Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ

კიდევ ერთხელ აბორტის შესახებ



აბორტი (მუცლის მოშლა, მოწყვეტა) ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევებაა. მის სახეებსა და გართულებებზე ჩვენს ჟურნალში არაერთი საინტერესო პუბლიკაცია დაბეჭდილა. სამწუხაროდ, საქართველოში აბორტების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოყვანა ძნელია, თუმცა "ოჯახის მკურნალის" ვებგვერდზე შემოსული შეკითხვების სიმრავლესა და ახალგაზრდების ინტერესს თუ გავითვალისწინებთ, ამ პრობლემის აქტუალობა აშკარაა. ისიც საყურადღებოა, რომ არატრადიციული რეცეპტებით აბორტებს დღესაც იწვევენ, არალეგალურად, არასამედიცინო დაწესებულებებში მათ დღესაც აკეთებენ. ასე რომ, ეს თემა, მასთან დაკავშირებული ყველა დეტალით, უწინდებურად აქტუალურია. ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის საპასუხოდ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გავაშუქოთ ეს თემა და კომენტარი მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ექიმ მეან-გინეკოლოგს, ბატონ ამბაკო ცვარიანს ვთხოვეთ. ბატონი ამბაკო ცნობილი და უამრავი პაციენტის საყვარელი ექიმია. მისი მრავალწლიანი სამეანო პრაქტიკის განმავლობაში მის ხელში უამრავი პატარა მოვლენია ქვეყნიერებას. არც ის არის დასამალი, რომ ბატონი ამბაკო აბორტის კეთებაშიც დახელოვნებულია. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან არაპროფესიონალის მიერ ჩატარებული აბორტი ათმაგად საშიშია. ამავე დროს, ბატონი ამბაკო ტიპური ქართველი მამაკაცია, ამდენად, მისი დამოკიდებულება აბორტების მიმართ სხვა მხრივაც საინტერესოა: - ბატონო ამბაკო, მიუხედავად ჩასახვის საწინააღმდეგო უამრავი საშუალებისა, ხელოვნური აბორტის თემა დღესაც აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს? რატომ ეჯახება ამ პრობლემას ქალი?- აბორტის გაახალგაზრდავებისა და არალეგალური აბორტების გახშირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ამ საკითხში ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებლობაა. თინეიჯერებმა ძალიან ცოტა რამ იციან კონტრაცეპტივებისა და უსაფრთხო კავშირების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ აბორტის თემა ჩვენში ტაბუდადებულია. არადა, აუცილებელია, ახალგაზრდებს ავუხსნათ, რატომ უნდა თქვან უარი აბორტზე, მით უმეტეს - არალეგალურზე. სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით საგანმანათლებლო პოლიტიკა არ ხორციელდება - ქალების უმრავლესობამ არ იცის, რატომ არ უნდა გაიკეთოს აბორტი, რატომ უნდა იხმაროს კონტრაცეპტივი. პრობლემაა ისიც, რომ ჩვენში ორსულობის დაგეგმვის კულტურა არ არსებობს. - რა ასაკის ქალები მოგმართავენ აბორტისთვის ყველაზე ხშირად? თუ ცდილობთ, მათ გადაწყვეტილება შეაცვლევინოთ?- აბორტისთვის უმთავრესად 20-დან 35 წლამდე ასაკის ქალები მოგვმართავენ. თუმცა იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ (შარაშიძის სამედიცინო ცენტრში), პატრიარქის კურთხევითა და კლინიკის მესაკუთრის ბრძანებით, ექვსი წელია აბორტი არ გაკეთებულა. მე და ჩემი კოლეგები ყოველთვის ვცდილობთ, პაციენტს აზრი შევაცვლევინოთ. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ამის წყალობით ბევრი ბავშვი მოევლინა ამ ქვეყანას და დღეს მათი მშობლები ბედნიერები არიან ამით. - რედაქციაში უამრავი შეკითხვა მოდის მედიკამენტური აბორტის შესახებ. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამის თაობაზე? რა საფრთხე ახლავს ან რა უპირატესობა აქვს ხელოვნური აბორტის ამ ფორმას?- ორსულობის ნებისმიერი გზით შეწყვეტა ორგანიზმისთვის სტრესია და ჰორმონულ დისბალანსს იწვევს. ორსულობის მედიკამენტური შეწყვეტა (ფარმაბორტი) ხდება ადრეულ ვადაზე - მე-6 კვირამდე. გამოიყენება მედიკამენტი, რომელიც ჰორმონ პროგესტერონს ბლოკავს. მედიკამენტური აბორტის შემდეგ აუცილებლად ინიშნება აღდგენითი თერაპია. მედიკამენტურ აბორტს ქირურგიულთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს: არ იწვევს ანთებით პროცესებს, ენდომეტრიტს; არ იწვევს უშვილობას; არ იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას; არ იწვევს საშვილოსნოს ყელის ტრავმულ დაზიანებებს. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ფარმაბორტი არ გამორიცხავს გართულებებს საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მხრივ. სახელდობრ, ქმნის ენდომეტრიტის (საშვილოსნოს შიდა გარსის ანთების) და სისხლდენის განვითარების საფრთხეს, ამიტომ ამ პროცედურის შემდეგ აუცილებელია მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვება. ისიც საყურადღებოა, რომ ფარმაბორტს აქვს უკუჩვენებები, რომელთა შესწავლა და გათვალისწინება აუცილებელია. - რას წარმოადგენს ვაკუუმასპირაცია და გამოფხეკა? ორსულობის რა ვადაზე გამოიყენება თითოეული მათგანი? რომელს რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? თქვენს საექიმო პრაქტიკაში აბორტის რომელ გართულებებს ხვდებით ყველაზე ხშირად?- ვაკუუმასპირაცია და გამოფხეკა ქირურგიული აბორტის ტიპებია. ვაკუუმასპირაცია (მენსტრუალური ციკლის რეგულაცია ორსულობის ადრეულ ვადაზე) ტარდება 6 კვირამდე და შედარებით ნაკლებტრავმულია. გამოფხეკას უმთავრესად 6 კვირის შემდეგ მიმართავენ. ხელოვნური აბორტის ძირითად გართულებებს შორის აღსანიშნავია ენდომეტრიტი. მას განაპირობებს აბორტის შედეგად ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის გამწვავება, რაც საბოლოოდ მეორეულ უშვილობას იწვევს. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ სასურველია, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ჩაიტარონ საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში კი ანტიბაქტერიული მკურნალობა მეუღლეებთან ერთად. ხშირად პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ არაფერი სჭირთ, სინამდვილეში კი ქრონიკული ინფექციების მატარებლები არიან. - ვაკუუმასპირაციის დანერგვამდე ქირურგიულ გამოფხეკას, მეტადრე - არაპროფესიონალის მიერ ჩატარებულს, სერიოზული გართულებები მოსდევდა, მათ შორის - უშვილობაც ენდომეტრიუმის ბაზალური შრის ჩამოფხეკის გამო. აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა ამ კუთხით ვაკუუმასპირაციას?- როგორც აღვნიშნე, ეს მეთოდი ქირურგიულ გამოფხეკასთან შედარებით ნაკლებტრავმულია, არ აზიანებს საშვილოსნოს ბაზალურ შრეს, თუმცა მასაც შეიძლება გართულება მოჰყვეს. - ზემოთ ბრძანეთ, რომ თქვენს კლინიკაში აბორტი რამდენიმე წელია აღარ კეთდება. ბოლო ხანს სხვა სამშობიარო სახლებსა თუ კლინიკებშიც აიკრძალა ხელოვნური აბორტის გაკეთება. მრავალი ჩვენი კოლეგა არ ეთანხმება ამას და, ვფიქრობ, მართალიც არის - ამით ხომ არალეგალური აბორტების რიცხვი იზრდება, გართულებების რისკი იმატებს და პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება...- ასეთი აკრძალვები მართლაც უწყობს ხელს კრიმინალური აბორტების გახშირებას. არის ქვეყნები, სადაც აბორტი რელიგიური თუ სხვა მოსაზრებით აკრძალულია, ამიტომ ბევრი ქალი ამისთვის სხვა ქვეყანაში მიდის. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში პოლონელი ქალები აბორტის გასაკეთებლად უკრაინაში ჩადიოდნენ. თუმცა ამის საშუალება ყველას არ აქვს, ამიტომ ბევრი შინაური მეთოდით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ანდა სულაც არასპეციალისტს მიმართავს. მინდა, მივმართო ქართველ ქალებს: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ორსულობის შეწყვეტის შინაური მეთოდები და არ გაიკეთოთ აბორტი სამედიცინო დაწესებულების გარეთ, მით უფრო, ნუ ენდობით არასპეციალისტს - ეს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ! ჩემი, როგორც მეან-გინეკოლოგის აზრით, აბორტი უნდა კეთდებოდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში პროფესიონალი ექიმის მიერ. ის, რომ მრავალ დაწესებულებაში აბორტი აკრძალულია, გარკვეულწილად დადებითად აისახება დემოგრაფიულ მაჩვენებელზე, თუმცაღა, მთლიანობაში, აბორტის აკრძალვა არ არის ამ პრობლემის მოგვარების საშუალება. როგორც უკვე მოგახსენეთ, საჭიროა ახალგაზრდა თაობის უფრო მეტი განათლება. - როგორც თავადაც ბრძანეთ, არცთუ იშვიათია ალტერნატიული - ბებიების რეცეპტებით ორსულობის შეწყვეტა. ამის თაობაზე ბევრს გვწერენ, განსაკუთრებით - ახალგაზრდა გოგონები. რას ეტყვით მათ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ?- ალტერნატიული მეთოდებით მუცლის მოშლა ჩემი საექიმო პრაქტიკის დასაწყისში უფრო მეტად იყო გავრცელებული, დღეს ასეთი რამ გაიშვიათდა. ამის მიზეზია თანამედროვე მეთოდებით ჩანაცვლება და მძიმე გართულებები - ალერგიული რეაქცია, მცენარეული ინტოქსიკაცია, ციკლის დარღვევა (ჰიპერპოლიმენორეა), სისხლდენები. სწორედ ამ საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ ქალები, რომლებიც მუცლის მოშლის არატრადიციულ მეთოდებს მიმართავენ. - თქვენ როგორც ექიმი მეან-გინეკოლოგი რას ურჩევთ ქალებს?- ვურჩევ, დაგეგმონ მომავალი ორსულობა, ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში და ნუ ჩაიდენენ გამოუსწორებელ შეცდომას, რომლის შედეგიც, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ გართულების სახით შეახსენებთ თავს. გარდა ამისა, ჩემი, როგორც ქართველი მამაკაცის სურვილია, ჩვენი მცირერიცხოვანი ერი გამრავლდეს. დღესდღეობით არსებობს უამრავი საშუალება, რათა ქალებმა არასასურველი ორსულობა თავიდან აიცილონ. მიმართეთ პირად გინეკოლოგს! ის კვალიფიციურად შეგირჩევთ თქვენთვის მისაღებ კონტრაცეფციულ საშუალებას. დაიცავით თავი და გაუფრთხილდით მომავალს!  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :