Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"კომპრომატების ომი" - გენერალური ბრძოლა იწყება

"კომპრომატების ომი" - გენერალური ბრძოლა იწყება

2012-09-24 09:53:00

მმართველი გუნდი "კომპრომატების ომში" ყოველთვის ძლიერი იყო. მას არა მხოლოდ ის შეეძლო, რომ გადაეღო, მაგალითად, როგორ იკეთებს ოპოზიციის აქტივისტი ნარკოტიკს, არამედ ჰქონდა უნარი, ისე "შეეფუთა" შედარებით უწყინარი მასალა, რომ კომპრომატად გაესაღებინა. თუმცა არასოდეს "ნაციონალურ მოძრაობას" "კომპრომატების ომში" ისეთი დარტყმა არ მიუყენებია თავისი ოპონენტებისთვის, როგორც თავად მიიღო რამდენიმე დღის წინ. პატიმრების წამების ამსახველმა ვიდეომასალამ რომელიმე ცალკეული ლიდერის კი არა, მთლიანად 2004-2012 წლებში ხელისუფლების პოლიტიკისა თუ რეფორმების კომპრომეტირება შეძლო. ხელისუფლება საპასუხო შეტევისთვის ემზადება. ამას ადასტურებს ქვეყნის პირველი პირების ბუნდოვანი განცხადებები, რომ "საზოგადოება ბევრ საინტერესო რაიმეს შეიტყობს", "გაიგებთ, ვინ აპირებს ამ დღეებში საქართველოში დაბრუნებას" და ა.შ. "კომპრომატების ომისთვის" ეს კვირა გადამწყვეტია, რადგან არჩევნების შემდეგ მათ გამოქვეყნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება.თუმცა ამჯერად "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ ერთი, "კომპრომატების ომის" მოსაგებად ხელისუფლებას ახალი გეგმის შემუშავება დასჭირდება, რადგან საზარელი ვიდეომასალის ამბებმა, სავარაუდოდ, წყალში ჩაყარა წინასწარ შექმნილი სქემა. მეორეც - მან ისეთი მასალა უნდა გაავრცელოს, რომელიც გადაფარავს პატიმართა წამების სკანდალს. ეს კი ალბათ, მსოფლიოში შავი პიარის ყველაზე დიდოსტატსაც თუ გაუჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც "კომპრომატების ომში" არჩევნებამდე ორი კვირით ადრე "ნაციონალებს" "არსენალის" დიდი ნაწილი უკვე დახარჯული ჰქონდათ. ესენია: "ივანიშვილი და პუტინი", "ივანიშვილი და "გაზპრომი", "ივანიშვილის გარემოცვა", "ქართული ოცნების" ლიდერი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს" და ა.შ."ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნებას 25 სექტემბრიდან ელოდებიან. მათი ინფორმაციით, ეს იქნება ფალსიფიცირებული კომპრომატები იმის შესახებ, თუ როგორ ისყიდავს კოალიცია ამომრჩეველს. თუ მართლაც ასე მოხდება და ხელისუფლებას ივანიშვილის შესახებ იმაზე საზარელი მასალები არ აქვს, რაც ციხეებში ხდებოდა, მაშინ "ნაციონალები" უიმედოდ წააგებენ ამ ბრძოლას - ვერანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ოპოზიციონერი აქტივისტის "წამლით კაიფი" ვერ გადაფარავს "გლდანიგეიტის" ამბებს. რჩება ერთადერთი გამოსავალი - უნდა დაიდგას მასშტაბური ბატალიები იმის დასადასტურებლად, თუ როგორ ცდილობს პრორუსული ოპოზიცია ქვეყნის არევას და საქართველოს წარსულში დაბრუნებას. თან ამას ისეთი ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ მოსახლეობა დაიზაფროს. ასეთ შემთხვევაში, ხალხი "ცუდსა" და "უარესს" შორის მხარს, რა თქმა უნდა, "ცუდს" დაუჭერს.თუმცა შეტევისთვის მომზადებულმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, საბოლოო და გამანადგურებელი დარტყმაც მიიღოს. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავრცელდება არანაკლებ სკანდალური მასალები, ვიდრე პატიმრების წამება იყო. ეს არ არის გამორიცხული, რადგან ხელისუფლებიდან საზარელი მასალის გამოჟონვის პრეცედენტი ერთხელ უკვე დაფიქსირდა. ალბათ, მასალის ნაკლებობაც არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა სახელისუფლებო დაჯგუფების მიდრეკილებას, რომ ერთმანეთის კარგიც და ცუდიც ვიდეოზე დააფიქსირონ. მოკლედ, მომავალ კვირას "კომპრომატების ომის" გენერალური ბრძოლა გაიმართება და ვისთვის იქნება ეს ვატერლოო, პირველ ოქტომბერს ვიხილავთ.გიორგი კვიტაშვილი
იხილეთ მსგავსი სიახლეები :