Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება

კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება



რას წარმოადგენს ზღვის დაავადებაზღვის დაავადებას ახასიათებს ძილიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება მონოტონური რხევებით გამოწვეული რწევის გამო. ამ ფენომენს ადამიანები პირველად ზღვით მოგზაურობისას შეეჯახნენ. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ზღვის დაავადებას სხვაგვარად კინეტოზს, ტრანსპორტში რწევას და მოძრაობის დაავადებასაც (მოტიონ სიცკნესს) უწოდებენ. ზღვის დაავადებამ, გარდა წყლის ტრანსპორტისა, შესაძლოა თავი იჩინოს ავტომობილით მგზავრობის, ფრენისა და ქანაობის დროსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, კინეტოზი დაავადება კი არ არის, არამედ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა სხეულის მდებარეობის უჩვეულო ცვლილებაზე. სხეულის მდებარეობის რეგულაციაზე პასუხისმგებელი სისტემა ძალზე ნატიფი და მგრძნობიარეა. ის მოიცავს მხედველობის ორგანოს და შიგნითა ყურს ვესტიბულურ აპარატსა და ტვინთან ერთად. ამ სისტემის ფუნქციობის დარღვევისას აღმოცენდება მეტად უსიამოვნო შეგრძნებები, მათ შორის - გულისრევა და ღებინება. ზღვის დაავადებისადმი გამძლეობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცებში, ყველაზე მეტად კი კინეტოზით 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იტანჯებიან. ამ ასაკში ტრანსპორტში რწევა ბავშვთა 58%-ს აღენიშნება. ასაკთან ერთად ზოგიერთი ეჩვევა ვესტიბულურ სტიმულაციებს და განმეორებით მოქმედ გამღიზიანებლებზე აღარ რეაგირებს, მაგრამ მოსახლეობის 5-10% კინეტოზით მთელი სიცოცხლე იტანჯება. ასეთი ხალხი ერიდება მგზავრობას, რადგან სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებებს იღებს, მით უმეტეს - ხანგრძლივი მგზავრობისას, როდესაც გულისრევა ხშირად განმეორებით ხასიათს იძენს. ამის შედეგად ვითარდება აპათია და დეპრესია, ადამიანი ეშვება და ითრგუნება. განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში (იგულისხმება ძლიერი რწევა) ზღვის დაავადების სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეზღვაურსაც კი განუვითარდეს. ამის ნათელი მაგალითია ადმირალი ნელსონი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ზღვაზე გაატარა და, მიუხედავად ამისა, ყოველი ძლიერი შტორმის დროს საშინლად იტანჯებოდა კინეტოზით. კინეტოზის მიზეზები და პათოგენეზიზღვის დაავადებას მეტად რთული პათოგენეზი აქვს. მის მექანიზმებს დღესაც შეისწავლიან. მკვლევართა უმეტესობა მხარს უჭერს მეცნიერ ვოიაჩეკის თეორიას, რომლის თანახმად, კინეტოზის აღმოცენებაში წამყვან როლს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები ასრულებს. ეს რეცეპტორები რეაგირებს სხეულის მდებარეობისა და მოძრაობის ცვლილებასა და აჩქარებაზე, გადასცემს ტვინს ინფორმაციას ამ აჩქარების ძალასა და ხასიათზე. მაგალითად, ლიფტით მგზავრობისას ჩვენ შევიგრძნობთ როგორც მისი მოძრაობის მიმართულებას (ზემოთ მიდის თუ ქვემოთ), ასევე სიჩქარეს და გაჩერების სისწრაფეს (მკვეთრად გაჩერდა თუ ნელა). ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები მეტად მგრძნობიარეა ხანგრძლივად განმეორებადი მოძრაობების მიმართ. ამის მაგალითია ის შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ეუფლება გემზე ძლიერი შტორმის დროს, ავტომანქანით მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ასევე - უჩვეულო აჩქარებებით მოძრაობისას, მაგალითად, ცნობილ ატრაქციონზე, ამერიკულ მთებზე, სრიალისას, თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისას. ზღვის დაავადების მთავარი მიზეზი ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ტვინში) გადაცემულ ინფორმაციებს (ნიშნებს) შორის კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტი შესაძლოა აღმოცენდეს გემზე რწევის დროს, როდესაც ადამიანი კაიუტაში იმყოფება და ვერ ხედავს ჰორიზონტს. ამ დროს ვესტიბულური აპარატი განმეორებით მოძრაობებს არეგისტრირებს, თვალები კი კაიუტაში უძრავ საგნებს აღიქვამს. სენსორული კონფლიქტი წარმოიშობა ავტომანქანით მგზავრობის დროსაც, მით უფრო - თუ ადამიანი წიგნს კითხულობს. მანქანის სალონში მყოფი მგზავრის შიგნითა ყური და კანის რეცეპტორები მოძრაობას აღიქვამს, მაშინ როცა თვალები უძრავ საგანს - გადაშლილ წიგნს აფიქსირებს. მხედველობით-ვესტიბულური შეუთავსებლობის შესამცირებლად გემის კაიუტაში, ავტომობილისა თუ თვითმფრინავის სალონში ჯდომისას უმჯობესია თვალები დავხუჭოთ ან მზერა ჰორიზონტის ხაზზე დავაფიქსიროთ. ავტომანქანის მგზავრებმა მოძრაობისას სასურველია წინ იყურონ და არა უკანა ან გვერდითა ფანჯრებიდან. მით უმეტეს დაუშვებელია მგზავრობისას წიგნის კითხვა. დღეს უკვე უდავოა, რომ კინეტოზი სენსორული (გრძნობათა ორგანოებიდან წამოსულ იმპულსთა) კონფლიქტის შედეგია. ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა „გადამცემი“ ტვინში ურთიერთგამომრიცხავ, ურთიერთშეუსაბამო ინფორმაციას გადასცემს. ანალოგიური სიტუაცია აღმოცენდება ტვინში სტრესის დროს. ამრიგად, ამ ფაქტორებმა შესაძლოა ერთდროულადაც იმოქმედონ. ამ ერთგვარად პათოლოგიური მდგომარეობის აღქმისას ორგანიზმში ძლიერდება თავისუფალი ჰისტამინის გამომუშავება. ეს უკანასკნელი, უპირველეს ყოვლისა, გულისრევას იწვევს, მერე კი სისუსტეს, თავბრუსა და შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვას. ზოგიერთს უფრო მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში, ძლიერი რწევის დროს, კინეტოზის სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს. კინეტოზის სიმპტომებს აძლიერებს ზოგიერთი გარეგანი ფაქტორი: შიში, ძლიერი ემოცია; რწევის ხასიათი; კითხვა და სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება მოძრაობისას; ამინდი და თანმხლები სტრესული ფაქტორები; დაღლილობა; სუნი და ჭამა. როგორ ვებრძოლოთ ზღვის დაავადებას კინეტოზის პროცესში ჩართულია რთული ორგანოები - ნათხემის სხვადასხვა განყოფილება, ვესტიბულური აპარატი, ცდომილი ნერვის ვეგეტატური ბირთვი, ცენტრალური ნერვული სისტემის უამრავი სტრუქტურა, ამიტომ ზღვის დაავადების ეფექტური თერაპიის მიგნება ძნელია. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ კინეტოზთან ეფექტურად მებრძოლი პრეპარატი შემთხვევით აღმოაჩინეს. 1949 წელს დრამინამ და დიმენჰიდრინატის შემცველმა სხვა მედიკამენტებმა მრავალრიცხოვანი კვლევა გაიარა. დასკვნა ასეთია: დრამინა ეფექტურად აფერხებს კინეტოზის სიმპტომების განვითარებას ნებისმიერი სახის ტრანსპორტში (გემზე, ავტომანქანასა თუ თვითმფრინავში). მისი მოქმედი ნივთიერება დიმენჰიდრინატი ბლოკავს ვესტიბულური აპარატიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იმპულსთა გადაცემას, რითაც აფერხებს უსიამოვნო შეგრძნებათა განვითარებას. კინეტოზის პროფილაქტიკათუ განწყობილი ხართ ზღვის დაავადებისადმი და მგზავრობისას ყოველთვის განიცდით უსიამოვნო შეგრძნებებს, სასურველია, გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე შეწყვიტოთ სპირტიანი სასმელების, ყავისა და ცხიმიანი საკვების მიღება და მიეჩვიოთ ყოველდღიურად ჩვეულზე ერთი ლიტრით მეტი წყლის სმას. გამგზავრებამდე შეარჩიეთ სათანადო პრეპარატი. წინა ღამით კარგად გამოიძინეთ - ძილი ხელს უწყობს სისხლში ჰისტამინის რაოდენობის შემცირებას. ზღვაში გასვლის შემდეგ შეზღუდეთ წყლის მიღება. სასარგებლოა C ვიტამინით, კალიუმითა და სხვა მინერალებით მდიდარი საკვები, ხილი. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს. უმჯობესია, დაწვეთ, დახუჭოთ თვალები და რამე სასიამოვნოზე იფიქროთ. ამით ორგანიზმს მუდმივ რწევას შეაჩვევთ, სენსორული კონფლიქტი რამდენადმე განელდება და კინეტოზის სიმპტომებიც შესუსტდება. გულისრევის შეტევის შემდეგ ბევრი თავს უკეთ გრძნობს, ამიტომ ამ უსიამოვნების გამო წინასწარ შფოთვა არ ღირს, მით უმეტეს, რომ ემოცია და შიში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელს უწყობს კინეტოზის სიმპტომთა განვითარებას. რაც შეეხება ხანგრძლივ გულისრევას. მან შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება, თავბრუხვევა, სისხლში შაქრის დონის ვარდნა, წნევის დაქვეითება, მოუსვენრობა, თვალების დაბინდვა, დეპრესია, საბოლოოდ კი შოკური მდგომარეობა. კინეტოზის საწინააღმდეგოდ რეკომენდებული პრეპარატებიამ სიაშია C ვიტამინი, ანტიჰისტამინური მედიკამენტები და სტუგერონი. სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა პრეპარატზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, ამიტომ რომელიმე ერთი პრეპარატი თუ მეთოდი უკლებლივ ყველას არ გამოადგება. თითოეულმა ადამიანმა მისთვის ეფექტური მედიკამენტი თავად უნდა შეარჩიოს და გამოიყენოს. C ვიტამინი - გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, არღვევს ჰისტამინის გამომუშავების პროცესს. ამისთვის საკმარისია 1-3 გრამი. ევროპაში მეტად პოპულარულია Emergen-C-ს პაკეტები, რომლებიც შეიცავს ერთ გრამ C ვიტამინს, 31 მინერალის კომპლექსს და ფრუქტოზას. Emergen-C განკუთვნილია ყოველდღიურად დაკარგული ელექტროლიტების შესავსებად, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას. კინეტოზის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივ, Emergen-C-ს ერთ პაკეტს ერთ ლიტრ წყალთან ერთად იღებენ ზღვაში გასვლამდე ორი საათით ადრე ან ავტომობილით გამგზავრებიდან ერთი საათის შემდეგ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმრავლესობისთვის Emergen-C მეტად ეფექტური საშუალებაა.ანტიჰისტამინური პრეპარატები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, კინეტოზის დროს ორგანიზმში ჰისტამინი ჭარბად წარმოიქმნება. ანტიჰისტამინური პრეპარატები კი აბრკოლებს მის წარმოქმნას და ეფექტურად უმკლავდება ზღვის დაავადებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ასეთი პრეპარატი ძილიანობას იწვევს. აქედან გამომდინარე, მეზღვაურებისა და მძღოლებისთვის მათი მიღება სახიფათოა. სტუგერონი (ცინარიზინის 15-მგ-იანი აბები) - ასევე ეფექტურია კინეტოზის სიმპტომთა საწინააღმდეგოდ. ხშირად ის ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე გაცილებით უკეთ მოქმედებს. ნებისმიერი მედიკამენტის შერჩევისას, მით უფრო - მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. ყოველ პრეპარატს თავისი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები აქვს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :