Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მენსტრუალური ციკლი: ნორმა და დარღვევა

მენსტრუალური ციკლი: ნორმა და დარღვევა



ციკლის მოსვლის მეორე დღეს ყოველთვის ვიცოდი და ვიცი ბევრი სისხლდენა, რატომ? საერთოდ ერთი კვირა ვიცი. ექოსკოპიური გამოკვლევა გავიკეთე და ყველაფერი წესრიგშია. ციკლის დღეებში ყოველთვის აუტანელი ტკივილი მაწუხებს, გამაყუჩებლების გარეშე ვერ ვძლებ. სისხლი ძალიან ცოტა მომდის, ორ დღეში მიმთავრდება. რისი ბრალია? მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც. მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმის სქესობრივი მომწიფება, მისი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (კერძოდ, საკვერცხეების) ფუნქციობა და, საზოგადოდ, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - კლიმატურ პირობებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს, გადატანილ და მიმდინარე დაავადებებს. ისიც ცნობილია, რომ ენდოკრინული ჯირკვლების, განსაკუთრებით საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის, სახელდობრ, მისი უმაღლესი ნაწილის - თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქის მდგომარეობასთან. დამადასტურებლად საკმარისია `ომის ამენორეა~ - მენსტრუაციის სრული უქონლობა, რომელიც ქალების დიდ ნაწილს ომის პერიოდში ძლიერი ფსიქიკური სტრესის ფონზე განუვითარდა. მენსტრუალური ციკლის დარღვევებიდან აღსანიშნავია: ჰიპომენორეა - მწირი მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს ცოტა სისხლი გამოიყოფა; თუ ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალიც გაიზარდა, მაშინ ოლიგომენორეაზე საუბრობენ; ამენორეა - მენსტრუაციის უქონლობა; პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება; მენორაგია - მოჭარბებული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა; მენსტრუაციებს შორის ამ დროს ჩვეული ინტერვალია შენარჩუნებული; შესაძლოა გახანგრძლივდეს საკუთრივ მენსტრუაცია; დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია. ყველა ამ დარღვევის თაობაზე მკითხველები უამრავ შეკითხვას სვამენ. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ექიმ მეან-გინეკოლოგს ნინო ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ. - ქალბატონო ნინო, ფიზიოლოგიურად რამდენდღიანი შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლი და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მენსტრუალური სისხლდენა? როგორც ცნობილია, ზოგიერთს ის თითქმის ერთი კვირა უგრძელდება, ზოგს კი სულ 2-3 დღე. რაზეა ეს დამოკიდებული?- მენსტრუაცია არის ყოველთვიური ხანმოკლე სისხლდენა საშვილოსნოდან. მენსტრუალური ფუნქცია იწყება 11-14 წლის ასაკში და მთავრდება 45-55 წლის ასაკში. მენსტრუალური ციკლი თავდაპირველად შესაძლოა არარეგულარული იყოს, მაგრამ შემდგომ როგორც ციკლის, ასევე თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობამ და გამონადენის რაოდენობამ უნდა მიიღოს რიტმული, რეგულარული ხასიათი. რიტმული ცვლილებები ქალის ყველა ორგანოსა და სისტემაში ხდება, მაგრამ ყველაზე აშკარად სასქესო ორგანოებშია გამოხატული. ამ ცვლილებებს ეწოდება მენსტრუალური ციკლი. მისი ხანგრძლივობა ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, უმეტესად კი 28-დღიანია. მენსტრუალური სისხლდენა, ჩვეულებრივ, 3-7 დღე გრძელდება, ხოლო სისხლის დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150 მლ-ს. მენსტრუალური სისხლი უფრო მუქია, ვიდრე სისხლძარღვებში მოცირკულირე. ის არ დედდება, რაც მასში კრემენტების არსებობით აიხსნება. ასაკთან ერთად მენსტრუალური ციკლი არარეგულარულ ხასიათს იღებს. ციკლის ხანგრძლივობა, გამოყოფილი სისხლის რაოდენობა და სხვა თავისებურებანი შესაძლოა მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიცვალოს. - როდის მიიჩნევა მენსტრუალური სისხლდენა პათოლოგიურად ხანგრძლივად? რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს მას და რას ეჭვობენ ასეთ დროს გინეკოლოგები?- თუ ქალი უჩივის მოჭარბებულ სისხლდენას ან ციკლის გახანგრძლივებას, აუცილებელია ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია და გინეკოლოგიური გამოკვლევა მიზეზის დასადგენად. მენსტრუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული მოჭარბებული სისხლდენა ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესებით, მიომური კვანძების არსებობით, საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. სისხლდენის გაძლიერების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ფაქტორიც: ცხელი შხაპი, ორგანიზმის გადახურება, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ემოციური გადაძაბვა, - ყოველივე ეს აძლიერებს სისხლის მოდენას მენჯის ღრუს ორგანოებში. მენსტრუაციის დასაწყისს მიიჩნევენ მენსტრუალური ციკლის პირველ დღედ. ამ დროს იწყება საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრის ჩამოფცქვნა, არტერიოლების დაზიანება, რაც იწვევს კიდეც მენსტრუალურ სისხლდენას. - როდის არის მენსტრუალური სისხლდენა პათოლოგიურად შემცირებული, შესუსტებული და რომელ დაავადებებს ახასიათებს ასეთი ცვლილება?- მენსტრუაციის დროს ქალები უმეტესად ჭარბ სისხლდენას უჩივიან. შემცირებულ-შესუსტებული მენსტრუალური სისხლდენით ძალზე იშვიათად მოგვმართავენ. ასეთი რამ მოსალოდნელია იმუნურად დასუსტებულ, დაუძლურებულ პირებში, ასევე - ამა თუ იმ ინფექციური თუ არაინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, თუმცა ორგანიზმის გამოჯანმრთელებისა და მოძლიერებისდა კვალად მენსტრუალური ფუნქციაც რეგულირდება. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ გინეკოლოგთან მისვლა, თითოეული დეტალისა თუ ფაქტორის მასთან ერთად გაანალიზება, მისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულება. - ხანგრძლივი და არარაციონალური დიეტის შედეგად ორგანიზმის გამოფიტვის გამო ან მძიმე ოპერაციის შემდგომ პერიოდში თუ შეიძლება შესუსტდეს მენსტრუალური ფუნქცია?- მენსტრუალური ფუნქციის შესუსტება სისხლის ოდენობის შემცირებითა და მენსტრუალური ციკლის ცვლილებით, ჩვეულებრივ, კლიმაქსურ პერიოდშია მოსალოდნელი. საზოგადოდ, ქალის ორგანიზმს დიდი სარეზერვო მექანიზმი აქვს და ასე მარტივად მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების შესუსტება არ ხდება, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ამენორეა - მენსტრუაციის სრული უქონლობა გამოიწვიოს. - რით არის გამოწვეული ტკივილი მენსტრუაციის დროს? რატომ არის, რომ ზოგიერთს გამაყუჩებლების მიღებაც კი უხდება, ხოლო ზოგიერთს ტკივილი სრულიად არ აწუხებს? სასურველია თუ არა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება ასეთ დროს და რა დოზით?- ნორმალური მენსტრუალური ციკლი არის ქალის ორგანიზმის მომზადება ორსულობისთვის. მენსტრუაციის დაწყებას ზოგჯერ წინ უძღვის მცირე დისკომფორტი, რომელიც მთელ ორგანიზმში მიმდინარე რიტმულ ცვლილებებზე მიუთითებს და გამოიხატება შეშუპებით, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობისა და ზოგადი გაღიზიანებადობის მომატებით. ჩივილები ზოგჯერ ძლიერია და პათოლოგიურ ხასიათსაც კი იღებს. მკვეთრი ტკივილი მენსტრუაციის დროს შესაძლოა ჰორმონული დისბალანსის შედეგი იყოს. ასეთი ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. მსუბუქი ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. - რას გულისხმობს ჰიგიენა მენსტრუაციის დროს? რა წესები უნდა დაიცვან ქალებმა კრიტიკულ დღეებში და რა არ არის რეკომენდებული მათთვის ამ პერიოდში? - მენსტრუაცია ფიზიოლოგიური მოვლენაა, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ქალის ორგანიზმში ხდება, ჰიგიენის განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს. საშვილოსნოს ენდომეტრიუმის (ლორწოვანი გარსის) ფუნქციური შრის ჩამოშლის შედეგად წარმოიქმნება `ნაიარევი ზედაპირი~. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა საშვილოსნოში ინფექციის შეჭრა - მან შესაძლოა ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენას. მენსტრუალური სისხლი თავისუფლად უნდა მოედინებოდეს და მის შესაწოვად სპეციალური ჰიგიენური საფენები გამოვიყენოთ. არ არის რეკომენდებული საშოსშიდა ტამპონების ხანგრძლივი გამოყენება - ეს ზრდის საშოსშიდა ინფიცირების რისკს. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩავიბანოთ გადადუღებული თბილი წყლით დღეში 2-3-ჯერ წინიდან უკან (უკანა ტანიდან საშოში ინფექცია რომ არ შევიტანოთ). არ არის რეკომენდებული საშოს გამორეცხვა და სქესობრივი ცხოვრება, ვინაიდან ამ დროს დიდია საშვილოსნოს ნაიარევი ზედაპირის დაინფიცირების საფრთხე. მენსტრუაციის დღეებში არ არის სასურველი ფიზიკური გადატვირთვა, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება. ასევე საშიშია აბაზანა, საუნა. ზოგადჰიგიენური პროცედურებიდან ნებადართულია მხოლოდ თბილი შხაპი.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :