ზამთარშიც კი მიუწევს გული ზღვისკენ. ამას მხოლოდ ფსიქოლოგიური კი არა, ფიზიოლოგიური მიზეზიც აქვს: ორგანიზმი მიილტვის იქით, სადაც ბევრია იოდი, ზღვაზე იოდი არის ჰაერშიც, წყალშიც, ზღვის პროდუქტები კი უხვად შეიცავს ამ მიკროელემენტს. - რატომ არის იოდის დეფიციტი სახიფათო ორგანიზმისთვის?- იოდი შედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში. ეს ჰორმონები ჩვენი ორგანიზმის ქსოვილების სუნთქვაში მონაწილეობენ (ასტიმულირებენ ქსოვილოვან სუნთქვას), არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის ყველა სახეობას და ყველა ორგანოს მუშაობას, თავის ტვინის ჩათვლით. ეს ყოველივე იოდის გარეშე ვერ მოხერხდება. იოდის დეფიციტით გამოწვეული ცხოველმყოფელობის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადებაა. სტატისტიკას თუ ვენდობით, ყოველი ჩვენგანი იღებს იოდის სადღეღამისო ნორმის მხოლოდ მესამედ-მეოთხედ ნაწილს. იოდის სადღეღამისო ნორმა კი 150-200 მკგ-ია. ამ მიკროელემენტის დეფიციტი განსაკუთრებით თვალში საცემია იოდდეციფიტურ რეგიონებში (საქართველოში ასეთია, მაგალითად, სვანეთი). ასე რომ, იოდის მიღება აუცილებელია, განურჩევლად იმისა, რომელ რეგიონში ვცხოვრობთ. იოდი სიცივის მიმართ მდგრადია, მაგრამ იოლად ორთქლდება გაცხელებისას. საკვების - ხორცისა თუ თევზის - თერმული დამუშავებისას იოდის 50% იკარგება, რძისა და ბოსტნეულის დამუშავებისას - 30%, ამიტომ უმჯობესია, ბოსტნეული მოხარშოთ დაუჭრელად, ადუღებულ წყალში ჩაშვებული, ხორცი და თევზი - ორთქლში, თავდახურული, იოდიანი მარილი კი უკვე მომზადებულ და გაგრილებულ კერძს მოაყაროთ. - როგორ ვითარდება პათოლოგიური პროცესი ორგანიზმში?- ფარისებრი ჯირკვალი თანდათან ყრის ფარ-ხმალს. მისი დისფუნქცია თავდაპირველად შეუმჩნეველია. ჰორმონული ბალანსი დარღვეულია, მაგრამ ორგანიზმი გარკვეულ დრომდე ცდილობს მის კომპენსირებას, ამიტომაც გუნება-განწყობა ერთხანს უცვლელი რჩება, მიუხედავად ანალიზების ცუდი პასუხისა. ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგები საუბრობენ სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზზე, რომლის დროსაც მომატებულია თირეოტროპული ჰორმონის (თთG) დონე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონ თიროქსინის ნორმალური შემცველობის ფონზე. ჰიპოთირეოზის სურათი მრავალფეროვანია, ხოლო ცალკე აღებული სიმპტომები სპეციფიკურობით  არ გამოირჩევა (ანუ მხოლოდ ამ დაავადებისთვის არ არის დამახასიათებელი). თუ პაციენტი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ჩივილების არსებობის ფონზე, უჩივის მოუსვენრობას, საჭიროა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. სიმპტომთა კომპლექსი დუნედ ფორმირდება, ამიტომ პაციენტი ექიმს დაგვიანებით მიმართავს. ხელჩასაჭიდი არაფერია, ამიტომ ის სხვადასხვა სპეციალისტის შემოვლას იწყებს. თერაპევტს მიმართავს სახსრებსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში უსიამოვნო შეგრძნებების გამო, გასტროენტეროლოგს - შეკრულობის (ყაბზობის) გამო, გინეკოლოგს - ციკლის დარღვევისა და ხშირი თვითნებური აბორტის გამო, დერმატოლოგს - კანის შემაწუხებელი სიმშრალის, ფრჩხილების მტვრევადობის, თმის ცვენისა და ნაადრევი გაჭაღარავების გამო, ნევროლოგს - კუნთების სისუსტისა და ადვილად დაღლის გამო... ხოლო ისეთ უმნიშვნელო წვრილმანს, როგორიცაა სხეულის დაბალი (36 გრადუსზე დაბალი) ტემპერატურა, იშვიათად თუ ვინმე აქცევს ყურადღებას. ჰიპოთირეოზით დაავადებულის ჩვეული ჩივილია ავადმყოფობა ტემპერატურის მომატების გარეშე, 35 გრადუსი დილაობით დიდი ხნის განმავლობაში და მთქნარება - ეს ყველაფერი ექიმს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. - რომელი ანალიზებია საჭირო ამ დროს?- უპირველესად, უნდა ჩაბარდეს გამოსაკვლევად ვენიდან აღებული სისხლი ჰორმონული პროფილის განსაზღვრისთვის. თანამედროვე დიაგნოსტიკური სისტემები საშუალებას იძლევა, ვაკონტროლოთ ენდოკრინული რეგულაციის ყველა რგოლი - ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-ფარისებრი ჯირკვალი. სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზზე ეჭვის მიტანისას ექიმმა უნდა შეაფასოს თირეოტროპული ჰორმონისა (თთG) და თიროქსინის (ტ4) თანაფარდობა. თ4 ჰორმონი გამოკვლევისას, ჩვეულებრივ, შეესაბამება ნორმას, მაგრამ ეს შესაბამისობა ფორმალურია. თუ თიროქსინის წარმოქმნა მცირე ხნით დაქვეითდა, ამოქმედდება უკუკავშირი და თირეოტროპული ჰორმონის დონე მოიმატებს. საჭიროა გამოცდილი ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა მდგომარეობა ზუსტად შეფასდეს. მეტადრე - როდესაც საქმე ეხება ორსულს. ამ შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის ერთობლივი მოქმედება. ექსპრესდიაგნოსტიკათუ ადვილად იღლებით, ცუდად გამოიყურებით, ყველაფერი გავიწყდებათ, ჩქარი სიარულისას სუნთქვა გეკვრით, ცუდად გესმით, სახეზე დაგედოთ მოყვითალო ფერი, თვალების ქვემოთ არეები შეგიშუპდათ, ენაზე შესამჩნევია კბილების ანაბეჭდები, გიჭირთ ცხვირით სუნთქვა, მიმართეთ ექიმს - ეს იოდდეფიციტის ნიშნებია, რომელსაც ჰიპოთირეოზამდე მივყავართ! თქვენს ეჭვს დაადასტურებს მარტივი ტესტი: ყურის საწმენდი ჩხირის ცალი ბოლო ამოაწეთ იოდის 5%-იან ხსნარში და დაიხატეთ ბადე წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. 2 საათის შემდეგ ხაზები გაქრა? ორგანიზმში იოდის დეფიციტია!SPA ფარისებრი ჯირკვლისთვისჩაიტარეთ ზღვის პროცედურები შინ, სააბაზანოში, სხვადასხვა რეცეპტის მონაცვლეობით. წყალში გახსნილი იოდი კანის საშუალებით კარგად შეიწოვება, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. გახსენით აბაზანაში ზღვის მარილი, იაპონური წყალმცენარეების 5-8 ტაბლეტი და წიწვების ექსტრაქტი. ასეთი 10-15-წუთიანი აბაზანა მიიღეთ დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში. აიწევს თქვენი ცხოვრების ხარისხი, მოძლიერდება იმუნიტეტი, გააქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ზედმეტი კალორიებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუ ორსულად ხართ, ნუ ჩაიტარებთ ამ პროცედურას გინეკოლოგის თანხმობის გარეშე. იოდის დეფიციტის შესავსებად და საპროფილაქტიკოდ ორსულთათვის აუცილებელია იოდის პრეპარატების მიღება.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :