Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მავნე ჩვევები და ჩვენი შვილები

მავნე ჩვევები და ჩვენი შვილები



არ შეიძლება თვალის დახუჭვა ახალგაზრდებში ფეხმოკიდებულ ისეთ მავნე ჩვევაზე, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელებისადმი მიდრეკილება. ალკოჰოლიზმი მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მიღების შედეგად ვითარდება. ნუ გეგონებათ, მას მხოლოდ მაგარი სასმელები იწვევდეს - პათოლოგიური დამოკიდებულება შეიძლება ჩამოყალიბდეს ლუდის მიმართაც. ლუდით გამოწვეული ალკოჰოლიზმი უფრო მძიმედაც კი მიმდინარეობს და შედეგებიც გაცილებით მძიმე აქვს. გვესაუბრება ექიმი ზურაბ სიხარულიძე. - რამდენად არის ფეხმოკიდებული ახალგაზრდებში ალკოჰოლზე დამოკიდებულება? - ბოლო ხანს ახალგაზრდებში ალკოჰოლიზმი შესამჩნევად გახშირდა, თუმცა სტატისტიკა არ არსებობს. გამოვყოფდი ლუდზე დამოკიდებულებას ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკის მოზარდებს შორის. - რით აიხსნება ალკოჰოლური დამოკიდებულების გახშირება და გაახალგაზრდავება?- საქართველო ღვინის ქვეყანაა, თუმცა ჩვენი რელიგია, ტრადიციები, ადათ-წესები პათოლოგიურ მიჩვევას გამორიცხავდა. ალკოჰოლიზმი უმთავრესად არაყზე დამოკიდებულებამ განაპირობა. ბოლო წლებში ამ დაავადების გახშირების ტენდენცია მრავალი ფაქტორით აიხსნება. თუნდაც ქვეყნის, სოციალური და ეკონომიკური სისტემების ნგრევით, უმუშევრობით. ბევრი ვერ მოერგო ახალ ცხოვრებას, საზოგადოებისთვის უფუნქციო გახდა, დაკარგა თავისი ადგილი ცხოვრებაში... გარდა ამისა, გაჩნდა იაფფასიანი, ფალსიფიცირებული სასმლები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ევროპის ქვეყნებში ხელისუფლება ამას მკაცრად აკონტროლებს, ალკოჰოლური სასმლის გაყიდვა შეიძლება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ დრომდე, დაწესებულ ადგილებში და მხოლოდ სრულასაკოვანი პირებისთვის. საქართველოში კი რა ხდება? ალკოჰოლური სასმლის შეძენა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც; ღამის კლუბებში, თინეიჯერთა თავშეყრის ადგილებში, წვეულებებზე უკონტროლოდ იყიდება ათასგვარი სასმელი. შეგიმჩნევიათ ალბათ - პირდაპირ ქუჩებში დასეირნობენ მოზარდები ლუდის ბოთლებით ხელში. ეს, საუბედუროდ, მათი ცხოვრების წესად იქცა. ამას უამრავი მიზეზი აქვს: ლუდის სიიაფე, ხშირი რეკლამირება, ხელმისაწვდომობა. ამას ემატება ზაფხულში პირდაპირ ქუჩებში ცისტერნებიდან ჩამოსასხმელი ლუდის გაყიდვა... ყოველივე ეს მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ლუდზე დამოკიდებულება ალკოჰოლიზმის ყველაზე მძიმე ფორმაა. ლუდისმიერი ალკოჰოლიზმი უფრო სწრაფად ყალიბდება. შინაგანი ორგანოებიც უფრო სწრაფად დეგრადირდება. ლუდის მსმელი ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს უფრო ნაკლები ოდენობით მოიხმარენ, მის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. - რითია საშიში ალკოჰოლიზმი ახალგაზრდისთვის, მეტადრე მოზარდისთვის?- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ახალგაზრდები უკონტროლონი ხდებიან. შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამო იზრდება შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების გავრცელების რისკი, ხშირდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევები, კრიმინალი. საქართველოში ამაზე ჯეროვნად არც კი საუბრობენ, ევროპასა და აშშ-ში კი ამ პრობლემას უფრო მეტი ყურადღება ექცევა. - რა გავლენას ახდენს ალკოჰოლიზმი შინაგან ორგანოებზე?- ცნობილია შინაგანი ორგანოების დაზიანებანი, რომლებსაც ალკოჰოლური სასმლის ჭარბი მოხმარება განაპირობებს. ორგანოთა მძიმე დაზიანება მასაც შეიძლება განუვითარდეს, ვინც სასმელს ზომიერად, მაგრამ სისტემატურად იღებს. ასეთ დაავადებებს შორის კარდიოლოგებმა გამოყვეს ე.წ. ალკოჰოლური კარდიოპათია, ენდარტერიტი, ინფექციონისტებმა - ალკოჰოლური ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი, გასტროენტეროლოგებმა - კუჭ-ნაწლავის სისტემის ალკოჰოლური დაავადება, სექსოპათოლოგებმა - ალკოჰოლური იმპოტენცია. - რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი შთამომავლობაზე?- ალკოჰოლური სასმელებისადმი ახალგაზრდების სწრაფვის ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს, ამცირებს შობადობას და ჯანსაღ თაობას. შთამომავლობაზე გავლენას ახდენს: მსმელი მშობლების სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური დაზიანება; ჩასახვა სასქესო ჯირკვლების მწვავე მოწამვლისას; ალკოჰოლს მიძალებული ქალის ნაყოფის მოწამვლა მუცლადყოფნის პერიოდში; ძუძუმწოვარი ბავშვის მოწამვლა ალკოჰოლური რძით. ეს ყველაფერი პოპულარული ენით რომ ვთქვათ, თუ ნაყოფის ჩასახვისას ან ორსულობის პირველ ნახევარში ქალი ალკოჰოლურ სასმელს იღებს, ბავშვი არასრულფასოვანი იბადება. ალკოჰოლი აღწევს პლაცენტამდე და ჩანასახის უჯრედებზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. შედეგად ვითარდება სხვადასხვა ანომალია, რომლებსაც ალკოჰოლურ ემბრიოპათიებად მოიხსენიებენ. ნაყოფის ალკოჰოლით დაზიანება მკვდრადშობადობას, დღენაკლულობას, თანდაყოლილ სიმახინჯეებს და მანკებს განაპირობებს. - რა არის პათოლოგიური სიმთვრალე?- პათოლოგიური სიმთვრალე ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიმთვრალის დროს აგრესიას ამჟღავნებს. ამ დროს თავის ტვინის ქერქის მოქმედება სუსტდება, ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ საქციელზე და უმართავი ხდება, გამოფხიზლებულს კი არ ახსოვს, რას სჩადიოდა სიმთვრალის დროს. თუმცა ერთი რამ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ: სიმთვრალისას ადამიანი უმეტესად ისეთ საქციელს სჩადის, რისი ჩადენის სურვილიც სიფხიზლეშიც ჰქონდა, მაგრამ თვითკონტროლი ნებას არ აძლევდა. - შეიძლება თუ არა ალკოჰოლიზმისგან არასტანდარტული მეთოდებით განკურნება? საერთოდ, როგორ მკურნალობენ მას?- მკურნალობა საკმაოდ ძვირად ღირებულია, ალკოჰოლიზმით დაავადებულთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა კი არ არსებობს, ამიტომ პაციენტსა და მის ახლობლებს თვითონვე უხდებათ მთელი საფასურის გადახდა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ამკაცრებს კანონს მთვრალი მძღოლებისა და სასმლის ფალსიფიცირების მიმართ. უნდა არსებობდეს და კონტროლდებოდეს კანონი სასმლის შეძენისას ასაკობრივი ცენზის შესახებ. ამასთან ერთად, უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულებაც. ალკოჰოლიზმი ისეთივე სერიოზული პრობლემაა, როგორიც ნარკომანია. მას ხელი კი არ უნდა დავაფაროთ, არამედ გამოვავლინოთ და დაღუპვის გზაზე მდგარ ახალგაზრდებს ვურჩიოთ, დროულად მიმართონ ექიმს, სპეციალიზებულ დაწესებულებებს. მკურნალობის ისეთი მეთოდი, როგორიც სპეციალური მედიკამენტების კანქვეშ ჩაკერება გახლდათ, ამჟამად უარყოფილია. ეს გზა მხოლოდ გადაავადებდა პრობლემას და პაციენტი მეტწილად ხელახლა უბრუნდებოდა სასმელს. ამჟამად მიდგომა შეიცვალა - მიიჩნევა, რომ მკურნალობისას აუცილებელია პრობლემის სოციალური და ყოფითი ასპექტების გათვალისწინება. კლასიკური მკურნალობის  კურსი სამი ეტაპისაგან შედგება: I - დეტოქსიკაცია ანუ ალკოჰოლისა და მისი დაშლის შედეგად წარმოქმნილი შხამების უვნებელყოფა;II - სომატური ანუ შინაგანი ორგანოების მხრივ არსებული გართულებების მკურნალობა;III - ფსიქოსომატური რეაბილიტაცია. ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული მეთოდია ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბები, სადაც თავს იყრიან ამ პრობლემის მქონე ადამიანები და ფსიქოლოგების დახმარებით სპეციალური პროგრამის მეშვეობით მკურნალობენ. გახსოვდეთ: ალკოჰოლური სასმელი არ არის ყოფითი პრობლემებისა და კომპლექსებისგან თავის დაღწევის საშუალება; იგი უფრო მეტად აღრმავებს მათ და საბოლოოდ პიროვნების სრულ განადგურებას, დეგრადირებას იწვევს. თუ ალკოჰოლიზმისგან თავის დაღწევა გსურთ, მიმართეთ სპეციალისტს და არა ექიმბაშს ან ექსტრასენსს!    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :