Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა



ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის შესახებ, ფილტვის ტუბერკულოზისგან განსხვავებით, ბევრს არც კი გაუგონია, თუმცა პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმი ფთიზიატრი ქეთევან ბარბაქაძე.- ქალბატონო ქეთევან, რამდენად გავრცელებულია ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი? - ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა, რომელიც დღესაც ზოგადსაკაცობრიო პრობლემას წარმოადგენს. XVIII-XIX საუკუნეებში, ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში, მას “თეთრ ჭირს” უწოდებდნენ. ის იყო ახალგაზრდების სიკვდილის ძირითადი მიზეზი. მიუხედავად დიდი მიღწევებისა ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის კუთხით, იგი დღემდე რჩება მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად. მისი გავრცელება განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ ინფექცია/შიდსი) გავრცელებასთან ერთად ტუბერკულოზი სერიოზულ პრობლემად იქცა განვითარებული ქვეყნებისთვისაც. მცდარია წარმოდგენა, თითქოს ტუბერკულოზი მხოლოდ ფილტვებს აზიანებს. სინამდვილეში მას შეუძლია დააზიანოს პრაქტიკულად ყველა ორგანო: ნაწლავები, შარდსასქესო სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემა, კანი, ძვლები. ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი. ის შეიძლება განვითარდეს როგორც ფილტვის ტუბერკულოზის ფონზე, ასევე დამოუკიდებლადაც.- როგორ ხდება ეს?- ტუბერკულოზის მიკობაქტერია ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზებიდან ხვდება, გაივლის გარკვეულ გზას და ლიმფურ კვანძებს აღწევს. წესისამებრ, ზიანდება ერთდროულად რამდენიმე კვანძი: საუღლე, ყბისქვეშა და ხორხისწინა. ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის განვითარების პირველ პერიოდში ხდება ლიმფური კვანძების გადიდება ლიმფოიდური უჯრედების გამრავლების ხარჯზე. შემდეგ იწყება ლიმფური კვანძების ქს­ო­ვილის უჯრედული შემადგენლობის თანდათანობითი ცვლილება (I სტადია). თუ დაავადებამ პროგრესირება განაგრძო, სარეზერვო შესაძლებლობათა გამოფიტვის პირობებში ლიმფოიდური ქსოვილის მაგივრად იზრდება სპეციფიკური ტუბერკულოზური ქსოვილი - გრანულომა, რომელიც თანდათანობით გამოდევნის ლიმფური კვანძის ნორმალურ ლიმფოიდურ ქსოვილს. შესაბამისად, ლიმფური კვანძების ტუბერკულოზური დაზიანება ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარეშე ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის კანონზომიერი მოვლენაა, რადგან კვანძები წარმოადგნს დამცველობით ორგანოს, რომელიც თავისებურად რეაგირებს ინფექციაზე. მას შემდეგ, რაც ტუბერკულოზური გრანულომა ჩაანაცვლებს ლიმფური კვანძის ქსოვილს, კვანძი სასარგებლო თვისებებს კარგავს და დაავადება შესაძლოა რამდენიმე ვარიანტით განვითარდეს. შედარებით კეთილსაიმედოა ტუბერკულოზური გრანულომის თანდათანობითი გაწოვა, ლიმფური კვანძის ზომის შემცირება და მის ადგილას ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა ანუ სრული გამოჯანმრთელება და დანაწიბურება. მაგრამ პროცესის არასასურველი მიმდინარეობისას ლიმფური კვანძი იზრდება მასში ტუბერკულოზური გრანულომის ჩაზრდის ხარჯზე. ამდენად, ხდება ლიმფური კვანძების პროგრესირებადი ზრდა და ისინი შესაძლოა ქათმის კვერცხისოდენაც კი გახდეს. მეტად მძიმე მომენტია ლიმფური კვანძის კაზეოზური ნეკროზი, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაავადება ქრონიკულ ფორმაში (II სტადია) გადაიზარდა. ამ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული ჩარევა, რადგან კაზეოზური ნეკროზის მასები ძალიან ცუდად გაიწოვება, დიდხანს ნარჩუნდება და ხშირად მკვრივდება. კიდევ უფრო არასასურველია ლიმფური კვანძების არა გამკვრივება, არამედ დარბილება, რაც კაზეოზურად შეცვლილი კვანძების დაჩირქების შედეგია (III სტადია). ამ შემთხვევაში კვანძი გარდაიქმნება ჩირქის პარკად, კანი ამ არეში თხელდება, ბოლოს იხსნება (IV სტადია) და წარმოიქმნება ტუბერკულოზური ხვრელმილი, რომლის ფორმირებითაც დახურული ტუბერკულოზი ღია პროცესად გარდაიქმნება. ტუბერკულოზური ხვრელმილი ძალიან ცუდად ხორცდება და ხშირად იწვევს კანის ტუბერკულოზურ დაზიანებას. შესაძლებელია ხვრელმილში სხვა მიკრობების მოხვედრა - მეორეული ინფიცირება, რაც მკვეთრად ამძიმებს დაავადებას და აუარესებს პროგნოზს. ასეთი რამ ტიპობრივია ლიმფური კვანძების ტუბერკულოზური დაზიანებისთვის, განურჩევლად მათი ადგილმდებარეობისა. პროცესი შესაძლოა მიმდინარეობდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ უმეტესად ზიანდება მკერდშიდა (ბრონქებსა და ფილტვის კართან ახლოს მდებარე), კისრისა და იღლიისქვეშა ლიმფური კვანძები. - რამდენად საშიშია ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი?- ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი საშიშია იმდენად, რამდენადაც მათი ერთეული დაზიანება ძალზე იშვიათია. ხშირად ხდება ლიმფური სისტემის სხვადასხვა “სართულზე” არსებული ლიმფური კვანძების დაზიანება, რაც ართულებს დაავადების დიაგნოზის დასმასა და მკურნალობას. არცთუ იშვიათად პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი ორგანიზმში მიმდინარე ტუბერკულოზური პროცესის ერთადერთ გამოვლინებას წარმოადგენს. უმეტესად კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზურ დაზიანებას (კისერ-ყბისქვეშა ტუბერკულოზურ ლიმფადენიტს) ვაწყდებით. სწორედ ეს ავადმყოფები ხვდებიან ექიმების მხედველობის ველში. შედარებით იშვიათია ლავიწზედა და ლავიწქვეშა და საზარდულის ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი. ყველაზე რთულია მუცელშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა, ხოლო მკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზს ადგენენ გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დროს.- რას წარმოადგენს მკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, იგივე ტუბერკულოზური ბრონქოადენიტი?- ეს პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. პროცესის დასაწყისი სხვადასხვაგვარია. დაავადების კლინიკური ნიშნები ზოგჯერ სუსტად არის გამოხატული, ზოგჯერ დასაწყისი მწვავეა, თან ახლავს ინტოქსიკაციის სიმპტომები და ტუბერკულოზური მგრძნობელობა. როგორც აღვნიშნე, მკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ მეთოდს. ტუბერკულოზური ბრონქოადენიტი რთულდება ბრონქების სპეციფიკური დაზიანებით, ვითარდება ბრონქების ტუბერკულოზი, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა ექსუდაციური პლევრიტით გართულდეს.- როგორია ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის კლინიკური ნიშნები? - ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი ხშირად გვხვდება ქრონიკული ფორმით და, წესისამებრ, ლიმფური კვანძების გამკვრივებით იწყება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, კანის სიფითრე, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, ადვილად დაღლა. დაავადების დასაწყისში ლიმფური კვანძები დაახლოებით 0,5-1 სმ ზომისაა, რბილი, უმტკივნეულო და მოძრავი. შემდეგ პალპაციისას შეინიშნება მტკივნეულობა, ლიმფური კვანძები უერთდება ერთმანეთს და კონგლომერატს ქმნის, ზოგჯერ იხსნება და წარმოქმნის ხვრელმილს, რომლის შეხორცების შემდეგ კანზე ნაწიბური რჩება.- ახასიათებს თუ არა ამ პროცესს სეზონურობა?- დაავადების სიმპტომები მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამას ხელს უწყობს გაციება, სტრესი, სეზონური დაავადებები.- ცნობილია, რომ ლიმფური კვანძების გადიდება, ჰიპერპლაზია, ბანალური, ჩვეულებრივი რეაქციაა ყოველგვარი მავნე აგენტის ორგანიზმში შეჭრაზე. როგორ ხდება ტუბერკულოზური პროცესის დიფერენცირება?- ზედმეტია იმის თქმა, რომ უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს ყველა საჭირო გამოკვლევას, დაადგენს მიზეზს და დასვამს დიაგნოზს. ტუბერკულოზით ლიმფური კვანძების დაზიანების უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებად, ტრადიციისამებრ, მიიჩნევა ტუბერკულოზის ჩხირის აღმოჩენა თავად ლიმფურ კვანძში. ყველა სხვა ნიშანი შეიძლება ირიბად ჩაითვალოს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტუბერკულოზის პირდაპირი ნიშანი ნამდვილი ტუბერკულოზური ლიმფადენიტის დროსაც კი ყოველთვის არ დასტურდება - დაავადების გამომწვევი ლიმფურ კვანძში მოხვედრისას განიცდის დამცავი უჯრედების ზემოქმედებას და ბაქტერიოლოგიური კვლევისას შესაძლოა ვერც კი აღმოვაჩინოთ. ამდენად, ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი მოითხოვს დიფერენციულ დიაგნოსტიკას და გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოფსიას ჰისტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის. ერთი სიტყვით, ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. ზუსტი დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ რენტგენოლოგიური, იმუნოლოგიური, კლინიკური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შემდეგ.- როგორ მკურნალობენ ლიმფური კვანძების ტუბერკულოზს?- ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის მკურნალობა მნიშვნელოვანწილად დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. იოლი მისახვედრია, რომ რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ დაავადებას და დავიწყებთ მკურნალობას, მით უკეთესი იქნება შედეგი. ტუბერკულოზის მკურნალობის მეთოდებიდან პრიორიტეტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას ენიჭება. მკურნალობა ტარდება ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით. არსებობს მედიკამენტების ფართო არჩევანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ან საერთოდ შევაჩეროთ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამრავლება. ისევე როგორც ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობისას, აქაც მნიშვნელოვანია მკურნალობის უწყვეტობის დაცვა. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მკურნალობა იქნება ხანგრძლივი და ჩატარდება რამდენიმე პრეპარატით, სხვაგვარად ჩამოყალიბდება რეზისტენტობა მედიკამენტების მიმართ და დაავადების განკურნების პროცესი გართულდება. დაავადების პირველ სტადიაში შეიძლება ჩატარდეს კონსერვატიული მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით. მეორე სტადიაში პროცესი უკვე ქრონიკულ ფორმას იღებს, ლიმფური კვანძის სტრუქტურა ირღვევა, უფრო და უფრო რთული ხდება წამლებით ინფიცირების კერამდე მიღწევა, ამიტომ ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა, ლიმფური კვანძის ამოკვეთა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა. მესამე სტადიაზე ლიმფური კვანძი იღებს ჩირქოვანი პარკის სახეს. ამ შემთხვევაში შიგთავსი უნდა გამოიტუმბოს და დაზიანებულ არეში შეყვანილ იქნეს სამკურნალო ხსნარი. ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის მეოთხე სტადიაზე ყურადღება უნდა დაეთმოს ლიმფური კვანძის გახსნის შემდეგ წარმოქმნილ ხვრელმილებს. ისინი უნდა გამოირეცხოს და დაედოს ანტიბაქტერიული სახვევი.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :