Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მარტოობა (გი დე მოპასანი)

მარტოობა (გი დე მოპასანი)

2014-03-18 10:05:00

ეს იყო ნასადილევს, მამაკაცებმა მშვენივრად მოვილხინეთ.- გინდა, ელისეს მინდვრებზე ფეხით გავისეირნოთ? - მეუბნება მათგან ერთ-ერთი, ჩემი ძველი მეგობარი.ჰოდა, ჩვენც გავეშურეთ, ნელა მივუყვებით გრძელ ხეივანს, ჯერ კიდევ ფოთლებშერჩენილ ხეებქვეშ მივაბიჯებთ, მყუდროებას ოდნავი ხმაურიც კი არ არღვევს, მხოლოდ პარიზის შორეული გუგუნი აღწევს ჩვენამდე, გრილი სიო გველამუნება სახეზე და ჩაშავებულ ცაზე ოქროს ქვიშად მიმობნეულა ვარსკვლავთა მირიადები.- არ ვიცი რატომ, - მეუბნება ჩემი თანამგზავრი, - მაგრამ აქ უფრო ლაღად ვსუნთქავ ღამით, ვიდრე სადმე სხვაგან, თითქოს აქ უფრო ვუღრმავდები ყველაფერს, სინათლის სხივები მინათებს გონებას და წამიერად მეჩვენება, რომ საგანთა იდუმალ, ღვთაებრივ არსს ჩავწვდი. მერე სარკმელი იხურება და ყველაფერი მთავრდება.დროდადრო ჩრდილები დასრიალებენ ხეთა რიგებში; ძელსკამს ჩავუარეთ, ორნი, გვერდიგვერდ მსხდომნი, ერთ შავ ლაქად ქცეულიყვნენ.- საცოდავი ადამიანები! - ჩაიბუტბუტა ჩემმა თანამგზავრმა, - ზიზღსაც კი არ იწვევენ, უსასრულო სიბრალულით თუ განიმსჭვალები მათ მიმართ. კაცთა მოდგმის ყოფიერების საიდუმლოებათა შორის არის ერთი რამ, რასაც ჩემთვის ფარდა აეხადა: მთელი ცხოვრებისეული შფოთვა ჩვენი უსასრულო მარტოობით არის გამოწვეული, ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა ჩვენი ცდა ამ მარტოობისგან გაქცევისკენაა მიმართული. აი, ეს შეყვარებულებიც, ძელსკამზე, ღია ცის ქვეშ, ჩვენსავით, ყველა სულდგმულივით ცდილობენ, თუნდაც წუთით დაივიწყონ თავიანთი მარტოსულობა, მაგრამ მარტო იყვნენ და ყოველთვის მარტო იქნებიან, ისევე, როგორც ჩვენ.ზოგი მწვავედ გრძნობს ამას, ზოგიც ნაკლებად, სულ ეს არის. კარგა ხანია, მტანჯავს ამ საზარელი წამების შეგნება, ამაზრზენი მარტოობის გაცნობიერება, რომელშიც ვცხოვრობ, თან ვგრძნობ, რომ არაფერს შეუძლია მისი შეჩერება, არაფერს, გესმის შენ?! როგორი ნდომითაც არ უნდა ვიყოთ ანთებულები, როგორც არ უნდა მიიზიდებოდნენ ჩვენი ტუჩები, და როგორი ვნებითაც არ უნდა ვეხვეოდეთ ერთმანეთს, მაინც მარტო ვართ.ამ საღამოს შინ რომ არ დავბრუნებულიყავი, სასეირნოდ წამოგიყვანე, რადგან ახლა საშინლად მთრგუნავს ჩემი უკაცური სახლი, თუმცა რა გამოდის? გელაპარაკები, შენ მისმენ, მაგრამ ორივენი მაინც მარტო ვართ, გვერდიგვერდ, მაგრამ მაინც მარტო, გესმის ჩემი?"ნეტარ არიან ღატაკნი სულითა," - ამბობს წმინდა წერილი, მათ ბედნიერების ილუზია აქვთ, ვერ გრძნობენ სულით ღატაკები ჩვენს ყრუ ტკივილს, ჩემსავით არ დაეხეტებიან ცხოვრების გზაზე, შემთხვევითი ურთიერთობების გარდა სხვაგვარი სიახლოვისა არაფერი გაეგებათ, მხოლოდ ეგოისტური კმაყოფილებით გამოწვეულ სიხარულს გრძნობენ, ჩვენი დაუსრულებელი მარტოსულობის აღმოჩენის, წვდომის სიამოვნებას კი - ვერა.ალბათ, გიჟი გგონივარ, არა?ყური მიგდე. რაც საკუთარი მარტოობა შევიცანი, მეჩვენება, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვიძირები ბნელ მიწისქვეშეთში, სადაც ვერ ვპოულობ ნაპირს, ვერ ვპოულობ დასასრულს და იქნებ ამ ჯურღმულს მართლაც არა აქვს ბოლო! ჩემ გვერდით, ჩემთან ერთად არავინაა, არც ერთი სულიერი არ გადის ბურუსით მოცულ იმავე გზას, რომელსაც მე. მიწისქვეშეთი - ეს ცხოვრებაა. ხანდახან ხმაური, ყვირილი და ადამიანთა ხმები მესმის... ხელის ცეცებით მივიკვლევ გზას ამ ქაოსური ხმებისკენ, რომლებიც ზუსტად არასოდეს ვიცი, საიდან მოდის; მე ხომ არასოდეს არავინ შემხვედრია, არასოდეს დამინახავს სხვისი ხელი ამ წკვარამში, ირგვლივ რომ მახვევია. გესმის ჩემი?თუმც ზოგი გრძნობს ამ სასტიკ ტანჯვას ხანდახან. მიუსე წერდა:"მეძახის ვინმე? მიხმობს ვინმე?არავინ. მხოლოდ საათი რეკავს.არავის ხმა არ ახარებს სმენას,მე, სიღარიბე და სიმარტოვემარტო ვართ ისევ."მაგრამ მას მხოლოდ დროებითი ეჭვი ჰქონდა და გადაულახავ მარტოობაში ჩემსავით საბოლოოდ არ დარწმუნებულა; მიუსე პოეტი იყო, სამყარო ფანტომებითა და ოცნებებით ჰქონდა დასახლებული. ის სრულიად მარტო არასოდეს ყოფილა - აი, მე კი ნამდვილი მარტოსული ვარ.ცისქვეშეთში ყველაზე უბედური ადამიანი, გუსტავ ფლობერი, რომელიც უდიდესი ნათელმხილველი იყო, მეგობარ ქალს ამ სასოწარმკვეთ სიტყვებს სწერდა: "ჩვენ, ყველანი, უდაბნოში ვართ, სადაც ერთმანეთის არაფერი ესმით."ჰო, არავის არავისი ესმის, რამდენიც უნდა იფიქრონ, რაც უნდა თქვან, რაც უნდა მოიწადინონ. განა დედამიწამ იცის, რა ხდება უსასრულო სივრცეში ცეცხლოვანი მარცვლებივით გაბნეულ ვარსკვლავებზე? შორს, საიდანღაც ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთი მათგანის ციმციმი თუ აღწევს, იქნებ უსასრულობაში გაბნეული ეს ნაწილაკები სულაც ადამიანის სხეულის მოლეკულებივით ერთი მთლიანობის ნაწილია?ასე რომ, ადამიანმა კიდევ უფრო მეტად არ იცის, რა ხდება მეორე ადამიანის სულში. ჩვენ ამ ვარსკვლავებზე უფრო შორსა ვართ ერთმანეთისგან, მეტად გათიშულები, რადგან სხვისი ფიქრი ყოვლად შეუღწევადი რამ არის.მუდმივად მათკენ მივისწრაფვით, ვინც ვერასოდეს ჩასწვდება ჩვენს არსს, არსებობს რაიმე ამაზე უარესი გრძნობა ქვეყნად? გვიყვარს ერთმანეთი, თითქოს სულ ახლოს ვიყოთ მიჯაჭვულები, ხელებს ვიწვდით და მაინც ვერასოდეს შევიყრებით ერთად. ერთმანეთში გათქვეფის მწველი სურვილი გვტანჯავს, თუმცა ყველა ჩვენი ძალისხმევა ამაოა, ჩვენი თავდავიწყება - უსარგებლო, ჩვენი გულწრფელობა - უნაყოფო, ჩვენი გადახვევა - უძლური, ჩვენი ალერსი - ფუჭი. ერთ არსებად ქცევა გვსურს და ერთმანეთისკენ ვილტვით, საბოლოოდ კი მხოლოდ უხეშად ვეხლებით ერთმანეთს.იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე ტეგები: გი დე მოპასანი,
იხილეთ მსგავსი სიახლეები :