Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გული - უდანაშაულო დამნაშავე

გული - უდანაშაულო დამნაშავე



უეცრად აღმოცენებული არასასიამოვნო შეგრძნება და ჩხვლეტა გულმკერდში.... ეჭვი, რომ ყველაფრის მიზეზი გულია... უმალვე შიში გვიპყრობს და ექიმისაკენ მივიჩქარით, ზოგჯერ კი მკურნალის მშვიდი საუბარი და მის მიერ გულის დაავადების უარყოფაც ვერ გვიბრუნებს დაკარგულ სიმშვიდეს. სხვა ექიმს მივმართავთ, ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ მართლაც ჯანმრთელი გული გვაქვს, ვიტარებთ სხვადასხვა თანამედროვე კვლევას, ეჭვი კი მაინც არ გვაძლევს მოსვენებას. აღწერილი სურათი, სამწუხაროდ,  ბევრს მოაგონებს საკუთარ ისტორიას. დღეს შევეცდებით, მოკლედ ვისაუბროთ იმ მდგომარეობათა შესახებ, რომლებიც გულმკერდის არეში ლოკალიზებულ ტკივილს იწვევს და განვმარტოთ, რა განასხვავებს მას გულის დაავადებების დროს აღმოცენებული ტკივილისაგან. ამისთვის მოკლედ განვიხილოთ გულმკერდის აგებულება. გულმკერდის კედელს ქმნის ხერხემლის გულმკერდის მალები, ნეკნები, მკერდის ძვალი. ნეკნები მკერდის ძვალს ხრტილოვანი ბოლოებით უერთდება, ნეკნთაშუა არეები კი ამოვსებულია კუნთებით. უნდა აღინიშნოს, რომ გულმკერდის კედელს რამდენიმე შრედ წარმოდგენილი კუნთები აკრავს გარს. კერძოდ, ეს არის გულმკერდის ზედაპირული და ღრმა კუნთების  რამდენიმე შრე. გულმკერდის ზედაპირულ კუნთებს კავშირი აქვს ზედა კიდურთან - მხართან, ლავიწთან, ბეჭთან. გულმკერდის კუნთებს მიეკუთვნება აგრეთვე დიაფრაგმა ანუ შუასაძგიდი - კუნთი, რომელიც ერთმანეთისგან განაცალკევებს გულმკერდისა და მუცლის ღრუს. თითოეული ამ სტრუქტურის დაზიანება მნიშვნელოვანია გულმკერდის არეში ლოკალიზებული ტკივილის აღმოცენების თვალსაზრისით. ტკივილის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა წარმონაქმნებიც - გულმკერდის მფარავი კანი, ნეკნთაშუა ნერვები, სარძევე ჯირკვლები, კუნთების მფარავი ფასციები. საზოგადოდ, გულმკერდში აღმოცენებული ტკივილი სხვადასხვანაირია მდებარეობის, ხასიათის, სიძლიერის, ხანგრძლივობის, გავრცელების, სუნთქვასა თუ მოძრაობასთან კავშირის მიხედვით. აღნიშნული განსხვავება ხშირად გვეხმარება ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენაში. ლოკალიზაციის მიხედვით ტკივილი შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული ტკივილი უმეტესად დაკავშირებულია გულმკერდის კანის, კუნთების, ნეკნების, მყესების, სახსრების, ხრტილების, ნეკნთაშუა ნერვების, ხერხემლის დაავადებებთან. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს.კანის დაავადებებიდერმატიტი - კანის ანთებითი დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კანის წვა, ტკივილი, ზოგჯერ - ქავილი, რაც ხშირად კანზე სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, კანის სიწითლე, ზოგჯერ - შეშუპება, გამონაყარი. ტკივილის მიზეზის დადგენაში კანის გულდასმით დათვალიერება გვეხმარება.წითელი ქარი - კანის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება. კანი გაწითლებულია, ანთებითი ადგილი მკვეთრადაა შემოფარგლული. დიაგნოზის დასმა, ჩვეულებრივ, ძნელი არ არის, თუმცა სანამ კანი კარგად დათვალიერდება, პაციენტს შესაძლოა ეგონოს, რომ მისი ჩივილის მიზეზი გულია.ჰერპეს-ზოსტერი - ვირუსული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰერპესის ვირუსი. მას ახასიათებს ტიპობრივი გამონაყარი, რომელიც ნეკნთაშუა ნერვების გასწვრივ ჩნდება, თუმცა გამონაყარის გაჩენამდე ხშირად წარმოიშობა მწველი, არცთუ იშვიათად - საკმაოდ ძლიერი ტკივილი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი 7-10 დღით უსწრებს გამონაყარს. ასეთ შემთხვევებში ექიმი ხშირად აუცილებლად მიიჩნევს გულის დაავადების გამორიცხვას. ჰერპესული ტკივილი, წესისამებრ, ხანგრძლივია, პერიოდულად - განსაკუთრებით ძლიერი. ზოგიერთს, განსაკუთრებით - ხანში შესულ პირებს, შესაძლოა განუვითარდეს პოსტჰერპესული ნევრალგია, რომელსაც ძლიერი ტკივილი ახასიათებს.კუნთების დაავადებებიმიოზიტი - კუნთების ანთება, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ინფექციის, ტრავმის, აუტოიმუნური დაავადების, მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად. ვლინდება ტკივილით, კუნთების სისუსტით, ზოგჯერ - დაზიანებული კუნთების ატროფიით. დამახასიათებელია ტკივილის მკვეთრი გაძლიერება მოძრაობისას, დაზიანებული კუნთების ხელით შეხებისას. ზოგჯერ შეინიშნება ქსოვილების შეშუპება.მკერდის მცირე კუნთის სინდრომი - ტკივილი ლოკალიზებულია ლავიწის ძვლის შუა ხაზზე, ზოგჯერ - ბეჭთან, შესაძლოა გავრცელდეს მხრის სახსარზე. მისი აღმოცენება დაკავშირებულია კუნთის გადაძაბვასთან ზედა კიდურის მკვეთრი უკან გადაწევისას (მაგალითად, უხერხულ პოზაში წოლისას ალკოჰოლური სიმთვრალის დროს). გულმკერდის წინა კედლის სინდრომი - ეს არის მკერდის დიდი კუნთის რეფლექსური ტკივილი. ტკივილი ხანგრძლივია, ყრუ, ზოგჯერ აღმოცენდება მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ფიზიკური დატვირთვა მას აძლიერებს. გულმკერდის წინა კედლის სინდრომის გამოხატულება მრავალფეროვანია. მისი ერთ-ერთი ნიშანია მკერდის ძვალთან ნეკნების შეერთების ადგილის მტკივნეულობა.ნეკნ-ლავიწის სინდრომი - მისი მიზეზია ნეკნ-ლავიწის არის ანომალია, რაც ამ არეში არსებულ კუნთებზე ზეწოლას და მათ დისტროფიულ ცვლილებებს იწვევს. თავის მხრივ, ლავიწის ქვემოთ არსებული კუნთები მექანიკურად აწვებიან მხრის წნულის ნერვებსა და ლავიწქვეშა არტერიას. აღნიშული მიზეზის გამო ლავიწის ქვემოთ აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გადაეცემა ხელში; თან ახლავს მტევნის დაბუჟება, განსაკუთრებით  - ზედა კიდურის ქვემოთ და უკან მოძრაობისას. კუნთი მტკივნეულია. სარძევე ჯირკვლის დაავადებებიგულის ტკივილის იმიტაცია შეიძლება გამოიწვიოს მასტიტმა, მასტოპათიამ, ზოგჯერ - სარძევე ჯირკვლის სიმსივნემაც. მასტიტი სარძევე ჯირკვლის ანთებაა. ის, წესისამებრ, ვითარდება ლაქტაციის - ძუძუს წოვების - პერიოდში, ახასიათებს ჯირკვლის მტკივნეულობა, სიწითლე, ტემპერატურის მომატება, რაც ადვილად ხსნის გულმკერდში ლოკალიზებული ტკივილის მიზეზს. მასტოპათია სარძევე ჯირკვლის დისჰორმონული დაავადებაა. ამ დროს კარგად არის გამოხატული ტკივილის კავშირი მენსტრუალურ ციკლთან. ნეკნთაშუა ნერვების დაავადებებინეკნთაშუა ნევრალგია - მისი მიზეზია ნერვების ფესვებზე ზეწოლა მალათაშუა დისკის თიაქრის ან ძვლოვანი წანაზარდების გამო. ტკივილი ამ დროს ხანგრძლივია, შემომსარტყლავი ხასიათისა, ძლიერდება უხერხულ პოზაში, ხველის, ცემინების, ფიზიკური აქტივობის დროს. ტკივილის ლოკალიზაცია მკაცრად შეესატყვისება შესაბამისი ნეკნთაშუა ნერვის ტოპოგრაფიას.ნეკნების, მკერდის ძვლის, ხრტილების დაავადებებიპერიოსტიტი - ძვლის მფარავი გარსის, ძვალსაზრდელას, ანთებაა. ვითარდება ტრავმის, მოტეხილობის, ინფექციის შედეგად. ტკივილი განსაზღვრულ არეშია ლოკალიზებული, შეინიშნება შეშუპება.მახვილისებრი მორჩის სინდრომი - მახვილისებრი მორჩი მკერდის ძვლის დაბოლოებას წარმოადგენს. მისი ტკივილი, გულის ტკივილისგან განსხვავებით, ყრუა, თუმცა პერიოდულად მწვავდება, საათობით გრძელდება, ძლიერდება სიარულის, დატვირთვის, უხვი კვების დროს; მკვეთრად ძლიერდება მახვილისებრ მორჩზე ზეწოლისას. ტიტცეს სინდრომი - ნეკნის ხრტილების მტკივნეული გასქელებაა, რაც უმეტესად მარცხენა მხარეს ვითარდება. მისი მიზეზი გაურკვეველი რჩება. ხერხემლის ოსტეოქონდროზი - ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს მდგომარეობა წარმოადგენს ხერხემლის დეგენერაციულ პროცესს, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილის მიზეზად იქცეს. კისრის ოსტეოქონდროზის დროს ტკივილი მარცხენა მხარსა და ხელში შეცდომით შესაძლოა გულის დაავადების გამოვლინებად იქნეს მიჩნეული. გულმკერდის ღრმა ტკივილს განაპირობებს ფილტვების, პლევრისა და შუასაყრის ორგანოთა დაავადებები. კიდევ ერთი მიზეზია მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგია. უნდა ითქვას, რომ არცთუ იშვიათად გულმკერდის არეში ლოკალიზებულ ტკივილს არავითარი საფუძველი არ გააჩნია - მისი მიზეზი პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული ნევროზია. ფილტვებისა და პლევრის დაავადებებიფილტვების ანთება - ზოგიერთი ლოკალიზაციის ფილტვების ანთების დროს ანთებითი პროცესი ვრცელდება ფილტვის მფარავ გარსზე - პლევრაზე, რაც საკმაოდ ძლიერი ტკივილის მიზეზად იქცევა. როცა ანთებითი პროცესი მარცხნივაა ლოკალიზებული, თავდაპირველად შესაძლოა ჩაითვალოს, რომ ტკივილის მიზეზი გულია, თუმცა თანდართული სიმპტომები მალე ამჟღავნებს ჭეშმარიტ მიზეზს. ფილტვების ანთების დროს ტკივილი სუნთქვასთანაა დაკავშირებული, ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას. თან ახლავს ხველა, ნახველის გამოყოფა, ტემპერატურის მომატება. ექიმის მიერ ჩატარებული გასინჯვა ავლენს ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, დიაგნოზს ადასტურებს გულმკერდის რენტგენოგრაფია.პლევრიტი - პლევრის ანთება ასევე შეიძლება გულმკერდში ტკივილის მიზეზი იყოს. ამ შემთხვევაშიც, გულის ტკივილისგან განსხვავებით, ყურადღებას იპყრობს ტკივილის გაძლიერება ღრმა ჩასუნთქვისას, ტემპერატურის მომატება, ექიმი გასინჯვისას მოისმენს პლევრიტისთვის დამახასიათებელ ხმიანობას, ელექტროკარდიოგრამაზე არ ვლინდება ცვლილებები, რომლებიც გულის დაავადებისთვის არის ტიპური. კუჭ-ნაწლავის დაავადებებიდაგვეთანხმებით, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები ჩვენი პაციენტებისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გულძმარვის ან კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნების შემაწუხებელი ეპიზოდი არ გამოეცადოს. ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები სწორედ გულმკერდის არეში ლოკალიზებული ტკივილით ვლინდება. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, საყლაპავის დაავადებებია საყურადღებო. მიზეზი საყლაპავის ანატომიური მდებარეობაა: ის შუასაყარში, გულთან ახლოს მდებარეობს. გულის არეში ლოკალიზებული ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - აღნიშნული დაავადების შესახებ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის კუჭის მჟავა შიგთავსის პერიოდული ამოტყორცნა საყლაპავში, რაც გულძმარვას იწვევს. გახანგრძლივებული გულძმარვა საყლაპავს აზიანებს, რაც მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული ტკივილით ვლინდება. ტკივილი პერიოდულად, საკვების მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ აღმოცენდება და მოჭერითი ხასიათისაა. ამ ნიშნითა და ტკივილის ლოკალიზაციით ის გულის იშემიით გამოწვეულ ტკივილს მოგვაგონებს, თუმცა მცირდება სიმჟავის დამთრგუნველი პრეპარატების მიღებისას, დიეტური რეკომენდაციების შესრულებისას.საყლაპავის სპაზმი - იწვევს ტკივილს, რომელიც გულის იშემიური დაავადების დროს აღმოცენებული ტკივილის იდენტურია.კუჭის წყლული - ზოგჯერ ის იწვევს ტკივილს, რომელიც მკერდის ძვლის ქვემოთ აღმოცენდება და გულმკერდის მარცხენა ნახევარში გადაეცემა. გულის იშემიით გამოწვეული ტკივილისაგან განსხვავებით, ამ დროს არ არის გამოხატული კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან. ტკივილს ამსუბუქებს სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება.საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი - როგორც აღვნიშნეთ, დიაფრაგმა არის კუნთი, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუს ერთმანეთისგან მიჯნავს. ზოგჯერ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელში კუჭის ნაწილი გადაადგილდება, რაც საკვების მიღების შემდეგ ან დაწოლისას გულმკერდში ლოკალიზებულ ტკივილს იწვევს. ამ შემთხვევაში წამოდგომა და სიარული ტკივილს ამცირებს.ნაღველკენჭოვანი დაავადება - მიუხედავად იმისა, რომ ნაღვლის ბუშტი მარჯვენა ფერდქვეშ მდებარეობს, მისი შეტევის (ე. წ. კოლიკის, ჭვლის) დროს ტკივილი ლოკალიზებულია არა მარტო მარჯვენა ფერდქვეშ, არამედ გადაეცემა გულმკერდში, მკერდის ძვლის უკან. ამ დროს, გულის იშემიისგან განსხვავებით, ტკივილის მაპროვოცირებელია ცხიმიანი საკვები. ტკივილის შეგრძნება თავდაპირველად მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღმოცენდება. გასინჯვისას აღნიშნული არე მტკივნეულია. შფოთვა და პანიკური შეტევაროგორც აღვნიშნეთ, იშვიათი არ არის შემთხვევები, როცა კვლევის თანამედროვე მეთოდებიც კი ვერ ავლენს ცვლილებებს, რომლებიც გულისმიერი ტკივილის სასარგებლოდ მეტყველებს. მიუხედავად ამისა, პაციენტს ჩივილები მაინც აქვს. ამ დროს დისკომფორტის მიზეზი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც მკითხველი ნევროზის სახელწოდებით იცნობს. ზოგჯერ ის შეტევითი ხასიათისაა. ასეთ დროს შფოთვისა და პანიკური შეტევის შესახებ საუბრობენ. ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევისას ტკივილი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს - ყრუ, მჩხვლეტი, მჭრელი, წამიერი... სხვადასხვაა მისი ლოკალიზაციაც. ხშირად ის ერთ წერტილში, უპირატესად - გულის მწვერვალის არეში ლოკალიზდება. არცთუ იშვიათად შეინიშნება ტკივილის კავშირი ემოციასთან, გადაღლასთან, ამინდთან. ჩივილები მცირდება დამამშვიდებელი საშუალებების მიღების შემდეგ. პაციენტის გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს მისი ემოციური მდგომარეობა, ვლინდება ჩივილები სხვა სისტემების მხრივაც. გულია თუ არა?როგორც ვხედავთ, გულმკერდის არეში ტკივილი სრულიად სხვადასხვა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთი მათგანის (მაგალითად, ფილტვების ანთების, პლევრიტის) მკურნალობა გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს, ზოგჯერ კი ეს სულაც არ გახლავთ პრინციპულად მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როცა აუცილებელია გულის იშემიის გამორიცხვა მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აქვს ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ტიპური ჩივილები. გულის არეში ტკივილის დროს ექიმის კონსულტაცია, ზოგჯერ კი სასწრაფო დახმარების გამოძახებაც აუცილებელია, თუ: პაციენტს დასმული აქვს გულის დაავადების დიაგნოზი; აქვს მაღალი არტერიული წნევა; გენეტიკა დატვირთული აქვს გულის დაავადებებით; გადაცილებულია 40-45 წელს (თუ მამაკაცია) ან 50-55 წელს (თუ ქალია); ტკივილი ძლიერია, 15 წუთზე მეტია გრძელდება, არ იხსნება ნიტროგლიცერინით. გულის იშემიით გამოწვეული ტკივილის ალბათობა მცირეა, როცა: პაციენტი ახალგაზრდაა; ტკივილი არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, მაგრამ მკაფიო კავშირი აქვს სხეულის მოძრაობასთან; ტკივილი იხსნება სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით. მიუხედავად დაავადებებისა და მათი ნიშნების დეტალური განხილვისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გულმკერდის არეში ლოკალიზებული ტკივილის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო რამაა. ეს მხოლოდ ექიმს შეუძლია. თვითდიაგნოსტიკა,  შესაძლოა, ერთი მხრივ - პაციენტის უმიზეზო შფოთვის, მეორე მხრივ კი საბედისწერო შეცდომის მიზეზად იქცეს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :