Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ირაკლი ნასიძე - პარიზული RENDEZ VOUS

ირაკლი ნასიძე - პარიზული RENDEZ VOUS

2012-08-16 16:00:00

ირაკლი ნასიძეს რამდენიმე წელია, ვიცნობ. ოცი წელია, პარიზში ცხოვრობს და დაუზარელი შრომით და, რა თქმა უნდა, ნიჭით, წარმატებას მიაღწია. მისი მაღაზია პარიზის პრესტიჟულ უბანშია. პირველი, რაც თვალში გეცემა, საგვარეულო გერბია, რომლითაც ირაკლი ამაყობს. მაღაზიის ვიტრინას ორ თვეში ერთხელ ცვლიან. ცხადია, თავად მონაწილეობს როგორც შემოქმედებით, ასევე საორგანიზაციო საკითხებში. ირაკლის პარიზული სამფლობელო სადა და სოლიდურია... ბრენდმენეჯერი კი ქართული წარმოშობის მაშაა. ირაკლი რამდენიმე წუთით გადის და მაშა ბრენდის სიახლეებზე მიყვება. საქმიანია და გემოვნებით ჩაცმული. ჩემს ყურადღებას ვინტაჟური სათვალე იქცევს, რომელიც მაღაზიაში იყიდება. ირაკლი ნასიძე - სიმპათიური, ნიჭიერი ქართველი პარიზელი დიზაინერი. ირაკლი გიდობას მიწევს... მის სახელოსნოში, არც მეტი, არც ნაკლები, cartier-ს მფლობელის შვილი გადის სტაჟირებას. ირაკლის შექმნილი მოდელები დახვეწილი და მდიდრულია. მის ხარისხსა და ფასს განაპირობებს ქსოვილის ხარისხი და შესრულების ტექნოლოგია. ყველა მოდელი იტალიაში, ლიტვასა და პორტუგალიაში იკერება. ზოგი მოდელი კი მრავალფუნქციურია და ულამაზესი ჟაკეტი ქვედაბოლოდაც გარდაისახება. ირაკლი ნასიძის სამფლობელო აქ არ მთავრდება. იქვეა სახელოსნო, სადაც ყველა მისი იდეა მუშავდება... პარიზში ტექნიკურად მხოლოდ ot couture იქმნება... სახელოსნოში კიდევ ერთი ქართველი მუშაობს - მარი, რომელიც ახლახან ჩამოვიდა ბელგიიდან, სადაც პრესტიჟული განათლება მიიღო. სახელოსნოს კედელს კი ნინოს, ირაკლის დის პორტრეტი ამშვენებს, რომელიც წლების წინ ირაკლის დაუხატავს... ყავის დასალევად გავდივართ. გზად მაისონ მარტინ მარჯიელას მაღაზია გვხვდება, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან არ აქვს. მაღაზიის კარი ჩიხიდანაა... მარჯიელასავით იდუმალი :)))) ირაკლის საყვარელი Le jardin du palais royal cafe de LYS. ირაკლი ჩემთვის ცოცხალი გარგრისა და ნაღებისგან დამზადებულ დესერტს უკვეთს. მისი საყვარელი დესერტი მენიუში არ აქვთ, მაგრამ სპეციალურად უმზადებენ. მე ყავა არ მიყვარს, ამიტომ ჩაი მომიტანეს - "სასიყვარულო ჩაი" ჰქვია. ამური დაგეჯახებაო, ხუმრობს ირაკლი :)) ირაკლის, რა თქმა უნდა, ბრენდის მარკეტინგზეც ვეკითხები. ის კოკო შანელის სიტყვებს ეთანხმება, რომ მოდა უნდა იბადებოდეს და კვდებოდეს. მისი ბრენდის ლოგო ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ჩვენს საერთო მეგობარს, გელა კინწურაშვილს შეუქმნია ირაკლისთან ერთად. ირაკლი მიყვება, რომ მისი ბრენდი ბევრ ქვეყანაში იყიდება, ძირითადად, მულტიბრენდულ მაღაზიებთან თანამშრომლობენ. მისი კლიენტია იაპონიაში ყველაზე დიდი ჯგუფი - ისინი 550 მაღაზიას ფლობენ და ბრენდის მარკეტინგს თვითონ აწარმოებენ. მისი სამოსი იყიდება ისეთი ბრენდების გვერდით, როგორებიცაა chloe, ce­li­ni. ირაკლის მიზანია, შექმნას მყიდველისთვის სასიამოვნო და მისაღები პროდუქცია და ჰქონდეს დრო კრეატივისთვის... ახალი კოლექციის სახეები ჩინელი და ავსტრალიელი მოდელები არიან. მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში კი ახალი ფორმატის, ექსკლუზიური ქსოვილისგან ესპადრილები იქმნება. მარია კენტი კოკო შანელისთვის ტვიდის ქსოვილს ქმნიდა. სწორედ ამ ბრენდის მიერ შექმნილი ქსოვილისაგან შეიკერება ესპადრილები ირაკლი ნასიძის ახალი კოლექციისთვის. ირაკლის საქართველო ძალიან უყვარს. რამდენიმე წლის წინ სამთვიანმა პროექტმა, შოურუმმა კომერციულად გაამართლა. საერთოდ, ასეთი პროექტების კონცეფცია მისთვის მისაღებია და ვილნიუსშიც აკეთებს ხოლმე. ირაკლის ძალიან მოსწონს ზარაფხანასთან ერთად განხორციელებული პროექტი (რაღა დაგიმალოთ და, მეც ძალიან მომეწონა და გასაყიდად გამოიტანეს თუ არა, უმალ შევიძინე ერთი ულამაზესი ნივთი). გაზაფხულზე ქართული საღამოც მოუწყვია, რომელსაც საქართველოს ელჩი და უამრავი ქართველი დასწრებია... ირაკლისთვის შემოქმედებითი პროცესი მნიშვნელოვანია და ამიტომ ხშირად აწყობს გამოფენას. მხატვრებთან ერთად აკეთებს ვიდეოარტებს და ინსტალაციებს. ასეთი საღამოები მისთვის გარკვეული ადრენალინია... ირაკლი ნასიძე... მომწონს მასთან ერთად სამეფო ბაღში ყოფნა და ჩემს საყვარელ თემაზე საუბარი. უამრავი გეგმა აქვს, უყვარს მუშაობა და მიზნის მისაღწევად კომპრომისზე არ მიდის. პარიზი მისი ქალაქია უკვე ოცი წელია. ირაკლი ნასიძე - პარიზელი ქართველი, ამ მშვენიერ ქალაქში ცნობილი და ავტორიტეტული. ეს მისი პარიზული პორტრეტია.თეა აგლაძეჟურნალი "ბომონდი"(აგვისტოს ნომერი)  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :