Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ინდაური



მართალია, არც ახალი წლის დღეებია და არც შობის დღესასწაული, მაგრამ გადავწყვიტეთ, ეგზოტიკური, თუმცაღა ფართოდ გავრცელებული ფრინველის - ინდაურის შესახებ ვისაუბროთ. შინაური ინდაური ამერიკული ველური ინდაურის შთამომავალია. ევროპაში ეს უცნაური ფრინველი 1530 წელს გამოჩნდა. ინდაური ყველაზე დიდი შინაური ფრინველია. მისი ცოცხალი მასა ზოგჯერ 35 კილოგრამსაც კი აღწევს. ზრდასრულ ინდაურს გრძელი, ძლიერი ფეხები და ფართო კუდი აქვს. ბუმბული, ფრინველის ჯიშის მიხედვით, შავი, ბრინჯაოსფერი, მონაცრისფრო ან თეთრია. ამაყად გაფხორილი ლამაზი ინდაური ეზოში მძიმედ რომ დააბიჯებდეს, საკმაო შრომა უნდა დაიხარჯოს. მაინც რა არის საჭირო ამისთვის? უპირველეს ყოვლისა, სათანადო საცხოვრებელი პირობები, ნორმალური კვება და კარგი მოვლა.xxxინდაურები, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ინდივიდები, ძალიან მგრძნობიარენი არიან დაბალი ტემპერატურისა და ნესტის მიმართ, ამიტომ ინდაურის მოსაშენებლად სათანადოდ მოწყობილი საქათმეა საჭირო. დადგენილია, რომ ფრინველის დაცემა და წონის მატების შეფერხება უმთავრესად ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ბრალია. ინდაური სივრცის მოყვარული ფრინველია, ამიტომ ეზო, სადაც ის ბინადრობს, ფართო უნდა იყოს და არც სეირნობის შეზღუდვაა სასურველი. ჩვეულებრივ, ეზოებში რამდენიმე ინდაურს თუ დაინახავთ, დიდი მეურნეობის მფლობელებს კი სპეციალისტები ურჩევენ, ერთად ბინა მიუჩინონ 30-35 დედალ და 3-4 მამალ ფრინველს ანუ ერთ მამალ ინდაურზე 8-12 დედალი უნდა მოდიოდეს. xxxსპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინდაურების კვება ქათმების კვებისაგან არ განსხვავდება, მაგრამ რაციონი უფრო მეტ ცილასა და ვიტამინებს უნდა შეიცავდეს. ამ კუთხით საუკეთესოა კვერცხი და ბალახი.კერძო მეურნეობებში ინდაურს ხშირად კვებავენ მარცვლეულით, ჭინჭრით, პურით, თუმცა, სპეციალისტების აზრით, სასარგებლოა მინდორში დამოუკიდებელი კვება ბალახითა და მწერებით. დღეს ინტენსიურად იყენებენ კომბინირებულ საკვებსაც. ბალახეული საკვები - სხვადასხვა სახის მწვანილი - დაქუცმაცებული სახით შესაძლებელია ინდაურს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მივცეთ. ინდაურის ჭუკი სწრაფად იზრდება, თუმცა მცირე ასაკში ის საკმაოდ მომთხოვნია ვიტამინებით მდიდარი საკვების მიმართ, ამიტომ, წიწილებისგან განსხვავებით, 9 კვირამდე მათი მოვლა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ კვებას გულისხმობს. კენკვის რეფლექსის გამომუშავება საკმაოდ რთულია. ამის გამო ინდაურის ჭუკებს თავდაპირველად ძალით აჭმევენ, მომდევნო ეტაპზე კი საკვებს საკენკ დაფაზე ყრიან და დაფას ყურადღების მისაპყრობად უკაკუნებენ. ყურადღების მიპყრობის საშუალებებია საკენკ დაფაზე ფერადი ქვიშის, წვრილად დაჭრილი ბალახის, მოხარშული კვერცხის დაყრაც. ასეთივე სპეციალური ღონისძიებებია საჭირო, რომ ჭუკებს წყლის სმა ვასწავლოთ. მათ ნისკარტი სათითაოდ უნდა ჩავაყოფინოთ წყლიან ჭურჭელში. აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში წყლის ტემპერატურა 16-18 0ჩ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ზამთარში  - 20-22 0ჩ-ზე ნაკლები.xxxსპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ინდაურს გასაოცარი დედობრივი ინსტინქტი აქვს. დადგენილია, რომ დედალი ინდაური არა მარტო საკუთარ, არამედ ზოგჯერ ქათმისა თუ ბატის კვერცხებზეც კი ზრუნავს. ესე იგი ჭუკების გამოჩეკვამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მთელი ყურადღება მათთვის სათანადო პირობების შექმნასა და საკვების მომარაგებაზე გადავიტანოთ.xxxთუ გავითვალისწინებთ თუნდაც ინდაურის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა - მაინც რა საჭიროა ინდაურის ხორცი? ცნობილია, რომ ინდაურის ხორცი ცილის საუკეთესი წყაროა. მისი მეშვეობით საკმაოდ დიდ ენერგიას ვიღებთ. გარდა ამისა, ინდაურის ხორცში დიდი ოდენობით არის ფოსფორი. ამ მხრივ ის თევზს უტოლდება. ინდაურის ხორცის მეშვეობით ვიღებთ PP ვიტამინსაც. მისი ნაკლებობა იწვევს კანის დაზიანებას, ცენტრალური ნერვულის სისტემის ფუნქციობის დარღვევას, ინტელექტის დონის დაქვეითებას. ამავე დროს ინდაურის ხორცი მცირე ცხიმიანობით გამოირჩევა, თუმცა მისი ცხიმი ცოტაოდენიც კი უხვად შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს. ინდაურის თეთრი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ყოველივე ამასთან ერთად ინდაურის ხორცის კალორიულობა დაბალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 25%-ით მეტი შეიძლება მივირთვათ. xxxსპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ: ინდაურის ხორცი მაღალი კვებითი ღირებულებისა რომ იყოს, აუცილებელია ფრინველის სათანადო მოვლა-შენახვა.   
იხილეთ მსგავსი სიახლეები :