Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

კითხვები სტომატოლოგს

კითხვები სტომატოლოგს



ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველები საფოსტო ყუთებისა თუ ვებგვერდის საშუალებით უამრავ კითხვას გვიგზავნიან. მრავალი მათგანი სტომატოლოგიის საკითხებს ეხება. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები უწინდებურად არ კარგავს აქტუალობას, მით უმეტეს, რომ ბევრს სტომატოლოგთან მისვლის შიში ჯერაც ვერ გადაულახავს, ამიტომ მკითხველებს, ბუნებრივია, ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებთ. ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ თელავის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ სტომატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ნანა ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ.   კბილის ფესვები და მათთან დაკავშირებული პრობლემები ვარ 21 წლის. ორი კბილი საერთოდ არ მაქვს, მხოლოდ ფესვები მაქვს დარჩენილი, არ მტკივა, სტომატოლოგთან მისვლისგან თავს ვიკავებ იმიტომ, რომ ძალიან მეშინია. საშიშია ეს თუ არა? რაიმე დაავადება ხომ არ დამემართება? მაინც გაფუჭებულია ფესვები... შეიძლება თუ არა, ორ- ან სამფესვიანი კბილის ფესვის დაბჟენისას მხოლოდ ერთ ფესვში მოიკლას ნერვი, დანარჩენში კი დარჩეს, თუ ასეთი რამ დაუშვებელია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში და კბილის მკურნალობისას აუცილებლად ყველა ფესვის ნერვის მოკვლა ხდება? იგივე კითხვა მაქვს დაბჟენის თაობაზე - მაგალითად, ორ ან სამფესვიანი კბილის დაბჟენისას ყველა ფესვი უნდა გაიხსნას და დაიბჟინოს თუ მხოლოდ ერთი ფესვის დაბჟენაც შეიძლება? - ქალბატონო ნანა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ იქნებ ეს თემა უფრო მეტად გავავრცოთ: როცა ადამიანს კბილი არ აქვს - მხოლოდ ფესვი აქვს დარჩენილი, რატომ არის აუცილებელი მისი დაბჟენა, თუნდაც არ სტკიოდეს? როცა ფესვი არ არის დაბჟენილი და არც ტკივილი შეიგრძნობა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნერვი მასში მკვდარია? თუ ადამიანი არ აპირებს კბილების ჩასმას, მაგრამ ღრძილებში ჩარჩენილი აქვს ფესვები, რა ჯობს - ამოიღოს ეს ფესვები თუ დაიბჟინოს და სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდეს? ხომ არ ემუქრება მას რაიმე გართულება? ექიმის პასუხი- თუ კბილის ფესვი არ ექვემდებარება მკურნალობას, საჭიროა მისი ექსტრაქცია, ვინაიდან ის ინფექციის კერაა. ფესვის არხის დამუშავება და დაბჟენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არხი ბოლომდე არ დაიბჟინა, კბილის ფესვის მწვერვალზე შესაძლოა წარმოიშვას ქრონიკული ინფექციის კერა (პერიოდონტიტი). საჭირო გახდება ძვირადღირებული ხიდისებური კონსტრუქციების მოხსნა, ექიმის შეცდომის შედეგად მიღებული გართულების აღმოფხვრა, განმეორებითი მკურნალობა და უკიდურეს შემთხვევაში - კბილის ამოღებაც კი. სხვადასხვა კბილს სხვადასხვა რაოდენობის ფესვის არხი აქვს და თითოეული ამ არხთაგანი უნდა მოიძებნოს, დამუშავდეს და დაიბჟინოს. ფესვის არხის მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: არხთან კარგად მიდგომის ჩამოყალიბებას და მის მექანიკურ დამუშავებას. არხი ანტისეპტიკურად მუშავდება და საჭირო ზომამდე ფართოვდება. განისაზღვრება მისი სიგრძე. ხსნარების საშუალებით ხდება მისი მედიკამენტური დამუშავება. ხსნარებს აქვს ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული მოქმედება. უკანასკნელი ეტაპია ფესვის არხის დაბჟენა. არხების დასაბჟენად გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მასალები, რომელთა არჩევანი დღეს ძალზე ფართოა. პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, შესაძლოა თუ არა, ვერ მოხერხდეს ნერვის ამოღება. შესაძლოა, მაგრამ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება - მაშინ, როცა ფესვის არხები არ არის გამავალი. ასეთ დროს ექიმი სპეციალური პასტების გამოყენებით ატარებს ნერვის მუმიფიკაციას. - ფესვების და, საზოგადოდ, კბილების დაბჟენისას სტომატოლოგები ხშირად ამბობენ: "აქ უმჯობესია სარჩული გავაკეთოთ". რას ნიშნავს ეს? რა არის ეს სარჩული? რა მასალაა? ჩვეულებრივი ბჟენისგან განსხვავდება თუ არა? მხოლოდ ფესვებს უკეთდება თუ კბილს? კარგი იქნება, თუ ამ საკითხებს დაწვრილებით განუმარტავთ მკითხველს.- განასხვავებენ სამკურნალო და საიზოლაციო სარჩულებს. სამკურნალო სარჩული გამოიყენება პულპაზე ანთების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩანაცვლებითი დენტინის ჩალაგებისა და პულპის დენტინური საფარის მინერალიზაციის გასაძლიერებლად (ოდონტობლასტების სტიმულაციის საშუალებით). კარიესულ ღრუში შეაქვთ კალციუმის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატები. ამ უკანასკნელთა გამოხატული ტუტე რეაქციის გამო ქვეითდება პH, ეს კი აუმჯობესებს პულპის სისხლმომარაგებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ჩანაცვლებითი დენტინის ინტენსიური ჩალაგება. ვინაიდან სამკურნალო სარჩულს არ გააჩნია დენტინთან ადჰეზიის უნარი, არ შეიძლება სარჩულით კარიესული ღრუს მთელი ფსკერის დაფარვა. საკმარისია სამკურნალო სარჩულის ერთი წვეთის მოთავსება პულპის რქის პროექციის ადგილზე ან კარიესული ღრუს ყველაზე ღრმა წერტილში. მასალის გამყარების შემდეგ ადებენ იონომერული ცემენტის სარჩულს და აწარმოებენ დაბჟენას ჩვენების მიხედვით. თითქმის ყველა სახის მუდმივ საბჟენ მასალას შეუძლია გააღიზიანოს კბილის პულპა. აღნიშნული ფაქტორის გამო იყენებენ საიზოლაციო სარჩულებს. ორსულობა და სტომატოლოგიური პრობლემები ვარ 35 კვირის ორსული. ბოლო დღეებში შემაწუხა კბილის ტკივილმა, მაინტერესებს, თუ შეიძლება კბილის დაბჟენა ან ნერვის მოკვლა, თუ ჯობია, მოვითმინო და მშობიარობის მერე ვიმკურნალო? ლაქტაციის პერიოდში თუ შეიძლება მკურნალობა? ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ: შეიძლება თუ არა ორსულისთვის ნერვის მოკვლა, ან კიდევ ლაზერით კბილის დაბჟენა ანუ ე. წ. ჰელიობჟენის გაკეთება? ვარ 27 კვირის ორსული. - ქალბატონო ნანა, ორსულები მართლაც ბევრს გვწერენ, ასე რომ, იქნებ დაწვრილებით შეეხოთ ამ თემას, აუხსნათ მათ, რომ პირის ღრუს მოწესრიგება არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია, ან რატომ არ არის საშიში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი? და კიდევ  - შეიძლება თუ არა ანესთეზიის გაკეთება ორსულებისთვის და თუ შეიძლება - რომელი მედიკამენტებით? ასევე - ყოველგვარ ბჟენს იყენებთ თუ არა? ექიმის პასუხი- ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ უვლის მომავალი დედა კბილებსა და ღრძილებს. ორსულობისას კბილებს მომეტებული ყურადღება სჭირდება. კონსულტაციების სიხშირე, შეძლებისდაგვარად, ასეთი უნდა იყოს: ფეხმძიმობის დადასტურებისას - პირველად, მე-20 კვირამდე - თვეში ერთხელ, მე-20-დან 32-ე კვირამდე - თვეში ორჯერ, 32-ე კვირის შემდეგ - თვეში 3-4-ჯერ. სარძევე კბილების პრობლემა ბავშვს იმ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს, თუ დედა არასწორად იკვებებოდა, ჰქონდა მძიმე ტოქსიკოზი, გადაიტანა ინფექციური დაავადება და ა.შ. ორსულობის დროს სასურველია ისეთი საკვების მიღება, რომელიცC და B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი.C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ციტრუსი, B ვიტამინს - ხორცი, ხორბალი, თევზი. თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები არავითარ გავლენას არ ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც დედები ითხოვენ მკურნალობას ანესთეზიის გარეშე, რაც არ არის სასურველი, რადგან პროცედურის თანამდევი შიში და ტკივილი უფრო ნეგატიურად აისახება ჩანასახზე, ვიდრე საანესთეზიო საშუალება. ორსულობისას აკრძალულია ადრენალინის შემცველი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება, კბილების მკურნალობა დარიშხანის გამოყენებით. ორსულმა კბილებს ჩვეულებრივ უნდა მოუაროს, არავითარი განსაკუთრებული წესის დაცვა არ არის საჭირო, მაგრამ უმჯობესია, პირის ღრუს ოდნავ მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე მანამდე აქცევდა. სასურველია გამოიყენოს სავლებები, რომლებიც კბილებისა და ღრძილებისათვის მარგებელ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. ხშირად ისმის კითხვა, რა პრობლემებს შეიძლება შეეჯახოს მომავალი დედა. ორსულობისას მიმდინარე ჰორმონულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი. გინგივიტი ღრძილების ანთებაა, რომელსაც ნადებში არსებული ბაქტერიები იწვევს. გინგივიტის ნიშნები ძლიერდება ორსულობის დასასრულს. პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანი დაცვა ამცირებს დაავადების განვითარების რისკს. გინგივიტის სამკურნალოდ მივმართავთ კბილების პროფესიონალურ ჰიგიენას და ანთების საწინააღმდეგო თერაპიას. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ან არასათანადოდ ჩატარდა, გინგივიტი შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ანთებაში - პაროდონტიტში, პაროდონტოზში, და საბოლოოდ კბილების დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. პაროდონტიტი ძალზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს კბილღრძილოვანი შეერთების დარღვევით და პაროდონტული ჯიბეების ჩამოყალიბებით. ორსულობის პერიოდში დაავადების განვითარებისა და გამწვავების მიზეზს წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება. გარდა ამისა, ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. მცირდება სისხლძარღვების ელასტიკურობა, იკარგება კალციუმი. ღრძილებიდან მომატებული სისხლდენა ორსულობის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია. ამაშიც ბრალი მიუძღვის კალციუმის უკმარისობას, განსაკუთრებით - ორსულობის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ხდება კალციუმისა და ფოსფორის ჩალაგება ნაყოფის ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისთვის. კბილების გათეთრებაკბილების სითეთრე დღეს აქტუალური საკითხია. ამასთან დაკავშირებით იქნებ გვიპასუხოთ: რატომ არის, რომ ზოგიერთს ბუნებრივად თეთრი კბილები აქვს, ზოგს კი, მიუხედავად რეგულარული ხეხვისა და მოვლისა, მაინც ყვითელი? ზოგიერთის კბილებს რაღაც უცნაური, მორუხო ფერიც კი დაჰკრავს... რისი ბრალია ეს? თამბაქოს გარდა რა უცვლის ფერს კბილების მინანქარს? რას უნდა ვერიდოთ? დღეს ვითომდა კბილების გასათეთრებლად უამრავ პასტასა თუ ფხვნილს გვთავაზობენ. რეალურად აქვთ თუ არა მათ ეფექტი? თუ სიყვითლე მხოლოდ ნადების შედეგია, მაშინ, ცხადია, მისი მოცილებით კბილებიც გათეთრდება, მაგრამ თუ ეს მინანქრის ბუნებრივი ფერია, მაშინ როგორ უნდა გაათეთროს ფხვნილმა ან პასტამ კბილების ზედაპირი? ექიმის პასუხი - კბილის ფერს უმთავრესად მისი სტრუქტურული აგებულება განაპირობებს. კბილი შეიძლება იყოს მოყვითალო-მოთეთრო, მოყვითალო-მონაცრისფრო, მორუხო-მოთეთრო. შედარებით ხშირია მოყვითალო-მოთეთრო კბილები. ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში კბილი ფერს იცვლის. ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ენდოგენურმა, ისე ეგზოგენურმა ფაქტორებმა, მათ შორის - პიგმენტურმა საკვებმა: ჩაიმ, ყავამ, ასევე - თამბაქომ, ცალკეული ანტიბიოტიკების, მაგალითად, ტეტრაციკლის მიღებამ ბავშვობაში. არსებობს კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდი. კბილების გათეთრების მექანიზმი კბილის მაგარ ქსოვილებში მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ პროცესს ეფუძნება. კბილების გათეთრება გულისხმობს პროცესს, რომლის შედეგად შესაძლებელია კბილის მაგარი ქსოვილების გაბაცება რამდენიმე ტონით. ამის მიღწევა შესაძლებელია ორი გზით: მათეთრებელი საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაში არსებული ზეჟანგების უშუალო მონაწილეობით შესაძლებელია ღრმა და ზედაპირული ლაქების ამოყვანა და არამათეთრებელი, კბილის გამაბაცებელი საშუალებებით, რომელთაც ფიზიკური და ქიმიური რეაქციების შედეგად მხოლოდ ზედაპირული ლაქები ამოჰყავთ. ამ საშუალებების გამოყენება პაციენტს შეუძლია როგორც სტომატოლოგიურ კაბინეტში, ასევე შინაც სტომატოლოგის მითითებითა და მისივე კონსულტაციით. კბილის გასათეთრებელი საშუალება, მისი გამოყენების წესი აუცილებლად სტომატოლოგმა უნდა შეარჩიოს. უმეტესად იყენებენ 15-35-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარებს. მათეთრებელი პასტების ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია. მათეთრებელი პასტის გამოყენება რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება, მერე ის ჩვეულებრივი პასტით უნდა შევცვალოთ. მათეთრებელი პასტის დიდხანს გამოყენება ნებადართულია, თუ პაციენტს არ აღენიშნება ღრძილების გაღიზიანება ან კბილების მომატებული მგრძნობელობა. ამ სიმპტომების ადამიანმა უნდა შეწყვიტოს კბილის მათეთრებელი პასტის გამოყენება და მიმართოს სტომატოლოგს. კბილის მათეთრებელი პასტების შემადგენლობაში შედის საპრიალებელი და ქიმიური აგენტები, რომლებსაც მხოლოდ ზედაპირული ლაქები ამოჰყავს. როდესაც ადამიანი კბილების გათეთრებას გადაწყვეტს, მან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს დეტალური სტომატოლოგიური გამოკვლევა. განხილული უნდა იქნეს კბილების გათეთრების ყველა ჩვენება და უკუჩვენება, პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა შესაძლო გართულების თაობაზე, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში შედგეს მკურნალობის გეგმა. კბილების გათეთრება არ შეიძლება: 1) ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;2) წყალბადის ზეჟანგზე ალერგიის დროს;3) 16 წლამდე, რადგან ამ ასაკში ჯერ არ არის დასრულებული ფესვის მწვერვალების ფორმირება;4) მინანქრის ეროზიის შემთხვევაში.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :