Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მენინგიტი - საშიში ინფექცია

მენინგიტი - საშიში ინფექცია



ბავშვები მენინგიტით ისევე ავადდებიან, როგორც ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციით. რაც უფრო მცირე ასაკისაა პატარა, მით უფრო მაღალია დაავადების რისკი. მის შესამცირებლად საჭიროა გავაკაჟოთ ბავშვი და იმუნური სისტემა გავუძლიეროთ. რატომ ეშინიათ მშობლებს მენინგიტის? ამ და სხვა კითხვებზე ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ვიტალი ხარაშვილი გვიპასუხებს. რა არის მენინგიტი- ეპიდემიური მენინგიტი თავის ტვინის გარსების ყველაზე გავრცელებული ინფექციური ანთებითი დაავადებაა. იგი ბავშვთა კოლექტივებში ვრცელდება როგორც ეპიდემია. აქედან წარმოდგება მისი სახელიც. ამ დაავადებას იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, ყველაზე ხშირად - მენინგოკოკი, პნევმოკოკი და ჰემოფილუსის ჩხირი. ინფექციური პროცესი უმეტესად მხოლოდ ტვინის გარსებს მოიცავს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იგი ტვინის ქსოვილზეც ვრცელდება. ამ ფორმას მენინგოენცეფალიტი ეწოდება. ავადობა ყველაზე მეტია მცირეწლოვან, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფროსებში მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი უფრო ერთეული შემთხვევების სახით გვხვდება. საიდან გვემუქრება საფრთხე- მენინგიტი, ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება - ისევე, როგორც გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, თუმცა არც კონტაქტური გზით - საერთო საგნების, ნივთების ან ჭურჭლის საშუალებით - გავრცელებაა გამორიცხული.  ვითარებას ის ართულებს, რომ უფროსი ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები შესაძლოა მენინგოკოკის, პნევმოკოკის ან ჰემოფილუსის ჩხირის მატარებლები იყვნენ, თვითონ ავად არ გახდნენ, მაგრამ პატარებს შეუქმნან საფრთხე. თუ მათ ხახის ნაცხის ანალიზს გავუკეთებთ, ეს ჩხირები აუცილებლად აღმოაჩნდებათ. მაგალითად, პნევმოკოკის ბაქტერიამატარებლობა ფართოდ არის გავრცელებული საბავშვო ბაღებსა (60%-მდე) და სკოლის დაწყებით კლასებში (35%); უფროსკლასელებსა და ზრდასრულებში ის 25%-მდე ქვეითდება, თუმცა მცირე მაჩვენებელი არც ეს არის. დაავადების პირველი ნიშნები ორგანიზმში გამომწვევის შეჭრიდან 1-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. პირველი ნიშნები- ყველაფერი იწყება მოულოდნელად, ერთბაშად - ბავშვი, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშობდა, უეცრად მოიწყენს, მოითენთება ან, პირიქით, ჭირვეულდება. უჩივის ყელის, თავის, მუცლის ტკივილს, აღებინებს, ამცივნებს. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იწევს, მადა ქვეითდება, წყურვილი ძლიერდება. დედას ჰგონია, პატარას გრიპი, ანგინა (ტონზილიტი) ან ენტეროვირუსული, ნაწლავური ინფექცია შეხვდა. სანამ ის სიტუაციაში გარკვევას ცდილობს, ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიები ხახის ლორწოვანი გარსიდან ლიმფური და სისხლის გზით თავის ტვინის გარსებისკენ მიემართებიან, ეს გზა კი საკმაოდ მოკლეა და მიზნამდე სულ მცირე ხანია საჭირო. რას მივაქციოთ ყურადღება- რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. თუ დაავადების ამოცნობა დაგვიანდა, ავადმყოფობა ხანგრძლივდება, ვითარდება სახიფათო გართულებები: ქრონიკული თავის ტკივილი, სიელმე, სიყრუე, კრუნჩხვები, ჰიდროცეფალია. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და ადეკვატური მკურნალობით. კარგად დაიმახსოვრეთ მენინგიტის სამი საშიში სიმპტომი: მაღალი ტემპერატურა; თავის ტკივილი; კეფისა და კისრის კუნთების დაჭიმულობა. მათი ერთობლიობისას მენინგიტის არსებობა უნდა ვიეჭვოთ და მის გამოსარიცხად დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმ ინფექციონისტს. პატარა ბავშვი, რომელსაც ენა ჯერ არ ამოუდგამს, ვერ გეტყვით, რომ რაიმე სტკივა; სამაგიეროდ, იგი ხმამაღლა იწყებს ტირილს, ტირის შეუჩერებლად, ძილშიც კი, და ვერაფრით დაამშვიდებთ. ეს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია! პირღებინება მენინგიტის დროს უჩვეულოა: იგი გამოწვეულია ქალასშიდა წნევის მომატებით და არ არის დაკავშირებული კვებასთან. პირღებინება პატარას ჰგვრის შვებას, როგორც ნაწლავური ინფექციისა და კვებითი ტოქსიკოზის დროს. კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი: ტვინის გარსების ანთების დროს ბავშვები ვერ იტანენ მკაფიო, კაშკაშა სინათლეს, ხმამაღალ ბგერებს, ხმაურს, კრთებიან უმნიშვნელო შეხებისას - ამჟღავნებენ ზემგრძნობელობას გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. მათ თავი რომ აარიდოს, ბავშვი იმალება საბნის ქვეშ ან თავზე იფარებს ბალიშს. დაავადების ტიპური ნიშანია თავის უკან გადაგდება, სხეულის მორკალვა. თუ ბავშვს ქოთანზე დავსვამთ, ის თავს უკან გადააგდებს, ხელებით იატაკს დაებჯინება და გააკეთებს დამახასიათებელ რკალს. როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ტვინის გარსები ჩირქით არის დაფარული, ექიმი დიაგნოზს ერთი შეხედვით დასვამს: ბავშვი გვერდზე წევს, თავი უკან აქვს გადაგდებული, ფეხები - მუცელზე მიბჯენილი, იდაყვში მოხრილი ხელები - გულმკერდზე. დაავადების დასაწყისში კლინიკური სურათი მკაფიო არ არის, თუმცა არსებობს ნიშნები, - ე.წ. მენინგეალური ნიშნები, - რომლებიც მენინგიტზე მიუთითებს ან გამორიცხავს მას. ექიმისთვის მათი შემოწმება ადვილია. დიაგნოსტიკა და მკურნალობა- მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში ბავშვი უნდა მოთავსდეს სტაციონარში. სახლში აუცილებელ პირობებს ვერ შევუქმნით. სტაციონარში მას, უპირველეს ყოვლისა, აუღებენ თავ-ზურგტვინის სითხეს - ლიქვორს. მშობლებს ეშინიათ ამ პროცედურის - ვაითუ ექიმმა ზურგის ტვინი დააზიანოსო. ისინი ამაოდ შიშობენ - ტექნიკურად ზურგის ტვინის დაზიანება გამორიცხულია. საქმე ის არის, რომ ლუმბალური პუნქცია კეთდება წელისა და კუდუსუნის მალების საზღვარზე, აქ კი ზურგის ტვინი არ არის. ლუმბალური პუნქცია ტარდება ორი დანიშნულებით - სადიაგნოზოდ და სამკურნალოდ. ლიქვორის გამოღება აქვეითებს წნევას, ბავშვი მშვიდდება, უმცირდება თავის ტკივილი, უწყდება პირღებინება. მენინგიტის დიაგნოზი დადასტურებულად მიიჩნევა მხოლოდ ლიქვორის გამოკვლევის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, მედიკამენტის ზუსტად ანთებით გარსებში შეყვანის აუცილებლობისას, პუნქციას იმეორებენ. ყველაზე სახიფათოა პირველი რამდენიმე დღე. უკვე მე-3-4 დღეს ბავშვი გამოკეთებას იწყებს, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორია. 2-3 თვის განმავლობაში ის ადვილად დაიღლება, უფრო ხანგრძლივად იძინებს. ამ პერიოდში საჭიროა ნებისმიერი დატვირთვის შეზღუდვა. როგორ ამოვიცნოთ მენინგიტი- ტვინის გარსებში უხვადაა ტკივილის რეცეპტორები. ისინი მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ანთებით პროცესზე, რაც აიძულებს პატარას, მიიღოს განსაკუთრებული პოზა ტკივილის შესამსუბუქებლად. ამ რეფლექტორული რეაქციების - მენინგეალური სიმპტომების - საფუძველზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, გვაქვს თუ არა საქმე მენინგიტთან. არსებობს ტესტები მენინგიტის ამოსაცნობად. ამ ტესტების ჩასატარებლად ბავშვს ვაწვენთ ზურგზე... რას ვაკეთებთ - საშიშია, თუ... ცალ ხელისგულს ვადებთ გულმკერდზე, მეორე ხელს ამოვუდებთ თავქვეშ და ვცდილობთ, თავი წამოვუწიოთ, ნიკაპით მკერდზე მოვაბჯენინოთ - ვერ ვახერხებთ, რადგან კისერი დაჭიმულია ფეხს 90-გრადუსიანი კუთხით მოვუხრით მუხლში; მუხლს მუცელთან მივატანინებთ. მერე ფეხს ვუმართავთ - ფეხი არ იშლება; მეორე ფეხს რეფლექსურად ხრის და მუცელთან მიაქვს; სახეზე ეხატება ტკივილი ცერა თითს ვაჭერთ შუბლზე - ხრის ფეხებს და მუცელთან მიაქვს ვცდილობთ გავუსწოროთ იდაყვში მოხრილი ხელები - ვიღებთ რეფლექსურ წინააღმდეგობას გულმკერდზე გადავუჯვარედინებთ ხელებს - ფეხებს თვითნებურად ხრის მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში თუ ბავშვი ჯერ არ არის 2 წლის, ხელებს ამოვდევთ იღლიის ქვეშ და ვკიდებთ ჰაერში - ფეხებს ხრის და მუცლისკენ მიაქვს, ასე რჩება, სანამ დავაწვენთ. თუ ამ ტესტებიდან ერთი მაინც დადებითია, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის კონსულტაცია. მაშინვე ცუდს ნუ იფიქრებთ - მენინგეალური ნიშნები გამოიხატება მენინგიზმის დროსაც, რაც წარმოადგენს ტვინის გარსების გაღიზიანებას თავ-ზურგტვინის სითხეში ანთებითი ცვლილებების გარეშე. ასეთი რამ მოსალოდნელია, მაგალითად, გრიპის, წითელას, პნევმონიის, სხეულის გადახურების, თავის ტრავმის დროს. ტვინის გარსების ასეთი რეაქცია დროებითია, გამოწვეულია ქალასშიდა წნევის მომატებით და 2-4 დღეში უბრუნდება ნორმას. მენინგეალური ნიშნებიც ქრება. როგორ დავიცვათ თავი- გააკაჟეთ ბავშვი, გაუძლიერეთ იმუნური სისტემა - მენინგიტის გამომწვევი თქვენს პატარას ვერ მოერევა! არ დაუშვათ ცხვირ-ხახაში ქრონიკული ანთებითი კერების არსებობა, უმკურნალეთ მტკივან ყურს, ნუშურა ჯირკვლებს, თავის ქალას დანამატ ღრუებს, კარიესულ კბილს - ისინი შესაძლოა მეორეული მენინგიტის წყაროდ იქცნენ. ყველაზე ქმედითი პროფილაქტიკური ღონისძიება კი, რა თქმა უნდა, ვაქცინაციაა. დიდი ხანი არ არის, რაც აცრის ეროვნულ კალენდარში შეიტანეს ჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩირქოვანი მენინგიტის ყოველი მეორე შემთხვევა ამ ბაქტერიით არის გამოწვეული), სხვა გამომწვევების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ფასიანია, მაგრამ, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, ამ ხარჯის გაწევა ღირს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :