Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე ჯონი ვილკინსონი რაგბის ემშვიდობება

ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე ჯონი ვილკინსონი რაგბის ემშვიდობება

2014-05-21 12:45:00

ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე ჯონი ვილკინსონი რაგბის ემშვიდობება. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი ამჟამად კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას"ტულონში" ასპარეზობს.ჩვენებურთა გუნდს წლევანდელ სეზონში ორი შეხვედრა დარჩა გასამართი. 24 მაისს "ტულონი" "ჰაინეკენის თასის" ფინალში ინგლისურ "სარასენზს" დაუპირისპირდება. ერთი კვირის თავზე კი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" ეთამაშება.ჯონი ვილკინსონმა ოფიციალურად გააცხადა, რომ 31 მაისს გასამართი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი მისთვის ბოლო მატჩი იქნება. ცხადია, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ "ვილკოს" ამისკენ "ტულონის" პრეზიდენტმა უბიძგა - ინგლისელს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა და მანაც რაგბის თამაშის დასრულება გადაწყვიტა.საგულისხმოა, რომ ტულონელთა მულტიმილიონერი მფლობელი მურად ბურჯელალი რაგბისთვის უჩვეულო ინიციატივით გამოვიდა. მას სურს, ვილკინსონის ათნომრიანი მაისური "ტულონში" არავინ ჩაიცვას. ეს უფრო კალათბურთის, კერძოდ, NBA-ს გუნდების ტრადიციაა და ძნელი სათქმელია, რამდენად მოუხდება რაგბის.თვითონ ვილკინსონს ეს ნაკლებად აინტერესებს. მისი ფიქრი ახლა მომავალი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისკენაა მიპყრობილი. უნდა ორივეში გამარჯვებული გამოვიდეს და რაგბიდან ზეიმით, მაჟორულ ნოტზე წავიდეს.თუმცა ვილკო ოვალური ბურთით თამაშს სამუდამოდ როდი აქცევს ზურგს. მას სურს, ხელი მწვრთნელობას მიჰყოს და სარაგბო მწვერვალების დაპყრობაში სხვებს დაეხმაროს."ჩემ გარშემო პოტენციურად ძალიან ძლიერ მორაგბეებს ვხედავ. ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად, ბეჯითად შრომობენ, რაც აუცილებლად დაუფასდებათ. მათ დახმარება სჭირდებათ, ისევე, როგორც მე მეხმარებოდა უამრავი ადამიანი ჩემი კარიერის დასაწყისიდან დასრულებამდე.მინდა გავიხსენო ის მოთამაშეები, რომლებმაც ძალიან კარგი პარტნიორობა გამიწიეს. ესენი არიან: ინგლისის ნაკრებში მაიკ ქეთი და "ტულონში" მეთ გიტო. მათი გვერდში დგომა რომ არა, ალბათ ბევრს ვერაფერს მივაღწევდი. ამიტომ მეც მინდა სხვებს დავეხმარო, ჩემი ცოდნა, გამოცდილება გავუზიარო. ამას მხოლოდ მწვრთნელის პოზიციიდან შევძლებ.რაგბიდან წასვლის თაობაზე მთელი წელიწადია ვფიქრობ. ალბათ, სწორედ ახლა დადგა ის მომენტი, როცა ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - თქვა ჯონი ვილკინსონმა.მის სურვილს მწვრთნელობის თაობაზე უმალვე გამოეხმაურა ინგლისის ნაკრების თავკაცი სტიუარტ ლანკასტერი:"ჯონი ვილკინსონს ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. ცხადია, მისი გამოყენება ნაკრებშიც შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის საჭირო დროისა და ადგილის შერჩევაა აუცილებელი" - თქვა მან.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :