Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მამაკაცის წარმატების ჰორმონი



ბოლო ხანს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ ინტერესმა იმატა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, რაც, ერთი მხრივ, იწვევს მოსახლეობის დაბერებას, მეორე მხრივ კი მოითხოვს ხანდა-ზმულთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მეთოდების დანერგვას, ვინაიდან ხანდაზმული ასაკის წილად ცხოვრების თითქმის მესამედი მოდის. ასაკთან ერთად მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა განსაზღვრულ ცვლილებებს განიცდის. ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციობის აღსადგენად ზოგ შემთხვევაში ჰორმონების მიღებაც კი ხდება საჭირო. გვე-საუბრება ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეპროდუ-ქტოლოგ-ანდროლოგი შოთა ნიშნიანიძე.- ბატონო შოთა, რომელია მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონი?- მამაკაცის ერთ-ერთი მთავარი სასქესო ჰორმონია ტესტოსტერონი, რომლის 98% სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. ტესტოსტერონი სექსუალურ ლტოლვას განსაზღვრავს. საკმარისია, მისმა დონემ დაიწიოს, რომ მამაკაცის ლიბიდოც ქრება. ამ ჰორმონის მოქმედების მეორე მხარეა გამოხატული ანაბოლური ეფექტი ანუ კუნთოვანი მასის ზრდა. ამასთან ერთად, ტესტოსტერონი ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე - ხსნის დაღლილობას და ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია სპორტული შედეგების გაზრდა. ასაკთან ერთად ტესტოსტერონის დონის დაქვეითება გარდაუვალია. საყოველთაოდ ცნობილი საშუალო ასაკის კრიზისი ჰორმონული ძვრების პირველი ნიშანი გახლავთ.- კლინიკურად როგორ გამოიხატება ეს ცვლილებები?- ტესტოსტერონის დონის ასაკობრივი დაქვეითების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანი და ნაკლებად სპეციფიკურია. ასეთი რამ მამაკაცებს უმეტესად 50 წლის შემდეგ ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, 30 წლის ასაკშიც იჩინოს თავი. ტესტოსტერონის დეფიციტი ყოველმხრივ მოიცავს მამაკაცის ჯანმრთელობას. ასაკობრივი ჰიპოგონადიზმის კლინიკურ სურათში გამოიყოფა ძირითადი სინდრომების ოთხი ჯგუფი: ფსიქოემოციური, ვეგეტოსისხლძარღვოვანი, სომატური და უროგენიტალური (შარდსასქესო). უროგენიტალური დარღვევებია:ლიბიდოს დაქვეითება;ერექციული დისფუნქცია;ეაკულაციის დარღვევა;ორგაზმის დარღვევა; შარდის გამოყოფის დარღვევა;ეაკულატის გამანაყოფიერებელი უნარის დაქვეითება.ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევებია: სახის, კისრის, სხეულის ზედა ნაწილის უეცარი წამოწითლება; სიმხურვალის შეგრძნება, ალები; არტერიული წნევის ცვალებადობა; ტკივილი გულის არეში; თავის ტკივილი; თავბრუხვევა;ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.ფსიქოემოციური დარღვევებია:ძლიერი გაღიზიანებადობა; სწრაფი დაღლა;ყურადღებისა და მეხსიერების შესუსტება; დეპრესიული მდგომარეობა; შრომის უნარისა და საერთო თვითშეგრძნების დაქვეითება.სომატური დარღვევებია:კუნთოვანი მასისა და კუნთთა ძალის შემცირება;ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება;სარძევე ჯირკვლების გადიდება;ცხიმოვანი ქსოვილის მასის მატება; თავზე, სხეულსა და ბოქვენზე თმიანობის შემცირება; კანის გათხელება და ატროფია.როგორც თავად პაციენტები ამბობენ, "სამყარო ხუნდება", თანდათანობით ქრება ცხოვრებისადმი ინტერესი, ადამიანს ეუფლება ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა. ანდროგენების დონის ასაკობრივი დაქვეითების დამახასიათებელი სიმპტომია დეპრესია, რომელიც იშვიათად დიაგნოსტირდება. ნებაზე მიშვებული პროცესი იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას, ავადობის ზრდას და სიკვდილიანობას. დეპრესიული, ნევროზული მდგომარეობა მამაკაცს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს. ამას შესაძლოა დაერთოს უსიამოვნო ფიქრების გამო ძილის დარღვევა. საძილე საშუალებები, რომლებსაც ამ დროს ნიშნავენ, მხოლოდ აუარესებს სიტუაციას, დღისით გადამეტებულ დაღლილობასა და ძილიანობას იწვევს, ხოლო ღამით - ერექციული ფუნქციის დაქვეითებას. მამაკაცების უმრავლესობა ამას დეპრესიის ჩვეულებრივ შეტევად მიიჩნევს და ანტიდეპრესანტებს იღებს, მაგრამ, როგორც წესი, უშედეგოდ. ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპია კი თანდათანობით აღმოფხვრის დეპრესიულ მდგომარეობას და იმავდროულად ანდროგენების დეფიციტის სხვა ნიშნებსაც ამცირებს.ანდროგენის ასაკობრივი დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს, რაც მოტეხილობების რისკის ფაქტორია.- როდის ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპია?- ახალგაზრდობის გასახანგრძლივებელ საშუალებებს უძველესი დროიდან ეძებენ. ფართო მნიშვნელობით, ასეთია ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ ანდროგენებს მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. ჯერ კიდევ პლინიუსი უწერდა თავის პაციენტებს ცხოველთა ტესტიკულებს (სათესლე ჯირკვლებს) სექსუალური ძალის მოსამატებლად. ეს მეთოდი ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც პოპულარულია, ხოლო ესპანეთში ხარის ტესტიკულა დელიკატესად ითვლება. ტესტოსტერონიც პირველად ხარის სათესლე ჯირკვლებიდან იქნა გამოყოფილი.მიუხედავად იმისა, რომ სასქესო ჰორმონები უმთავრესად სათესლე ჯირკვლებში სინთეზირდება, რამდენიმე ასეული მილიგრამის მისაღებად საჭიროა რამდენიმე ტონა სათესლე ჯირკვალი. ამდენად, ცხოველის ტესტიკულის გამოყენებას ტესტოსტერონის დეფიციტის შესავსებად აზრი არ აქვს.ანდროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის პიონერად შეიძლება ჩაითვალოს გამოჩენილი ფიზიოლოგი და ნევროპათოლოგი ჩარლზ ედუარდ ბროუნ-სეკარი, რომელმაც XIX საუკუნეში გამოთქვა მოსაზრება, რომ ხანდაზმული მამაკაცების სისუსტე სათესლეების ფუნქციის დაქვეითებით არის გამოწვეული.ის აქტიურად ავითარებდა თავის იდეას და 72 წლის ასაკში, როგორც ჭეშმარიტმა მკვლევარმა, თავად შეიყვანა კანქვეშ ძაღლისა და ზღვის გოჭის ტესტიკულების ექსტრაქტი, რის შემდეგაც საფრანგეთის სამეცნიერო საზოგადოებას თავისი ფიზიკური მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესების შესახებ ამცნო. მის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ XIX ს-ის მიწურულს და XX ს-ის დასაწყისში ბიძგი მისცა ტესტიკულების პრეპარატების დანერგვას. XX საუკუნე ენდოკრინოლოგიის - ჰორმონების შემსწავლელი მეცნიერების - დაბადების საუკუნედ ითვლება. სასქესო ჰორმონების აღმოჩენა, შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევების რიცხვს ეკუთვნის. ტესტოსტერონის სინთეზიდან 5 წლის შემდეგ, გასული საუკუნის 40-იან წლებში, მამაკაცის კლიმაქსს წარმატებით უმკურნალეს ტესტოსტერონ-პროპიონატის ეთერით. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ანდროგენული პრეპარატების ეპოქა, მათი გამოყენება მამაკაცის დაბერების სიმპტომების შესამცირებლად.ანდროგენების ხვალინდელ დღეს საფუძველი დღეს ეყრება. ეს დარგი რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, მკვლევართა ინტერესის საგანია ორგანიზმში შესაყვანად მოხერხებული ფორმების შექმნა, პრეპარატთა მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდა, ახალი პრეპარატების შემუშავება და დანერგვა.ანდროლოგია განვითარებით საგრძნობლად ჩამორჩება ჰორმონულ თერაპიასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს. ანდროლოგების გადასაჭრელი პრობლემა გახლავთ ცხოვრების ხარისხის პრობლემა, რომელიც XXI საუკუნეში მეტად აქტუალურია.- ქალებში მენოპაუზის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს კლიმაქსს უწოდებენ. რამდენად მართებულია, ამავე ტერმინით მოვიხსენიოთ მამაკაცის ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები?- ტერმინი "კლიმაქსი" წარმოდგება ლათინური სიტყვისგან ცლიმახ, რაც ქართულად საფეხურს ნიშნავს. ტერმინი "მამაკაცის კლიმაქსი" პირველად 1939 წელს ვერნერმა გამოიყენა, თუმცა კი მამაკაცებში არ აღინიშნება ჰორმონების დონის მკვეთრი ვარდნა. უფრო მეტიც - ქალის სასქესო ჯირკვლებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლები როგორც რეპროდუქციულ, ისე ჰორმონულ ფუნქციას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს, ოღონდ სხვადასხვა დონეზე. არსებობს სამუშაო ტერმინი "ფიზიოლოგიური კლიმაქსი". ის აღნიშნავს მდგომარეობას, რომლის დროსაც, პათოლოგიური კლიმაქსისგან განსხვავებით, ორგანოთა ფუნქციის განლევის პარალელურად ირთვება კომპენსატორული მექანიზმი, რომელიც ორგანიზმს ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში ეხმარება. ასაკოვან მამაკაცთა 10-20%-ს ეს მექანიზმი დარღვეული აქვს. სადღეისოს არსებული ტერმინები: მამაკაცის კლიმაქსი, ანდროპაუზა, საშუალო ასაკის კრიზისი - ვერ გამოხატავს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარე ასაკობრივ ცვლილებებს. მეტ-ნაკლებად მისაღები ტერმინებია: ანდროპენია; ანდროპენიული სინდრომი; ანდროპენიული დარღვევები; ნაწილობრივი ანდროგენული უკმარისობა ასაკოვან მამაკაცებში; ასაკობრივი ჰიპოგონადიზმი.2005 წლის ივნისში სეულში (სამხრეთ კორეა), ანდროლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესზე, მოწოდებულ იქნა ასაკოვან მამაკაცთა გამოკვლევის, მკურნალობისა და მონიტორინგის რეკომენდაციები, რომელთა შემუშავებაში ანდროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია (IშA), ასაკოვან მამაკაცთა საერთაშორისო ასოციაცია (IშშA) და ევროპის უროლოგთა ასოციაცია (EUA) მონაწილეობდნენ. მათ შემოგვთავაზეს ტერმინი გვიან დაწყებული ჰიპოგონადიზმი (Lატე Oნსეტ Hყპოგონადისმ, LOH) - ასაკის მატებასთან ასოცირებული კლინიკური და ბიოქიმიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ტიპობრივი კლინიკური სიმპტომები და სისხლში ტესტოსტერონის დეფიციტი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ორგანიზმის რიგი სისტემის ფუნქციის დაქვეითება, ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს.საბოლოო განსაზღვრება, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდება ფუნდამენტური და კლინიკური გამოკვლევების სერიის შემდეგ.- რამდენად ხშირია ანდროგენოდეფიციტი მამაკაცებში?- სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ანდროგენოდეფიციტის კლინიკური გამოვლინება 7-დან 30%-მდე მერყეობს, რაც მკაფიო დიაგნოსტიკური კრიტერიუმების არარსებობაზე მიუთითებს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ ჰორმონული სკრინინგი ასაკობრივი ანდროგენული დეფიციტის გამოსავლენად, ვინაიდან ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებლობას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ საკმაოდ მძიმე გართულებები, რომელთაგან ყველაზე სერიოზულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ოსტეოპოროზი.- როდის ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია?- როდესაც სისხლში ტესტოსტერონის დონის დაქვეითება იწვევს გაღიზიანებას, უგუნებობას, დათრგუნულობას, განწყობის გამოკეთება და სქესობრივი აქტივობის გაძლიერება შესაძლებელია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის საშუალებით. თუ პაციენტს აღენიშნება ასაკობრივი ანდროგენოდეფიციტით განპირობებული სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, მკურნალობა აუცილებლად უნდა დაიწყოს სისხლში ტესტოსტერონის დონის ნორმალიზაციით.- რამდენად ეფექტურია ასეთ დროს ვაზოაქტიური პრეპარატების დანიშვნა?- ზოგ შემთხვევაში დასაშვებია ანდროგენებისა და ვაზოაქტიური პრეპარატების (ვიაგრა, ვიაგრასანი, სიალისი) კომბინირებული გამოყენება. ვაზოაქტიური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობა უმჯობესია დაიწყოს სისხლში ტესტოსტერონის დონის ნორმალიზებიდან 1-1,5 თვის შემდეგ. ტესტოსტერონის დონის დაქვეითების შემთხვევაში ვაზოაქტიური პრეპარატების ეფექტურობა მცირდება.- რა არის ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია?- ეს არის პათოგენეზზე მოქმედი მკურნალობა, რომელიც სისხლში ანდროგენების შემცველობის მოსამატებლად არის გამიზნული. აქ შეიძლება გამოიყოს ორი მიდგომა: ჩანაცვლებითი თერაპია ეგზოგენური ანდროგენებით და მასტიმულირებელი თერაპია ქორიონული გონადოტროპინით, რომელიც საკუთარი ტესტოსტერონის სინთეზის სტიმულაციისაკენ არის მიმართული.ანდროგენების პრეპარატები, გარდა ჰიპოგონადიზმისა, ინიშნება ანემიის დროს, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ. ცილების შემცველობის აღსადგენად ამ პრეპარატებს იღებენ დასუსტებული ავადმყოფები, რომლებიც დიდი ხანია უძრავ მდგომარეობაში იმყოფებიან.არსებობს ანტიანდროგენებიც, რომლებსაც უნიშნავენ ქალებს კლიმაქსური დარღვევებისა და იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც ანდროგენების მომატებულ შემცველობას უკავშირდება (აკნე, ალოპეცია, ჰირსუტიზმი), მამაკაცებს მომატებული სქესობრივი აქტივობის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის შორს წასული ფრომების დროს.ამჟამად ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე მრავლად არის ჩანაცვლებითი თერაპიისათვის საჭირო პროლონგირებული და შედარებით ხანმოკლე მოქმედების ანდროგენული პრეპარატები, რომლებიც ინდივიდუალურად, ვითარების გათვალისწინებით ინიშნება. მრავალ ქვეყანაში პოპულარულია ტესტოსტერონის ეთერის საინექციო ფორმა. არსებობს პერორალური ფორმებიც. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის (ISA, ISSA, EUA) რეკომენდაციით, ასაკობრივი ანდროგენდეფიციტის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა დეპოპრეპარატებს, არამედ ხანმოკლე მოქმედების არაინვაზიურ საშუალებებს - ტრანსდერმალურ გელებს. შემუშავებულია ანდროგენების ორგანიზმში შეყვანის სუბლინგვური გზაც. - ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიისა ბევრს ეშინია. მართლა სახიფათოა ეს პრეპარატები ადამიანის ორგანიზმისთვის?- ტესტოსტერონის პრეპარატების მთავარი უკუჩვენებაა სარძევე ჯირკვლისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, ამიტომ მათ დანიშვნამდე აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის სპეციფიკური ანტიგენის (პროსტატასპეციფიკური ანტიგენის - პსა-ს) განსაზღვრა. საზოგადოდ კი 40 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა პერიოდულად უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევა, რათა სიმსივნური პროცესი დრულად იქნეს გამოვლენილი. თავდაპირველად პროსტატის სიმსივნე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მისი დიაგნოსტირება ხშირად დაგვიანებით, მეტასტაზების გავრცელების შემდეგ ხდება. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ოპერაციული ჩარევით შესაძლებელია აღიკვეთოს მეტასტაზების განვითარება და პროგნოზიც კეთილსაიმედოა.დღემდე გრძელდება ანდროგენული პრეპარატების შედარებით მოხერხებული, უსაფრთხო, ეფექტური ფორმების ძიება. იდეალური პრეპარატი არ არსებობს. ყველა მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, როგორც უპირატესობები, ისე ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული ამა თუ იმ პაციენტის მკურნალობის დროს. ექიმის პროფესიონალიზმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დანიშნოს მაქსიმალურად ეფექტური პრეპარატი. 2001 წელს ლუნენფელდმა განაცხადა: "ვისაც ერთხელ მაინც უგემია ის სიკეთე, რაც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას მოაქვს, ჰორმონულ პრეპარატებს მომავალშიც უშიშრად მიიღებს, დარწმუნებული იმაში, რომ ეს ხანგრძლივი და უკეთესი ცხოვრების საშუალებას მისცემს". არ იქნება ურიგო, დავუჯეროთ უცხოელ სწავლულს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :